ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
17:06 09.12.2011
არაერთხელ ნაცემი და ნაწამები მსჯავრდებულის, კახაბერ ბარათაშვილის მოსანახულებლად 7 დეკემბერს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულებაში ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას“ ექსპერტები იყვნენ შესულები. ისინი ახლა დასკვნას ამზადებენ. ამის შესახებ “ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გვითხრა.ბარათაშვილის უფლებების დამცველი ადვოკატის, კახაბერ მუმლაძის მიერ “ობიექტივისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბოლოს 5 დეკემბერს, ღამით სცემეს - “სახალხო დამცველის რწმუნებულის წასვლის შემდეგ, ინვალიდის ეტლში მჯდომ, ნაოპერაციევ ადამიანს სახეში და წვივებში ურტყეს“. მუმლაძემ ეს ინფორმაცია 6 დეკემბერს, პატიმრის მონახულების შემდეგ მოგვაწოდა.
“6 დეკემბერს, შეხვედრის დროს ასეთი რამ მითხრა - “მიმიხედე ოჯახს და მიხედე შენს თავს. შენ ნუღარ შემოხვალ. მე რომ გამაჩერონ, ის ვარიანტიც აქვთ“. ბოლო წინადადებით რისი თქმა უნდოდა, არ ვიცი, დაკონკრეტება ვეღარ შეძლო, რადგან სოციალური სამსახური უფროსი, ზურაბ ბულბულაშვილი შემოვიდა და მას მალევე შემოჰყვა ამავე სამსახურის თანამშრომელი, ჯულიეტა ჭაბაშვილი. კახაბერ ბარათაშვილმა მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და წამების გამო პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და 6 დეკემბერს მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. მან პრეპარატების მიღებაზეც უარი თქვა, რის შესახებაც სახალხო დამცველის რწმუნებულსაც აცნობა, შეხვედრის დროს“, - გვითხრა კახაბერ მუმლაძემ.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი მსჯავრდებულ ბარათაშვილთან შესახვედრად 6 დეკემბერსაც იყო შესული. ადვოკატ კახაბერ მუმლაძის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, სახალხო დამცველის წარმომადგენელი პატიმარს პირველად შეხვდა 1 დეკემბერს, ახსნა-განმარტება ჩამოართვა, რაც სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა 5 დეკემბერს რეაგირებისთვის მთავარ პროკურორს გადაუგზავნა.
ბარათაშვილის უფლებების დამცველმა ადვოკატმა 7 დეკემბერს საქართველოს მთავარ პროკურორს წერილობით მიმართა და მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილთან მიმართებაში კანონით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ზომების გამოყენება მოითხოვა. ამავე დღეს ადვოკატმა სასჯელაღსრულების მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს, დავით ჭაკუას და სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დავით ასათიანს მიმართა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.
8 დეკემბერს ადვოკატი კახაბერ მუმლაძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს მიმართავს:
“6 დეკემბერს, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის დროს პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელი შემიშალეს, ე.წ. ვახტაზე უკანონოდ დამაკავეს და დოკუმენტაცია ჩამომართვეს. საქმე იმაშია, რომ იქიდან გამომქონდა კახაბერ ბარათაშვილის წერილობითი თანხმობა იმის შესახებ, რომ მასთან შესულიყვნენ “ემპათიას“ ექსპერტები. დოკუმენტაციის ჩამორთმევის მიუხედავად, ამ წერილობითი თანხმობის გამოტანა მაინც შევძელი, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, ჩემი თხოვნის საფუძველზე ორი ასეთი თანხმობა დაწერა და გამომატანა. ერთი დოკუმენტების ზემოდან მედო და მეორე სუფთა ფურცლების შუაში მქონდა ჩადებული. სწორედ ამ უკანასკნელის გამოტანა შევძელი“.
შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებული კახაბერ ბარათაშვილი 2011 წლის 27 ნოემბერს, ღამით, თირკმლის შეტევის გამო გადაიყვანეს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას მკურნალობის ნაცვლად ცემა-წამებით გაუმასპინძლდნენ. მისი ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 28 ნოემბერს ღამით ავადმყოფი პატიმარი მორგში ჩაიყვანეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში გაკოჭილი მდგომარებაში ჰყავდათ. მას სცემდნენ და თან ვედრებით წყალს ასხამდნენ. ადვოკატის განმარტებით, “პატიმარს 28 ნოემბერს გაუპატიურებით ემუქრებოდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გიორგი ავსაჯანიშვილი“.
კახაბერ ბარათაშვილი 2004 წლის 31 დეკემბრიდან იხდის სასჯელს და გათავისუფლებამდე ერთი წელი აქვს დარჩენილი. კახაბერ მუმლაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს 30 ნოემბერს ოპერაცია გაუკეთეს - თირკმელიდან 2-სანტიმეტრიანი კენჭი და პატარა ქვები ამოუღეს.
