00:50 07.01.2012
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე:"ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
„ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი,
ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს“
(I პეტრე 5.5)
მადლობა უფალს, რომ კვლავ გავხდით ღირსნი, მოგვესმინა ანგელოზთა საოცარი საგალობელი: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”(ლუკა 2.14).
ყოვლადწმიდა სამების მოწყალებით “სიტყვა ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 1.14).
დიახ, “დღეს დავითის ქალაქში დაიბადა… მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი” (ლუკა 2.11) და უწოდებენ სახელად ემმანუელს, რაც თარგმანებით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“ (მათე 1.23).
გიხაროდეთ, ერნო, “რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“ (Iკორ.27.6).
მაშ, მივეახლოთ მას და თაყვანი ვსცეთ, ვითარცა მწყემსთა ბეთლემისათა და შევწიროთ ძვირფასი ძღვენი, ვითარცა მოგვთა აღმოსავლეთისათა.
იგი მოვიდა ამქვეყნად, რათა მოუხმოს თავის ცხოვართ და აზიაროს ისინი ჭეშმარიტ თავისუფლებასა და ბედნიერებას.
ვინ შეიძლება შემოგვთავაზოს უკეთესი არჩევანი? ანდა რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად სანუკვარი?!
მაგრამ ამას ბევრი ვერ ხვდება, არამედ მხოლოდ ისინი, რომელნიც სიცოცხლის აზრს სწორად აცნობიერებენ.
საერთოდ, ყოველი გონიერი ადამიანი ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას, – რისთვის არის ამ ქვეყანაზე და რა უნდა აკეთოს? ეს კი ცხოვრების საზრისის, ანუ სამყაროში თავისი ადგილის, პოვნას გულისხმობს. თუმცა არსებობენ ისეთნიც, რომელნიც ასეთ კითხვას მთელი ცხოვრების მანძილზე არ უსვამენ საკუთარ თავს და მიწიერ ყოფას უმიზნოდ და, შესაბამისად, უაზროდ ამთავრებენ.
საზოგადოების ნაწილი კი თავის მრწამსს, თავის დანიშნულებას საკუთარ წარმოდგენაზე, ან სხვადასხვა თეორიისა და რელიგიის სწავლების საფუძველზე აყალიბებს. მათი ქმედება, რა თქმა უნდა, მოტივირებულია და ხშირად წარმატებულიც ამ ქვეყანაზე, მაგრამ სულის ცხონება, რაც ყველაზე მთავარია და არსებითი, ამ გზით ვერ მიიღწევა.
ყველასგან განსხვავებულია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცხოვრების საზრისი. მას შეიძლება ,,ქრისტესმიერი გონება“ ეწოდოს, რადგან იგი, პირველ რიგში, სულიწმიდის მადლმოსილებას გულისხმობს, შემდეგ კი ადამიანურ შესაძლებლობებს.
„ქრისტესმიერი გონის“ შესახებ შეიძლება ითქვას იგივე, რასაც წმიდა პავლე მოციქული ჭეშმარიტ სიყვარულზე წერს, რომ იგი არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ შურს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ მოიწონებს უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფერს ითმენს, ყოველთვის იმედი აქვს.
ამ სულისკვეთებით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები.
ქართული სულის ერთ-ერთი სახასიათო თვისება შოთა რუსთაველმა ასე გამოთქვა: “რასაცა გასცემ შენია, რას არა, დაკარგულია“.
ზოგიერთი ვერ ხვდება მის შინა არსს, რადგან, მიწიერი ლოგიკით, სხვისთვის მიცემული ნივთი თუ ქონება გამცემს აღარ ეკუთვნის და ეს ნათქვამი, ბუნებრივია, მისთვის გაუგებარია.
არადა, აღნიშნული აფორიზმი შეიცავს ღრმა ქრისტიანულ სწავლებას ადამიანის უკვდავების შესახებ.
