00:50 07.01.2012
<<<პირველი ნაწილი
საყურადღებოა, რომ “ქალდი“ დღესაც ჰქვია უძველეს ქართულ კუთხეს ტრაპიზონის მთებში, სადაც ოდითგან ცხოვრობდნენ ლაზები.
“ქალდეად“ ლაზურ-ჭანურ სივრცეს მოიაზრებს დიდი მეცნიერი პავლე ინგოროყვაც.
ამ ტოპონიმთან დაკავშირებით კი პირველი ინფორმაცია ჩვენს წერილობით წყაროებში ლეონტი მროველთან გვხვდება."ქართლის ცხოვრებაში" ვკითხულობთ: “კუალად გამოვიდნენ სხუანი ნათესავნი ქალდეველნი და დაეშენეს იგინიცა ქართლს”.
სიტყვა “ქალდიდან” უნდა იყოს ნაწარმოები ჩვენი ერის ეთნონიმი “ქართიც“, რომელსაც, ალბათ, უფრო ინფორმაციის უქონლობის გამო, მეცნიერთა დიდი ჯგუფი მხოლოდ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ საქართველოს აღმნიშვნელად მიიჩნევდა.
სინამდვილეში “ქალდი“ საერთო ქართული სამყაროს, კოლხეთის, ცენტრს, მის გულს ერქვა. გვიანდელ პერიოდში კი, უცხოტომელთა ზეწოლის შედეგად, ამ ცენტრმა ქართული ტომებითვე დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, იმავე კულტურის წიაღში, გადმოინაცვლა და შეიქმნა ქართლის სამეფო, რომლის სახელწოდებაც, როგორც დიდი ილია ვარაუდობს, სწორედ “ქალდიდან” მომდინარეობს.
ამდენად, ქალდი – ქართი – ქართლი – ქართველი, ჩვენი ერის ისტორიული გზის, ჩვენი ერთობის გამომხატველი ტერმინებია.
საერთოდ, ეს საკითხი შემდგომ კვლევასა და გაღრმავებას საჭიროებს.
საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე ჩვენმა გენმა გაუძლო ათასი ჯურის გარეშე ძალებისა და სხვადასხვა იმპერიის არაერთ მცდელობას, რომ გავეთიშეთ და დავენაწევრებინეთ; ჩვენ შევძელით, საკადრისი პასუხის გაცემა მათს ვერაგულ ქმედებებზე და დღემდე ერთობითა და ერთსულოვნებით მოვაღწიეთ. ჭკვიან მტერსა და უგუნურ მოყვასს დღესაც უნდა ჩვენი გაყოფა, მაგრამ, ღვთის მოწყალებით, ამას ვერ მიაღწევენ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ვიყოთ არა როსტომ ხანის, არამედ ცოტნე დადიანის მემკვიდრენი.
ჩვენი ერის ერთიანობის უნიკალურობა ჩვენს საოცარ მრავალფეროვნებაშია. ყველა კუთხე თავისებურებებით გამოირჩევა: განსხვავებულია მათი სიმღერა, ცეკვა, სამოსი, სამზარეულო, მეტყველება, კილო; მაგრამ ამავე დროს ყოველივე ეს ერთიანი ქართული სულის განუყოფელი ნაწილია.
