ავტორი ნინო მიქიაშვილი
16:00 01.09.2011
ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გადატანა უნდათ, რაც ჩვენი ისტორიისა და ერის წინაშე უდიდესი დანაშაული იქნება. ზუგდიდში ჩატანა კი არა, ადიშის ოთხთავი სოფელ ადიშიდან მესტიაში, რომ ჩამოიტანეს, ძალმომრეობისა და შავ-ბნელი ათეიზმის პერიოდში, მოსახლეობა პოლიციას უკან ქვების სროლით მოჰყვებოდა. ასეთი მდგომარეობა იყო მაშინ და დღეს მით უმეტეს, მოსახლეობა საგანძურის მესტიიდან გატანას არ დაუშვებს“
სვანეთში დაცული საგანძური, მესამე თვეა მუზეუმის ეზოში, კონტეინერებშია ჩაწყობილი. გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხელისუფლებას სიწმინდეების ზუგდიდის მუზუემში გადატანა უნდა. სვანები ამბობენ, “დაფიცებული გვაქვს და ერთი სვანიც, რომ დარჩეს, საგანძური აქედან არ გავა, მკერდით გადავეფარებით, მთელი სვანეთი აღდგება. სიწმინდეების აქედან გატანა სვანეთის ამოწყვეტას ნიშნავსო“.
მესტიაში დაცული საგანძურის ზუგდიდში შესაძლო გადატანის თაობაზე ინფორმაცია, “ობიექტივმა“ თბილისში შეიტყო. მესტიაში გავემგზავრეთ, რათა ჩვენი თვალით გვენახა რა მდგომარეობაშია ჩვენი სიწმინდეები.
მესტიაში ერთდღიანი სტუმრობისას შევხვდით და ვესაუბრეთ: პოეტ ერეკლე საღლიანს, რომელმაც იქ ყოფნისას მეგზურობა გაგვიწია; მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსს, მეუფე ილარიონს; ეროვნული მუზეუმის რესტავრატორს, დარეჯან გოგაშვილს; სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის კურატორს, რუსუდან ქოჩქიანს; დაცვის პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც საგანძურის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და მესტიაში მცხოვრებ არაერთ ადამიანს.
სვანეთის მუზეუმი ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის, რომლის ვებგვერდზე მესტიაში დაცული ექსპონატებისა და სიწმინდეების შესახებ ოთხაბზაციანი ინფორმაციაა განთავსებული:
“მუზეუმი 1936 წელს დაარსდა. აქ დაცულია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა და ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარი კოლექცია, რომელთა შორის განსაკუთრებულია: “ადიშის ოთხთავი“ (897), “იერუსალიმის განჩინება“ (X საუკუნე), “მესტიის ოთხთავი“ (1033), სახარების სხვა უძველესი რედაქციები, ქართული ჭედური და ფერწერული ხელოვნების არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი.
ექსპონატების ქრონოლოგია III ათასწლეულიდან იწყება. ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი VI საუკუნის ბრინჯაოს სირიულ საცეცხლურებს (X-XI საუკუნეები) რელიკვარიუმებსა და ეტრატზე შესრულებულ უძველეს ხელნაწერებს ეთმობა.
აქვე დაცულია XII საუკუნის ვერცხლის სასანური სურა, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, XIII საუკუნის ვენეციური ე.წ. დეკორატიული ჯვარი და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სილიხანის ხატი, რომელშიც გოლგოთის ჯვრის ნაწილია ჩატანებული“.
ამჟამად ეს ყველაფერი და მათთან ერთად სხვა სიწმინდეები და ექსპონატები შიფერით გადახურულ კონტეინერებშია ჩალაგებული, რომელიც მუზეუმის შენობიდან დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით დგას. მუზეუმის შენობა ნახევრად დანგრეულია. როგორც მუზეუმის კურატორმა, იგივე დირექტორმა განგვიმარტა, მუზეუმის მასშტაბური რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და საგანძურის კონტეინერებში გადატანის მიზეზიც სწორედ ესაა. რუსუდან ქოჩქიანის თქმით, ძველი შენობის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების მუზეუმის გაკეთება, პირადად მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო, რომელიც ცნობილია, რომ რეკონსტრუქციებთან მიმართებაში სულსწრაფობით გამოირჩევა.
