ავტორი პაატა ლაგვილავა
22:07 07.07.2011
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ზაზა გოროზია პრემიას ყოველთვიურად იღებს. შარშან გუბერნატორმა პრემია 17-ჯერ აიღო. გუბერნატორის ხელფასი 2950 ლარს შეადგენს და იგივე თანხას იღებს პრემიის სახითაც.
როგორც გინდა და რაც გინდა
ზაზა გოროზია სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულად 2005 წლის ივლისიდან დაინიშნა. მაშინ მისი ხელფასი 2300 ლარს შეადგენდა, 2006 წლის მარტიდან გუბერნატორს ხელფასი 200 ლარით გაეზარდა, 2008 წლის ინვრიდან კი მისი ხელფასი 2950 ლარი შეადგინა. პირველი პრემია, 396 ლარი ზაზა გოროზიამ გუბერნატორად დანიშვნიდან მეჩვიდმეტე თვეს აიღო, 2008 წლამდე ის პრემიას წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებდა. პირველ ხელფასს გათანაბრებული პრემია სახელმწიფო რწმუნებულმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ქვეყნის ჩამოშლილი ეკონომიკის ფონზე მიიღო. ქართულ-რუსული ომის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით საქართველოს მთავრობამ საბიუჯეტო ორგანიზაციებში „ქამრის შემოჭერის“ პრინციპი შემოიღო, თუმცა ეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორს და მის ადმინისტრაციას არ შეხებია. 2009 წელს ზაზა გოროზიამ პრემია 15 ჯერ აიღო, პრემიებიდან მიღებულმა თანხამ კი მთლიანობაში 43 630 ლარი შეადგინა. გუბერნატორმა თანამშრომლების ნაწილს პრემია 2009 წლის განმავლობაში 6 ჯერ მისცა. წინა წლებთან შედარებით „ქამრის შემოჭერის“ წელს გუბერნიის ადმინისტრაციის ხარჯები 45 ათასი ლარით გაიზარდა.
2010 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ პრემია 17-ჯერ აიღო. ერთი პრემიის ოდენობა 2950 ლარია. პრემიები კი ასე გადანაწილდა ორ-ორჯერ მარტში, ივლისში, აგვისტოში, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში. ანუ თითოეულ თვეზე რეალურად გოროზიამ შრომის ანაზღაურებისთვის 8850 ლარი მიიღო. ეს მაშინ, როდესაც მისი ოფიციალური ხელფასი მხოლოდ 2950 ლარია. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის მაისში, წინასაარჩევნოდ, მესტიის მოვლენების შემდეგ გუბერნატორი ოფიციალურად შვებულებაში იმყოფებოდა მან პრემია და ხელფსი მაინც აიღო. ზაზა გოროზიას მთელი 2010 წლის განმავლოაში პრემიის სახით 50 150 ლარი, ხოლო ხელფასის სახით 35 400 ლარი ჩაერიცხა, თანხა მთიანობაში 85 ათას ლარზე მეტია. გასულ წელს კი გუბერნიის ადმინისტრაციის ხარჯებმა 843 465 ლარი შეადგინა. მთავრობის მიერ მერამდენედ გამოცხადებული „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის მიუხედავად 2010 წელს 2009-სთან შედარებით ადმინისტრაციის ხარჯები 160 ათასი ლარით გაიზარდა.
Livepress.ge-იმ ზაზა გოროზას მიერ მიმდინერე წლის, იანვარში, თებრვალსა და მარტში აღებული ხელფასებისა და პრემიების შესახებ საჯარო ინიფორმაცია მოიპოვა, რომლის თანახმად, გუბერნატორმა სამივე თვეს ხელფასი და მასთან გათანაბრებული პრემია მიიღო. 2011 წლის იანვრიდან-მაისამდე, გუბერნიის ადმინისტრაციის ხარჯებმა 294 474 ლარი შეადგინა.
2011 წლის მაისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ზაზა გოროზიას საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურება: მიმდინარე ანგარიში, „ლიბერთი ბანკი“ 41 ათასი ლარი, იგივე ბანკში გოროზიას მეორე ანგარიშიც აქვს, სადაც მისი სახელფასო დანაზოგი ირიცხება. გოროზია ამ ანგარიშზე 124 ათას ლარს ფლობს. ზაზა გოროზიას მეუღლე, თამთა კობახიძე კი „ლიბერთი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 14 ათასი ლარის მფლობელია.
გუბერნატორის მიერ, 1 მაისს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ის ნაღდ ფულსაც ფლობს: 2 700.00 ევრო, 5 200.00 ამერიკული დოლარი, 79 500.00 ლარი. ამავე მონაცემებით, გუბერნატორის მეუღლე თათა კობახიძე - 7700.00 ლარის ოდენობის ნაღდ ფულს ფლობს. დეკლარაციის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მეუღლესთან ერთად ნაღდ და საბანკო ანგარიშებზე ვალუტის დღევანდელი კურსით 281 ათას ლარზე მეტს ფლობს.
გუბერნატორი ზაზა გოროზია კომერციული საქმიანობითაცაა დაკავებული. გუბერნატორს 2010 წელს ყურძნის რეალიზაციით 12 ათასი ლარი აქვს მიღებული.
