20:06 10.10.2011
ბიძინა ივანიშვილის შესახებ, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესახებ გასულ კვირას ღიად განაცხადა, ჟურნალმა Prospect-მა 2010 წლის 21 ივლისს ვენდელა სტივენსონის ვრცელი სტატია, სათაურით - „კარგი ოლიგარქი“ გამოაქვეყნა. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, სტატიის ქართულ თარგმანს გთავაზობთ.„მან ქონება რუსეთში იშოვა და მერე მშობლიურ სოფელში დაბრუნდა საცხოვრებლად. მას იშვიათად ხედავენ, მაგრამ მისი სულგრძელობა უსაზღვროა. ვინ არის ეს იდუმალი ქართველი მილიარდერი?
მთის წვერზე, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისს გადმოჰყურებს, ლითონითა და გლუვი ბეტონით ნაგები სასახლე დგას. მისი კოშკურები ალუმინის გისოსებშია გახვეული, ხოლო ეზოში ჰენრი მურისა და ანიშ კაპურის სკულპტურებია მიმობნეული. ერთ მხარეს ვერტმფრენის ასაფრენი ბილიკია. მის უკან ცისფერწყლიან საცურაო აუზში ასფუტიანი ჩანჩქერის ერზაცი ეშვება, რომელიც მეზობელი ბოტანიკური ბაღების ხევს ავსებს. ეს ბაღები საჯაროა, მაგრამ მოხეტიალე დამთვალიერებლებს ფრთხილად აკავებენ ხეებს შორის მიმალული, შავ უნიფორმაში გამოწყობილი მცველები.
როდესაც თბილისში პირველად 1998 წელს ჩავედი, ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის მმართველობის სტაგნაციურ, პირქუშ ეპოქაში, სასახლე ჯერ კიდევ უზარმაზარ მშენებარე ობიექტს წარმოადგენდა, ხარაჩოებით დაფარულს – უჩვეულო ხედი საქართველოსთვის. ერთხელ ჩემს მეგობარს კახას ვკითხე, რა შენდება-მეთქი. „ააა, ბიზნესმენი აშენებს ბიზნესცენტრს“ – მითხრა მან ბუნდოვნად. სხვა არავინ არაფერი იცოდა.
საქართველოდან 2001-ში წამოვედი, მაგრამ ძალიან ხშირად ვბრუნდებოდი იქ მეგობრების სანახავად და სტატიების დასაწერად. სასახლის მშენებლობა რამდენჯერმე შეჩერდა და მერე ისევ დაიწყო. 2003 წლისთვის შევარდნაძე, მოხუცი, დაღლილი კაცი იყო, თეთრი თმების შარავანდედით, კორუმპირებულ მთავრობასა და მომაკვდავ ეკონომიკას ედგა სათავეში. თბილისში სინათლე დღეში მხოლოდ ოთხი საათით მოდიოდა. მასობრივი დემონსტრაციები, რომლებიც სადავო საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციით“ დასრულდა. 2004 წლის იანვარში მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციის შეუპოვარი, ახალგაზრდა და ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც განათლება დასავლეთში ჰქონდა მიღებული, ხმების 96%-ზე მეტით პრეზიდენტად აირჩიეს. „მიშა! მიშა! მიშა!“ სკანდირებდა ხალხი და წითელ ვარდებს აფრიალებდა. სინათლე მყისიერად აინთო. აღმოჩნდა, რომ ძველი რეჟიმი საქართველოს ელექტროენერგიას თურქეთსა და სომხეთში ჰყიდდა. სააკაშვილმა ეკონომიკა თავისუფალი ბაზრის საფუძვლებამდე დაიყვანა და ინვესტიციებიც წამოვიდა: ახალი მაღაზიები, რესტორნები, სასტუმროები.
ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ფიცი დადო, მე და კახა ახლად გახსნილ სამების საკათედრო ტაძარს ვეწვიეთ, ყველაზე დიდ ტაძარს საქართველოში. იმ ღამეს ის ისე იყო განათებული, როგორც პროჟექტორის სხივში მოხვედრილი გიგანტური საქორწილო ნამცხვარი. გაოცებული შევყურებდი გუმბათოვან ინტერიერს და ერთი კითხვა მიჩნდებოდა – ვინ გადაიხადა ამდენი. „ქართველმა ბიზნესმენმა, ალბათ“ – მიპასუხა კახამ – „მაგრამ არავინ იცის, ვინ“.
მისი სახელი ნელ-ნელა გაისმა, გაისმა როგორც კაფეში ჩურჩულით მოარული ჭორი: ბიძინა ივანიშვილი და სახელთან ერთად გამოჩნდა მისი ბიოგრაფიის მკრთალი კონტურებიც: ღარიბი ქართველი ბიჭი, ღარიბი ქართული სოფლიდან მოსკოვს გაემგზავრა და იქ მილიარდერად იქცა.
უცებ გავაცნობიერე რომ ივანიშვილი იდეოლოგიების საბურველში გავხვიე – ქრისტიანი, კომუნისტი, კაპიტალისტი – არადა, ის არც ერთი ყოვლისმომცველი ფილოსოფიის მიმდევარი არ ყოფილა, უბრალოდ ფილიმონივით საქართველოდან წავიდა, გამდიდრდა და სახელი გაითქვა და ფილიმონივით დაბრუნდა შინ. ის თავისი ბავშვობის მიწამ და მტვერმა ჩამოაყალიბა. მერე კი გარდამტეხი სიმდიდრის დილემებთან მოუხდა ბრძოლა, მაგრამ როგორც სჩანს ეს სიმდიდრე, მან ძირითადად შინ დაბრუნების საშუალებად გამოიყენა.
ghia boqlomi | foreignpress.ge | tribuna.ge
