ცესკო-ს თავმჯდომარის შეხვედრები სამეგრელოში

16:26 20.07.2011
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს რეგიონებში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

4-დან 15 ივლისამდე პერიოდში ცესკოს თავმჯდომარე შეხვდა აჭარის (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი, ბათუმი), გურიის (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური) და სამეგრელოს (წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, სენაკი, ზუგდიდი, ხობი, ფოთი) პოლიტიკური პარტიების რაიონული ერთეულების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს.

ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრების მონაწილეებს გააცნო 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ პერიოდში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, წარუდგინა სტრატეგიული გეგმის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების გეგმა.

თითოეული შეხვედრის შემდეგ იმართებოდა დისკუსიები საარჩევნო ადმინსტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ. თავის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარე ზემოაღნიშნული რეგიონების ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლების სხვადასხვა სახის რეკომენდაციებს გაეცნო, რაც ადმინისტრაციას საარჩევნო პროცესების უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება.


READ MORE - ცესკო-ს თავმჯდომარის შეხვედრები სამეგრელოში

აქცია მასობრივი დაპატიმრებების წინააღმდეგ – SOS- GEORGIA!

16:26 20.07.2011
24 ივლისს, კვირას, 19 საათზე რუსთაველის ძეგლთან წინააღმდეგობის მოძრაობა მართავს მშვიდობიან საპროტესტო აქციას.

თემა- მასობრივი დაპატიმრებები და აღიარებითი ჩვენებები. აქციის სახელწოდებაა „SOS- GEORGIA!“; გავრცელედება სპეციალური მიმართვა მსოფლიოს ლიდერების, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და მედიისადმი, რომელიც ადრესატებს იმავე დღეს დაეგზავნება; გთხოვთ მობრძანდეთ და შემოუერთდეთ ჩვენს აქციას. გააპროტესტე ჯაშუშომანია, ვიდრე ჯაშუშად გამოგაცხადებენ! კვირას, 24 ივლისს, 19 საათზე ვიკრიბებით რუსთაველის ძეგლთან!


წინააღმდეგობის მოძრაობა


READ MORE - აქცია მასობრივი დაპატიმრებების წინააღმდეგ – SOS- GEORGIA!

აკაკი მინაშვილის პოზიცია და სამართალი

ავტორი თეონა ხარაბაძე
16:26 20.07.2011
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ პირადად მას ფოტორეპორტიორების ბრალეულობაში ეჭვი არ ეპარება. ხელისუფლების წარმომადგენლისგან, ცხადია, სხვა კომენტარის მოსმენა უფრო გასაკვირი იქნებოდა, მაგრამ საინტერესო ის არის, იგი საკუთარ მოსაზრებებს რა არგუმენტით ამყარებს. სწორედ ამიტომ პრესაჯი.ტვ გათავაზობთ ინტერვიუს აკაკი მინაშვილთან.

რამდენად დამაჯერებლად მიგაჩნიათ აბდალაძის ჩვენება იმისთვის, რომ ეს ადამიანები ე.წ. ჯაშუშებად მივიჩნიოთ?

– ე.წ. არა, ეს იყო ჩვენება, რომელიც საზოგადოებამ ნახა და, რომელსაც ესწრებოდა სამი ადვოკატი, მათ შორის, ქალბატონი ეკა ბესელია. მე მისი გამკვირვებია, ერთი მხრივ ამბობს, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს გამოძიებაო და, მეორე მხრივ, გუშინ თქვა, რომ აბდალაძეს საჯაროდ არ უნდოდა ჩვენების მიცემაო. ეს პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ამას თავი დავანებოთ.

მეორე საკითხი, რაც მე ძალიან მიკვირს, არის ის, თუ რატომ განცვიფრდა ქართული საზოგადოება და რატომ აქვს იმის განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯაშუშომანიითაა შეპყრობილი?

რუსული სპეცსამსახურების მუშაობის მარტო ბოლო ორი წლის გამოცდილებას გადახედეთ და ნახავთ, რომ რამდენიმე ფაქტი იყო მაღალი თანამდებობის პირების გამოვლენის, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებშიც კი ჯაშუშობდნენ რუსეთის სასარგებლოდ. ეს არის ძალიან სერიოზული ფაქტები და ეს ხომ ყველასთვის ნათელია?

ფაქტია, რომ რუსეთი აგრძელებს ცივი ომის პრაქტიკას და, თუ კი, ამას აკეთებს მთელს მსოფლიოში, რა გასაკვირი იქნება, რომ იგივე გააკეთოს საქართველოშიც? მით უმეტეს, რომ საქართველო, ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, წელში ვერ გადატეხა.

ეს არავითარი მანია არ არის და არანაირ კონსპირაციის თეორიასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის ის პარქტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს არა მარტო საქართველოში, არამედ განვითარებული და ჩამოყალიბებული დემოკრატიის ქვეყნებშიც და, ბუნებრივია, ანალოგიურის მცდელობა აქვს საქართველოშიც.

ამასთან კონკრეტული ფოტოგრაფების საქმეს რა კავშირი აქვს?

– რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, ცხადია, მე მოვლენებს არ დავასწრებ. იქნება სასამართლო სხდომა და პროკურატურამ გააკეთა უკვე განცხადება, რომ ეს იქნება საჯარო სხდომა და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, ჟურნალისტებს ექნებათ საშუალება, რომ დაესწრონ სხდომას და მოისმინონ ამ ადამიანის ჩვენებებიც და პროკურატურის მტკიცებულებებიც.

თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები არ არიან ჟურნალისტები. ისინი არიან საჯარო მოხელეები და მათ სახელმწიფო უწყებებთან განსაკუთრებული ვალდებულებები ეკისრებათ. თუ ამ ადამიანებს არ სურდათ სახელმწიფო სამსახურში მუშაობა, მათ ამას არავინ აძალებდა. მათ საკუთარი ნებით მოაწერეს ხელი და ამით განსაკუთრებული ვალდებულებები დაეკისრათ.

რაც შეეხება ბატონ ზურაბ ქურციკიძეს, აქ არის საუბარი სახელმწიფო საიდუმლო დოკუმენტებზე და, ცხადია, არავის არ შეუძლია, ეს დოკუმენტები გასცეს. ეს არის ძალიან ცალსახა და ნახავთ, პროკურატურას რა მტკიცებულება ექნება.

პირადად თქვენთვის, არა როგორც პოლიტიკოსისთვის, არამედ, როგორც რიგითი ადამიანისთვის, იყო თუ არა საკმარისი აბდალაძის ჩვნება, რომ მის დანაშაულში დარწმუნებულიყავით?

– მე ვიდრე გამოძიება არ იქნება დასრულებული, წინასწარ დასკვნებს ვერ გავაკეთებ. თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა ძალიან ცალსახად, რომ ეჭვი არ მეპარება რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მცდელობაში, აქ ჰყავდეთ აგენტები და მეორე –გავიდნენ ყველაზე და ყველაფერზე, რათა მათგან ინფორმაციის მიღება შეძლონ.

ის მტკიცებულებები, რაც ამ ეტაპისთვის იყოს გამოქვეყნებული, ჩემთვის არის დამაჯერებელი. თუმცა, ბუნებრივია, რომ ეს არ არის სრული, რადგან გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, ვიცი, რომ მალე დასრულდება. სრული სურათი შეიქმნება მაშინ, როდესაც გაიმართება სასამართლო და ყველა მტკიცებულება იქნება წარმოდგენილი.

პირველ რიგში, ჩემთვის პირველი დამაჯერებელი ფაქტორი არის ის, რომ ამ წლების განმავლობაში ვხედავთ, რამდენად ეფექტურად და სასარგებლოდ მუშაობს შსს. აქ ეჭვის თვალით ყურება უფრო საეჭვოა. მე ის უფრო მიკვირს, თქვენ რატომ გიკვირთ, რომ აქ რუსეთის ფედერაცია ძალიან აქტიურად მუშაობს?

გარკვეული წრის ადამიანებში არის კონსპირაციის თეორიის შექმნის მოდა და კიდევ ვიმეორებ, რუსეთის ფედერაციამ 21-ე საუკუნეში საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა სამხედრო აგრესია და აქედან ინფორმაციის მიღებას რომ ცდილობს, ამაში გასაკვირი რა არის?

ამიტომ დაელოდეთ გამოძიებას. ესენი იყვნენ საჯარო მოხელეები და მათ ჰქონდათ წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე. რამდენად სწორად და რამდენად არასწორად, ეს უკვე სხვა საკითხია. ეს ადამიანები აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას წინასწარი შეცნობით.

ერთი კვირა ეს ადამიანი ამბობდა, რომ არ ვარ ჯაშუშიო. როგორც თქვენ ამბობთ, მასზე არც ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა, არც ფსიქოლოგიური და უცბად გადაწყვიტა, დანაშაული ეღიარებინა. ამას როგორ ხსნით?

– ეს არის ძალიან მარტივი რაღაც. ჩემი ვარაუდია, რომ ნახა მტკიცებულებები და დარწმუნდა, რომ მისი დანაშაულის სოლიდური მტკიცებულებები არსებობს და ჩათვალა, რომ აღიარება მისთვის უკეთესი იყო.

ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი არსებობს. თქვენ თუ ეს თემები გაინტერესებთ, ნახეთ, გამოძიება როგორ მიმდინარეობს იგივე გერმანიაში. არის შემთხვევები, რომ ადამიანი წლების განმავლობაში უარყოფს დანაშაულს და ერთი წლის შემდეგ აღიარებს. გაიმართება სასამართლო პროცესი და ყველაფერს ნახავთ.

ეს ადამიანი ამბობს, რომ იგი 2002 წელს დაიჭირეს რუსულმა სპეცსამსახურებმა. აღმოჩნდა, რომ ეს 2000 წელს მომხდარა და ეს ფაქტიც რომ არასწორია, სხვა ფაქტებს რატომ უნდა ვენდოთ?

– დეტალებს ნუ გამოეკიდებით. აქ იყვნენ ადვოკატები და, თუკი არასწორი იყო, ეთქვათ.

2007 წელს ფილმები გავიდა იმის შესახებ, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები როგორ ჯაშუშობდნენ. ამის შესახებ გენპროკურორის მოადგილე საუბრობდა და, იმედია, სარწმუნო ინფორმაცია უნდა ყოფილიყო. მაგრამ ამ ფილმში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი საქართველოს ელჩად დაინიშნა და ამის მერე რისი ნდობა შეიძლება?

– ის, რომ კონკრეტული ადამიანი რომელიღაც საელჩოს წარმომადგენელს პოლიტიკურ ვითარებებზე ელაპარაკებოდა, აქ არ შეიძლება იყოს სამშობლოს ღალატის კლასიკური ელემენტები. სამართლებრივი მტკიცებულებები. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, სადაც საჭიროა მორალური შეფასების გაკეთება. ამ კუთხით კი ყველაფერი ძალიან ნათელი იყო.

გენპროკურორის მოადგილემ ფილმები მორალური პასუხისმგებლობისთვის აკეთა?

– ადამიანს პოლიტიკური შეფასების გაკეთებას უკრძალავთ?

გენპროკურატურის განცხადება პოლიტიკური შეფასებაა?

– ეს იყო პოლიტიკური შეფასება კონკრეტული ადამიანების ქცევის. დიახ, მე ვთვლი, რომ ის მოქმედება იყო მორალური ღალატი. თორემ სამართლებრივი რომ ყოფილიყო, მათ დააკავებდნენ. ახლა სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ყველაფერს სასამართლო პროცესზე ნახავთ.

არის გარანტია, რომ საგამოძიებო პროცესი იქნება გამჭვირვალე? დღეს თქვენ შეგიძლიათ იმის თქმა, რომ გამოძიების პროცესში არ არსებობს კითხვები?

– ჩემთვის აქ ბევრი რამ არის გაურკვეველი. ჯერ ერთი, გამოძიების საჯაროობა რას ნიშნავს, არ ვიცი. მსოფლიოში არც ერთი საგამოძიებო პროცესი ჩვეულებრივ საქმეებზეც კი, არავისთვის არ არის ღია, გარდა მხარეებისა, რადგან გამოძიების სპეციფიკა არის ასეთი. წარმოიდგინეთ ასეთი შემთხვევა, რომ გამოძიებაში გამოიკვეთოს რაიმე დოკუმენტი, ან რომელიმე მოწმე და ამის შესახებ ინფორმაცია ღია იყოს.

რაც შეეხება სასამართლოს, გამოძიების პროცესი დამთავრებულია, ყველა მტკიცებულება შეგროვებულია და სასამართლო პროცესი, ცხადია, ღია იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეხება სახელმწიფო ინტერესს.

მეორე საკითხი, თუ რატომ არ არის ყველა დოკუმენტი ღია. ისევ და ისევ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ადამიანების დევნა ხორციელდება იმის გამო, რომ ისინი სპეცსამსახურებს საიდუმლო დოკუმენტებს აწვდიდნენ და ახლა თქვენ გინდათ, რომ ჩვენ ეს დოკუმენტები ჩვენივე ხელით გამოვაქვეყნოთ?

