21:01 26.12.2011
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა „ლაივპრესის“ ჟურნალისტებს, თამარ ზანთარაიას და ნინო თოლორაიას გადაღებული ვიდეო მასალის კადრები წაუშალა.ჟურნალისტები ზუგდიდის თეატრში თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართულ შეხვედრას აშუქებდნენ, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები 18-დან 65 წლამდე ასაკის მამაკაცებს სამხედრო სარეზერვო სამსახურს სთავაზოდბნენ. “ლაივპრესს“ შეხვედრაზე დასწრება აუკრძალეს და არც ზეპირი ინფორმაცია მიაწოდეს შეხვედრის შინაარსის შესახებ.
ჟურნალისტებთან სამინისტროს წარმომადგენელი, მამუკა იოსავა შეხვედრის დასრულების შემდეგ მივიდა, როცა ჟურნალისტები თეატრის მიმდებარე ტერიტორიას და შეხვედრიდან გამოსულ მოქალაქეებს ვიდეოკამერაზე აფიქსირებდნენ. მამუკა იოსავას გარდა ჟურნალისტებთან სხვა სამხედრო პირებიც მივიდნენ და უთხრეს, რომ შეხვედრის გაშუქება „ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება“ და გადაღებული მასალა წაშალეს.
ერთ-ერთმა სამხედრო პირმა ჟურნალისტებს უთხრა მათთან ერთად წასულიყვნენ, „ქუჩაში ხომ არ ვისაუბრებთ“, ასე განუმარტა მან „ლაივპრესს“, თუმცა ჟურნალისტებმა წასვლაზე უარი განაცხადეს. სამხედრო პირებმა ვიდეომასალის წაშლისთანავე თეატრის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.
livepress.ge
