16:26 06.07.2011
საზოგადოების, მათ შორის სოციალურ ქსელ ” ფეისბუქის ” მომხმარებელთა ნაწილი დღეს, 6 ივლისს, 18 საათზე, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში იკრიბება, ” საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ ” კანონის გასაპროტესტებლად.
როგორც ცნობილია, ” საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონი ” , პარლამენტმა გუშინ ერთხმად დაამტკიცა.
პროექტს მხარი დაუჭირა უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. კენჭისყრას ოპოზიცია არ ეწრებოდა, რადგან ისინი საკითხის განხილვის გადადებას ითხოვდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობასა და საპატრიარქოს შორის გამართულმა კონსულტაციებმა შედეგი ვერ გამოიღო.
კერძოდ, უმრავლესობა საპატრიარქოს სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი უფლებამოვალეობის დეკლარირებას სთავაზობდა, მაგრამ, როგორც კუბლაშვილმა თქვა, შეთანხმება ვერ შედგა.
თავის მხრივ, აღნიშნულთან მიმართებაში, საპატრიარქომ საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა, რომელშიც კერძოდ ნათქვამია:
„საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ 4 ივლისს გაკეთებული განცხადების შემდეგ, საპატრიარქოში საკუთარი ინიციატივებით მოვიდნენ პარლამენტის წარმომადგენლები, რათა შემოეთავაზებინათ პირველი მოსმენით მიღებული კანონის შეცვლილი ვარიანტი, რომელშიც კვლავ უპირობოდ იყო დაფიქსირებული რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად აღიარების საკითხი.საპატრიაქრო აყენებდა კანონის მიღების პროცესის შეჩერების ინიციატივას, რათა საზოგადოებაში ამ საკითხთთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწევა გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა შეთანხება ვერ შედგა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ასევე ქვეყნის ინტერესებს. ვფიქრობთ, რომ კანონი უარყოფით შედეგებს უახლოეს მომავალში გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.
geurasia.org