პრეზიდენტის სასახლის გეგმაზეც ითქვა, რომ ეს იყო საიდუმლო დოკუმენტი და ეს ინფორმაცია მიაწოდეს. მაგრამ ხომ გამოქვეყნდა?

- ჯერ ერთი, ჩვენ რაც გამოვაქვეყნეთ, აქედან თქვენ ვერაფერს ვერ გაიგებთ.

შსს რატომ არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და აპრიორი ჯაშუშებად რატომ მოიხსენია ფოტორეპორტიორები?

– ჯერ ერთი, უდანაშაულობის პრეზუმცია სხვა რამაა. უდანაშაულობის პრეზუმცია არ ნიშნავს იმას, რომ მე არ მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი პოზიცია და ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, ეს თუ ის ადამიანი არის დამნაშავე.

უდანაშაულობის პრეზუმცია მოქმედებს სასამართლოში, როდესაც ბრალდება ვალდებულია, დაამტკიცოს განსასჯელის დანაშაული და ის დამნაშავედ არ ითვლება ფორმალურად. მაგრამ, ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მაქვს უფლება, დავასკვნა, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა. ისევე როგორც ყველას შეუძლია თქვას ჩემზე, რომ აკაკი მინაშვილი არის დამნაშავე.

აქ საუბარია შს სამინისტროზე. ეს ხომ რიგითი ადამიანის შთაბეჭდილება არ არის?

– შსს-ს ყველა განცხადებაში არის კონკრეტული მითითება, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ამ ადამიანების მიმართ ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა ამა და ამ მუხლის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს ჯაშუშობას და ეს ადამიანები არიან ბრალდებულნი ჯაშუშობაში.

ეს არა თუ უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა არ არის, არასწორი გამონათქვამიც კი არ არის. ეს არის ფაქტის კონსტანტირება. საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას, თუ რა მუხლით იდევნება ესა თუ ის ადამიანი.

ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ აბდალაძე არის გიორგაძის კაცი და ეს ინფორმაცია ვიცით წლების განმავლობაში. დავუშვათ რომ ეს ასეა. უშიშროებამ იცის ამის შესახებ და ამ დროს ეს ადამიანი მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გამოაქვს საიდუმლო ინფორმაცია და აწვდის საქართველოს მტრებს. ამის გამო, უნდა დადგეს თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხი?

– ახლა აღმოაჩინეს, რომ ბრიტანეთის პარლამენტში ერთ-ერთი დეპუტატის თანაშემწე იყო სპეცსამსახურების თანამშრომელი. ახლა ამის გამო ეს დეპუტატი უნდა დავსაჯოთ თუ ბრიტანეთის პარლამენტი დავითხოვოთ?

ეს ჯაშუში ახლა აღმოაჩინეს. შს მინისტრი კი ამბობს, რომ წლებია აბდალაძის აგენტობის შესახებ ინფორმაცია გვაქვსო. განსხვავება არ არის?

– ძალიან მარტივად შეგიძლიათ წაიკითხოთ ინფორმაცია, თუ რა სპეციფიკა არსებობს ჯაშუშებთან მუშაობის, მათი გამოკვლევის და პრევენციის მექანიზმის. ახლა ამის დეტალებში არ შევალ. საღი აზრით თუ იმსჯელებთ, მიხვდებით. ანა ჩაპმანის შემთხვევაში იცოდნენ წლების განმავლობაში, მაგრამ, ცხადია, არ დააკავეს იმის გამო, რომ ამით გავიდნენ სხვადასხვა კონტაქტებზე და მოიპოვეს ინფორმაცია. ეს არის ძალიან მარტივი მექანიზმი იმისთვის, რომ მთლიანად ამოძირკვო ის მექანიზმი, რაც შენს ქვეყანაში მუშაობს.

ანუ, ამ სამი ადამიანით აღმოაჩინეს ქსელი, დაიჭირეს ვიღაცეები, მათი რესურსი ამოწურეს და ახლა იმიტომ დაიჭირეს?

– ჩემს ადგილას დადექი და მითხარი, ამ კითხვას როგორ უპასუხებდი. ეს არის უკვე შსს-ს საქმე, რომელიც ამ მხრივ ძალიან ეფექტურად მუშაობს. ჩვენი საქმიანობის ყველაზე მარტივი ინდიკატორი იცით, რა არის? არის ის, თუ რამდენად ისტერიული დამოკიდებულება ჩნდება რუსეთის მხრიდან.

რაც უფრო მეტი ისტერიული და აგონიური განცხადებებია რუსეთის მხრიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მართლაც მოხვდათ იქ, სადაც უნდა მოხვედროდათ და ეს არის ყველაზე კარგი ინდიკატორი, პოლიტიკურად რასაც ვაფასებთ.

არის თუ არა იმის შანსი, რომ მათთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება და ეს პროცესი არ გახდეს საჯარო?

– გააჩნია. საპროცესო შეთანხმების მთავარი ინტერესი არის სახელმწიფო ინტერესი. ეს არის მხარეების გადასაწყვეტი, რომ შეთანხმდნენ საპროცესო გარიგებაზე. საპროცესო შეთანხმების მთავარი მიზანი არის ის, რომ ამ შეთანხმების შედეგად დაცული იქნას სახელმწიფო ინტერესი. თუ ამ შემთხვევაში იქნება სახელმწიფო ინტერესი, რომ დაცული იქნას რაღაც ინფორმაცია, შეიძლება გაფორმდეს. თუმცა, ესეც ჩემი ვარაუდია.

დეპუტატები უდგებიან მათ თავდებად, რომ გაათავისუფლონ. როგორ გგონიათ მათი გათავისუფლება ძიებას ხელს შეუშლის?

– ისეთ რაღაცეებს მეკითხებით, რაც გამოძიების დეტალებს ეხება. პროკურატურა ამბობს, რომ შეუშლის. პროკურატურას აქვს ეს საქმე და აქედან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ შეუშლის. ეს არის პროკურატურის და სასამართლოს დისკრეცია.

არიან თუ არა ეს ადამიანები ჯაშუშები?

– ბრალდება არის იმ მიმართულებით, რომ ეს არის ღალატი და ჩვენებები იძლევა საფუძვლიან ვარაუდს, რომ ეს ადამიანები არიან ეჭვმიტანილები. ამიტომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს და სასამართლო უნდა ჩატარდეს. ჩემთვის ეს მტკიცებულებები არის დამაჯერებელი. ამიტომ, საჭიროა, გამოძიება ჩატარდეს სრულად.

ბრალდების კატეგორიას გეკითხებით. ადვოკატები ამბობენ, რომ ამ ადამიანებს ჯაშუშობის კატეგორია ვერ მიუდგებათ.

– ჯაშუშობა და აგენტობა ერთი და იგივეა. ორივეს სახელმწიფოს ღალატი ჰქვია. უბრალოდ, ჯაშუში არის ქართულად და აგენტი არის სხვა ენაზე. მე არ ვიცი, ეს ადვოკატები რას ლაპარაკობენ. ეს არის სახელმწიფოს ღალატი და ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს აწვდი ინფორმაციას საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლი არის ანტიკონსტიტუციური, რადგან შეიცავს ბუნდოვან ნაწილებს. თქვენ რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?

– სამართლებრივ ტექნიკაში არის შემთხვევა, როდესაც გარკვეული დისკრეცია ეძლევა გამოძიებას და სასამართლოს. ანუ, ჩვენ ვერ ჩამოვწერთ ყველა იმ კონკრეტულ ინფორმაციას, რაც შეიძლება ჩაითვალოს ამა თუ იმ დანაშაულად. სამართლებრივ სისტემაში ასე ბევრ მუხლშია, რადგან, შესაძლოა, ამოწურულად ვერ მოაგვარო და ამიტომაც ეძლევა დისკრეცია გამოძიებას და სასამართლოს. რაც მთავარია, ამაზე მხარეებმა უნდა იდავონ და საკუთარი პოზიცია დაამტკიცონ.

რაც მთავარია, ეს მუხლი დიდი ხანია, არსებობს და ახლა რატომ გაახსენდათ? თუ ჩემი შეფასება გინდათ, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ეს არის კონსტიტუციური. თუ ვინმე ასე თვლის, შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. მე ასე არ ვთვლი და, თუკი ვინმე თვლის, არსებობს ძალიან სწრაფი პროცედურა და შეიტანონ საკონსტიტუციო სასამართლოში.

presage.tv


READ MORE - აკაკი მინაშვილის პოზიცია და სამართალი

ოტია იოსელიანი გარდაიცვალა

13:31 14.07.2011
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 81 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი გარდაიცვალა.

"ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო, რომ იტყვი და ხელებს დაიბან, იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია" _ ამ სიტყვების ავტორს, მწერალს, დრამატურგს, კინოსცენარისტსა და საზოგადო მოღვაწეს, ოტია იოსელიანს 81 წელი 16 ივნისს შეუსრულდა.

ოტია იოსელიანის თხზულებები პირველად 1954 წელს გამოქვეყნდა. მოთხრობების პირველი კრებული "კარის მეზობლები" მწერალმა 1957 წელს გამოსცა.

იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები "ცხრა მთას იქით", 1969; "დაჩის ზრაპრები", 1973; "ცაგამთენია", 1973 და სხვა). ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე ("ადამიანი იბადება ერთხელ", "როცა სიყვარული მოვა", "სანამ ურემი გადაბრუნდება", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი") დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე. ავტორია კინოსცენარებისა "ჩქარი მატარებელი", "მალე გაზაფხული მოვა", "თეთრი ქალიშვილი" და სხვა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით.

interpressnews.ge


READ MORE - ოტია იოსელიანი გარდაიცვალა

ვერა ქობალიამ დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ კლინიკაში იმყოფებოდა

13:31 12.07.2011
მისი განცხადებით, მას არ ეგონა, რომ მისი კლინიკაში მოთავსება საზოგადოებაში ამხელა ინტერესს გამოიწვევდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ კლინიკაში ნამდვილად იმყოფებოდა.


"ის, რომ ექიმთან ანალიზის ჩასაბარებლად ან ის, რომ ექიმთან წელიწადში ორჯერ შესამოწმებლად დავდივარ, სახელმწიფო უშიშროების საკითხი თუ იყო, ნამდვილად არ ვიცოდი. ვადასტურებ, რომ ვიყავი ექიმთან", -განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინფორმაცია ვერა ქობალიას ერთ-ერთ კლინიკაში მოთავსების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა სამინისტროს პრესსამსახური ამ ცნობას ბოლო დრომდე კატეგორიულად უარყოფდა. ინფორმაცია უარყო კლინიკა ”მედიქლაბჯორჯიამაც”, სადაც, ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ვერა ქობალია იმყოფებოდა.

interpressnews.ge


READ MORE - ვერა ქობალიამ დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ კლინიკაში იმყოფებოდა

READ MORE -

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორის „შემოჭერილი ქამარი“

ავტორი პაატა ლაგვილავა
22:07 07.07.2011
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ზაზა გოროზია პრემიას ყოველთვიურად იღებს. შარშან გუბერნატორმა პრემია 17-ჯერ აიღო. გუბერნატორის ხელფასი 2950 ლარს შეადგენს და იგივე თანხას იღებს პრემიის სახითაც.

როგორც გინდა და რაც გინდა

ზაზა გოროზია სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულად 2005 წლის ივლისიდან დაინიშნა. მაშინ მისი ხელფასი 2300 ლარს შეადგენდა, 2006 წლის მარტიდან გუბერნატორს ხელფასი 200 ლარით გაეზარდა, 2008 წლის ინვრიდან კი მისი ხელფასი 2950 ლარი შეადგინა. პირველი პრემია, 396 ლარი ზაზა გოროზიამ გუბერნატორად დანიშვნიდან მეჩვიდმეტე თვეს აიღო, 2008 წლამდე ის პრემიას წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებდა. პირველ ხელფასს გათანაბრებული პრემია სახელმწიფო რწმუნებულმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ქვეყნის ჩამოშლილი ეკონომიკის ფონზე მიიღო. ქართულ-რუსული ომის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით საქართველოს მთავრობამ საბიუჯეტო ორგანიზაციებში „ქამრის შემოჭერის“ პრინციპი შემოიღო, თუმცა ეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორს და მის ადმინისტრაციას არ შეხებია. 2009 წელს ზაზა გოროზიამ პრემია 15 ჯერ აიღო, პრემიებიდან მიღებულმა თანხამ კი მთლიანობაში 43 630 ლარი შეადგინა. გუბერნატორმა თანამშრომლების ნაწილს პრემია 2009 წლის განმავლობაში 6 ჯერ მისცა. წინა წლებთან შედარებით „ქამრის შემოჭერის“ წელს გუბერნიის ადმინისტრაციის ხარჯები 45 ათასი ლარით გაიზარდა.

