- 8 ივნისს წყნეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაიჭრა დავით ლეჟავა. რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციამ დააკავა ლევან გოგიჩაიშვილი, რომელსაც დავით ლეჟავას დაჭრაში დასდეს ბრალი. გვესაუბრება გოგიჩაიშვილის ადვოკატი ნათია კორკოტაძე.
– ლევან გოგიჩაიშვილს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის მეხუთე ნაწილის გ ქვეპუნქტით, რომელიც ითვალისწინებს 5–დან 7 წლამდე პატიმრობას. ამ მუხლის განმარტებაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. თითქოს ლევან გოგიჩაიშვილმა დაჭრა ვინმე დავით ლეჟავა. ლევან გოგიჩაიშვილი დაკავებულ იქნა 17 ივნისს, დილის 4 საათზე საკუთარ სახლში. ოჯახის წევრებმა დამირეკეს და მივედი ძველი თბილისის სამმართველოში. იმ დროს უკვე გადაჰყავდათ მოდულის შენობაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში. აყვანის დროს არ მიუყენებიათ შეურაცხყოფა.
სამი საათის ლოდინის შემდეგ შევედი მასთან. ვფიქრობდი, რომ 117–ე მუხლის პირველ ნაწილზე იქნებოდა საუბარი. რაც ითვალისწინებს 3–დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მაგრამ ლევანს დაუმატეს პუნქტი – ხულიგნური ქვენაგრძნობით.
ვესაუბრე ლევანს. ამბობს, რომ იყო დაბადების დღეზე, მაგრამ დავით ლეჟავას ფიზიკურად არ იცნობს. ეს არის აბსურდული ბრალდება. ამ საუბრის შემდეგ დამირეკა პროკურორმა და მითხრა, ბრალი უნდა წავუყენო და მობრძანდითო. ჩვენ უარი განვაცხადეთ ჩვენების მიცემაზე. ავირჩიეთ დუმილის უფლება.
– რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– თუ ლევან გოგიჩაიშვილი დაიკითხებოდა მოწმის სტატუსით, მისცემდა ჩვენებას. რაც შეეხება ბრალდებულად დაკითხვის ოქმს, ლევანი თავს დამნაშავედ არ სცნობს და ის, რაც დაკავშირებულია სიტყვა ბრალდებულთან, არსად ფიგურირებს. არც ხელი მოვაწერეთ ბრალდებულის დადგენილებას, არც დაიკითხა, ნუსხაც არ ჩავიბარეთ მისი ბრალდებულად ცნობის შესახებ. სამართლებრივად 48 საათში უნდა მოხდეს ბრალის წაყენება, 72 საათში – აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება. მაგრამ გადაწყვეტილება 5 წუთში მიიღეს, შემოდის "კაპეზეს" თანამშრომელი და ეუბნება, დროზე მოწესრიგდი, უნდა გადაგიყვანონ. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. გამოვედი მის ახლობლებთან, რომ მეთქვა შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ამ დროს მირეკავს პროკურორი და მეუბნება, შუამდგომლობა ჩავაბარე, პროცესი ჩანიშნეს და უნდა მოხვიდეთ. მაგრამ ამ დროს მე უკვე ვიცოდი, რომ ლევანი უნდა გაეყვანათ. ვუთხარი, როცა ის ოთახიდან გამოვიდა, რომ მისი ეტაპირების ბრძანება უკვე გაცემული იყო და ამიტომ საჭირო არ იყო შემოვლითი გზებით საუბარი. ქალაქის სასამართლოში შედგა პროცესი.
ლევან გოგიჩაიშვილს რაზეც ბრალს უყენებენ, ის ფაქტი მოხდა 8 ივნისს. ლევანი დააკავეს 17 ივნისს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 68 კაცი დაიკითხა მოწმის სახით. ლევანი არც გამოუძახიათ და რომელიღაც არხის მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იმალებოდა. ლევანმა "მაესტროს" პირდაპირ ეთერში გააკეთა განცხადება, რომ არსად იმალებოდა. თუ გამოიძახებდნენ მოწმის სახით, მისცემდა ჩვენებას. დაკითხული 68 კაცის ჩვენებიდან, არანაირი სამხილი და ბრალი არ ყოფილა ლევანის მიმართ.