ხასიათიც განსხვავებული გვაქვს; ზოგი უფრო ფიცხია, ზოგი დინჯი, ზოგი იუმორით სავსეა, ზოგიც მკაცრი, ზოგი სიტყვაძუნწია, ზოგი სიტყვამრავალი, ზოგი უფრო ალღოიანია, ზოგი კი დამყოლი ბუნებისა და მიამიტი …; მაგრამ ამ სხვაობის მიუხედავად, გვახასიათებს მთავარი საერთო თვისებებიც: სიყვარულის ნიჭი, მადლიერების განცდა, გულწრფელობა და სიალალე …
ჩვენს ერს ყოველთვის ჰქონდა მადლიერების გრძნობა ღვთისადმი. ამის დადასტურებაა საუკუნეთა მანძილზე, – განსაკუთრებით კი ყველაზე დიდი გაჭირვების ჟამს, – აშენებული ეკლესია-მონასტრების სიმრავლე. ეს განცდა მას ათეისტურმა საშინელმა რეჟიმმაც კი ვერ ჩაუკლა. ამიტომაცაა, რომ ახლა, პოსტსაბჭოთა პერიოდში, მიუხედავად სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ხანგრძლივი კრიზისისა, მიუხედავად გარედან თავსმოხვეული შეიარაღებული კონფლიქტებისა, ხალხის ძალისხმევით ათასობით ეკლესია-მონასტერი აღდგა და აშენდა, ამჟამად კი ღვთის სადიდებლად და სამადლობლად, მრევლის შესაწირით, შეიქმნა უნიკალური ხატი, “საქართველოს იმედი,” რომელზეც ჩვენი ეკლესიის ყველა წმიდანი და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მნათობნი არიან გამოსახულნი, რათა მათი მეოხებით გადავრჩეთ და გადარჩეს ჩვენი ქვეყანა; ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფლის წინაშე ვალი მოვიხადეთ და გასაკეთებელი აღარაფერი გვაქვს.
ურწმუნოთა 70-წლიანმა ბატონობამ ჩვენს საზოგადოებას ღრმა კვალი დააჩნია, და დაამახინჯა ჩვენი ცხოვრების წესი და აზროვნება; სხვადასხვა სახით ეს დღესაც ვლინდება. მათ შორის მადლიერების განცდასთან მიმართებაშიც.
ღვთისადმი მადლიერების გამოხატვა საჭიროა როგორც მთელი ერისთვის, ისე ცალკეული პიროვნებისთვის, რადგან ასეთი დამოკიდებულება მადლის მოპოვების უმარტივესი და ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა.
სახარებაში ვკითხულობთ, რომ განკურნებული ათი კეთროვანიდან მხოლოდ ერთი, სამარიტელი, დაბრუნდა მაცხოვართან მადლობის სათქმელად და ამიტომაც ღირსი გახდა შემოქმედი ღმერთი შეეცნო და ცხონების გზა ეპოვა, ხოლო დანარჩენმა ცხრა განკურნებულმა კეთროვანმა, რომელნიც აბრაამის შთამომავალნი იყვნენ და ,,სასუფევლის ძედ~ იწოდებოდნენ, უმადურობით დაკარგეს უფალი.
წმიდა მამები გვასწავლიან, რომ საიდუმლო სერობის შემდეგ ღვთის უდიდეს საიდუმლოს ნაზიარებ იუდას გულითადი მადლობა რომ ეთქვა იესო ქრისტესთვის, იმ საშინელ დაცემას თავიდან აიცილებდა. ამიტომაც, იუდა ღალატთან ერთად, უმადურობის სიმბოლოდაც მიიჩნევა.
მადლიერების გრძნობა ღვთისაგან გვაქვს მონიჭებული, – წერენ მამები, – და თვით ადამიანური ბუნება გვიბიძგებს ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს ჩვენთვის მზრუნველთადმი. შინაური ცხოველები და მხეცებიც კი ავლენენ სიყვარულს კეთილისმყოფელთადმი და რაოდენ გვმართებს, ეს განცდა გამოვხატოთ მის მიმართ, რომლისგანაც შეიქმნა ყოველი, რომელმაც მოგვმადლა ქვეყანა “უთვალავი ფერითა“, მოგვანიჭა სიცოცხლე, გონება, თავისუფალი ნება, ჯანმრთელობა, სიყვარულის უნარი, ბედნიერების განცდა, სამყაროს აღქმა, რომელიც გვითენებს ყოველ დღეს, გვაძლევს საკვებს, სითბოს, ჰაერს, წყალს და, რაც ყველაზე მთავარია, თავისი ჯვარცმისა და მსხვერპლშეწირული სიყვარულის ფასად ბოძებული წარუვალი ნეტარი ცხოვრების შესაძლებლობა.