2010 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ პრემია 17-ჯერ აიღო. ერთი პრემიის ოდენობა 2950 ლარია. პრემიები კი ასე გადანაწილდა ორ-ორჯერ მარტში, ივლისში, აგვისტოში, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში. ანუ თითოეულ თვეზე რეალურად გოროზიამ შრომის ანაზღაურებისთვის 8850 ლარი მიიღო. ეს მაშინ, როდესაც მისი ოფიციალური ხელფასი მხოლოდ 2950 ლარია. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის მაისში, წინასაარჩევნოდ, მესტიის მოვლენების შემდეგ გუბერნატორი ოფიციალურად შვებულებაში იმყოფებოდა მან პრემია და ხელფსი მაინც აიღო. ზაზა გოროზიას მთელი 2010 წლის განმავლოაში პრემიის სახით 50 150 ლარი, ხოლო ხელფასის სახით 35 400 ლარი ჩაერიცხა, თანხა მთიანობაში 85 ათას ლარზე მეტია. გასულ წელს კი გუბერნიის ადმინისტრაციის ხარჯებმა 843 465 ლარი შეადგინა. მთავრობის მიერ მერამდენედ გამოცხადებული „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის მიუხედავად 2010 წელს 2009-სთან შედარებით ადმინისტრაციის ხარჯები 160 ათასი ლარით გაიზარდა.

Livepress.ge-იმ ზაზა გოროზას მიერ მიმდინერე წლის, იანვარში, თებრვალსა და მარტში აღებული ხელფასებისა და პრემიების შესახებ საჯარო ინიფორმაცია მოიპოვა, რომლის თანახმად, გუბერნატორმა სამივე თვეს ხელფასი და მასთან გათანაბრებული პრემია მიიღო. 2011 წლის იანვრიდან-მაისამდე, გუბერნიის ადმინისტრაციის ხარჯებმა 294 474 ლარი შეადგინა.

ფოტოზე: ზაზა გოროზია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი

გუბერნატორის ანგარიშები

2011 წლის მაისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ზაზა გოროზიას საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურება: მიმდინარე ანგარიში, „ლიბერთი ბანკი“ 41 ათასი ლარი, იგივე ბანკში გოროზიას მეორე ანგარიშიც აქვს, სადაც მისი სახელფასო დანაზოგი ირიცხება. გოროზია ამ ანგარიშზე 124 ათას ლარს ფლობს. ზაზა გოროზიას მეუღლე, თამთა კობახიძე კი „ლიბერთი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 14 ათასი ლარის მფლობელია.

გუბერნატორის მიერ, 1 მაისს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ის ნაღდ ფულსაც ფლობს: 2 700.00 ევრო, 5 200.00 ამერიკული დოლარი, 79 500.00 ლარი. ამავე მონაცემებით, გუბერნატორის მეუღლე თათა კობახიძე - 7700.00 ლარის ოდენობის ნაღდ ფულს ფლობს. დეკლარაციის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მეუღლესთან ერთად ნაღდ და საბანკო ანგარიშებზე ვალუტის დღევანდელი კურსით 281 ათას ლარზე მეტს ფლობს.

გუბერნატორი ზაზა გოროზია კომერციული საქმიანობითაცაა დაკავებული. გუბერნატორს 2010 წელს ყურძნის რეალიზაციით 12 ათასი ლარი აქვს მიღებული.

პასუხი გუბერნიიდან

რა დამსახურებისთვის ერიცხება გუბერნატორ ზაზა გოროზიას პრემია ყოველთვიურად, ზოგ შემთხვევაში კი თვეში ორჯერ და რის საფუძველზე მიიღო პრემია ოფიციალურად შვებულბაში ყოფნისას. ამ კითხვებზე პასუხის მიღება თავად გუბერნატორისგან ვცადეთ. ინტერვიუს შესათანხმებლად მის პრესსამსახურს ლალი გელენავას დავუკავშირდით, რომელმაც მეორე დღეს გვითხრა, რომ გუბერნატორი ამ საკითზე არ ისაუბრებდა. ამის შემდეგ ჩვენს კითხვებზე პასუხების მისაღებად გუბერნიაში ოფიციალური წერილი შევიტანეთ, რომელზეც პასუხი ზოგდი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით, მეთორმეტე სამუშაო დღეს მოგვცეს. ჩვენი მცდელობის მიუხედავად გუბერნიიდან ვერ მივიღეთ პასუხი, კითხვაზე თუ რა დამსახურებისთვის იღებს ზაზა გოროზია ყოველთვიურ პრემიას. საპასუხო წერილში ვკითხულობთ, რომ ყოველთვიური პრემია გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტში. ამიტომაც გუბერნატორის „შვებულებაში ყოფნა არ შეიძლება იყოს ყოვლთვიური პრემიის გაცემის შეჩერების საფუძველი“. ხოლო რაც შეეხება პრემიის თვეში ორჯერ გაცემას, გუბერნიის საფინანსო სამსახურის უფროს მალხაზ ციკუტანიასგან შემდეგი პასუხი მივიღეთ: „ჩვეულებრივ, ადმინისტრაციის თანამშრომლებზე პრემიების გაცემა ხდება მატერიალური წახალისების მიზნით სხვადასხვა დღესასწაულებთან (ახალი წელი, აღდგომა, მარიამობა დასხვა) დაკავშირებით და ეს დღეები ისეთივე ღირშესანიშნავია გუბერნატორისთვის, როგორც ყველა სხვა თანამშრომლისათვის“. არადა ამ „ღირშესანიშნავი“ დღეების დროს გუბერნატორი რელურად 8850 ლარს იღებს. მიუხედავად იმისა რომ ივლისსა და ოქტომბერში დიდი დღესასწაული არ იყო, გოროზიამ გაორმაგებული პრემია მაინც აიღო.

„კორუფციული კანონი“

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი თამარ კორძაია livepress.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ზაზა გოროზიას გადაწყვეტილება პრემიის ყოველთვიურად აღებასთან დაკავშირებით „კორუფციულია“, თუმცა იურისტი იქვე აღნიშნავს, რომ მსგავს შეზღუდვას კანონი არ აწესებს, ამიტომაც თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ კანონში კორუფციული ელემენტებია ჩადებული, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია.

„პრემია არის წამახალისებელი ღონისძიება და ის არანაირი ლოგიკით არ შეიძლება იყოს ხელფასის ოდენობის და ზოგიერთ შემთხვევაში ხელფასზე ორჯერ მეტიც, თან მუდმივად გაიცეს. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ეს გოროზიას უშუალო ანაზღაურებაა და არა პრემია. ეს არის კანონის მანკიერი ფორმა და იძლევა ასეთი კორუფციული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. ის რომ, საჯარო მოხელეს, ამ შემთხვევაში კი გუბერნატორს შეუძლია ბოროტად ისარგებლოს სახელმწიფო სახსრებით და საკუთარი უფლებამოსილებით, ეს არის ჩვენი „საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის“ პრობლემა, რომლის უსუსურობითაც ეს ადამიანები სარგლებლობენ“. ამბობს იურისტი. თამარ კორძაიას ვთხოვეთ, გუბერნატორის მიერ შვებულბაში ყოფნის დროს პრემიის აღების ფაქტზე სამართლებრივი შეფასება გაეკეთებინა, რაზეც იურისტი გვპასუხობს - „ეს სრულიად ალოგიკური შემთხვევაა. პრემია ეძლევათ განსაკუთრებული სამუშაოს შესრულების გამო, წახალისების მიზნით და საინტერესოა რა განსაკუთრებულ სამუშაოს ეწევა შვებულებაში თანამდებობის პირი, როცა ის არ მუშაობს, რატომ უნდა იღებდეს ის პრემიას? გუბერნიის მხრიდან თქვენთვის გაცემული პასუხიც სრულიად დაუსაბუთბელი და არაარგუმენტირებულია. საერთოდ გაურკვეველია, რატომ მისცეს მას პრემია შვებულების დროს.“

თამარ კორძაია ამბობს, რომ პრემიებთან დაკავშირებით ქვეყნაში ქაოსია და ეს ქაოსი აუციებლად კანონით უნდა დარეგულირდეს. „საინიციატივო ჯგუფმა, ამ მხრივ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც პარლამენტში არის წარმოდგენილი და მას „საია“ მხარს უჭერს. წარდგენილი კანონპროექტი პრემიების გამჭირვალობას ითვალისწინებს, და მისი მიღება დროულად უნდა მოხდეს. იუსტიციის სამინისტროც კი ლაპარაკობს, რომ რაღაც კრიტერიუმები პრემიასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დადგინდეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამასთან დაკავშირებით არაფერი არ მომხდარა“, ამბობს „საიას“ იურისტი.

„რას ნიშნავს პრემია“


პრემია [ლათ. praemium ჯილდო] – 1. ფულადი ან ნივთიერი ჯილდო რაიმე დარგში წარმატებისათვის, დამსახურებისათვის. 2. მუშებისა და მოსამსახურეებისათვის დამატებითი ფულადი ანაზღაურება (ხელფასს ზევით) საწარმოო ნორმების გადაჭარბებისათვის.

livepress.ge


READ MORE - სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორის „შემოჭერილი ქამარი“

ქართველმა სამართალდამცველებმა რუსეთის გრუ-ში საკუთარი აგენტი ჩანერგეს

13:31 07.07.2011
საქართველოს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, "საქართველოში რუსული დაზვერვისა და ზოგადად რუსული გავლენა მინიმალურია".

როგორც მერაბიშვილმა რადიო "ეხო მოსკვის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, "რუსები ქართულ სპეცსამსახურებს ძალიან არასერიოზულად ეკიდებოდნენ, არასოდეს ელოდნენ და ფიქრობდნენ, რომ ქართული სპეცსამსახურები ფსიქოლოგიურიად, ტექნიკურად და პროფესიონალურად მათ მხილებასა და ინფორმაციის მიღების არხების გადაკეტვას შეძლებდნენ".

მისივე თქმით, "ამას წლები დასჭირდა, ხოლო საგრძნობი შედეგი ქართველმა სამართალდამცველებმა გასულ წელს, მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის გრუ-ში საკუთარი აგენტი ჩანერგეს".

"ამ ადამიანის დახმარებით ჩვენ შევძელით არა მხოლოდ მოქმედებების სქემის მოპოვება, არამედ კოდებისა და შიფრების მიღება იმ ფაილების გასახსნელად, რომლებსაც გადმოგვცემდნენ. ამ ტექნოლოგიებმა ძალიან დიდი ქსელის გახსნა გაგვიიოლა, რომელიც საქართველოში მოქმედებდა", - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, "რუსული დაზვერვა, უშიშროების ფედერალური სამსახური და "გრუ" ახალ ქსელს შექმნიან, რადგან მიხვდნენ, რომ ძველი უკვე ჩამოეშალათ, თუმცა ახალი ქსელების შექმნა რთულია".


"პირWელი"


READ MORE - ქართველმა სამართალდამცველებმა რუსეთის გრუ-ში საკუთარი აგენტი ჩანერგეს

პავლე კუბლაშვილი: "ნებისმიერ ქვეყანაში კანონის მიღება პარლამენტის პრეროგატივაა და ეს ვინმესთან სავალდებულო შეთანხმებას არ ითვალისწინებს"

20:53 - 05.07.2011
მმართველი უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი ცალსახად აცხადებს, რომ "ნებისმიერ ქვეყანაში კანონის მიღება პარლამენტის პრეროგატივაა და ეს პროცესი ვინმესთან სავალდებულო შეთანხმებას ეს არ ითვალისწინებს".

ასე უპასუხა კუბლაშვილმა "პირWელის" თხოვნას, განემარტა, "რატომ არ მომზადდა რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებული კანონპროექტი ეკლესიის მონაწილებით მაშინ, როცა საპატრიარქოსთან გაფორმებული კონკორდატის თანახმად, რელიგიებთან დაკავშირებით სახელმწიფომ გადაწყვეტილება ეკლესიასთან შეთანხმებით უნდა მიიღოს?".

"სამწუხაროდ, კონკორდატს არასწორად კითხულობთ. საპატრიარქოს პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია და კონსულტაციებიც ამიტომ გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. ნებისმიერ ქვეყანაში კანონის მიღება პარლამენტის პრეროგატივაა, რაც ვინმესთან სავალდებულო შეთანხმებას არ ითვალისწინებს" - განუცხადა "პირWელს" კუბლაშვილმა.

სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 70 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

მმართველმა უმრავლესობამ ამ მიმართულებით საბოლოო გადაწყვეტილება იმდენად სწრაფად მიიღო, რომ მიღებული ცვლილბების საბოლოო ვარიანტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გაახმოვა, სასესიო დარბაზში კი ბოლო მომენტამდე II მოსმენისთვის მომზადებული კანონპროექტი იყო წარმოდგენილი.

უშედეგო აღმოჩნდა საპატრიარქოსთან გამართული კონსულტაციებიც: კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში (ზეპირგახმოვანებით მიღებულში) ხელისუფლების რიგი ვალდებულებები არ აისახა.

