ორი აზრი
გაზიარება
მოწინააღმდეგე
ვერ დავიბრუნებთ
თემური, 52 წლის, ქუთაისი - ამ პოლიტიკით არა მგონია. რაღაც შანსები რომ იყო, მაშინ ომი დაიწყო. 2008 წლის ომმა მთლიანად გააფუჭა ყველაფერი. თუმცა იმედით ვცხოვრობთ, დიდი გულისტკივილია ჩვენთვის აფხაზეთი. თუ ჩვენ დაგვიბრუნდებიან, ჩვენს შემადგენლობაში იცხოვრებენ როგორც აფხაზი ერი; რუსეთთან თუ იქნებიან, სულ გაქრებიან. ეს უნდა გააცნობიერონ აფხაზებმა.
თაზო, 23 წლის, რუსთავი - მგონი, რომ ვერ გახდება საქართველოს ნაწილი. ახალი თაობა ვინც ვართ, სულ არ გვაქვს ურთიერთობა აფხაზებთან. არ ვიცით, როგორ ცხოვრობენ. არც ისინი ინტერესდებიან. ცალ-ცალკე ვვითარდებით და საერთო არაფერი გვაქვს. თუ ვეცდებით, რომ ისევ დაველაპარაკოთ, მოვძებნოთ საერთო ენა, აღვადგინოთ რაღაც სახის ურთიერთობა, შეიძლება რაღაც გამოვიდეს. თუმცა უკვე იმდენი რამე და დრო გვაშორებს ერთმანეთთან, რომ მაინც არა მგონია!
ზურა, 42 წლის, თბილისი - არ იქნება აფხაზეთი საქართველოს ნაწილი. სადაც აქამდე ვერ გახდა, ახლა როგორ იქნება?! შეიძლება, რამე გზა არსებობს, მაგრამ ამას მე ვერ ვხედავ. მგონი, ისინიც ვერ ხედავენ, ვისაც უშუალოდ ეხება ამ საკითხის მოგვარება.
შოთა, 51 წლის, ქუთაისი - ჩვენი დღევანდელი მთავრობის და რუსეთის მთავრობის ხელში ეს შეუძლებელია. არაფერი გამოვა. არანაირი მოლაპარაკება არ მიდის და რანაირად?!
ქეთევანი, 49 წლის, ბათუმი - რთული შეკითხვაა. არ მგონია იმიტომ, რომ უკვე დიდი დროც გავიდა, თითქოს დამოუკიდებლობა მისცეს. რამდენიმე ქვეყანამ აღიარა კიდეც. თანაც სიცივეა აფხაზ და ქართველ ხალხს შორის. არანაირი გზა აღარ არის.
ნათია, 27 წლის, ზუგდიდი - არა მგონია. ძალიან რთულია ძველი სიტუაციის აღდგენა. ასე არავინ მოგვართმევს აფხაზეთს სისხლისღვრის გარეშე. არ დათმობს რუსეთი. თანაც ჩვენ - ხალხს ერთმანეთთან აღარაფერი არ გვაკავშირებს.
არჩილი, 44 წლის, რუსთავი - ახლო მომავალში არა. აფხაზებს ვეჯავრებით და იმიტომ. რომ დაგვიბრუნდნენ, ამისთვის რუსეთი არ უნდა არსებობდეს. ჩვენი პოლიტიკაც არ არის სწორი. უფრო რუსებისკენ არიან აფხაზები. მთელი საქართველო რუსეთში გარბის და აფხაზებს რატომ მოუნდება ჩვენთან?!
ნინო ნაჭყებია, 21 წლის, თბილისი - არა, ვერ გახდება. ამდენი ხანია, ვერ გახდა. თანაც ახალგაზრდებს, ახალ თაობას არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს და არც საერთოა არაფერი ჩვენს შორის. პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ჩვენმა თაობამ შეძლოს და აღადგინოს ურთიერთობა აფხაზებთან.
ეკა, 22 წლის, თბილისი - საქართველოს არ გააჩნია არანაირი რესურსი, რომ აფხაზეთი დაიბრუნოს - არც ფინანსური, არც პოლიტიკური და არც დიპლომატიური. რაც დიპლომატიური შანსები და შესაძლებლობები გვქონდა, ხელიდან გავუშვით და ესეც აღარ გვაქვს.
