ავტორი ბელა ზაქაიძე
23:58 11.11.2011
19 წლის გვანცა ყუფარაძე 5 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. მას საპატიმრო სასჯელის ვადა დღეს ამოეწურა. ყუფარაძე კიდევ ხუთ წელს პირობით პატიმრობაში გაატარებს. რუსთავში, ქალთა საპატიმროსთან მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.მსჯვარდებულის მშობლები ამბობენ, რომ სიმართლისთვის ბრძოლა მათი შვილის გათავისუფლებით არ დასრულებულა. საქმე ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ სტარასბურგშია გაგზავნილი და თავის რიგს ელოდება.
ყუფარაძის გათავისუფლებას დილიდან პოლიტიკოსებიც ელოდებოდნენ. ისინი ამბობენ, რომ ყუფარაძის საქმე საქართველოში არსებული უსამართლობის ერთ-ერთი მაგალითია.
გვანცა ყუფარაძე მისი საქმის გახმაურებას გაზეთ ”კვირის პალიტრას” უკავშირებს. ამისთვის მან კვირის პალიტრის ჟურნალისტს მადლობა გადაუხადა.
გვანცა ყუფარაძე სასჯელს თანაკლასელის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა.
ინციდენტი 5 წლის წინ თბილისის მე-12-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. თორნიკე ტყემალაძეს 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დამნაშავედ სასამართლომ 14 წლის გოგონა სცნო. ოჯახის ვერსიით კი ის მხოლოდ ინციდენტის თვითმხილველი იყო.
5 წლიანი სასჯელის შემდეგ დღეს გათავისუფლებული გვანცა ყუფარაძე სწავლას იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელებს, სადაც პატიმრობის პერიოდში ჩააბარა.
palitratv.ge