პასუხი გუბერნიიდან
რა დამსახურებისთვის ერიცხება გუბერნატორ ზაზა გოროზიას პრემია ყოველთვიურად, ზოგ შემთხვევაში კი თვეში ორჯერ და რის საფუძველზე მიიღო პრემია ოფიციალურად შვებულბაში ყოფნისას. ამ კითხვებზე პასუხის მიღება თავად გუბერნატორისგან ვცადეთ. ინტერვიუს შესათანხმებლად მის პრესსამსახურს ლალი გელენავას დავუკავშირდით, რომელმაც მეორე დღეს გვითხრა, რომ გუბერნატორი ამ საკითზე არ ისაუბრებდა. ამის შემდეგ ჩვენს კითხვებზე პასუხების მისაღებად გუბერნიაში ოფიციალური წერილი შევიტანეთ, რომელზეც პასუხი ზოგდი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით, მეთორმეტე სამუშაო დღეს მოგვცეს. ჩვენი მცდელობის მიუხედავად გუბერნიიდან ვერ მივიღეთ პასუხი, კითხვაზე თუ რა დამსახურებისთვის იღებს ზაზა გოროზია ყოველთვიურ პრემიას. საპასუხო წერილში ვკითხულობთ, რომ ყოველთვიური პრემია გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტში. ამიტომაც გუბერნატორის „შვებულებაში ყოფნა არ შეიძლება იყოს ყოვლთვიური პრემიის გაცემის შეჩერების საფუძველი“. ხოლო რაც შეეხება პრემიის თვეში ორჯერ გაცემას, გუბერნიის საფინანსო სამსახურის უფროს მალხაზ ციკუტანიასგან შემდეგი პასუხი მივიღეთ: „ჩვეულებრივ, ადმინისტრაციის თანამშრომლებზე პრემიების გაცემა ხდება მატერიალური წახალისების მიზნით სხვადასხვა დღესასწაულებთან (ახალი წელი, აღდგომა, მარიამობა დასხვა) დაკავშირებით და ეს დღეები ისეთივე ღირშესანიშნავია გუბერნატორისთვის, როგორც ყველა სხვა თანამშრომლისათვის“. არადა ამ „ღირშესანიშნავი“ დღეების დროს გუბერნატორი რელურად 8850 ლარს იღებს. მიუხედავად იმისა რომ ივლისსა და ოქტომბერში დიდი დღესასწაული არ იყო, გოროზიამ გაორმაგებული პრემია მაინც აიღო.
„კორუფციული კანონი“
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი თამარ კორძაია livepress.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ზაზა გოროზიას გადაწყვეტილება პრემიის ყოველთვიურად აღებასთან დაკავშირებით „კორუფციულია“, თუმცა იურისტი იქვე აღნიშნავს, რომ მსგავს შეზღუდვას კანონი არ აწესებს, ამიტომაც თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ კანონში კორუფციული ელემენტებია ჩადებული, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია.
„პრემია არის წამახალისებელი ღონისძიება და ის არანაირი ლოგიკით არ შეიძლება იყოს ხელფასის ოდენობის და ზოგიერთ შემთხვევაში ხელფასზე ორჯერ მეტიც, თან მუდმივად გაიცეს. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ეს გოროზიას უშუალო ანაზღაურებაა და არა პრემია. ეს არის კანონის მანკიერი ფორმა და იძლევა ასეთი კორუფციული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. ის რომ, საჯარო მოხელეს, ამ შემთხვევაში კი გუბერნატორს შეუძლია ბოროტად ისარგებლოს სახელმწიფო სახსრებით და საკუთარი უფლებამოსილებით, ეს არის ჩვენი „საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის“ პრობლემა, რომლის უსუსურობითაც ეს ადამიანები სარგლებლობენ“. ამბობს იურისტი. თამარ კორძაიას ვთხოვეთ, გუბერნატორის მიერ შვებულბაში ყოფნის დროს პრემიის აღების ფაქტზე სამართლებრივი შეფასება გაეკეთებინა, რაზეც იურისტი გვპასუხობს - „ეს სრულიად ალოგიკური შემთხვევაა. პრემია ეძლევათ განსაკუთრებული სამუშაოს შესრულების გამო, წახალისების მიზნით და საინტერესოა რა განსაკუთრებულ სამუშაოს ეწევა შვებულებაში თანამდებობის პირი, როცა ის არ მუშაობს, რატომ უნდა იღებდეს ის პრემიას? გუბერნიის მხრიდან თქვენთვის გაცემული პასუხიც სრულიად დაუსაბუთბელი და არაარგუმენტირებულია. საერთოდ გაურკვეველია, რატომ მისცეს მას პრემია შვებულების დროს.“
თამარ კორძაია ამბობს, რომ პრემიებთან დაკავშირებით ქვეყნაში ქაოსია და ეს ქაოსი აუციებლად კანონით უნდა დარეგულირდეს. „საინიციატივო ჯგუფმა, ამ მხრივ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც პარლამენტში არის წარმოდგენილი და მას „საია“ მხარს უჭერს. წარდგენილი კანონპროექტი პრემიების გამჭირვალობას ითვალისწინებს, და მისი მიღება დროულად უნდა მოხდეს. იუსტიციის სამინისტროც კი ლაპარაკობს, რომ რაღაც კრიტერიუმები პრემიასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დადგინდეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამასთან დაკავშირებით არაფერი არ მომხდარა“, ამბობს „საიას“ იურისტი.
„რას ნიშნავს პრემია“
პრემია [ლათ. praemium ჯილდო] – 1. ფულადი ან ნივთიერი ჯილდო რაიმე დარგში წარმატებისათვის, დამსახურებისათვის. 2. მუშებისა და მოსამსახურეებისათვის დამატებითი ფულადი ანაზღაურება (ხელფასს ზევით) საწარმოო ნორმების გადაჭარბებისათვის.
livepress.ge