"საპატრიარქო ითხოვდა, რომ იმ რელიგიური გაერთიანებების ჩამონათვალი, რომელთაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლება მიეცემოდათ, მაქსიმალურად მცირე ყოფილიყო. ეს დისკრიმინაციული მიდგომაა, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით" - აცხადებს კუბლაშვილი.

"სამოქალაქო კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტის ვარიანტი, რომელიც III მოსმენის წინ ლაშა თორდიამ კოლეგებს გააცნო და რომლის თანახმად, კანონში უნდა ჩაწერილიყო, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკებები შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიებზე არსებული ყველა ქართული მართმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, ასევე სხვა საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე, აგრეთვე შესაბამის სახელმწიფოსთან საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებით, საბოლოო ვარიანტში არ ჩაიდო.

პროექტში ასევე არ იარსებებს გაჟღებული დაპირება იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტი თავის თავზე იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ცვლილებების მომზადება შესაბამის კანონში, რომლითაც განისაზღვრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მართმადიდებლური ტაძრების დაცვის დამატებითი ღონისძიებები.

"ჩვენი შეთავაზება სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა" - აცხადებს კუბლაშვილი.

"პირWელი"

READ MORE - პავლე კუბლაშვილი: "ნებისმიერ ქვეყანაში კანონის მიღება პარლამენტის პრეროგატივაა და ეს ვინმესთან სავალდებულო შეთანხმებას არ ითვალისწინებს"

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ პოლიციელებს ენდობა, თუმცა ამოწმებს

00:34 06.08.2011
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ პოლიციელებს ენდობა, თუმცა ამოწმებს. როგორც შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ რადიო "ეხო მოსკვის" ეთერში განაცხადა, "შს სამინისტრო ინფორმაციებს მოქალაქეებისგან აგროვებს, მათ შორის - ანონიმური ზარებისა და წერილების მეშვეობით".

"ანონიმურ წერილებს პირადად ვიღებ და განვიხილავ. ანონიმურ წერილებს და ზარებს ისეთივე სერიოზულობით ვეკიდებით, როგორც ხელმოწერილ ჩვენებებს. ამ გზას ვიყენებთ, რადგან ვითვალისწინებთ, რომ ადამიანი პოლიციელების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისას თავს არაკომფორტულად გრძნობს. გარდა ამისა, გენინსპექციას დავუმატეთ ფუნქცია, რომ თავადვე გამოიძიოს მსგავსი ფაქტები და მეტიც, პოლიციელთა პროვოცირებაც კი მოახდინოს. არ მსურს, ეს ისე ჟღერდეს, რომ ჩვენ პოლიციელებს არ ვენდობით, ვენდობით, თუმცა ვამოწმებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ასევე მნიშვნმელოვანია, ეს პროფესიონალურად, კულტურულად და კანონის ფარგლებში გაკეთდეს", - განაცხადა ზღულაძემ.

"პირWელი"

READ MORE - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ პოლიციელებს ენდობა, თუმცა ამოწმებს

საზოგადოების ნაწილი, საპატრიარქოს პოზიციის მხარდასაჭერად, დღეს 18.00–ზე ქაშუეთის ეკლესიის წინ იკრიბება

16:26 06.07.2011
საზოგადოების, მათ შორის სოციალურ ქსელ ” ფეისბუქის ” მომხმარებელთა ნაწილი დღეს, 6 ივლისს, 18 საათზე, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში იკრიბება, ” საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ ” კანონის გასაპროტესტებლად.

როგორც ცნობილია, ” საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონი ” , პარლამენტმა გუშინ ერთხმად დაამტკიცა.

პროექტს მხარი დაუჭირა უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. კენჭისყრას ოპოზიცია არ ეწრებოდა, რადგან ისინი საკითხის განხილვის გადადებას ითხოვდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობასა და საპატრიარქოს შორის გამართულმა კონსულტაციებმა შედეგი ვერ გამოიღო.

კერძოდ, უმრავლესობა საპატრიარქოს სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი უფლებამოვალეობის დეკლარირებას სთავაზობდა, მაგრამ, როგორც კუბლაშვილმა თქვა, შეთანხმება ვერ შედგა.

თავის მხრივ, აღნიშნულთან მიმართებაში, საპატრიარქომ საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა, რომელშიც კერძოდ ნათქვამია:

„საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ 4 ივლისს გაკეთებული განცხადების შემდეგ, საპატრიარქოში საკუთარი ინიციატივებით მოვიდნენ პარლამენტის წარმომადგენლები, რათა შემოეთავაზებინათ პირველი მოსმენით მიღებული კანონის შეცვლილი ვარიანტი, რომელშიც კვლავ უპირობოდ იყო დაფიქსირებული რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად აღიარების საკითხი.საპატრიაქრო აყენებდა კანონის მიღების პროცესის შეჩერების ინიციატივას, რათა საზოგადოებაში ამ საკითხთთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწევა გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა შეთანხება ვერ შედგა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ასევე ქვეყნის ინტერესებს. ვფიქრობთ, რომ კანონი უარყოფით შედეგებს უახლოეს მომავალში გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.

geurasia.org


READ MORE - საზოგადოების ნაწილი, საპატრიარქოს პოზიციის მხარდასაჭერად, დღეს 18.00–ზე ქაშუეთის ეკლესიის წინ იკრიბება

საპატრიარქო მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი
22:32 05.07.2011
რელიგიური ორგანიზაციებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ, დღეს, 5 ივლისს მიღებული კანონის გამო, მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობას საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას აკისრებს.

საქართველოს საპატრიარქოს სახელით განცხადება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ 4 ივლისს გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები თავისი ინიციატივით მოვიდნენ, რათა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის შეცვილილი ვარიანტი შემოეთავაზებინათ, სადაც კვლავ უპირობოდ იყო დაფიქსირებული რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიარების საკითხი.

საპატრიარქო კვლავ აყენებდა წინადადებას, კანონის მიღების პროცესის შეჩერების, მისი საჯარო განხილვისა და საზოგადოებრივი აზრის კონსენსუსის მიღწევის თაობაზე. შემდეგ კი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით კომპრომისული ვარიანტიც შესთავაზა.

შეთანხმება ვერ შედგა, რაც მეტად სამწუხაროა, რადგან აწ უკვე მიღებული კანონი ეწინააღმდეგება, როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს.

ვფიქრობთ, ეს კანონი თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით 1 ივლისს მიიღო; 5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში მეორე მოსმენით უყარა კენჭი, ხოლო დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე ერთხმად დაამტკიცა - ამ კანონის მიღებას უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი; წინაარმდეგი არც ერთი წასულა.

საპარლამენტო ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიუღია, რადგან ისინი 4 ივლისს, პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადების გათვალისწინებას ითხოვდნენ, რომლითაც მისი უწმინდესობა კანონპროექტის განხილვის შეჩერებას მოითხოვდა.


presage.tv


READ MORE - საპატრიარქო მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს [video]

საერთო - სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის

18:15 05.07.2011
გამოვხატავთ ჩვენს უკიდურეს აღშფოთებას, საქართველოს ხელისუფლების მიერ "კანონის რელიგიური დენომინაციების შესახებ" ფორსირებული ტემპით მიღების გამო. ასრულებს რა ქართველი ერისა და მართლმადიდებლური ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალების შეკვეთას, ხელისუფლება მოქმდებს შეფარული მეთოდებით და ცდილობს ქართველ ერს არ მისცეს სიტუაციაში ნათლად გარკვევის საშუალება.

ამ კანონის მიღება საქართველოში გამოიწვევს ისტორიულად ჩამოყალიბებული ეთნიკურ-რელიგიური წონასწორობის დარღვევას. უხეშად შეილახება საკონსტიტუციო შეთანხმება სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის, ხოლო სხვადასხვა რელიგიური დენომინაციები მიიღებენ თანაბარ უფლებებს. ძნელი არ არის საქართველოსთვის ამ კანონის დამანგრეველი შედეგების წარმოდგენა.

მივმართავთ მთელ ქართველ ერს, ყველა მამულიშვილს, არ დავუშვათ აღნიშნული კანონის ამოქმედება და ხელისუფლების მზაკვრულ გეგმას შევეწინააღმდეგოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით.

ჩვენ, წინააღმედგობის მოძრაობა მოგიწოდებთ: დავიწყოთ მზადება საერთო-სახალხო პროტესტის გამოხატვისათვის.



READ MORE - საერთო - სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

23:25 04.07.2011
ჩვენი ეკლესიისთვისაც და, საერთოდ, ხალხისთვისაც სრულიად მოულოდნელად საქართველოს პარლამენტმა 1 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონი რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ და მისი მეორე მოსმენა სავარაუდოდ ხვალისთვის, 5 ივლისისთვის იგეგმება.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და კონსტიტუციური შეთანხმება წლების განმავლობაში იყო ფართო განხილვის საგანი და მას საერთაშორისო ექსპერტიზაც ჩაუტარდა. თავის მხრივ, ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას და მათი უფლებების განხორციელებას, მაგრამ ამ პროცესს სათანადო გაგრძელება არ მოყოლია, ანუ ხელისუფლების მხრიდან არ შექმნილა მრავალმხრივი სახელმწიფო კომისია, სადაც საკითხი იქნებოდა შესწავლილი და შეჯერებული.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრების და მოვლაპატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ჩვენი ეკლესიის სტატუსის განხილვა არ დაწყებულა.

ამის ფონზე, სრულიად გაუგებარია ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება საჯარო განხილვის გარეშე და ასეთი დაჩქარებული წესით.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა (მეორე და მესამე მოსმენა) და აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები (თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში), რათა ჩამოყალიბდეს საერთო-საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსესუსი მართლამადიდებელ ეკლესიასთანაც, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.

ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი არსებითად განსაზღვრავს სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებს.


READ MORE - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

ფრიდონ თოდუა: „ძნელი ყოფილა მაჟორიტარობა...“

18:26 04.07.2011
როგორც საქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი ფრიდონ თოდუა პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის პოსტზე სამ წელიწადზე მეტი ხნის მოღვაწეობის შემდეგ საზოგადოება „ზუგდიდელის“ ინიციატივითა და ძალისხმევით ზუგდიდის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს შეხვდა.

„არცერთ მაჟორიტარ დეპუტატს ზუგდიდში არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც გააკეთა ფრიდონ თოდუამ“, – განუცხადა დამსწრეთ საზოგადოება „ზუგდიდელის“ თავმჯდომარე ოთარ ფაცაციამ, რომელიც თავად ორჯერ იყო დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ზუგდიდიდან. თუმცა ფრიდონ თოდუას თვითონ რომ არ ეთქვა, ზუგდიდელებს არც ეცოდინებოდათ, რა ღვაწლი მიუძღვის პარლამენტარს მათ წინაშე. „მე წინააღმდეგი ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატობისა, რადგან კლინიკაში ძალიან ბევრი პაციენტი მყავს, მაგრამ დამავალეს და უარი ვერ ვუთხარი. ჩემს დამსახურებად მიმაჩნია გაზის შემოყვანა ზუგდიდში, კორცხელის ეკლესიის გადარჩენა, ანაკლიის მშენებლობა, 700 000 ლარის ოპერაციები გავუკეთე ზუგდიდელებს, ჩემი შუამდგომლობით 22 კაცი გაათავისუფლეს საპატიმროებიდან. ერთ წელზე ცოტა მეტი დამრჩა ჩემი მაჟორიტარობისა, კიდევ დამავალეთ და შევეცდები, გავაკეთო. ისე, მინდა, გითხრათ, ძნელი ყოფილა მაჟორიტარობა“, – აღნიშნა ფრიდონ თოდუამ.

შეხვედრას, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის სააქტო დარბაზში ჩატარდა, არ ესწრებოდნენ გუბერნატორი ზაზა გოროზია და ზუგდიდის გამგებელი ალექსანდრე ქობალია, ამიტომაც დამსწრეთა შეკითხვებს ფრიდონ თოდუასთან ერთად პასუხობდნენ ვიცე-გუბერნატორი ვახტანგ ცხადაია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია.

saqinform.ge

READ MORE - ფრიდონ თოდუა: „ძნელი ყოფილა მაჟორიტარობა...“

პოლიციელმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის პაციენტი სცემა – "სტომატოლოგი არასდროს დაგჭირდება, რადგან ყველა კბილს ჩაგალეწავთ" [video]

ავტორი ილია ჩაჩიბაია
15:19 04.07.2011
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თავგასულმა პოლიციელებმა მორიგი დანაშაული ჩაიდინეს. გასულ კვირას, შსს მაღალჩინოსანმა ლაშა ექონიამ ორ თანამშრომლეთან ერთად 26 წლის ალექსანდრე სართანია გაიტაცა და სოფელ ზედაეწერის ტყეში სასტიკად აწამა. მომხდარიდან რამდენიმე საათში გონზე მოსულმა სართანიამ დასახლებულ პუნქტამდე მიაღწია და მოსახლეობის დახმარებით სახლში დაბრუნდა.

