ავტორი ილია ჩაჩიბაია
14:53 13.12.2011
“იაფი კრედიტის ბანკიდან” 2008 წელს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ 180 000 ლარით დაფინანსებული მეწარმე ეთერ ცხადაია ამერიკის საელჩოს დახმარებას და თავშესაფარს თხოვს. 84 წლის მოხუცი „ობიექტივთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ზაზა გოროზიამ ბიზნეს-წილის მოთხოვნის და ორჯერ გატაცების შემდეგ, მისი მკვლელობა განიზრახა:„უკვე მივმართე ამერიკის საელჩოს და დახმარება ვთხოვე. საქართველოში აღარ დამედგომება, მინისტრი გოროზია ჩემს მკვლელობას გეგმავს, ოჯახის წევრებზე კი ზეწოლა მიმდინარეობს. კონსულისთვის გაგზავნილ წერილში ამერიკის მთავრობას თავშესაფარს ვთხოვ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი გადავარჩინო“ - აცხადებს ეთერფ ცხადაია.
2008 წელს, მეფრინველეობის ფერმის მშენებლობა-ამუშავებას, ცხადაიას გათვლებით 400.000 ლარი სჭირდებოდა. ეკონომიკის მინისტრის და სააკაშვილის დაპირებით, თანხის დარჩენილი ნაწილს ის მალე მიიღებდა. მოხუცმა სოფელ რუხში მიწის ნაკვეთი შეიძინა და ფერმის მშენებლობა წამოიწყო. 180.000 ლარი სწრაფად დაიხარჯა. დაპირებული თანხის მეორე ნაწილი მას აღარ ჩაურიცხეს. ფერმამ ფუნქციონირების დაწყება ვერ შეძლო. მოხუცს ხელში დაუმთავრებელი შენობა და საცხოვრებელი სახლის დაკარგვის საფრთხესთან ერთად, სახელმწიფოს წინაშე უზარმაზარი ვალი დარჩა...
„პრეზიდენტის ინიციატივით, ეკონომიკის სამინისტრომ ჩემს ანგარიშზე ჩარიცხა თანხის პირველი ნაწილი (180 000 ლ.) ეს ფული მალე დაიხარჯა, დარჩენილი 220 000 ლარით აღარ დამაფინანსეს. ყველა უწყებაში შევაგზავნე წერილი. დახმარებას ვითხოვდი. ჯერ კიდევ გუბერნატორის თანამდებობაზე მყოფმა ზაზა გოროზიამ ყოველ ჯერზე დამბლოკა. პირდაპირ ვამბობ, ის არის კრიმინალი. როდესაც გოროზიას შევხვდი, ვთხოვე პრეზიდენტი ჩააყენე საქმის კურსში-მეთქი. მიპასუხა: ეხლა რომ მოდიხარ, ფული რომ აიღე, მაშინ რატომ არ მოხვედიო?!. ნორმალურ ქვეყანაში კანონი ჩინოვნიკებისთვის და მოხუცისთვის ერთნაირი უნდა იყოს.
2010 წლის 19 ნოემბერს, რწმუნებულის ბრძანებით გამიტაცეს. მაშინ საქართველოს პრეზიდენტი, ზუგდიდში, ლაზის ქუჩაზე, ქალაქში ბუნებრივი აირის შეყვანის სამუშაოების დასრულებას მთელ ქვეყანას ამცნობდა. მისთვის წერილის გადაცემას ვცდილობდი. ჩემთვის უცნობი პირები მომვარდნენ, მანქანაში ჩამსვეს (თეთრი ნივა) და იმ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ჩამომსვეს.
18 ოქტომბერს მეორედ გამიტაცეს. ანაკლიაში ჩასულ მიხელ სააკაშვილთან ვცადე შეხვედრა, კვლავ მინდოდა მისთვის ყველაფერი ამეხსნა და დახმარება მეთხოვა. გოროზიას სადამსჯელო რაზმის წევრებმა ტერიტორიის დატოვება მიბრძანეს. "ძალა აღმართს ხნავსო", დავემორჩილე. შეხვედრის ადგილიდან კარგა მანძილის დაშორებით ქვის ლოდზე ჩამოვჯექი. დავინახე გოროზია არაადამიანურად თვალებს როგორ აცეცებდა და თავის ბიჭებს ჩემზე რაღაცას ეუბნებოდა. რამდენიმე წუთში გუბერნატორი მიგზავნის ბიჭებს და 84 წლის ქალი ხელის გადაგრეხვით შემტენეს მანქანაში. ხელი იმდენად ძლიერად გადამიტრიალეს, რომ ძვალი მომტეხეს, დღესაც ტკივილები მაწუხებს და არ ვარ გონზე მოსული.
მას და მის ოჯახს მარტვილის რაიონში დიდი მიწები აქვთ მითვისებული და ფლობენ მეფრინველეობის ფერმასაც. ბუნებრივია, მათ სამეგრელოში კონკურენტი ფირმა არ სჭირდებათ. ალბათ პრობლემაც არ იქნებოდა წილის მიცემაზე რომ დავთანხმებოდი.
ჩემს ოჯახზე უკვე დიდი ხანია დაიწყო ზეწოლა და მუქარა, არაერთხელ მივმართე პოლიციას, პროკურატურას, სახალხო დამცველს, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა, ამიტომ იძულებული ვარ, შველა ამერიკის შეერთებულ შტატებს ვთხოვო და თავშესაფარი ვითხოვო“, – აცხადებს ეთერ ცხადაია და სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაზა გოროზიას დასჯის მოთხოვნით აქციების ორგანიზებას გეგმავს.