– მაშინ რის საფუძველზე დააკავეს?
– 15 ივნისს დააკავეს დათო ლეჟავას და. მე ვარ ამ ამბის თვითმხილველი. ადმინისტრაციულ სასამართლოში ვიყავი, ახალგაზრდების დარბევის ფაქტთან დაკავშირებით. იქიდან როცა ვბრუნდებოდი, დაახლოებით ღამის 11–ის ნახევარზე, დიღომში, ავეჯის სახლ "ბელუქსის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე გადაყენებული იყო რამდენიმე მანქანა. იქ სოდის თანამშრომლები იყვნენ. კუთხეში დავინახე გოგონა. ვიფიქრე, ეტყობა, ნარკოტიკული საშუალების შეძენა–შენახვაზე დააკავეს–თქო. მერე როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ის გოგონა იყო ირინა ლეჟავა, დათო ლეჟავას და.
– ამის შემდეგ გავრცელდა ირინას სატელეფონო საუბარი?
– სავარაუდოდ, ის წაიყვანეს მოდულის შენობაში, საიდანაც განხორციელდა სატელეფონო საუბარი. თანაც საკმაოდ აბსურდული მიზეზით, რეკავს და ამბობს, მე იმან, ვიღაცამ, მითხრა, რომ თურმე გოგიჩას დაჭრილია დათო ლეჟავა. გამოვიდა, რომ აღიარებითი ჩვენება გააკეთებინეს, შესთავაზეს თანამშრომლობა თავისუფლების სანაცვლოდ. დათო ლეჟავა იძულებული იყო, თუნდაც დის სასარგებლოდ გაეკეთებინა ჩვენება. ამის შემდეგ უკვე ლევან გოგიჩაიშვილს დაადეს ხელი.
– თქვენ მოითხოვეთ გირაოს საფუძველზე მისი გათავისუფლება, რატომ არ დააკმაყოფილეს?
– ალტერნატივის სახით მათ შევთავაზე გირაოს მინიმალური თანხა 2.000 ლარი. პროკურორმა თქვა, რომ ის შეიძლება დამალულიყო, რომ იძებნებოდა. როცა ვკითხე, სად დააკავეთო, მიპასუხა, საცხოვრებელ ბინაშიო. ცხადია, რომ ის არსად იმალებოდა. ახლა ირინა ლეჟავა უკვე განთავისუფლებულია, 2.000 ლარის სანაცვლოდ. ნარკოტიკული დანაშაულის პირველი, მეორე, მესამე მუხლი, ყველა მძიმე დანაშაულია. ხალხი 100.000–ს იხდის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ის კი მინიმალური თანხის სანაცვლოდ გაანთავისუფლეს. ჩვენ ვასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კომისიაში. არ მაქვს დიდი იმედი, რომ აღმკვეთ ღონისძიებას შემიცვლიან, მაგრამ პროცესუალურად მჭირდება მომავლისთვის. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ.
– თავად ლევანის განწყობა როგორია?
– ის მხნედ გრძნობს თავს. არ თვლის თავს დამნაშავედ. ახლა იმყოფება გლდანის ნომერ მერვე საპყრობილეში.
– რამდენადაც ვიცი, არსებობს მოწმე, გოგონას სახით.
– მოწმე არსებობს. ის მოწმეები, რომელთა ჩვენება პროკურატურამ გამოიყენა, არიან ირიბი მოწმეები და მტკიცებულებებიც ირიბია. არ შეიძლება დაჭრილის დედის, დის ჩვენება გამოყენებულ იქნას, როგორც მტკიცებულება. უნდათ დაუშვებენ ამ ფაქტს, უნდათ არა. ამ ეტაპზე პროკურატურამ გაიზიარა. ბრალის დადგენილებაში საბუთი არ მოიძებნება, არც ვარაუდი მტკიცებულების სახით, რომ ლევან გოგიჩაიშვილის მიმართ წაეყენებინათ ასეთი მძიმე ბრალდება.
ნათია კორკოტაძე