ჟურნალისტთა კავშირი ”ობიექტივი” აპროტესტებს ტელეკომპანია ”ალანიასთვის” სახელწოდების შეცვლის ფაქტს და აცხადებს, რომ ეს ”ცვლილება” დაგეგმილია ხელიუფლების ძალოვანი შტოს მიერ.
6 წლის მანძილზე წარმოებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ ფაქტებით დაადასტურა, რომ ”ალანია” ჯერ ულიცენზიოდ და ,მოგვიანებით, წართმეული ლიცენზიით გადიოდა ”ობიექტივის” ჟურნალისტების კუთვნილ 35-ე დეციმეტრულ სიხშირეზე. ”ობიექტივის” ჟურნალისტების დაუღალავი ბრძოლისა და სამოქალაქო აქტივობის შედეგად, საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ცნობილი გახდა, რომ ”ალანია” წართმეულ ტელეარხზე მაუწყებლობს. ზემოხსენებული ტელეკომპანიისთვის სახელწოდების შეცვლას პირდაპირ ვაკავშირებთ ჩვენს გამოძიებასა და აქტივობასთან. ცნობილია, რომ ”ობიექტივი”- ”ალანიას” საქმე სულ მალე ევროსასამართლოში გადაიგზავნება. ხელისუფლების ძალოვან შტოს, რომელმაც თავის დროზე ”ობიექტივის” ჟურნალისტებს არხი წაართვა, სურს ”ალანიას” წართმეულის იმიჯი ჩამორეცხოს და ”სახელწოდება ”ალანია” საერთოდ გააქროს საინფორმაციო სივრციდან. არ იქნება ”ალანია”- არ იქნება პრობლემა! ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებასა და ბრძოლის შეწყვეტას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურორს გამოეხმაუროს ”ობიექტივის” დირექტორის მიხეილ აგლაძის წერილს, რომელიც პროკურატურაში რამდენიმე კვირის წინ შევიდა და გამოიძიოს ”ალანიას” ირგვლივ შექმნილი კრიმინალური ისტორია. მივმართავთ ”ალანიას” ხელმძღვანელობას: ტელეკომპანიისთვის სახელწოდების შეცვლა დღის წესრიგიდან პრობლემას არ ხსნის, პირიქით. ჩვენ შევეცდებით საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ”რეგიონ.ტვ” სწორედ ”ობიექტივის” ჟურნალისტებისათვის წართმეულ 35-ე დეციმეტრულ არხზე მაუწყებლობს და ის იგივეა, რაც ”ალანია”.