ავტორი თამუნა მაისაშვილი
18:21 01.12.2011
ტელეკომპანია „მაესტროში“ ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. შეგახსენებთ, რომ „ქართული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია, 10 უცხო პირთან ერთად, გუშინ დილით დაიკავა და საპატრულო პოლიციის დახმარებით მედიასაშუალების თანამშრომლები, დაწესებულების ტერიტორიაზე არ შეუშვა. როგორც „მაესტროს“ ერთ–ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი აცხადებს, ჟურნალისტებმა საპატრულო სამსახური თვითონ გამოიძახეს, ხოლო კიწმარიშვილის მიერ ტელეკომპანიის შენობაში შეჭრა ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი, რაც მიზნად ისახავდა მაუწყებლობის შეჩერებას:"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შემოსულ იქნა შეტყობინება ტელეკომპანია "მაესტროდან", რის შემდეგაც ადგილზე გამოცხადდა ძალოვანი უწყების შესაბამისი დანაყოფი. საპატრულო პოლიციის ადგილზე ყოფნის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს, მხარეებს შორის არ მოხდეს კონფლიქტი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტუაციის დაძაბვა.
მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი კიწმარიშვილთან მოლაპარაკებების დაწყების, კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტილება შევცვალე: თუ "მაესტროში" დაბრუნდება ის სიტუაცია, რაც იყო კიწმარიშვილის შემოჭრამდე; ტელეკომპანიას დაუბრუნდება გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე, რომელიც საჯარო რეესტრში ისევ "მაესტროს" გენერალურ დირექტორადაა რეგისტირებული – მზად ვარ ვესაუბრო მართვის კომპანიას“ – ამბობს მამუკა ღლონტი, მის საპასუხოდ ეროსი კიწმარიშვილმა სპეციალური მიმარეთვა გაავრცელა: „თუ დამფუძნებლები არ დატოვებენ ტერიტორიას გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას და აღვადგენთ "მაესტროს" სრულფასოვან მაუწყებლობას“.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, მიხეილ მაჭავარიანი დღეს „მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა: "თუ ფაქტები ქრონოლოგიურად შეფასდება, ყველა მიხვდება, რომ პრობლემა შიგნითაა, ხოლო ვინც თითს ხელისუფლებისკენ იშვერს, მათთვის მარტივი გზაა მთავრობის დადანაშაულება".
"მაესტროს" მმართველი კომპანიის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი პოზიციების დათმობას არ აპირებს, ტელეკომპანიის მფლობელები კი კიწმარიშვილს სასამართლოში უჩივიან და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
