მოგმართავთ ჩვენს მიმართ განხორციელებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქ. ზუგდიდში 2009 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, როდესაც ზუგდიდში ჩამოსული იყო პრეზიდენტი სააკაშვილი თავის ამალასთან ერთად. ამ დღეს ჩვენ ვასრულებდით სამსახურებრივ მოვალეობას და ვცდილობდით დაგვეფიქისრებინა ამ ვიზიტის დეტალები, რა დროსაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენს მიმართ ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. (მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა 1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ).
კერძოდ:
ჩვენ ვიღებდით პრეზიდენტის გადაადგილებას ზუგდიდის ყინულის სასახლესთან და სამხარეო პოლიციასთან მდებარე სტადიონზე, სადაც იდგა პრეზიდენტის ვერტმფრენი. პრეზიდენტი უკვე აპირებდა ზუგდიდიდან გამგზავრებას და ჩვენ ვიღებდით ვერტმფრენში მისი ჩაჯდომის კადრებს. ამ დროს თავს დაგვესხდნენ პრეზიდენტის დაცვისა და ზუგდიდის რაიონული პოლიციის თანამშრომლები. მათ ხელმძღვანელობდნენ რაიონის გამგებელი ალექსანდრე ქობალია, სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავა, საპატრულო პოლიციის უფროსი ალექსანდრე ბელქანია და ჩვენთვის უცნობი პიროვნებები (30-მდე კაცი) პრეზიდენტის პირადი დაცვიდან. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობდა დაბალი, ჭაღარა, დაახლოებით 35-40 წლის მამაკაცი, რომელმაც გასცა ერთ-ერთი ჩვენგანის (ნანა ფაჟავას) დაკავების ბრძანება. მან ჯერ ფაჟავას მოსთხოვა ვიდეოკამერა იმ მოტივით, რომ თითქოს მან გადაიღო სახელმწიფო საიდუმლოება, ხოლო ჟურნალისტის შეპასუხების შემდეგ ბრძანა კამერის წართმევა და ბრალი დასდო მას მისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ამის შემდეგ ჟურნალისტს კამერა ძალით (ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის თანხლებით) წაართვეს და დაუმტვრიეს და დაცვის წევრებმა ეს კამერა გადასცეს ზემოხსენებულ მეგის ქარდავას. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს კამერის წართმევისა და ჟურნალისტების დაკავების შესახებ ბრძანება გასცა რაიონის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ. ამ დროს მობილური ტელეფონი წაართვეს ჩვენთან ერთად მყოფ კახა მიქაიას, რომელიც ცდილობდა ტელეფონით თბილისში მყოფი მეგობრებისათვის შეეტყობინებინა მომხდარი ინციდენტის შესახებ. დამტვრეული კამერა დააბრუნეს რამდენიმე საათის შემდეგ.
ყინულის სახლიდან პრეზიდენტის გამოსვლის დაფიქსირების მომენტში ერთ-ერთი ჩვენგანს (ილია ჩაჩიბაიას) პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და არ მისცეს გადაღების საშუალება. აღსანიშნავია, რომ ის იღებდა არა ესკორტს, არამედ მხოლოდ პრეზიდენტის ყინულის სახლიდან გამოსვლის კადრებს. ილია ჩაჩიბაიას მიმართ პოლიციის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები გაგრძელდა სამხარეო პოლიციის შენობასთან, სადაც პრეზიდენტის დაცვის მიერ მოხდა მისი დაკავება და უკანონო ჩხრეკა. მას წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც დააზიანეს, იქიდან ამოიღეს ჟურნალისტის პროფესიისათვის საჭირო მასალები და მხოლოდ ასეთი სახით დაუბრუნეს უკან. ჩვენ და მწვანე ტალღის კორესპონდენტი სოსო ხოფერია, აგრეთვე ჩემთან ერთად მყოფი კახა მიქაია ნახევარ საათზე მეტი დაკავებულები ვიყავით და მხოლოდ მას შემდეგ გადააბარეს ჩვენი თავი ადგილობრივ პოლიციას, როდესაც პრეზიდენტის ვერტმფრენი აფრინდა. ჩვენ წავედით გამგებლის რეზიდენციასთან, სადაც მოვითხოვეთ წართმეული ნივთების უკან დაბრუნება, რის შემდეგაც თავისი დანაშაულის დაფარვის მიზნით პოლიციელებმა შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვითაც თითქოს ჩვენ ჩავიდინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (წვრილმანი ხულიგნობა) და შეგვიფარდეს 100-100 ლარი ჯარიმა.
ბ-ნო პროკურორო,
სსსკ-ის 22-ე მუხლის თანახმად, თქვენ ვალდებული ხართ დაიწყოთ სის¬ხლის¬სამართლებრივი დევნა, თუ საამისოდ არსებობს საკმარისი საფუძველი. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ამისათვის სრულ საფუძველს იძლევა, რის გამოც გთხოვთ დაიწყოთ გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა ზემოხსენებულ ჩინოვნიკთა მიმართ, რომლებმაც ძალადობით და სამსახურებივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტებს ხელი შეგვიშალეს პროფესიულ საქმიანობაში. გთხოვთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაგვკითხოთ ჩვენც და ამ ინციდენტის სხვა მონაწილეებიც, რათა გამოიკვეთოს თვითეული მათგანის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე.
[პატივისცემით
ნანა ფაჟავა; ილია ჩაჩიბაია]