26 წლის ახალგაზრდა ამ დროისთვის ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

25 ივნისს მომხდარს ალექსანდრე სართანიას ახლობლები მისი მონათხრობის საფუძველზე იხსენებენ, მათი თქმით მოლაშხიას წამების მიზეზი პოლიციის მაღალჩინოსანის უსაფუძვლო ეჭვიანობა გახდა.

მადონა ხვიჩია, დაშავებულის დედა: – “ნამდვილი საშინელება იყო. დასისხლიანებული და დასიებული ჩემი შვილი ვერც კი ვიცანი. ჯერ ზედაეწერში წაიყვანეს შემდეგ ჩააგდეს მანქანის საბარგულში და გადაიყვანეს კოლხიდის ტყეში... იქვე მიატოვეს.... ეს ყველაფერი მოხდა ეჭვიანობის ნიადაგზე, ექონია ყოფილა ეჭვიანი ავადმყოფი. როგორც ვიცი მისგან ასეთი საქციელი პირველი არ არის. პოლიციაში და პროკურატურაში საჩივრის შესატანად დავდივარ რამდენიმე დღეა, მაგრამ დაცვამ არცერთ ჯერზე არ შემიშვა”.

თუ რა ეჭვი გახდა 26 წლის ქართველის სასტიკად წამების მიზეზი და რატომ გააკრეს ქამრებით ალექსანდრე სართანია შუაღამისას ხეზე დაშავებულის დეიდა ქეთევან ხვიჩია გვიყვება:

“ალიკას კბილი ჰქონდა სამკურნალო, კლინიკაში მივიდა სტომატოლოგთან. ექიმმა სოფო ბიგვავამ, როლელიც ლაშა ექონიას მეუღლეა, პაციენტს კბილი დაუზიანა, რადგან ამოღებას არასწორად ახორციელებდა. ბიგვავამ ალიკას საკუთარი მობილური ტელეფონის ნომერი მისცა, იმ შემთხვევისთვის თუ ღამე ტკივილები შეაწუხებდა. ღამე მართლაც ასტკივდა კბილი და ექიმს დაურეკა. ტელეფონს მისმა ქმარმა უპასუხა და ისე, რომ ვერაფრის თქმა მოასწრო, ექონიამ უხეშად გაუთიშა” – ამბობს ხვიჩია.

მეორე დღეს სამართალდამცავი, მეგობრებთან ერთად სართანიას საქმის გასარჩევად "სტრელკას" უნიშნავს, სადაც მოგვიანებით საკუთარი ცოლიც მიჰყავს. "დამნაშავის" ამოცნობის შემდეგ ბიჭი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ზუგდიდთან ახლოს სოფელ ზედაეწერის ტყეში წაათრიეს. პოლიციელთა ქამრებით ხეზე მიბმულ ახალგაზრდას რიგრიგობით ახტებოდნენ აგინებდნენ და ეუბნებოდნენ სტომატოლოგის მომსახურება არასდროს დაგჭირდება, რადგან ყველა კბილს ჩაგალეწავთო.

ნაცემი ალექსანდრე სართანია


წყარო: "ასავალ ადასავალი"
presage.tv-ს კადრები


READ MORE - პოლიციელმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის პაციენტი სცემა – "სტომატოლოგი არასდროს დაგჭირდება, რადგან ყველა კბილს ჩაგალეწავთ" [video]

პოლიციელი კოხტა კოდუა 17 წლის დაკავებულმა გაუპატიურების მცდელობისთვის სასტიკად სცემა [video]

ავტორი ილია ჩაჩიბაია
15:00 04.07.2011
24 ივნისს, ზუგდიდის რაიონულ პოლიციაში მომხდარი ინციდენტი,  შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანის კოხტა კოდუას საავადმყოფოში გადაყვანით დასრულდა. ექიმების თქმით პაციენტს ქვედა ყბის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება,  კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაკავებულმა მე-11 კლასელმა ნიკა დაგარგულიამ მას დაზიანებები ზუგდიდის რაიონული პოლიციის უფროსის, რუსლან შამახიას კაბინეტში მიაყენა. ძარცვაში ეჭვმიტანილმა არასრულწლოვანმა სამმართველოში მომხდარი "დანაშაული" სასამართლო პროცეზე აღიარა და აღნიშნა, რომ "სამართალდამცავს" გაუპატიურების მცდელობისთვის გაუსწორდა. 17 წლის პატიმარი ამ დროისთვის ზუგდიდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნომერ მე-4 საპყრობილეში იმყოფება.


ნიკა დაგარგულიას დედა ჩვენთან საუბრისას დეტალურად ყვება მისი შვილის მიმართ განხორციელებულ კანონდარღვევებზე.

ლალი ბენდელიანი: „შვილის დაკავების შესახებ პოლიციიდან ღამის 11 საათზე შემატყობინეს. ანუ, მას შემდეგ, რაც ნიკა 6 საათის განმავლობაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ჰყავდათ გამოკეტილი და სასტიკად აწამებდნენ. იქ მისულებს ნიკა სამხარეო პოლიციაში გადაყვანილი დაგვხვდა. ბავშვის ნახვის უფლება პოლიციამ არ მომცა. ვნახე მხოლოდ სამი დღის შემდეგ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, როცა მას პატიმრობა შეუფარდეს.

ვნახე გატანჯული შვილი და კიდევ უფრო დიდი საშინელება მოვისმინე. სასამართლო დარბაზში ნიკა ყვებოდა, თუ როგორ სცემდა მას ზუგდიდის სამმართველოში 6 პოლიციელი. განსაკუთრებული სისასტიკით კი ერთ–ერთი პოლიციელი, კოხტა კოდუა გამოირჩეოდა. რა არ აკადრეს თურმე, აფურთხებდნენ, პანღურს ჰკრავდნენ და რაც ყველაზე ამაზრზენია, ერთს უთქვამს, მიაკარით მაგიდაზე და ვიხმაროთო. ამ სიტყვების გაგონებაზე საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და ხელი მეც ავღმართეო. ვიფიქრე, ალბათ მკლავენ და სულერთია ყველაფერიო.

მანამდე ძლიერი დარტყმები მუცლისა და თავის არეში უგრძვნია. გონება დაუკარგავს. პოლიციაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მისულა. სამედიცინო დახმარების გაწევამდე ექიმებს ხელბორკილების ახსნა მოუთხოვიათ. ხელების გათავისუფლების შემდეგ ნიკას უკანასკნელი ძალ–ღონე მოუკრებია და კოხტა კოდუასათვის მუშტი ყბაში ჩაურტყამს. იგი წაქცეულა და თავი მაგიდის კიდეზე დაურტყამს. იმ სასწრაფოთი, რომელიც ჩემი შვილის დასახმარებლად გამოიძახეს, საავადმყოფოში კომაში მყოფი კოდუა გადაუყვანიათ.

არ ვიცი, რა მდგომარეობაშია დღეს ჩემი შვილი იმ ციხეში, სადაც კოხტა კოდუას ძმა ბადრაგია. ჩემი შვილის წამებას ალბათ იქაც განაგრძობენ. მისი ნახვის საშუალება ციხეშიც არ მომცეს. დამოუკიდებელი ადვოკატი უსახსრობის გამო ვერ დავიქირავე, სახაზინო დაუნიშნეს. ხელმოკლე ოჯახი მაქვს, ხუთი შვილი რის ვაი–ვაგლახით გამოვზარდე.

გაჭირვების მიუხედავად ყველანი წარმატებული ბავშვები არიან. ნიკამ მძლეოსნობაში გამოიჩინა თავი და ოქროს მედლებიც მოიპოვა. ბავშვებს შიმშილი ბევრჯერ გადაუტანიათ, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ნიკა ვინმეს სამკაულს ყელიდან ააგლიჯავდა. მან ეს დანაშაული დაკავების პირველი წუთებიდან აღიარა და არ მესმის, რატომ აწამეს, რატომ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, სხვა რის აღიარებას მოითხოვდნენ მისგან?

წამებასთან ერთად ისე დაკითხეს პოლიციაში ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომ პროცესს არც მშობელი, არც მასწავლებელი, არც დირექტორი და არც ფსიქოლოგი დაასწრეს.”

ფაქტის შეფასება ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს ვთხოვეთ, ერთადერთი შეფასება რაც ადგილობრივებმა გააკეთეს შემდგნაირი იყო:

„ვენაცვალეთ მაგ ბიჭის მარჯვენას, ვინც კოდუას მუშტი ჩააზილა და ყბა გაუნგრია! სხვისი შვილების ცოდვამ უწია. ყოჩაღ, მაგ ბავშვის ვაჟკაცობას!“

კოხტა კოდუა  ბოლო პერიოდში მომხდარ ყველა წამების, გაუპატიურების თუ ნარკოტიკების "ჩადების” საქმეში დომინირებს, სწორედ მის სახელს უკავშირდება 2008 წელს სამეგრელოს 9 პოლიციელთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახორციელებული მეტადონის მასშტაბური "ჩადება". რამდენიმესაათიანი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ ხელებდაკაპიწებულმა და რეზინის ხელთათმანიანმა კოდუამ უკრაინის მოქალაქის, ორესტ ბოხონკოს უკანალიდან ნარკოტიკული საშუალება „ამოიღო.“ 25–წლიან სასჯელს ბოხონკო ქართულ ციხეებში დღემდე იხდის...



READ MORE - პოლიციელი კოხტა კოდუა 17 წლის დაკავებულმა გაუპატიურების მცდელობისთვის სასტიკად სცემა [video]

შუქი გამორთე, ნაგავს წერს!

ავტორი დიმიტრი მონიავა
00:17 04.07.2011
გასულ კვირას ეს ფრაზა თბილისში სინათლის სიჩქარით გავრცელდა. დასუფთავების ძველი, ფიქსირებული მოსაკრებელი (2,5 ლარი ერთ სულ მოსახლეზე) გაუქმდა. ამიერიდან ნაგვის გატანისთვის თითოეული ოჯახი იმის მიხედვით გადაიხდის, თუ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს (5 თეთრი - თითო დახარჯულ კილოვატზე). შუქსა და ნაგავს შორის რაიმე ლოგიკური, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მოძებნა ცხონებული არისტოტელეს შესაძლებლობებსაც აღემატება, თუმცა რიგი ფილოსოფიური საკითხების განხილვის შესაძლებლობას ახალი რეალობა მაინც იძლევა. მაგალითად, ასეთის: გაუმაძღრობა შობს შიზოფრენიას თუ პირიქით? ან, იქნებ, ორივეს შეუზღუდავი ძალაუფლება შობს? ფაქტია, მრიცხველი ტრიალებს და ნაგავს წერს; ალბათ, უნდა ვეცადოთ, ამას რაიმე ახსნა მოვუძებნოთ.


ბინძური ფულის მოკრძალებული არომატი

პირველი ადამიანი, რომელიც დასუფთავების გადასახადს გადაჰყვა, ლეგენდარული მეფე ავგიუსი იყო. ზოგადად, ის ფრიად პროგრესული კაცი გახლდათ, არგონავტი და ოლიმპიური თამაშების სპონსორი, მაგრამ სერიოზული პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ჰერაკლეს ცნობილი თავლების დასუფთავებისთვის წინასწარ შეთანხმებული თანხა არ გადაუხადა. იმ თვითგამოცხადებულმა მენაგვემ ჯერ ომი აუტეხა, შემდეგ კი მოკლა კიდეც.

მოგვიანებით მთელ ამ დებოშს “ჰერაკლეს მეექვსე გმირობა” ეწოდა. არადა, პროცესების უშუალო მონაწილეებმა ჰერაკლეს ეს თავგადასავალი გმირობად არ ჩაუთვალეს, რადგან ტერი­ტორიას “ფულის გულიზა” ასუფთავებდა.


ამ ინციდენტის შემდეგ, კაცობრიობა ერთობ დამშვიდდა და დასუფთავების საფასურის პირდაპირი კავშირი სულის ამოხდასთან მითოლოგიას ჩაბარდა. თუმცა გასული თვის დენის ქვითარს ავიღებთ და დახარჯულ კილოვატებს 5 თეთრზე გავამრავლებთ, დიდი ალბათობით, ვნახავთ, რომ საოჯახო ბიუჯეტს ავგიუსზე უარესად მოეხაზა. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები მონოტონურად გვიმტკიცებენ, რომ ახალი წესი სამართლიანია და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მომგებიანი იქნება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ისინი მოსახლეობისგან გაცილებით მეტი თანხის ამოღებას გეგმავენ, ვიდრე ადრე.

17 ოჯახის ქვითარს გადავხედე; გადასახადი საგრძნობლად მხოლოდ ორ მრავალსულიან ოჯახს შეუმცირდა, ექვსის მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, დანარჩენი 9 კი სერიოზულად დაზარალდა. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი იმ ორი ოჯახიდან, რომელმაც ამ ცვლილებებით მოიგო, საკმაოდ მდიდარია, ხოლო დაზარალებულების უმრავლესობა, პირიქით, - ხელმოკლე. თუ საქმე მაინცდამაინც სოციალურ სამართლიანობაზე მიდგა, ალბათ, უფრო ლოგიკური იქნებოდა, დასუფთავება საშემოსავლო გადასახადზე მიებათ (ესეც ძალიან საეჭვო ვარიანტია), მაგრამ ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ძლიერ დაზარალდებოდნენ თავად “ნაციონალები” და მათ სამსახურში მყოფი პირები, რასაც ხელისუფლება, ცხადია, ვერ დაუშვებდა.

