ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
01:15 06.12.2011
გლდანის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ მელორ ვაჩნაძეს მაღალი სიცხე და ტანზე ჩირქოვანი გამონაყარი აქვს. პატიმარს არ აწვდიან მედიკამენტებს, არ აძლევენ სუფთა ჰაერზე გასეირნების და დაბანის საშუალებას. ამის შესახებ მედია-კავშირ “ობიექტივის“ ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენელმა, ჯუმბერ მილორავამ გვითხრა, რომელიც მელორ ვაჩნაძეს შეხვდა და ესაუბრა.
მისი განმარტებით, 5 დეკემბერს პატიმართან სახალხო დამცველის რწმუნებულიც იყო შესული, რომელსაც ახსნა-განმარტება მისცა. როგორც კი სახალხო დამცველის აპარატი გაავრცელებს ინფორმაციას მელორ ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დაუყოვნებლივ შემოგთავაზებთ.
მელორ ვაჩნაძესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის კითხვებით არ მიგვიმართავს, რადგან სხვა შემთხვევებში, ყოველ ჯერზე, ხსენებული უწყების პრესსამსახურის მითითებით ჩვენთვის საინტერესო კითხვებს, პატიმრების ცემა-წამებასა და არასათანადო სამედიცინო მკურნალობაზე ინტერნეტმისამართზე ვაგზავნიდით, მაგრამ უკან პასუხებს ვერ ვიღებდით.
აი, რა გვიამბო ადვოკატმა ჯუმბერ მილორავამ, მსჯავრდებულ მელორ ვაჩნაძის მდგომარეობის შესახებ:
“მელორ ვაჩნაძის დაცვის საქმეში, უშუალოდ მისი და მისი ოჯახის წევრების თხოვნის საფუძველზე ერთი თვის წინ ჩავერთე. გლდანის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულებამდე მელორ ვაჩნაძე რუსთავის N17 დაწესებულებაში იმყოფებოდა. სანამ ხსენებული დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლას ამიკრძალავდნენ, მელორ ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობამ ამაღელვა და N17 დაწესებულების მთავარ ექიმს, ზურაბ აფციაურს წერილობით მივმართე, რათა მელორ ვაჩნაძე გადაეყვანათ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. ჩემი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მელორ ვაჩნაძე 1 დეკემბერს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ამ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საპატიმროში ყოფნისას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა - დაკავებამდე არსებულმა დაავადებამ, სტაფილოკოკმა თავი შეახსენა. მოკლე ხანში სეფსისის გამწვავება შეიძლება მოხდეს. იგი სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში - სეფსის ცენტრში გადაყვანას და სისხლის გამოკვლევას ითხოვს, რადგან იქ, სადაც ამჟამად არის, საამისო პირობები არ არსებობს. ან თუ არსებობს, მაშინ მისთვის გამოკვლევების ჩატარება, დიაგნოზის დასმა და მკურნალობა მიზანმიმართულად არ ხდება.
5 დეკემბერს შევხვდი. დიდხანს მალოდინეს, რადგან მასთან სახალხო დამცველის რწმუნებული, ვინმე დანიელი იყო შესული, რომელსაც მელორ ვაჩნაძემ ახსნა-განმარტება მისცა. იგი უკმაყოფილოა სახალხო დამცველის რწმუნებულის პასიურობით და გულგრილობით.
მატრასზე იმხელა სიბინძურეა, რომ უფრო ზის, ვინემ წევს მასზე. დასაბანად არ გაჰყავთ. მედიკამენტოზურ მკურნალობას არ უტარებენ - პრეპარატებს არ აძლევენ. ტელეფონზე დარეკვის საშუალება არა აქვს და გასეირნების უფლებაც კი წაართვეს. მიუხედავად ამისა, სულიერად გატეხილი არ არის და იმედოვნებს, რომ გარედან ჩვენი (ადვოკატის, არასამთავრობო სექტორის) ჩარევის შედეგად ადეკვატურ მკურნალობას და შესაბამისად, გამოჯანმრთელებას შეძლებს.
უმძიმეს მდგომარეობაშია - სხეულის ქვედა კიდურებზე და სხეულის ზედა ნაწილზე ჩირქოვანი გამონაყარი - უამრავი წერტილოვანი ჩირქგროვები აქვს, საიდანაც ხელის დაჭერით სისხლნარევი ჩირქი გამოდის. ამის ნახვა ჩემთვის შემზარავი იყო. თვალები დაწითლებული, შუბლი ცხელი ჰქონდა. თუ კი უმოკლეს დროში ჯეროვანი ყურადღება არ მიექცევა, თავისი სიცოცხლის და ჯანმრთელობსი გადასარჩენად და უფლებების დასაცავად პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს, შიმშილობას დაიწყებს“.