განა შეიძლება, რომ ყოველ წამს არ ვგრძნობდეთ მის მზრუნველობას, ვიყოთ ყოველივე ამის მომხმარებელნი და არ გამოვხატავდეთ მისდამი გულწრფელ მადლიერებას?!
ვიქცევით კი ასე?
ჩვენდა სამარცხვინოდ, ხშირად მადლიერებას, ასე თუ ისე, ადამიანებისადმი უფრო ვიჩენთ, ვიდრე უფლის მიმართ.
მოჩვენებით მადლიერებას კი, როგორც ყველაფერ ფარისევლურს, აზრი არა აქვს და სისაძაგლეა იგი ღვთისა და კაცის წინაშე.
გავიხსენოთ კაენისა და აბელის მაგალითი.
რატომ შეიწირა ღმერთმა აბელის მიერ მირთმეული სამადლობელი ძღვენი, ხოლო კაენისა – არა?
იმიტომ, რომ აბელმა თავისი ქონების საუკეთესო ნაწილი გაიღო და ეს უფლისადმი მთელი სიწრფოებითა და მადლიერებით გააკეთა, კაენმა კი უგულოდ, მოვალეობის მოხდითა და ამპარტავნებით.
სწორედ ამიტომ განიძარცვა იგი მადლისაგან და დაეუფლა საშინელი შური ძმის მიმართ, შემდეგ კი იმდენად დაეცა, რომ ყურად აღარ იღო აღარც შემოქმედის გაფრთხილება: “თუ სიკეთის მქმნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე“ (დაბ.4.7) და მკვლელობის უსაშინელესი ცოდვის პირველი ჩამდენი გახდა.
ამის მთავარი მიზეზი კი უმადურობა იყო.
უმადურობა ამპარტავანთა, ანუ ყველაზე დიდი და საშინელი ცოდვის მქონეთა, ერთ-ერთი თვისებაა; მაშინ, როდესაც გულწრფელი მადლიერება თავმდაბლობის გამოხატულებაა და ასეთ ადამიანებს ახასიათებთ.
ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისათვის, მათ შორის ავადმყოფობისა და სხვადასხვა განსაცდელთათვის, რადგან უფლის განგებულებით აღესრულება ყოველი და იგი აუცილებელია ჩვენი სულიერი აღზრდისა და ცხონებისათვის.
“ვინც უყვარს უფალს, მასვე ზრდის, ხოლო შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს… და თუ შორს ხართ აღზრდისაგან …, ნაბუშრები ხართ და არა შვილები“ (ებრ.12,6,8), – გვასწავლის პავლე მოციქული.
შეჭირვებისა და მწუხარების მადლიერებით დათმენის საუკეთესო მაგალითია კონსტანტინეპოლის პატრიარქი, წმ. იოანე ოქროპირი.
იგი იყო მსოფლიო ეკლესიის უთვალსაჩინოესი მოღვაწე, გამორჩეული თეოლოგი, მჭერმეტყველი; მისი ნაშრომები დღესაც სამაგიდო წიგნებია ქრისტიანული რელიგიით დაინტერესებულთათვის.
წმ. იოანე ოქროპირი როგორც საზოგადოებაში, ისე სამეფო კარზე უდიდესი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა, მაგრამ შურითა და ცილისწამებით სავსე ადამიანებმა იმდენი შეძლეს, რომ იმპერატორის ბრძანებით პატრიარქობიდან გადააყენეს და უსამართლოდ დევნილი და შეურაცხყოფილი გადასახლებაში გაგზავნეს ჯერ სომხეთში, შემდეგ კი – საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში, სოფ. კომანში, სადაც აღესრულა კიდეც.
ასეთი დამცირების მიუხედავად, იგი სიცოცხლის ბოლომდე ქრისტეს ერთგულ მხედრად დარჩა და მაცხოვრისა და მოყვასის სიყვარული არასოდეს დაშრეტია; პირიქით, აქედან ანუგეშებდა ბიზანტიაში დარჩენილ თავის სამწყსოს და მოუწოდებდა, ნებისმიერ სიტუაციაში მადლიერნი ყოფილიყვნენ უფლისა.
სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: “მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის”, რაც, ფაქტობრივად, პავლე მოციქულის ნათქვამის გამეორებაა: “მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგან ასეთია თქვენდამი ნება ღმრთისა ქრისტე იესოში“. (I თესალ.U5.18)
ასეთი დამოკიდებულება სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს მძიმე მდგომარეობას უნდა შევეგუოთ და ხვედრს დავმორჩილდეთ, ანუ ბედისწერის შესახებ არასწორი სწავლება გავიზიაროთ.
არა, მუდამ საჭიროა ლოცვა და სწორი ქმედება, როგორც ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: “ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და – ჰპოვოთ“ (მათე 7.7) ოღონდ, ამას არ უნდა ახლდეს დრტვინვა და მრისხანება, არამედ შემოქმედისადმი ყოველივე მადლიერებით უნდა აღესრულებოდეს და თუ ჩვენი სურვილი იმ ეტაპზე ჩვენი სულისთვის სასარგებლოა, მაცხოვარი აუცილებლად შეისმენს მას.
გავიხსენოთ მართალი იობი, როგორი სიმშვიდით, მოთმინებითა და მადლიერებით მიიღო მან თავსდატეხილი დიდი განსაცდელი; სანაცვლოდ კი უფალმა ამქვეყნადვე მრავალწილად დაუბრუნა ქონებაც, დიდებაცა და პატივიც.
სამწუხაროდ, ათეისტური აზროვნების გავლენითაა, რომ განსაცდელის დათმენა და მადლიერებით მიღება თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილისათვის სრულიად გაუგებარია, რადგან ისინი ასეთი დამოკიდებულების კეთილ შედეგს მიწიერ ყოფაში ვერ ხედავენ და, ამასთან, არ სჯერათ, რომ გარდაცვალების შემდეგ მარადიული სიცოცხლე იწყება. ამიტომაც ესწრაფვიან დიდებასა და კეთილდღეობას ამქვეყნად.
ურწმუნო ადამიანი როდესაც სიკეთეს აკეთებს, ფიქრობს, რომ მხოლოდ იგია მადლიერების ღირსი და მას ეკუთვნის სათანადო დაფასება. იგი ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი ქველმოქმედება პირადად მისთვის ახალი დიდი ცოდვის მიზეზი ხდება, რადგან ქება ამპარტავნებას უძლიერებს და მის სულს კიდევ უფრო აზიანებს.
ხოლო, როდესაც მორწმუნე აღასრულებს სიკეთეს, ამას უფლის სახელით იქმს და ამასთან, მადლობს შემოქმედს, რომ საშუალება მისცა სხვისთვის სიხარულის მინიჭებისა; ხარობს გაცემით, თუმცა თავს აღსრულებული ქველმოქმედების მხოლოდ გამტარად, საშუალებად აღიქვამს, ამიტომაც ჩრდილში ყოფნას ირჩევს და მადლობას და დიდებას უთმობს ღმერთს.
უფლისა მადლიერებას ყოველდღიური ლოცვებიც გვასწავლის, ხოლო ვინც ჯერ კიდევ ეკლესიურად არ ცხოვრობს და ეს ლოცვები არ იცის აუცილებელია, გულში მაინც თქვას მადლობა თუნდაც საჭმლის მიღების შემდეგ; ასეთი მცირედი წრფელი ქმედებაც კი მადლს მოაპოვებინებს და ცხონების გზას აპოვნინებს მას.
ამ თემაზე განსაკუთრებული ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ მადლიერება უმთავრესი ქრისტიანული სათნოებათაგანია და მასთან დაკავშირებით ჩვენი დამახინჯებული დამოკიდებულებები, აუცილებლად, უნდა გამოვასწოროთ.
მაშინ, როდესაც მოიწევა აღსასრული, “წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა“ (Iკორ.13.8), როდესაც რწმენაც განხორციელდება და აღსრულდება სასოებაც, ადამიანის სულს სასუფეველში მხოლოდ სიყვარულის გრძნობა და მადლიერების განცდა გაჰყვება. იგი ჭეშმარიტი სიყვარულის თანმდევია ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და მასთან ერთად ზეიმობს მარადიულ ნეტარებაში.