კაცმა რომ თქვას, საქართველოს მოსახლეობა იმკის მხოლოდ იმას, რაც დათესა. როდესაც სულ რაღაც ექვსი თვის წინათ ერთ სულ მოსახლეზე დასუფთავების მოსაკრებელი 1,2 ლარიდან 2,5 ლარამდე გაზარდეს, ამას სათანადო პროტესტი არ მოჰყოლია, ისევე, როგორც ე.წ. ერთიანი ქვითრის შემოღებას. შემდეგ ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ საქმე აქვს ცხვრებთან, რომლებიც, ძველად რომ იტყოდნენ, უნდა გაიპარსოს, და მოსახლეობიდან უფრო დიდი თანხის ამოღება გადაწყვიტა; ადეკვატური პროტესტი არც ამ ბოლო ნაბიჯს მოჰყოლია. ამასობაში კი “საქსტატის” მონაცემებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30,7%-ით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე ოფიციალურ სტატისტიკასთან გვაქვს, ამ ზრდის ამსახველი ციფრები მაინც ფრიად შთამბეჭდავად გამოიყურება: ხილის ქვეჯგუფი - 93,7%, ბოსტნეული და ბაღჩეული - 41,3%, ზეთი და ცხიმი - 34,5%, ხორცი და ხორცის პროდუქტი - 23,3%, საწვავი - 21,4%. გასაგებია, რომ საზოგადოების ნაწილი, დიდი ხანია, აღარ გამოთქვამს პროტესტს ისეთ მაღალ მატერიებთან დაკავშირებით, როგორიცაა ზოგადი უსამართლობა და ზოოპარკისთვის შესაფერისი საარჩევნო გარემო, მაგრამ, როდესაც ადამიანი იმასაც კი არ აპროტესტებს, რომ დღისით, მზისით მას და მის შვილებს ლუკმაპურს ართმევენ, ვითარება, ალბათ, გაცილებით მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

საკრებულოს გადაწყვეტილება “ენერგეტიკულ ნაგავთან” დაკავშირებით წინააღმდეგობაში შევიდა კანონთან “ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ”, რომლის მე-12 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტი ამაყად გვამც­ნობს: “მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში”, თუმცა ექვსიოდე თვის წინათ იმავე ადგილას ეწერა: “არ უნდა აღემატებოდეს... 1,5 ლარს თვეში”. ასე რომ, ამ წი­ნაღობის გადალახვა ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული პრობლემა, სავარაუდოდ, არ გახდება.

“მას შემდეგ, რაც ჰაერის გადასახადი შემოვიღეთ, თქვენ ნაკლებს სუნთქავთ. ეს შეუწყნარებელია!” - იტყოდა “ჩიპოლინოს” ერთ-ერთი გმირი და ჩვენს მსგავს აბსურდულ მდგომარეობას, როგორც ჩანს, სულ უფრო ვუახლოვდებით. საინტერესოა, როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯი? “მზის გადასახადის” შემოღება ხომ არა? (ბალეარის კუნძულებზე არსებობს, იქაური ხელისუფლება მიღებულ თანხას პლაჟებიდან სწორედ რომ ნაგავის გატანაზე ხარჯავს, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ 1 ევროს დღეში მზით სარგებლობისთვის არა იქაური მოსახლეობა, არამედ ტურისტები იხდიან).

თუ სააკაშვილი ვესპასიანეს გზას გაუყვება და თითოეულ პისუართან საგადასახადო ინსპექტორს დააყენებს? (ჩვენში დარჩეს და, ის ხალხი, ვინც იქ დადგება, ნამდვილად მოიძებნება). თუმცა ნუ წარმოვიდგენთ ვესპასიანეს გაუმაძღარ იდიოტად, მოქალაქეებს შარდვის საფასურს რომ ართმევდა (ცნობილი რეპლიკა “ფულს სუნი არ აქვს” და მასთან დაკავშირებული ამბები); იმპერატორის მოქმედებაში გარკვეული ლოგიკა იყო. საქმე ისაა, რომ ტყავის დამუშავებისთვის მაშინ შარდს იყენებდნენ; ისინი, ვისაც ტყავის ბიზნესი ჰქონდა, რაღაც მომენტში მიხვდნენ, რომ ქალაქგარეთ, ფერმებში ხეტიალი და იქ შინაური ცხოველების შარდის საგანგებო შეგროვება ძვირია, ხოლო რომის ხალხმრავალ ადგილებში დიდი ქოთნების დაყენება - გაცილებით იაფი. როდესაც ვესპასიანემ შეიტყო, რომ ეს მოხერხებული ტიპები ინგრედიენტებს მუქთად შოულობდნენ, მათ საგანგებო გადასახადი დაუწესა. მოგვიანებით ისტორიკოსების ნაწილმა ეს ამბები ისე აღწერა, თითქოს იმპერატორი საზოგადოებრივ ტუალეტებს და მთელ მოსახლეობას დაერია.

მაგრამ ეს ისე, სიტყვამ მოიტანა, თორემ ყოველგვარი პარალელების გავლება სააკაშვილსა და ვესპასიანეს შორის უადგილო და სასაცილოა; რომის ჭკვიანმა და მამაცმა იმპერატორმა შვილს დალაგებული და გაფართოებული ქვეყანა დაუტოვა, მიხეილ სააკაშვილი კი, დღევანდელი ტენდენციებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში ქვას ქვაზე არ დატოვებს.

ქვის ხანა, კედლის ნახატები

ბოლო დროს კანონპროექტების შეგროვება დავიწყე, რადგან ფრიად სახალისოა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ გადადის კანონშემოქმედება გაქანებულ ფსიქიატრიაში; აგერ ერთ-ერთი ბოლო მაგალითი, რომელიც საკმაოდ მკაფიო წარმოდგენას ქმნის იმაზე, თუ ვინ მართავს დღეს საქართველოს: “გზებსა და შენობებზე ნახატებისა და წარწერების გაკეთებაში შემჩნეულ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს იარაღის ტარების უფლება დროებით ჩამოერთმევათ. ამასთან დაკავშირებით ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული შენობის ფასადებზე, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებათა სავალ ნაწილზე სხვადასხვა წარწერე­ბის, ნახატების სიმბოლოების თვითნებურად შესრულებაში ხელმეორედ შემჩნეულ მოხელეს სამი წლით საშტატო-სამსახურებრივი იარაღის ტარების უფლებას ჩამოართმევენ” (“ინტერპრესნიუსი”). კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები პავლე კუბლაშვილი (“Если не он, то кто?!”), გიორგი ჩივიაშვილი და ზვიად კუკავა არიან.

წარმოვიდგინოთ ეს სიტუაცია: ქუჩაში შეიარაღებული მოხელე მოდის, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრიობის ბურჯი, ჩაგრულთა დამცველი და სასოწარკვეთილთა იმედი (იდეაში, რეალობაში კი არა). უცებ, ეს ადამიანი იღებს ლურსმანს (ცარცს, საღებავს, რა მნიშვნელობა აქვს) და კედლებზე სიტყვებისა და სიმბოლოების (ხომ წარმოგიდგენიათ როგორის?) ამოტვიფრას იწყებს. ეს მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს: ან მას ფსიქიკასთან იმდენად სერიოზული პრობლემები აქვს, რომ, იარაღი კი არა, დაღეჭილი ჰალსტუხი არ უნდა ანდო, ან კიდევ ხსენებული მოხელე თავისი ცივილიზაციურ-კულტურული განვითარების დონით სადღაც ნეანდერტალელების სიახლოვეს იმყოფება (ერთი ვარიანტი მეორეს არ გამორიცხავს).

როგორც ჩანს, საქმე ძალიან ცუდადაა, იმისთვის, რომ ესა თუ ის კანონპროექტი მომზადდეს, ადგილი ხომ არა მხოლოდ ერთ პრეცედენტს, არამედ ზოგად ტენდენციას უნდა ჰქონდეს. ჩვენ აზრადაც ვერ გავივლებთ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ისეთ გამოცდილ იურისტს, როგორიცაა პავლე კუბლაშვილი, ბანალური ხილვები დაეწყო და მათ საფუძველზე პრევენციული კანონპროექტი შექმნა. ნეტავ, სად პოულობენ პაპუასური მენტალობის ასეთ თვალსაჩინო მატარებლებს, რომლებიც კედლებზე წერენ და ხატავენ, ან რისთვის მოჰყავთ ხელისუფლებაში, ან რატომ აძლევენ იარაღს? იმისთვის ხომ არა, რომ აღზრდის მარწუხებისგან თავისუფალმა ორანგუტანგებმა, ზედმეტი დაფიქრების გარეშე, ეს იარაღი საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას მიუშვირონ?

დეპუტატ კუბლაშვილის ნამდვილად არ უნდა შეგვშურდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ტიპების გარემოცვაში უწევს მუშაობა: ისინი კედლებზე წერენ, პავლე დასდევს და მორალს უკითხ­ავს, ისინი მაინც წერენ, პავლე მაინც დასდევს... ბოლოს, როგორც ჩანს, ყელში ამოუვიდა და კანონპროექტი დაწერა, პარლამენტის შესაბამის დადგენილებას კი, ალბათ, კედლებზე ამოტვიფრავს (მიზნობრივ აუდიტორიას ხმა ხომ უნდა მიაწვდინოს).

სხვა მხრივ კი პავლე კუბლაშვილსა და მის თანამეინახეებს თავი, ერთი შეხედვით, ქუდში აქვთ. საქმე ნელ-ნელა “არჩევნებისკენ” (ორმაგი ბრჭყალები მოუხდებოდა) მიდის. საინფორმაციო სივრცეში სხვადასხვა “რეიტინგის” (სამმაგი ბრჭყალები) შემოგდებით, მმართველი პარტია, როგორც ჩანს, ცდილობს, დაამკვიდროს აზრი, რომ მას მხარს მოსახლეობის 70%-ზე მეტი უჭერს და, სავარაუდოდ, გვთავაზობს, თანდათან შევეგუოთ იმას, რომ მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება. ხელისუფლებას თითქოსდა არაფერი ემუქრება (სინამდვილეში ის ფრიად არასახარბიელო მდგომარეობაშია, თუმცა ამჯერად ოფიციალური მითოლოგიის ჩარჩოებში დავრჩეთ). მაგრამ ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ იმ მომენტში, როდესაც მისი თვითკმაყოფილება და თავდაჯერებულობა მომავალთან დაკავშირებით პიკს მიაღწევს, კადრში შავი გედი არ შემოფრინდება.

მოულოდნელის მოლოდინში

ამ შემთხვევაში “შავ გედს” არც მისტიკასთან, არც პეტრე ჩაიკოვსკის შემოქმედებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საუბარია ლიბანელი მათემატიკოსის, ნასიმ თალების თეორიაზე, რომლის ზოგად სიჯანსაღეში დარწმუნების შესაძლებლობა შეიძლება ახლო მომავალში მოგვეცეს. თალები თავის წიგნს შემდეგი ისტორიით იწყებს: ავსტრალიის აღმოჩენამდე ყველა თვლიდა, რომ დედამიწაზე მხოლოდ თეთრი გედები არსებობენ. ამ აზრს ბუნების დაკვირვება ამყარებდა. შავი გედის აღმოჩენა მეცნიერებისთვის დიდი სიურპრიზი გახდა, მთავარი კი ისაა, რომ ჩვენი ცოდნა და მასზე დაფუძნებული ვარაუდები უაღრესად მყიფე რამ არის და ერთ წამში შეიძლება განადგურდეს.


თალები გვთავაზობს, “შავი გედი” ისეთ მოვლენას ვუწოდოთ, რომელსაც შემდეგი სამი ატრიბუტი გააჩნია: ა) ის უჩვეულოა და მოლოდინის ზღვარს მიღმა მდებარეობს; ბ) მის მიერ გამოწვეული შედეგები ძალზე მასშტაბურია; გ) მსგავსი მოულოდნელი მოვლენებისთვის “უკანა რიცხვით” ისეთ ახსნას ვეძებთ (და ვპოულობთ), რომელიც მას სავსებით ბუნებრივად და ლოგიკურად წარმოაჩენს. ამასთანავე, თალების “შავი გედი” არის არა უბრალოდ ნაკლებად სავარაუდო მოვლენა, არამედ ის, რაც ადრე ვერ წარმოგვედგინა. ბევრი ომი, რევოლუცია, ფინანსური კატასტროფა თუ ტექნო­ლოგიური გარღვევა, რომელიც დღეს, მთელი რიგი მიზეზებით განპირობებული გვგონია, იმ დროს როდესაც ის მოხდა, სწორედ ასეთ, მოულოდნელად შემოფრენილ “შავ გედს” წარმოადგენდა.