მაგალითად, ბათუმის კულტურის ცენტრი, იგივე ოპერა შეიძლება მოვიტანოთ. რეკონსტრუქციაზე მომუშავე ადამიანებს, გათანამედროვებული “ქეთო და კოტეს“ პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, სააკაშვილი ტელეკამერების წინ ასე დაემუქრა - “ამ შენობას 14 აგვისტომდე თუ არ ჩააბარებთ, მე კოტე ვიქნები და თქვენ ქეთოებიო“. მუშები გადარჩნენ, შენობა ჩააბარეს...
როგორც ჩანს, მესტიის მუზეუმის რეკონსტრუქციაზე მომუშავე ადამიანებს, არც სააკაშვილი აჩქარებს და ემუქრება და არც მის მიერ, 2011 წლის 26 მაისს (მშვიდობიანი აქციის სისხლიანი და მსხვერპლიანი დარბევის შემდეგ), ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვებული ეროვნული მუზუემის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე.
როგორც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის კურატორმა, რუსუდან ქოჩქიანმა გვითხრა, მუზეუმის ძველი შენობა ცუდ მდგომარეობაში იყო და მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა ამიტომაც შეიქმნა; ამ სამუშაოებს ატარებს სამშენებლო ფირმა “ზიმო“, რომელიც პარალელურად მესტიაში იუსტიციის სახლს აშენებს და მუზეუმის შენობაზე სამუშაოები შეფერხებებით სწორედ ამიტომ მიმდინარეობსო. ქოჩქიანის განმარტებით, საგანძურის კონტეინერებში ყოფნა წელიწადნახევარზეა გათვლილი.
სვანეთის მუზეუმის კურატორი და ეროვნული მუზუემის რესტავრატორი ირწმუნებიან, რომ სიწმინდეები გერმანიიდან ჩამოტანილ სპეციალურ მასალაშია შეფუთული, ხოლო კონტეინერებში შესაბამისი აპარატურის საშუალებით ისეთი ტემპერატურაა, რომ საგანძურს ვერც სიცხე დააკლებს რაიმეს და ვერც ყინვა. მათივე თქმით, კონტეინერებს დაახლოებით კვირაში ერთხელ აღებენ და ამოწმებენ, იქ არსებულ ტემპერატურას და სიწმინდეების მდგომარეობას.
მესტიელი სვანები “კონტეინერებში ჩამწყვდეული ხატებისა და ჯვრების“ მოკითხვას დაგვიანებულად თვლიან:
“ახლა ლაპარაკს და მოკითხვას რაღა აზრი აქვს?! გვიანია, ჩამწყვდეულია ხატი და ჯვარი ამაში. მანამდე ჩამოსულიყავით და გელაპარაკათ. ეს ჩვენი ინტელგენცია თბილისში, რომ ზის და სვანებზე, რომ ღადაობენ, უფრო ადრე მოსულიყვნენ გონს. ტყულა დაანგრიეს ეს მუზუემი, ვიღაცისთვის ფულის გათეთრების მიზნით. “მაიტა ნასოსიო“ და ეგენი ფულებს შუოლობენ, სვანეთი სულ არ ადარდებთ“.
საგანძურის მესტიიდან ზუგდიდში გადატანის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია იმ ადამიანებსაც აქვთ, ვისაც შევხვდით და ვესაუბრეთ.
ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გადატანა უნდათ, რაც ჩვენი ისტორიისა და ერის წინაშე უდიდესი დანაშაული იქნება, რადგან ჯაყჯაყს და გადატანა-გადმოტანას ეს ექსპონატები ვერ გაუძლებენ. ზოგიერთი მათგანი სავალალო მდგომარეობაშია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ამიტომ, ამ ექსპონატებთან დაკავშირებით დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ამასთან, ეს ხატები თავის დროზე მუზეუმში სვანეთის სხვადასხვა ეკლესიებიდან გადმოიტანეს. ახლა ის სოფლები ამ ხატების უკან დაბრუნებას ითხოვენ და მათი მესტიიდან გატანის მცდელობაც კი, მოსახლეობაში დიდ აღშფოთებას გამოიწვევს, მოსახლეობა ამას არ შეურიგდება.