წმ. ამბროსი ოპტინელი წმ. პავლე მოციქულის დარიგების გათვალისწინებით, გამოყოფს ოთხ უმთავრეს სათნოებას და გვასწავლის: 1) იყავით მრავლის დამთმენნი; 2) მარადის ხარობდეთ; 3) მუდამ ილოცეთ; 4) მადლიერნი იყავით ყოველთვის; და ამასთან აღნიშნავს, რომ ამ სათნოებათა მოპოვება ბოლოდან ანუ მადლიერებით უნდა დავიწყოთ, რათა მადლი შევიძინოთ.
მადლი არ იყიდება და არც სხვა საშუალებით გადაეცემა. ნებისმიერმა ჩვენგანმა თვითონ უნდა იღვაწოს, იმდენი მადლი მოიპოვოს, რომ ცხონდეს. ამისთვის კი თავმდაბლობა უპირველესი პირობაა. უფალი ბრძანებს: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს“ (I პეტრე 5.5).
ამასთან, ადამიანს რაც უფრო მაღალი აქვს თანამდებობა და, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა, მადლმოსილებაც მეტი მართებს. მადლმოსილ პიროვნებათა სიმრავლე ქმნის ერის კეთილდღეობას, მადლის სიმცირე კი ხშირად განაპირობებს მის განსაცდელში ყოფნას.
ჩვენი პრობლემების უმეტესობაც მადლის ნაკლებობიდან მომდინარეობს.
მართალია, უღმერთობის ხანა დასრულდა და ხალხი ეკლესიური გახდა, მაგრამ მათი დიდი ნაწილის სარწმუნოება მაინც ნელ-თბილია, რადგან ყველაფერს გარეგნულად უგულოდ აკეთებენ. ქრისტეს სახელი მხოლოდ გონებასა და ბაგეებზეა, გულში კი ისევ “ძველი კაცი” სახლობს. ისინი, მართალია, ამბობენ აღსარებას და ასრულებენ საეკლესიო წესებს, მაგრამ, ამავე დროს, მათთვის უცხო არ არის განკითხვა, ცილისწამება, ამპარტავნება, სიცრუე, ეჭვი, უსიყვარულობა, გულგრილობა, სიზარმაცე, შური, მრისხანება…;
დაცემა და ადამიანური სისუსტენი ყველას აქვს, მაგრამ “მორწმუნეთა” ამ ნაწილისათვის ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება მისაღები გახდა და შეეჩვივნენ ამ მდგომარეობას.
ღმერთისთვის კი ასეთნი მიუღებელნი არიან და, ბუნებრივია, არც მათი სათხოვარი შეისმინება.
წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ვკითხულობთ: „ვიცი საქმენი შენნი; არც ცივი ხარ და არც ცხელი; ოჰ, ნეტავ ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ასე ნელ-თბილი ხარ… ამიტომ ამოგანთხევ პირისაგან ჩემისა“ (3. 15-16).
ღმერთმა ნუ ქნას ამ მდგომარეობაში დაამთავროს ვინმემ სიცოცხლე.
მაშ, მოვიკრიბოთ შინაგანი ძალა, ვისწავლოთ სწორი დამოკიდებულება ღვთისადმი და მოყვასისადმი; დავიწყოთ ყველაზე მარტივით, მადლიერებით. ელემენტარულ სიკეთეზეც კი გულწრფელი მადლიერება გამოვთქვათ, ხოლო კაცთა შორის განსაკუთრებული მადლობა გვმართებს მშობლებისადმი, „რათა კეთილი გვეყოს და დღეგრძელ ვიყოთ ქვეყანასა ზედა“. ასევე უნდა მოვიქცეთ ხანდაზმულთა და გარდაცვლილ წინაპართა მიმართ.