მომხრე
დავიბრუნებთ
ზაქრო, 56 წლის, ბათუმი - თუ ჭკვიანურად იმუშავებენ საქართველოს მთავრობაში, აფხაზეთს დავიბრუნებთ. ყველა ეროვნებას პატივი უნდა ვცეთ. აფხაზები ჩვენი ძმები არიან. ძალიან თავნება მთავრობა გვყავს, მარტო თავიანთი თავი ჰგონიათ მართალი. არადა, აუცილებელია შედეგიანი, თანასწორი ლაპარაკი აფხაზებთან. უნდა გაიგონ, რომ ჩვენ მათი მტრები კი არა, მეგობრები ვართ.
დიანა, 26 წლის, ზუგდიდი - ღვთის რწმენით, იმედი მაქვს. მე თვითონ აფხაზეთიდან ვარ. ახლა არანაირი კავშირი არ მაქვს იქაურობასთან. მგონია, რომ მხოლოდ ღვთის მადლით შეიძლება, მოხდეს სასწაული და დავბრუნდეთ აფხაზეთში. სხვა არაფრის მჯერა.
მაია, 47 წლის, ზუგდიდი - მე დიდი იმედი მაქვს. ეს სიტუაცია, რაც დღესაა, დროებითია. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს ტერიტორიები გაერთიანდეს. მე რადიოსაც ვუსმენ, ტელევიზორსაც ვუყურებ და ვხედავ, რამდენ რამეს აკეთებს მთავრობა. ის, რომ რაღაც მისიები ჩარეულია ამ საკითხში, ეს საქართველოს მთავრობის დამსახურებაცაა.
ნანა, 54 წლის, თბილისი - აუცილებლად გახდება საქართველოს ნაწილი. იმიტომ, რომ ქართველი ერი ისეთი ერია, არაფრით არ დატოვებს აფხაზეთს. ჩვენი მიწა-წყალია და არ დავთმობთ. ეს მდგომარეობა დროებითია.
კახა, 34 წლის, ქუთაისი - 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთი ისევ გახდება საქართველოს ნაწილი. რუსეთი ადრე თუ გვიან დაინგრევა, ჩვენც სწორი კურსი გვაქვს აღებული. მინიმუმ 5 წელიწადში ჩვენი ხელისუფლება მოახერხებს, რომ გავერთიანდეთ.
ბექა, 19 წლის, თბილისი - მე მგონია, რომ თვითონ აფხაზებს უნდათ დაბრუნება, ოღონდ უფრო ასაკოვან ხალხს; იმიტომ, რომ იციან საქართველო როგორია. ახალგაზრდებს - ნაკლებად. განვითარებულ სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლა ყველას უნდა. თუ განვვითარდებით 100 წლის მერე და რუსეთი ისევ ისე იქნება, რა თქმა უნდა, აფხაზებს ისევ ჩვენთან მოუნდებათ.
ნინო, 36 წლის, თბილისი - მგონი, რომ გახდება საქართველოს ნაწილი. ისეთი პირი უჩანს. ძალიან გაუჭირდათ მაგათაც და თვითონვე მოუბრუნდებიან საქართველოს.
ჯულიეტა ყანჩელი, 60 წლის, რუსთავი - იმედი მაქვს, რომ აფხაზეთი გახდება საქართველოს ნაწილი. რაღაცნაირად დრო გავა, წლები. ჩვენი სისხლი და ხორცი მაინც ჩვენი იქნება. ალბათ, შეეცვლებათ გონება აფხაზებს და ისევ მოუნდებათ ჩვენთან.
ეთერ გამსახურდია, თბილისი - აუცილებლად უნდა გახდეს, სხვანაირად არ გამოვა. ბოროტება ვერ გაიმარჯვებს ვერასდროს. როდის ან როგორ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ერთნი ვართ და ერთად უნდა ვიყოთ.
ნანა კევლიშვილი, 67 წლის, რუსთავი - აფხაზეთი აუცილებლად გახდება საქართველოს ნაწილი. მთელი მსოფლიო აცხადებს, რომ აფხაზეთი უნდა იყოს ჩვენი და მე რა უფლება მაქვს, მათ არ დავუჯერო?! მსოფლიო გვეხმარება, ამბობენ, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი, ჩვენც თუ ცოტათი მივეხმარებით და ვიმოქმედებთ, ყველაფერი კარგად იქნება!
ხალხის აზრი
"ლიბერალი"