ზუგდიდში ჩატანა კი არა, ადიშის ოთხთავი სოფელ ადიშიდან მესტიაში, რომ ჩამოიტანეს, ძალმომრეობისა და შავ-ბნელი ათეიზმის პერიოდში, მოსახლეობა პოლიციას უკან ქვების სროლით მოჰყვებოდა და ორი კვირა სოფლის ყველა ოჯახში გლოვა იყო გამოცხადებული, თითქოს ყველა ოჯახში მიცვალებული ესვენა. აი, ასეთი მდგომარეობა იყო მაშინ და დღეს მით უმეტეს, მოსახლეობა საგანძურის მესტიიდან გატანას არ დაუშვებს“.
საგანძურის გარშემო არსებული “ჭორებისა და უსიამოვნო საუბრების“ შესახებ ეროვნული მუზუემის რესტავრატორს, დარეჯან გოგაშვილსაც სმენია, რაც ჩვენი აზრით იმითაც არის განპირობებული, რომ საგანძურის კონტეინერებში გადატანის და ახალი შენობის შესახებ საჯარო განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
სიწმინდეების მუზეუმიდან გამობრძანების გადაწყვეტილება ეკლესიასთან არ შეუთანხმებიათ, რასაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის კურატორი, რუსუდან ქოჩქიანი გადაღლილობით და იმით ხსნის, რომ იმ პერიოდში ეპისკოპოსი ჯანმრთელობის გაუარესების გამო სვანეთში არ იყო, ტელეფონით კი აღარ შეაწუხეს. ამასთან, რუსუდან ქოჩქიანი იქვე განმარტავს, რომ მაშინ, როცა საგანძურის განსათავსებლად სხვა შენობას ეძებდნენ, ხალხმა წინააღმდეგობა იმის შიშით გაუწია, რომ თუ საგანძური მუზეუმის ეზოს გასცდებოდა, მას სვანეთიდან წაიღებდნენ.
რუსუდან ქოჩქიანი: “შესაფერის შენობას ვეძებდით, მაგრამ შემდეგ ამაში მთელი სვანეთი ჩაერთო - “საგანძური ეზოს თუ გასცდა, მერე ისე მოხდება, რომ სიწმინდეებს სვანეთიდან წაიღებენ, ამის მცდელობა არისო“. ეს უსაფუძვლო ჭორი გახლავთ. ამის გაკეთება გამორიცხულია, მთელი სვანეთი აღდგება, სიწმინდეებს მკერდით გადავეფარებით. ასე რომ ძეგლების ეზოს გარეთ გატანის საშუალება ხალხმა არ მოგვცა. სწორედ ამის გამო მეუფეს არ დავეკითხეთ და არ ვთხოვეთ რჩევა სად დაგვებინავებინა საგანძური. თან ავად იყო, სვანეთში არ იმყოფებოდა.
მეუფისთვის აზრის კითხვა აუცილებელი იყო, მაგრამ ჩვენ ისეთი მღელვარე დღეები გვქონდა, რომ ამის გაკეთება თითქოს გადაგვავიწყდა - ხალხმა მოინდომა ეს ძეგლები მუზეუმის ტერიტორიაზე დარჩენილიყო. უფრო ამან მიბიძგა, რომ პირადად მე არ მივსულიყავი მეუფესთან. თუმცა, მე ჩემს თავზე მაინც ვერ ავიღებდი, რადგან ჩვენ გვყავს გენერალური დირექტორი და ჩვენ გვყავს მთავრობა. მე პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, თანაც შუა საუკუნეების ხატწერის სპეციალისტი და უპირველესად ყველაზე მეტად მე მინდა, რომ ეს ძეგლები სათანადოდ დაცული იყოს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და უკეთეს პირობებში გვქონდეს.
ეს ძეგლები სვანეთმა შემოინახა - მტრის შემოსევისას მეფეებისა და დიდებულებისთვის სულიერი საგანძურის გადარჩენა უმთავრესი იყო და ერთ-ერთ საიმედო ადგილად მათ სვანეთი მიაჩნდათ. ამიტომ არის აქ გადმოხიზნული, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში შექმნილი ძეგლები“.
