ავტორი თამუნა მაისაშვილი
19:06 10.02.2012
საქართველოში უკვე აღარავინ დაობს, რომ სახელმწიფოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი ძალიან დიდია. ირღვევა მრავალი ადამიანის უფლება, მაგრამ პროტესტს ცოტა თუ გამოხატავს. დუშეთის მკვიდრი რევაზ ოთარაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს და სამსახურში აღდგენას მოითხოვს.
ოთარაშვილები დუშეთში სამეწარმეო ფართს ფლობენ, რომლის გაქირავებითაც ოჯახი დამატებით შემოსავალს ღებულობს. იანვრის პირველ რიცხვებში შენობით „ქართული ოცნების“ რეგიონული წარმომადგენლობა დაინტერესდა და რევაზ ოთარაშვილის ბებიასთან, იჯარით აღების თაობაზე მოლაპარაკებები აწარმოეს, თუმცა, მოგვიანებით ფართი დაიწუნეს, საქმიანი ურთიერთობა კი აღარ შედგა.
ოპოზიციური პარტიის დაინტერესება რევაზ ოთარაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გადა. 14 იანვარს სამსახურში მისული ოთარაშვილი რაიონის გამგებელმა ლაშა ჯანაშვილმა საკუთარ კაბინეტში შეიყვანა და „ქართულ ოცნებასთან“ არშემდგარი საქმიანი ურთიერთობის ბრალდებით, სამსახურიდან გაათავისუფლა.
რევაზ ოთარაშვილი: „როცა გავიგე, რომ გამგებელი მიბარებდა არ გამკვირვებია – ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვი. მისვლისას ჯანაშვილმა მითხრა: რეზიკო, შენ პირად ქონებას აქირავებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე, ამიტომ, თავფისუფალი ხარ სამსახურიდანო!
მართალია ჩემი გათავისუფლების მიზეზი ნამდვილად გაურკვეველი იყო, მაგრამ არავის არაფერი აუხსნია, ერთი კვირის მანძილზე დაცვა არ მიშვებდა მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში. ჟურნალისტ გელა ზედელაშვილს კი ლაშა ჯანაშვილმა უთხრა, რომ სამსახურიდან არ ვიყავი გათავისუფლებული; ამასთანავე ჯანაშვილი ამტკიცებს, რომ მე ინვალიდი არ ვარ, ეს უკვე სასაცილო ფაქტია. მაინტერესებს თუ არ ვარ გამოგდებული, რატომ არ შეიძლება შევიდე გამგეობაში?! სამსახურიდან გათავისუფლების რაიმე ოფიციალურ საბუთზე ხელი არ მომიწერია. შემდეგ შევიტყვე, რომ გათავისუფლების მიზეზად დასახელებულია ჩემი სამსახურში გამოუცხადებლობა. აღმოჩნდა, რომ ის ერთი კვირა, როდესაც სამსახურში არ მიშვებნდენ გაცდენილად ჩამითვალეს . მინდა ავღნიშნო რომ იქ მუშაობის მანძილზე არც ერთი შენიშვნა არ მიმიღია.
მაინტერესებს, არსებობს კანონი, რომელიც მიკრძალავს ივანიშვილის პარტიის რომელიმე წევრთან საუბარს?!
ამ ყველაფერთან ერთად მე არ დამინიშნეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფის დახმარება როცა არასამართლიანად ენიშნებათ ისეთი კატეგორიის ხალხს ვისაც დახმარება ნამდვილად არ ჭირდებათ. ლადო ჭინქაძემ მითხრა, რომ მე დახმარება არ დამენიშნებოდა და მიზეზი ის იყო , რომ სახლში მაქვს კომპიუტერი. ეს კომპიუტერი არ არის ჩემი!...
მადლობელი ვარ ლალი აფციაურის და გიორგი ცაგარეიშვილის – ეს ადამიანები დაინტერესდნენ და გულთან მიიტანეს ჩემი პრობლემა. დუშეთის მუნიციპალიტეტში არიან ძირითადად უნარშეზღუდული ადამიანები, ხშირად ირღვევა მათი უფლებები, მაგრამ ეს ფაქტები არაა გახმაურებული – რაც ძალიან მაწუხებს" – ამბობს რევაზ ოთარაშვილი.