განვაგდოთ ჩვენგან „ძველი კაცი“, გულის კარი გავუღოთ მაცხოვარს; და იგი ჩვენში აუცილებლად დაივანებს. ხოლო როდესაც ეს აღსრულდება დავინახავთ, რომ ჩვენს შინაგან სამყაროში ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვლება და უფალიც მოგვაგებს თხოვნისამებრ.
საყვარელნო შვილნო, უდიდესი კრძალვით, სიყვარულითა და მადლიერებით განვუფინოთ ჩვენი სული, გული და გონება ბეთლემის ბაგასა შინა მწოლ ყრმას, ჩვენს უდიდეს მარადიულ ნუგეშსა და იმედს და შევღაღადოთ უფლის წინაშე ჩვენს საოცარ მეოხსა და მფარველს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს:
“მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ!”
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო და ბერძენნო, რუსნო და უკრაინელნო, აზერბაიჯანელნო და სომეხნო, ასირიელნო და უდინნო…, საქართველოს მკვიდრნო ყველა სხვა ერის წარმომადგენელნო, მართლმორწმუნენო, “მოიპოვეთ შეუძვრელი სასუფეველი და იქონიეთ მადლი და “მოადექით თქვენ სიონის მთას და ქალაქს ცოცხალი ღმერთისას, ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა უხილავ სიმრავლეს. მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას და ახალი აღთქმის შუამდგომელს იესოს“ (ებრ.12. 28, 22-23) და გიხაროდეთ, რამეთუ დღეს იშვა ქრისტე!"
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს – პატრიარქი
შობა ქრისტესი
თბილისი, 2012 წელი
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი მანანა ნოზაძე 20:00 30.04.2012 გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა დ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:34 06.09.2013 პროკურატურის გამოძიების მასალებით, ჯარისკაც როინ (რომა) შავაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ: შ...
-
ილია ჩაჩიბაია (დ. 2 ივნისი, 1988, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე პ...
-
ხალხის აზრი გაზიარება [15:26 01-12-2010] მომხრე დავით დარჩიაშვილი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიტიკურ მეცნი...
-
22:36 24.08.2011 22 აგვისტოს ჩეხეთში რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა კობახიძე გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი 24 აგვისტოს რამაზ ჩხიკვაძესთან ...
-
02:06 10.12.2011 ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში, დავით აქუბარდიას გადაცემაში განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედში”...
-
ევროპა და ამერიკა რას მიქვია? ბოლო დროს ქართველებს დედამიწის მივიწყებულ კუნჭულებშიც კი ნახავთ. ქართველების დიდი ნაწილი უცხოეთში სამწუხაროდ მ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
14:39 24.02.2014 საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ ჩრდილელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც კომენტარს უ...
-
ავტორი თეონა მანაგაძე 15:23 22.02.2019 ვერ ვიქცევი პულტზე ხელის დამჭერად, ვერ შემჭამს კონიუქტურა, რაც მნიშვნელოვანია, ყოველთვის იმ მხარეს...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (მეორე ნაწილი)
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
ავტორი მანანა ნოზაძე 20:00 30.04.2012 გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა დ...
-
თუ ხელისუფლება ჩემს დაპატიმრებას გადაწყვეტს, ეს ძვირად დაუჯდება , _ ამის შესახებ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლი...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:34 06.09.2013 პროკურატურის გამოძიების მასალებით, ჯარისკაც როინ (რომა) შავაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ: შ...
-
22:36 24.08.2011 22 აგვისტოს ჩეხეთში რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა კობახიძე გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი 24 აგვისტოს რამაზ ჩხიკვაძესთან ...
-
ილია ჩაჩიბაია (დ. 2 ივნისი, 1988, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე პ...
-
ხალხის აზრი გაზიარება [15:26 01-12-2010] მომხრე დავით დარჩიაშვილი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიტიკურ მეცნი...
-
ავტორი b2p.ge 02:06 03.12.2011 "გაბრიელ გარსია მარკესი - 14 ფრაზა ცხოვრების შესახებ" 1. მე შენ მიყვარხარ არა იმის გამო, თუ ვინ ხა...