გია ნოდიას რეპუტაცია, რომელსაც აქამდე თითქმის არასდროს შეხებია „მსახვრალი ხელი“, ეჭვის ქვეშ დადგა დღეს დილიდან, მას შემდეგ, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა, სრულიად სენსაციური განცხადება გააკეთა.
გაზიარება
[მზევინარ ხუციშვილი. 00:35 26-08-2010]
მან ბრძანა, რომ განათლების სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა 2008 წლის პერიოდში განხორციელებულ შესყიდვებზე, როდესაც განათლების მინისტრი გია ნოდია იყო. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ანდრიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესყიდვების დროს გაფლანგულია ათიათასობით ლარი. მაგალითისთვის მან დაასახელა ბურთების შესყიდვის აქცია, როცა განათლების სამინისტროდან უგზოუკვლოდ დაიკარგა 170 ათასი ლარი. ზოგადად კი, სპორტული ინვენტარის შეძენის დროს 600 ათასი ლარი გაიფლანგა. საქმის მასალები პროკურატურაშია გადაგზავნილი.
„ახალი 7 დღე“ დაუკავშირდა განათლების ყოფილ მინისტრს გია ნოდიას, იგი ამ განცხადებით გაკვირვებულია და აცხადებს, რომ მან ფინანსური დარღვევების შესახებ მედიასაშუალებებიდან გაიგო: „ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მოულოდნელია და მხოლოდ გაკვირვება შემიძლია გამოვთქვა. სპორტული ინვენტარის შესყიდვას სამინისტროს სხვა თანამშრომლები კურირებდნენ და ჩემი მოადგილეები.“
– თქვენ აპირებთ მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას საკუთარი პოზიციის გასამყარებლად?
– არა, არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. მე საქართველოს რიგითი მოქალაქე ვარ და ასეთ ქმედებებს არ ვგეგმავ.
– როგორ ფიქრობთ, ასეთი განცხადება, საქმის გამოძიებამდე ბრალდების გახმაურება და პირადად თქვენი სახელის ამ ბრალდების ადრესატად დასახელება პოლიტიკური მოტივით ხომ არ არის განპირობებული?
– ვერაფერს გეტყვით. ზუსტად ჩემთვის არაფერია ცნობილი.
"ახალი 7 დღე"