მორწმუნეს სწამს, რომ მის მიერ აღსრულებული უანგარო ქველმოქმედება სათნოა ღვთისათვისაც და ადამიანისათვისაც. ამასთან, იცის, რომ რასაც გასცემს ამქვეყნიურ დროებით ყოფაში, მას მარადიულ ცხოვრებაში დაიუნჯებს და ეს არის მიზეზი მისი სულიერი სიხარულისა, ხოლო რასაც არ გასცემს, ბუნებრივია, ის მას მარადიულ ყოფაში მოაკლდება.
ამიტომაც, ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, მიცვალებულის სულისთვის, ლოცვასთან ერთად, მის სახელზე მოწყალების გაღება აუცილებელია, რაც დიდად შეეწევა გარდაცვლილს.
სწორედ ასეთი აზროვნებიდან მომდინარეობს ქართველი კაცის სტუმართმოყვარეობა, ხელგაშლილობა, თანადგომისა და თავგანწირვის უნარი; ისიც, რომ იგი ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს, უშურველად წირავდა მოყვასისა თუ სამშობლოს საკეთილდღეოდ.
ეს დამოკიდებულება იმდენად შეისისხლხორცა ჩვენმა ერმა, რომ იგი მის განუყოფელ თვისებად იქცა.
“ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად”, – საუკუნეებია შთამომავლებს დევიზად გადაეცემათ ეს სიტყვები.
ასე იზრდებოდნენ თაობები; რა თქმა უნდა, მათ შორის მუდამ იყვნენ კარიერისა და პირადი კეთილდღეობის სურვილით საკუთარი მეობისა და ქვეყნის ინტერესების ნებაყოფილობით უარმყოფელნი და საზოგადოებისათვის ცუდი მაგალითის მიმცემნი, მაგრამ დღემდე სწორედ იმიტომ მოვაღწიეთ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი გაჰყვა არა მათ, არამედ ჩვენი ეროვნული მეობისა და სარწმუნოებისათვის თავდადებულებს.
ახლა დრო შეიცვალა, თუმცა ბრძოლა ისევ გრძელდება; განსხვავება კი იმაშია, რომ თუ ადრე დაპირისპირებული მხარეების საჯარისო ნაწილები ომობდნენ, ახლა ბრძოლა ადამიანის საზრისის, ანუ აზროვნების წესისთვის, მიმდინარეობს, რაც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით ხორციელდება;
ძირითადად ამ გზით ვრცელდება ფსევდოკულტურა და ანტირელიგიურ ღირებულებათა სისტემები, რომელთა ქვაკუთხედსა და მთავარ მამოძრავებელ ძალას ეგოიზმი წარმოადგენს.
ეგოიზმის წინ წამოწევა კი ხელს უწყობს პიროვნებაში მომხმარებლური და მომხვეჭელური მისწრაფებების განვითარებას, რაც იწვევს საზოგადოების საერთო დეგრადაციას, ხოლო გარემოში – ეკოლოგიურ კატასტროფებს.
უარყოფითი საინფორმაციო ველი ყველაზე მეტად მომავალ თაობაზე მოქმედებს. ისინი ხომ ცხოვრების დიდ ნაწილს ტელევიზორთან და ინტერნეტთან ატარებენ და, ფაქტობრივად, არავინ არის მათი სწორად ფორმირებისათვის ხელისშემწყობი, რადგან სკოლაც და უმაღლესი სასწავლებელიც სათანადოდ ვეღარ ასრულებენ აღმზრდელობით ფუნქციას, არც მშობლებს სცალიათ შვილებისათვის; ეკლესიაც მასთან მისულთა მიმართ ძირითადად აღსარებითა და ზიარებით იფარგლება.
ეს ასე აღარ უნდა გაგრძელდეს და რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამისთვის კი არსებული ვითარება სწორად უნდა შევაფასოთ.
ფაქტია, რომ ელექტრონული მასმედიით, უარყოფითთან ერთად, ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციაც ვრცელდება ყველა სფეროში. ამაშია გლობალიზაციის ერთ-ერთი დადებითი მხარე და სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ სათანადოდ.