ცხადია, ნასიმ თალების მთელ თეორიას აქ სრულყოფილად ვერ გადმოვცემთ (მისი წიგნი წაკითხვად ნამდვილად ღირს), თუმცა, ალბათ, ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ უცნაურ ფენომენს: ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში, სავარაუდოდ, ჩამოყალიბდა უპრეცედენტო განწყობა, რომელსაც პირობითად შეიძლება “შავი გედის მოლოდინი” ან სულაც “მოულოდნელის მოლოდინი” ვუწოდოთ. ძველი იმედები, პოლიტიკური გათვლები გაცვეთილ სტერეოტიპებზე დაყრდნობით მნიშვნელოვანწილად წარსულს ჩაბარდა, თუმცა იმის განცდა, რომ შექმნილი არანორმალური (თითქოსდა გამოუვალი) სიტუაცია არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, დარჩა. ბევრი ადამიანი ელოდება იმას, რომ “მოხდება რაღაც”, რაც სიტუციას საქართველოში ძირფესვიანად შეცვლის, თუმცა ვერ აყალიბებს, რა ფორმა ექნება ამ “რაღაცას”. გამორიცხული არაა, ამ მშფოთვარე მოლოდინმა ახლო მომავალში მართლაც შვას “შავი გედი”, რომელიც ძველ დოგმებზე დაფუძნებულ პროგნოზებსა და გათვლებს ნაცარტუტად აქცევს.

ნებისმიერ შემთხვევაში, გამოცდილება, რომელიც ახლო წარსულში დავაგროვეთ, მომავალთან დაკავშირებით უნივერსალური დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას (და უფლებას) არ გვაძლევს. ხოლო ის, რომ დღეს სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარ მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ხსენებულ მომავალს ერთი მოზრდილი შავი გედი ძალიან სწრაფად უახლოვდება.

geworld.ge

READ MORE - შუქი გამორთე, ნაგავს წერს!

ზურაბ პაპასქირი: „რატომ ვიომეთ, ან რატომ დაიხოცა ამდენი ქართველი, თუკი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გვინდოდა?!“

ავტორი მანანა ნოზაძე
00:19 04.07.2011
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ პაპასქირი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს მხრიდან სრული კაპიტულაცია იქნება და დაამტკიცებს, რომ აფხაზები მართლები ყოფილან და საუკუნეების წინ ქართველები თურმე ხიზნებად შეუფარებიათ.

მამუკა არეშიძის განცხადებამ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. თქვენ, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, როგორ შეაფასებთ არეშიძის წინადადებას?

– ამგვარი განცხადება აბსოლუტურად კაპიტულანტურია. უტოპიურ მოსაზრებას გვთავაზობს, თითქოს აფხაზეთის დამოუკიდებლობას თუ ვაღიარებთ, დევნილებს დააბრუნებენ და რუსეთის ჯარი გავა. სხვათაშორის, ამ დღეებში თამარ ჩხეიძის კომენტარი წავიკითხე და მას ბევრ რამეში ვეთანხმები. თუ დღეს ძირძველი ქართული მოსახლეობის დაახლოებით 60% გააფხაზებულია, ამის შემდეგ ნახეთ, რაც მოხდება. სულ რაღაც 50 წელიწადში იმ ქართველებისგან, რომლებიც „დამოუკიდებელ“ აფხაზეთში დაბრუნდებიან, ნამდვილ აფხაზებს მივიღებთ.

მეტიც, დიდხანს კიდევ თუ გაგრძელდება გალის რაიონის დღევანდელი მდგომარეობა, მისი ქართული მოსახლეობა, შესაძლოა, ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეს, როგორშიც ქართული (ძირთადად მეგრული) წარმომავლობის დანარჩენი აფხაზური მოსახლეობაა. ასე რომ, ასეთნაირად არ უნდა დაისვას საკითხი.

გამოითქვა მოსაზრება, რომ მამუკა არეშიძე ამ აზრს დამოუკიდებლად ვერ გამოთქვამდა.

– მეც მაქვს ეჭვი, რომ ეს მოსაზრება გარკვეული წრეებიდან მოდის. ვერ დავაკონკრეტებ, საიდან. არ ვარ მთლად დარწმუნებული, რომ ეს რუსეთის მიერაა ინსპირირებული. იქნებ, საკითხის შიდა ზონდირებაც ხდება, თუ როგორ მიიღებს ქართული საზოგადოება ამ თვალსაზრისს. აფხაზების, როგორც აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის, რომლის 60%, როგორც უკვე აღვნიშნე, XVI-XVIII საუკუნეებსა და უფრო გვიან გააფხაზებულ ქართველთა შთამომავალია, და რომელსაც სხვა სამშობლო არ გააჩნია, თვითგამორკვევის უფლება შეუვალია, მაგრამ რა ვუყოთ აფხაზეთის მკვიდრ ქართველობას, რომელსაც ასევე აქვს თვითგამორკვევის უფლება. ჩვენი მოძმე აფხაზების ისტორიული დანაშაული სწორედ ქართველებისათვის ამ უფლების წართმევაში მდგომარეობს.

ორი მოძმე ერი ძირეულ საკითხში ერთმანეთს დაუპირისპირდა – გამოდევნილი ქართველობისთვის სამშობლო ერთიანი საქართველოა, ანუ მათ აფხაზეთის დანარჩენი საქართველოსაგან მოწყვეტილად ვერ წარმოუდგენია, იქ დარჩენილი აფხაზი სეპარატისტებისთვის კი სამშობლო მხოლოდ საკუთრივ აფხაზეთია – ფსოუდან ენგურამდე.

ახლა ჩვენ დღეს აფხაზეთი რომ ვაღიაროთ, გამოდის, რომ თურმე აფხაზები სწორად მსჯელობდნენ, რომ თითქოს, ეს მათი სამშობლო ყოფილა და ჩვენ სტუმრის, ხიზნის სტატუსით გვიცხოვრია აფხაზეთში. მაშინ ან რატომ ვიომეთ, ან რატომ დაიხოცა ამდენი ხალხი? ჩვენ ხომ საქართველოს ერთიანობისთვის ვომობდით, ჩვენ ხომ აფხაზეთს ვიცავდით? ახლა კი ეს სრული კაპიტულაციაა.

რაც რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს?

– რასაკვირველია. მთელი დიპლომატიური ჭიდილი მიმდინარეობს საერთაშორისო არენაზე. რუსეთი მათ აღიარებას ცდილობს. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ დამოუკიდებელი აფხაზეთი უნდა, არამედ როგორც კი მსოფლიო აღიარებს აფხაზეთს, რუსეთი მეორე დღესვე მოაწყობს რეფერენდუმს და ჩაიბარებს აფხაზეთს, როგორც საკუთარი სახელმწიფოს ნაწილს. ეს ელემენტარული პოლიტიკური გათვლაა.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ხელისუფლება ამ კომპრომისზე წავიდა და აღიარა, რუსეთი ამის შემდეგაც ხომ გააგრძელებს აფხაზების გენოციდს? თუ ეს გამორიცხულია, რაკი ქართული მოსახლეობა დაბრუნდება?

– აფხაზების ერთადერთი ხსნა ქართული მოსახლეობის დაბრუნება და ქართული მოსახლეობის გააფხაზებაა. იმასაც კი ამბობენ, რომ სერგეი ბაგაფშმა სიკვდილის წინ თურქეთში ყოფნისას გათურქებულ აფხაზებს მოუწოდა, დაბრუნდით, თორემ ვიღუპებით, არც მიწა გვექნება და არც ენაო. არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ეს გამონათქვამი გახდა მისთვის საბედისწერო და ამის გამო მოუსწრაფეს მას სიცოცხლე მოსკოვში. ბაღაფშის ეს იდეაც უტოპიურია, რადგან რუსულ აფხაზეთში „თურქი აფხაზი“ არ დაბრუნდება. შესაძლოა, დაბრუნდეს ათი, ოცი, ასი კაცი, მაგრამ მასობრივად არ დაბრუნდებიან.

რატომ, არ ენდობიან რუსებს?

– არა, რუსულ აფხაზეთში არ დაბრუნდებიან. რუსულ აფხაზეთს გაექცნენ ისინი აქედან და ახლა მობრუნდებიან? იქ დაწყობილი, დალაგებული ცხოვრება აქვთ. თურქეთი წარმატებული ქვეყანაა. აქ ერთი პრინციპული საკითხია, რის გამოც მამუკა არეშიძის მესმის. ამჟამად ისეთი ვითარებაა შექმნილი, ძალიან ძნელია აფხაზისა და ქართველის ერთ ტაძარში შეყვანა. პირადად მე ვერ წარმომიდგენია ისეთ სოხუმში დაბრუნება, სადაც ჟიული შარტავას ქუჩა არ იქნება. მაგრამ, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, უტოპიურად მიმაჩნია აფხაზებისა და ქართველების ისეთი სოხუმიც, სადაც პოლიტიკოს არძინბასა (სხვა საკითხია მისი მეცნიერული ღვაწლი) და შარტავას ქუჩები პარალელურად იქნება.

ამიტომ დღეს მე, ზოგადად, უკვე არ გამოვრიცხავ, რომ, პერსპექტივაში, მართლაც დაიწყოს დიალოგი ამჟამინდელი აფხაზეთის – ქართულ-აფხაზური საერთო სახლის – ერთგვარ ტერიტორიულ გადანაწილებაზე, მაგრამ არა ისეთ კაპიტულანტურზე, როგორსაც ბატონი მამუკა გვთავაზობს. თანაც ეს უნდა მოხდეს არა დღეს, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა, თანდათანობით, სულ უფრო ამკაცრებს შეფასებებს რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის მიმართ და არაორაზროვნად აღიარებს კრემლის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის ფაქტს, არამედ მაშინ, როდესაც რუსეთის ფაქტორი მინიმუმადე იქნება დაყვანილი და ჩვენ და აფხაზებს მოგვეცემა პირისპირ, მესამე მხარის ჩაურევლად მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის საშუალება.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ამაზე ქართული მხარე უნდა წავიდეს უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ყველა სხვა შესაძლებლობა ამოიწურება და აფხაზ თანამოძმეთა დედა-სამშობლოსკენ მობრუნების იმედი საბოლოოდ გაქრება. ღმერთმა ნუ ქნას, ბაგრატ III-ის საფლავი მის მიერ შექმნილი სახელმწიფოს მიღმა დარჩეს.

როგორც საქართველოს გამაერთიანებლის?

– დიახ, რაც არ უნდა იძახონ, ეს ასეა. ამას წინათ სოხუმში აფხაზმა ახალგაზრდებმა ბაგრატის მთაზე ეკოლოგიური აქცია მოაწყვეს. აღნიშნეს, ეს მთა აფხაზთა მეფე ბაგრატის სახელს ატარებსო. ყველა გამვლელ-გამომვლელს ეუბნებიან, რომ იგი აფხაზი მეფეა. ჩვენ, ზოგადად, არ შეგვიძლია, აფხაზს კატეგორიულად წავართვათ თვითგამორკვევის უფლება, მაგრამ ის, რომ აფხაზებმა მთელი აფხაზეთი წაიღონ, ამ დროს კი, ჩვენ მათ მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა ვაღიაროთ და თურმე მხოლოდ გალის რაიონისთვის განსაკუთრებული სტატუსი მოვითხოვოთ, ეს აბსურდი და სრული ისტორიული უსამართლობაა.

ქართული მოსახლეობა რომც დაბრუნდეს, ალბათ, მათ ისევ პრობლემას შეუქმნიან და ისევ გამოძევების წინაშე დადგებიან?

– ქართული მოსახლეობა აფხაზეთში დღესაც დაბრუნდება, ოღონდ მხოლოდ იმ პირობით, თუ ის აღიარებს აფხაზეთს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და ცნობს მის კონსტიტუციას. ასეთ ვითარებაში, „ოფიციალური სოხუმი“ არა თუ რიგით ქართველს, რომელსაც სამხედრო დაპირისპირებაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, არამედ ისეთ ოდიოზურ ფიგურასაც კი, როგორიც (ყველასათვის ცნობილი შეურიგებლობით სეპარატისტული იდეოლოგიისადმი) მე გახლავართ, სიამოვნებით მიიღებენ. ამისთვის სრულიად საკმარისი იქნება სათანადო განცხადებით მივმართო სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს.

ამას აიტაცებენ აფხაზები. დაცვასაც დამიყენებენ და პირველი კაცი ვიქნები აფხაზეთში. დევნილების დაბრუნება არასდროს ყოფილა თვითმიზანი. დევნილები იქიდან გამოვიდნენ იმის გამო, რომ დამოუკიდებელი აფხაზეთი არ უნდოდათ. ქართველს საკუთარ სამშობლოში ცხოვრება სურდა. ახლა ჩვენ სხვა ქვეყანაში დავბრუნდეთ და იქ დიასპორა შევქმნათ?! დევნილთა აბსოლუტური უმრავლესობა იმიტომაა დევნილი, რომ არ ცნობს აფხაზეთის სახელმწიფოს.