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი) სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას იხსენებს:
“კონსტიტუციის შემდეგ ეს არის ყველაზე მაღალი ნორმატიული აქტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო და ეკლესია შეთანხმების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს ეკლესიებთან, ნაეკლესიარებთან, სიწმინდეებთან და ხატებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მუზეუმის დირექციას ჩემთან არაფერი შეუთანხმებია. როცა ასეთ გადაწყვეტილებას ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე იღებენ, ჩნდება ეჭვი, თუ რატომ და რისთვის ხდება ეს ყოველივე“.
გავრცელებული და ამავდროულად დაუდასტურებელი ინფორმაცია, საგანძურის სვანეთიდან გატანის შესახებ, მეუფესთვისაც ცნობილია. ამბობს, რომ ამის გაკეთება ყოვლად დაუშვებელია.
მეუფე ილარიონი: “ღმერთმა ნუ ქნას, ყოვლად დაუშვებელია, რომ სიწმინდეები დაიძრას და სვანეთიდან გავიდეს. საქართველოს ეს კუთხე შეუდარებელია იმ მხრივ, რომ თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი ყველა ტაძარი, თავისი უნიკალური ფრესკებით, აქ არის ის ჯვრები, ხატები, ხელნაწერები, სიწმინდეები, რომელიც საქართველოს სვანეთის საზოგადოებამ, სვანეთის მოსახლეობამ შემოუნახა. კომუნისტების დროსაც იყო გატანის, გაძარცვის საშიშროება და მაშინ ხატს სვანი კაცი ოჯახში ინახავდა, მფარველობდა. აქ ეს სიწმინდეები სისხლის ფასად არის დაცული და ამიტომ, ადგილზე უნდა დარჩეს. მისი გატანა პრობლემებს შექმნის. მუზეუმის რეკონსტრუქცია დროულად უნდა დასრულდეს და ხატებმა თავიანთი ადგილი უნდა დაივანონ, სადაც ისინი თავის დროზე დაბრძანებული იყვნენ“.
მესტიელი სვანები საგანძურის მესტიიდან გატანას დაუშვებლად მიიჩნევენ:
“ამის წაღებას სვანეთი არ დაანებებს, ვარიანტი არ არსებობს, ვერ წაიღებენ. თუ წავიდა, მაშინ სვანეთი ამოწყვეტილიყოს მთლიანად. ეს ასეა დაფიცებული. გარანტიას ვიძლევით, რომ სვანეთს საგანძურს ვერავინ წაართმევს, გინდაც ერთი სვანი დარჩეს. მაშინ მართლა აქედან დაიწყება და იქ იქნება ბოლო. ეს ეგრე იქნება“.
თბილისიდან მესტიაში 28 აგვისტოს, პატარა თვითმფრინავით სულ 13 ადამიანი გავფრინდით და აქედან მხოლოდ სამი ვიყავით ქართველი. ბილეთი 75 ლარი ღირს. ზარ-ზეიმით გახსნილ მესტიის აეროპორტში, რომელიც ერთი დიდი ოთახიის ხელაა და რა თქმა უნდა, შემინულია, საპირფარეშო არ მუშაობდა, რამაც უცხოელი ტურისტების გაოცება გამოიწვია.
მესტიის ცენტრი, იგივე სეტი ისეა გადათხრილი და მტვერში გახვეული, როგორც თბილისში აღმაშენებლის გამზირი.
ერეკლე საღლიანი: “ეს დიდი მოედანი იყო, ყველა აქ იკრიბებოდა. ახლა აქ თანამედროვე, ევროპული სტილის სასტუმროს აშენებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს თემურ ჭყონია აშენებს. მაკეტი ვნახე, რომელიც ქვეწარმავალივით დაგრაგნილია. აქედან ჩასულმა გერმანელმა ტურისტმა იცით რა უთხრა თავის თბილისელ მეგობრებს?! - “ჩადით, ნახეთ სვანეთი, სანამ დაამახინჯებენო“. რაღაც კეთდება, კოშკებს რესტავრაციას უტარებენ, ამისთვის სახელმწიფომ ფული გამოყო, მაგრამ საშინელება ისაა, რომ ამ უბედურებს გემოვნება არა აქვთ“.
"ობიექტივი"