ავტორი ილია ჩაჩიბაია
15:19 04.07.2011
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თავგასულმა პოლიციელებმა მორიგი დანაშაული ჩაიდინეს. გასულ კვირას, შსს მაღალჩინოსანმა ლაშა ექონიამ ორ თანამშრომლეთან ერთად 26 წლის ალექსანდრე სართანია გაიტაცა და სოფელ ზედაეწერის ტყეში სასტიკად აწამა. მომხდარიდან რამდენიმე საათში გონზე მოსულმა სართანიამ დასახლებულ პუნქტამდე მიაღწია და მოსახლეობის დახმარებით სახლში დაბრუნდა.
26 წლის ახალგაზრდა ამ დროისთვის ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
25 ივნისს მომხდარს ალექსანდრე სართანიას ახლობლები მისი მონათხრობის საფუძველზე იხსენებენ, მათი თქმით მოლაშხიას წამების მიზეზი პოლიციის მაღალჩინოსანის უსაფუძვლო ეჭვიანობა გახდა.
მადონა ხვიჩია, დაშავებულის დედა: – “ნამდვილი საშინელება იყო. დასისხლიანებული და დასიებული ჩემი შვილი ვერც კი ვიცანი. ჯერ ზედაეწერში წაიყვანეს შემდეგ ჩააგდეს მანქანის საბარგულში და გადაიყვანეს კოლხიდის ტყეში... იქვე მიატოვეს.... ეს ყველაფერი მოხდა ეჭვიანობის ნიადაგზე, ექონია ყოფილა ეჭვიანი ავადმყოფი. როგორც ვიცი მისგან ასეთი საქციელი პირველი არ არის. პოლიციაში და პროკურატურაში საჩივრის შესატანად დავდივარ რამდენიმე დღეა, მაგრამ დაცვამ არცერთ ჯერზე არ შემიშვა”.
თუ რა ეჭვი გახდა 26 წლის ქართველის სასტიკად წამების მიზეზი და რატომ გააკრეს ქამრებით ალექსანდრე სართანია შუაღამისას ხეზე დაშავებულის დეიდა ქეთევან ხვიჩია გვიყვება:
“ალიკას კბილი ჰქონდა სამკურნალო, კლინიკაში მივიდა სტომატოლოგთან. ექიმმა სოფო ბიგვავამ, როლელიც ლაშა ექონიას მეუღლეა, პაციენტს კბილი დაუზიანა, რადგან ამოღებას არასწორად ახორციელებდა. ბიგვავამ ალიკას საკუთარი მობილური ტელეფონის ნომერი მისცა, იმ შემთხვევისთვის თუ ღამე ტკივილები შეაწუხებდა. ღამე მართლაც ასტკივდა კბილი და ექიმს დაურეკა. ტელეფონს მისმა ქმარმა უპასუხა და ისე, რომ ვერაფრის თქმა მოასწრო, ექონიამ უხეშად გაუთიშა” – ამბობს ხვიჩია.
მეორე დღეს სამართალდამცავი, მეგობრებთან ერთად სართანიას საქმის გასარჩევად "სტრელკას" უნიშნავს, სადაც მოგვიანებით საკუთარი ცოლიც მიჰყავს. "დამნაშავის" ამოცნობის შემდეგ ბიჭი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ზუგდიდთან ახლოს სოფელ ზედაეწერის ტყეში წაათრიეს. პოლიციელთა ქამრებით ხეზე მიბმულ ახალგაზრდას რიგრიგობით ახტებოდნენ აგინებდნენ და ეუბნებოდნენ სტომატოლოგის მომსახურება არასდროს დაგჭირდება, რადგან ყველა კბილს ჩაგალეწავთო.