არეშიძის განაცხადმა იმოქმედა დევნილებზე?

– არა მგონია, ვინმეს ეს სერიოზულად მიეღო. ასეთ რამეს ვერ ვამჩნევ. ბატონ მამუკას, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ისტორიული აფხაზეთის საერისთავოს ტერიტორია, რომლის საზღვარი დანარჩენ საქართველოსთან XVII საუკუნემდე ანაკოფია-ახალ ათონს არ სცილდებოდა, რომ ეთქვა სოხუმის ჩათვლით, დავიბრუნოთ მიწა-წყალიო, კიდევ შეიძლებოდა რაღაცაზე საუბარი. თუმცა ესეც ძალიან მძიმეა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბიჭვინთის საკათედრო ტაძარი ისტორიულად საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მთავარი ცენტრია დასავლეთ საქართველოში, რომლის განსაკუთრებული სტატუსი, ამ ბოლო დროს, სავსებით სამართლიანად დაფიქსირდა კიდეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულატურაში.

თამრიკო ჩხეიძემ მამუკა არეშიძის განცხადება ღალატად შეაფასა.

– დიახ, ის პირდაპირ ღალატად აფასებს, მაგრამ მე სიტყვა „კაპიტულანტურს“ ვამჯობინებ. „ღალატის“ თქმას მაინც მოვერიდები, რადგან შინაგანად ბატონი მამუკას პატიოსნების მჯერა. მას, როგორც პიროვნებას, დიდ პატივს ვცემ. უბრალოდ, მინდა დავიჯერო, რომ საკითხის ამ ფორმატით დაყენება უნებლიე გადაცდომაა, რათა იქნებ მოგვარდეს და ვუშველოთ ამ კონფლიქტს. სხვათაშორის, ბატონი მამუკა არ გახლავთ პირველი, ვინც ამგვარი მოსაზრება წამოაყენა.

განცხადება ქართული სახელმწიფოს მიერ სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის მიზანშეწონილობის თაობაზე გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სოხუმის დევნილ უნივერსიტეტში გააკეთა ყველასთვის პატივსაცემმა პიროვნებამ, ბატონმა ლორიკ მარშანიამ, დიახ, ლორიკ მარშანიამ სეპარატისტების ძალადობის მსხვერპლმა, საქართველოს ერთიანობისთვის თავგადადებულმა კაცმა თავისი შეხედულება სწორედ აფხაზების საბოლოო გარუსებისაგან გადარჩენის სურვილით ახსნა.

რატომ დაემთხვა ეს ყველაფერი აფხაზეთში პრეზიდენტ ბაღაფშის გარდაცვალებას და ახალი პრეზიდენტის არჩევის სამზადისს?

– არაა გამორიცხული, რომ ამ იდეის ერთგვარ მოტივაციას „საპრეზიდენტო არჩევნებში“ პროქართული ბანაკის შექმნა წარმოადგენდეს. იქნებ, ვინმე ფიქრობს, რომ ამით ზოგიერთი აფხაზს მოვაბრუნებთ ჩვენსკენ. თუმცა მაშინებს სხვა რამ: პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ვინმეს ხომ არ გაუჩნდა ასეთი აზრი – ბოლოს და ბოლოს, აფხაზეთი დაკარგულია და ახლა ხალხს მაინც მოვუაროთ, დევნილები მაინც დავაბრუნოთ მშობლიურ კერაზე. ედუარდ შევარდნაძის დროსაც იყო ასეთი მიდგომა. მას თავად უთქვამს არაერთხელ, რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლია, დაბრუნდით, მე სხვას ვერაფერს გთავაზობთო.

შესაძლოა, ახლაც ფიქრობდნენ, თუ ჩვენ ვაღიარეთ აფხაზეთი, იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს აფხაზეთში გაჩნდეს ძალა, რომელიც მას ერთიან სახელმწიფო სივრცეში ისევ შემოიყვანს. თუმცა ამგვარი პრეცენდენტი ასე უცბად არ მახსენდება. ვიმეორებ, რუსეთმა აფხაზეთი იმიტომ კი არ აღიარა, რომ იქ დამოუკიდებელი აფხაზეთი სურს. ერთ მშვენიერ დღეს, როცა იქ ყველაფერს დაალაგებს და მსოფლიო თანამეგობრობის ნორმალურ წევრად „გააფორმებს“, მეორე დღესვე მოაწყობს რეფერენდუმს. იქ უკვე იმდენი რუსი, სომეხი ცხოვრობს, რომ ნებისმიერ გამოკითხვას მოსკოვი თავის სასარგებლოდ წარმართავს.

აფხაზეთის დღევანდელ არჩევნებში სამი სავარაუდო კანდიდატია. ერთი – სერგეი შამბა – გამოკვეთილად კრემლის, რომელიც პირადად პუტინის მიერაა წამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თვით სერგეი შამბამ ღიად განაცხადა, თუ, ფაქტობრივად, როგორ შესთავაზა პუტინმა მას პრეზდენტობა და იკითხა – რამდენად შეძლებდა ის ანქვაბთან დაპირისპირების აცილებას.

არის მეორე კანდიდატი – რაულ ხაჯიმბა, რომელიც ბოლო დროს ნაციონალისტური ბანაკის კანდიდატად გამოიკვეთა. იგი აცხადებს, რუსების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მსურს თანასწორუფლებიანი ურთიერთობა რუსეთთან. ამ ორ კანდიდატს შორის შუალედური უჭირავს ანქვაბს. ძალთა ასეთ ბალანსში აფხაზობის 90%, ჩემი აზრით, მხარს დაუჭერს ხაჯიმბას. როგორც ჩანს, აფხაზები მთლად ხელიდან წასულნი არ ყოფილან, ნაციონალური მოტივაცია აქვთ და ნაციონალური ტკივილი შერჩენიათ. ადრე ასე არ ვფიქრობდი. ცხინვალის ოსებისგან განსხვავებით, რომლებიც მთლიანად პრორუსები არიან, აფხაზეთში პრორუსული ორიენტაცია ქართველების წინააღმდეგ გამოსვლისთვის სჭირდებოდათ. როცა რუსების პირისპირ აღმოჩნდნენ, უკვე აფხაზობა დაიწყეს.

ხაჯიმბას ელექტორატის 90%, რუსებთან და სომხებთან შედარებით, რაოდენობრივად ძალიან ცოტაა, ისინი კი მოსკოვის პოზიციას გაატარებენ. გალის რაიონი, შესაძლოა, შუაზე გაიყოს. ზოგი რუსებს მიემხროს, ზოგი – აფხაზებს. ასე რომ, ნაციონალისტური ბანაკი აგებს ამ არჩევნებს. ამის გათვალისწინებით, შესაძლოა, მამუკა არეშიძესაც უნდოდა, რომ აფხაზეთში ისეთი ძალა მოსულიყო, ვინც ქართველებისკენ მოიხედავდა. თუმცა ეს მაინც ძალიან ნაჩქარევი განცხადებაა. ამ ეტაპზე, როდესაც დღითიდღე მწვავდება ურთიერთობა რუსებსა და აფხაზებს შორის და ფრონტის ახალი კერა ჩნდება, გამორიცხულია, ჩვენ ჩავერიოთ ამ პროცესში. არაფრით უნდა დავუშვათ ისეთი განცხადება, რომელიც რუსების წისქვილზე დაასხამს წყალს და პირდაპირ დაარტყამს აფხაზ ნაციონალისტებს.

მეუღლის ფაქტორიდან გამომდინარე, თავის დროზე ყველას ეგონა, რომ ბაღაფშიც პროქართული იქნებოდა, მაგრამ მოლოდინმა არ გაამართლა. ამდენად, ალბათ მამუკა არეშიძესაც არ უნდა შეშლოდა, რომ მისი განცხადება აფხაზეთში პროქართულ ძალას ვერ მოიყვანდა.

მართალია, ბაღაფში, თავიდან, არც თუ უსაფუძვლოდ, მეტ-ნაკლებად „პროქართულ“ ლიდერად მოიაზრებოდა, მაგრამ 2008 წელს ის საბოლოოდ გაიყიდა. ხანდახან მის განცხადებებს რომ ვუსმენდი, ვფიქრობდი, რაღა ბაღაფში – ე.წ. „სუვერენული“ აფხაზეთის „პრეზიდენტი“ და რაღა კარასინი-მეთქი. თითქოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რუსულ იმპერიულ პოლიტიკას ახმოვანებდა. სხვათაშორის, აფხაზმა ნაციონალისტებმა ბაღაფში პროსაბჭოურ ნოსტალგიაში ღიად დაადანაშაულეს. მოსკოვის მერთან შეხვედრისას რა განაცხადა, იცით? რომ მოსკოვი მისთვის კვლავინდებურად დედაქალაქად რჩებოდა, რასაც აფხაზი ნაციონალისტების რისხვა მოჰყვა: რას ჰქვია, დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი ამას როგორ აცხადებსო?

ამ ეტაპზე აფხაზეთში პროქართული ძალის მოსვლა გამორიცხულია?

– ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩვენ ანტირუსული ძალის მოსვლით უნდა ვიყოთ დაინტერესებულნი და არა – პროქართულით, რადგან პროქართული ძალა დღეს არ შეიძლება იქ იყოს. დღეს მთავარია, მკვეთრად გამოხატული ანტირუსული ბანაკი გაჩნდეს.

საამისოდ რა ბერკეტები გვაქვს, აფხაზეთში ხომ ვერაფერს შევცვლით?


– არავითარი, დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან წყარად, ფრთხილად, ხელი არ შევუშალოთ პროცესებს. სხვათაშორის, ძალიან ფრთხილად იქცევა საქართველოს საპატრიარქო ბოლო დროს აფხაზეთში გამწვავებულ საეკლესიო კონფლიქტთან დაკავშირებით, არცერთი მხარის სასარგებლოდ არ აკეთებს განცხადებას, თითქოს არ ხედავს ამ პროცესებს. ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, რომ რაიმე განცხადება გააკეთოს, ამით იქაური თვითმარქვიების წისქვილზე დაასხამს წყალს, რითაც ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას. ამ თვალსაზრისით, მართლაც რომ ბრძნული და დროული აღმოჩნდა გადაწყვეტილება კათალიკოს-პატრიარქის უშუალო დაქვემდებარებაში ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის შეყვანის თაობაზე.

იქაურთა რეაქცია როგორი იყო?

– ვერ გეტყვით. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მკვეთრად გამოხატული ნეგატიური განცხადებები თითქოს არ გაუკეთებიათ. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ვინ ეკითხება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქსო, – ასეთი რამ არ წამიკითხავს. უფრო მეტიც, ვატყობ, რომ ორივე ბანაკში – პრორუსულშიც (აპლიას ბანაკი) და ანტირუსულშიც (დბარის ბანაკი), ორივე ცდილობს, საქართველოს ეკლესიის მეთაურს მაინცდამაინც არ შეეხონ, როგორც ჩანს, აფხაზეთშიც მისი პიროვნული ავტორიტეტი დღემდე შეუვალია. მართალია, ორივე დაპირისპირებული მხარე მიიჩნევს, რომ მათ დამოუკიდებელი ეკლესია ჰქონდათ, ზღაპრებს ყვებიან, მაგრამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საპატრიარქოს პოზიციის მიმართ გამოკვეთილად ნეგატიური დამოკიდებულება არ ჩანს.

ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. დღეს აფხაზებს სრული კარტბლანში უნდა მივცეთ, რაც უნდათ, ის აკეთონ. როგორც უნდათ, ისე მოაგვარონ რუსებთან პრობლემები. უნდა დავაკვირდეთ მათი მოქმედებების დინამიკას, მომავალი „საპრეზიდენტო“ არჩევნები ძალიან ბევრ რამეს გასცემს პასუხს.

თუ ხაჯიმბამ ძალიან დიდი მონდომებით იბრძოლა, დიდ შიდა დაპირისპირებასაც არ გამოვრიცხავ. ვიმეორებ, ჩვენ უნდა დავსხდეთ აფხაზებთან სალაპარაკოდ, მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთის ფაქტორი მოიხსნება და ღიად ვუთხრათ, როგორ ვიცხოვროთ ერთად, შევძლებთ კი ერთად ცხოვრებას? თუ ვერა, მაშინ როგორ გავიყოთ? ცივილიზებულად გაყრა როგორ მოვახდინოთ? გამორიცხულია, რომ აფხაზებს, რომელთა სულ ცოტა 60% წარმოშობით ქართული წარმოშობისაა, ვუთხრათ, წადით ადიღეში და იქ გადასახლდით. ეს ნამდვილად არ იქნება სამართლიანი. ისინი აფხაზეთში დაიბადნენ და იქაური მკვიდრნი არიან.
presage.tv


READ MORE - ზურაბ პაპასქირი: „რატომ ვიომეთ, ან რატომ დაიხოცა ამდენი ქართველი, თუკი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გვინდოდა?!“

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...