ზუგდიდი — ქალაქი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჩხოუშის ნაპირას, ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზე. მოსახლეობა 69 000 ათასი (2009 წ.)
გაზიარება
... ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი- დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში.მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა - "ფაცხა", "ჯარგვალი", "ოდა" - და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები. დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი). დედოფლისეული სასახლე XIX ს –ის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ, მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. რაისმა II სართულს თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა. ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი. მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ –საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე. მის ფონდებში დაცულია 50000-მდე ექსპონატი, ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები .
ზუგდიდის დრამატული თეატრი შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი, ქართული დრამატული თეატრი ზუგდიდში. სცენისმოყვარეთა სპექტაკლები XIX საუკუნის II ნახევრიდან იმართებოდა. პირველი სპექტაკლი, მოლიერის "ძალად ექიმი", 1869 წლის 11 აპრილს დადგა ანტონ ფურცელაძემ. 1907-1908 წლებში ზუგდიდში შეიქმნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის დრამატული წრე, ე. წ. "მუშური დრამწრე", რომელიც 125 სცენისმოყვარეს აერთიანებდა. წრის წევრები 1915 წლიდან მართავდნენ ლიტერატურულ საღამოებს, დგამდნენ სპექტაკლებს. საგასტროლოდ ჩამოდიოდნენ ლ. მესხიშვილი,ვალერიან გუნია, შალვა დადიანი, ელეფთერ ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე იმედაშვილი, ვახტანგ ურუშაძე და სხვა. 1932 წელს ზუგდიდში დაარსდა პირველი პროფესიული დრამატული თეატრი, რომელსაც 1959 წელს შალვა დადიანის სახელი მიენიჭა. თეატრისათვის აგებულ ახალ შენობაში 1932 წლის 11 აგვისტოს პირველ სპექტაკლებად წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის "სამართალი" (რეჟისორი გიორგი ფრონისპირელი) და პეტრე სამსონიძის"სალტე" (რეჟისორი გ. ფრონისპირელი და ა. ციციაშვილი). სხვადასხვა წლებში თეატრში მოღვაწეობდნენ: რ. ქართველიშვილი, ვ. დარასელი, ლ. ჭედია, ა. თარხან-მოურავი, პ. პატარაია, გ. იოსელიანი,გრიგოლ ლაღიძე, შ. მჟავანაძე, ვ. მჭედლიძე, ვახტანგ გარიკი, ვ. ყუშიტაშვილი, გ. გაბუნია და სხვები. წლების მანძილზე თეტრში მხატვრად მუშობდა ირაკლი გამრეკელი. დადგმებიდან აღსანიშნავია:სანდრო შანშიაშვილის "ანზორი" (1933), ბორის ლავრენიოვის "რღვევა" (1934), აკაკი წერეთლის "პატარა კახი" (1941), ლოპე დე ვეგას "თივა და ავი ძაღლი" (ვ. ყუშიტაშვილის დადგმა), ივანე დარასელის "კიკვიძე" (1965), ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში", შალვა დადიანის "გვირგვილიანების ოჯახი" (1967), ლ. ქიაჩელის "ჰაკი აძბა" (1970), ნ. ჰიქმეთის "ყეყეჩი" (1972), ოტია იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" (1973), რეზო თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი" (1974), ალექსანდრე ჩხაიძის "შთამომავლობა" (1978) და სხვა. დასში მოღვაწეობდნენ (1978) საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტები: ანთიმოზ როგავა, გ. წერეთელი, შალვა მოსია, დავით გოგიჩაიშვილი, კ. წულაია და სხვა.
ისტორიული ცნობა ვარაუდობენ, რომ სახელწოდება წარმოიშვა ზურგ-დიდიდან (ე. ი. დიდი გორიდან; კოლხურად „ზუგი/სუკი“ ბორცვი, ფერდობი) ან კიდევ გეოგრაფიული სახელწოდება ზუბი-დან (ზუბ-დიდი). წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში. ზუგდიდი ოდიშის სამთავროს პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი იყო. აგრეთვე იყო ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვანი კერა. აქ ამრავლებდნენ ხელნაწერებს. ლიტერატურული საქმიანობა განსაკუთრებით გაჩაღდა ლევან II დადიანის კარზე, სადაც მოღვაწეობდნენ მამუკა თავაქალაშვილი და ბარძიმ ვაჩნაძე. XVIII საუკუნეში ბეჟან დადიანის კარზე მოღვაწეობდა პეტრე ჩხატარაისძე. ჩვენამდე მოღწეულია დადიანთა წიგნთსაცავში დაცულ ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია.
აღმოსავლეთის ომის 1853-1856დროს, 1855 წელს ზუგდიდი ოსმალებმა დაიკავეს. ნოემბერში ქართულმა მილიციამ გენერალ-მაიორის გრიგოლ დადიანის სარდლობით გაანადგურა მტერი. რის შემდეგ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. სამეგრელოს გლეხთა აჯანყების (1856-1857) დროს, 1857 მაისში, ქალაქი აჯანყებულთა ხელში გადავიდა.
კლიმატი ზუგდიდის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. კარგად არის გამოხატული მუსონური ხასისათის ქარები. ჰაერის საშუალოწლიური ტემპერატურაა +13.8 გრადუსი, იანვრის საშუალო ტემპერატურა +4.9 გრადუსი, აგვისტოს – +22.7 გრადუსი. წელიწადში საშუალოდ მოდის 1620 მმ ნალექი, აქედან მაქსიმუმი – სექტემბერში (165), ხოლო მინიმუნი იანვარში (107 მმ). საშუალოწლიური ტენიანობა შეადგენს 72 ‰, ხოლო მზიანი დღეების რიცხვი – 210–ს.