ავტორი ილია ჩაჩიბაია
17:06 25.12.2011
დედოფლისწყაროს რაიონში მარტოხელა დედამ მცირეწლოვანი შვილი სკოლიდან გამოიყვანა. ქეთინო მჭედლიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება უკიდურესი სიღატაკით ახსნა:-სპეციალობით პედაგოგი ვარ, სკოლაში ვმუშაობდი. შვილი 45 წლის ასაკში გავაჩინე, ვინაიდან ოჯახში დამხმარე არავინ მყავდა, ავიღე დეკრეტული შვებულება. როდესაც სამსახურში დაბრუნება ვცადე, დირექტორმა მაია ლაპიაშვილმა არ მიმიღო. ასე დავრჩი ყოველგვარი შემოსავალის გარეშე. ვის არ ვთხოვე დახმარება, მაგრამ დღემდე არანაირი წინსვლა არ მქონია. რაც გამაჩნდა ყველაფერი გავყიდე და თანხა ბავშვის გაზრდას მოვახმარე. ბოლო 4 წელიწადია რაიონის ხელმძღვანელობას დასაქმებას ვთხოვ, შვილს საჭმელი რომ ვაჭამო. დახმარების ნაცვლად გამგებელი სიცოცხლეს მიმწარებს. დედოფლისწყაროს ხელისუფლება ნაძირალებითაა დაკომპლექტებული. რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ინტრიგანია. შორს რომ არ წავიდეთ მაგას ისიც ეყოფა თავის წინამორბედს რაც გაუკეთა და ხელში აფერისტობით ჩაიგდო თანამდებობა.
არაფრის საშუალება აღარ მაქვს, ისეთ გაჭირვებაში ვართ, რომ წარმოდგენაც გაგიჭირდებათ. პირადად მეც ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, მეორე ჯგუფის ინვალიდი გახლავართ. ნერვიულობის ნიადაგზე ოთხი მძიმე დაავადება განმივითარდა. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე გეუბნებით დღეს ჩემს ოჯახს შია და ცივა. სახლში ერთი ნაფოტი შეშა არ გვაქვს.
თქვენი მეორე კლასელი გოგონა სიღარიბის გამო სკოლიდან გამოიყვანეთ. ნუთუ, ამის შემდეგ მაინც არავინ დაგეხმარათ?
-აბსოლიტურად არავინ. დილით გაუსაძლისი სიცივის გამო შვილი სკოლაში ვერ მიმყავდა, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება სახლში დავტოვო. ელემენტარულად, სახარჯოდ 50 თეთრის მიცემაც არ შემეძლო. ეზოში ერთი ძირი მსხლის ხე გვქონდა. ის მოვჭერით და რამდენიმე დღე გათბობისთვის ვიყენებდით. ახლა ბავშვი გაყივნის პირასაა. ალბათ, იცით, ჩვენს რაიონში როგორი მკაცრი ზამთარი იცის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთელი დღეების განმავლობაში მე, ბავშვი და ჩემი ხანშიშესული მამა მშივრები ვართ.
მინდა მივმართო ყველა უწყებას და ვთხოვო დამასაქმონ, რომ ოჯახი შიმშილით სიკვდილს გადავარჩინო.
თამარ მირზაშვილი: "ვართ უკიდურესად გაჭირვებულები, დილით ვერ ვდგები სიცივეში და ვერ ვჭამ საჭმელს. არ დავდივარ სკოლაში, რადგან მშიერს არ შემიძლია აზროვნება და გადაადგილება, სამწუხაროდ უკვე დავტოვე სკოლა. იქნებ გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და დაეხმაროთ დედას სამსახურის შოვნაში, რომ მე 21-ე საუკუნის მომავალი თაობა არ გავხდე მსხვერპლი. გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩემი თხოვნა, აღდგეს დედიკოს უფლებები. მინდა დაასაქმონ იმისთვის, რომ შეძლოს მოხუცებული პაპის მოვლა და ჩემი აღზრდა. მინდა ვისწავლო. ვვოცნებობ ჩვენი გაჭირვებული ოჯახი გადაურჩეს შიმშილით სიკვდილს".