ვფიქრობთ, ამიტომაც კარგად უნდა ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები და მათი საშუალებითაც უნდა გავუჩინოთ ახალგაზრდებს ღრმა აზროვნების სურვილი, ავისა და კარგის გარჩევის უნარი, გავუღვივოთ ინტერესი სხვადასხვა ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი, რათა დააფასონ სხვათა ღირსება და მათგან კეთილი შეითვისონ.
მაგრამ ყოველივე ამას შეძლებს მხოლოდ ის, ვისაც მყარად აქვს ჩამოყალიბებული ეროვნულ-ქრისტიანული საზრისი. ამისთვის კი აუცილებელია, ვასწავლოთ მათ საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, ქართული ფოლკლორი, კულტურა და ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები…, ჩვენ უნდა შევქმნათ კონკურენტუნარიანი საინფორმაციო გარემო, რომელიც ზემოაღნიშნულ ფასეულობებს დაეფუძნება და მათ თანამედროვეობასთან შეაზავებს. ეს კი დიდად დაეხმარება ახალგაზრდებს, დამოუკიდებლად გასცენ პასუხი დროის გამოწვევებს.
ამაშია საქართველოს გადარჩენა.
ახლა კი თქვენს ყურადღებას საქართველოს ისტორიაზე შევაჩერებ.
სამწუხაროდ, ჩვენი უძველესი ისტორიის ზოგიერთი საკვანძო საკითხი, რაც ქართველთა წარმომავლობასა და ერის ერთიანობას უკავშირდება, რეალური სახით თანამედროვე საზოგადოებამ ნაკლებად იცის. ამის მიზეზი არის ის, რომ ცარიზმი და საბჭოთა იმპერია ყოველთვის ცდილობდნენ, იგი არაობიექტურად წარმოეჩინათ. მათ არ სურდათ, ჩვენს ხალხში ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, რადგან იგი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნის საშიშროებას შეიცავდა. არაობიექტურად მიწოდებული ისტორიის საფუძველზე, სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ შეიქმნა, მაგალითად, ავტონომიები, XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში.
ადრეც მითქვამს, რომ სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ცენზურას განიცდიდა ქართული ისტორიოგრაფია, ენათმეცნიერება და სხვა ისეთი მიმართულებები, რომელნიც მსოფლმხედველობის განმსაზღვრელ დარგებად მიიჩნეოდა.
ჩვენს ცნობილ მკვლევარებს დიდი ძალისხმევა და თავდადება დასჭირდათ, რათა ნაწილობრივ მაინც გადაერჩინათ და დღემდე მოეტანათ ჩვენი ერის ისტორიული სიმართლე.
ახლა კი, როდესაც აღსდგა საქართველოს თავისუფლება, აუცილებელია, შეგნებულად დაფარული წარსულის წარმოჩენა და საქართველოს ობიექტური მატიანის დაწერა უხსოვარი დროიდან დღემდე (აღნიშნულ საკითხზე ბოლო სხდომაზე იმსჯელა წმ. სინოდმა და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება. ამას ჯერ კიდევ XIX ს-ში და XX ს-ის დასაწყისში ცდილობდნენ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილნი, მაგრამ მათი ნააზრევი მაშინდელი სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის საპირწონედ, ბუნებრივია, ვერ იქცა.
მაგალითად, გავიხსენოთ წმიდა ილია მართალი, რომელიც ქართველთა ფესვებს უკავშირებს ურარტულ წიაღს, რასაც, ალბათ, ისიც განაპირობებდა, რომ ურარტუელთა სამ მთავარ ღვთაებას შორის უპირველესს “ქალდი” ერქვა.
“ურარტუელნი ქართველთა წინაპარნი ყოფილან, ქართველთა სისხლ-ხორცნი,” – წერს იგი “ქვათა ღაღადში” და ამ აზრს მისი დროის უცხოელ მეცნიერთა კვლევებითაც ამყარებს.
თავის ცნობილ ნაშრომში, – “ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში,” – კათოლიკოს-პატრიარქი კირიონიც არაერთხელ აღნიშნავს, რომ ქართველნი შთამომავალნი არიან ქალდეველთა, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს უძველესი მსოფლიო ისტორიისა და კულტურის განვითარებაში.
