ტელეკომპანია „კავკასიის" შენობაში შეჭრისა და იქ ატეხილი ჩხუბის შემდეგ დაკავებული 8 ადამიანისთვის გამოტანილი სასამართლო განაჩენი ადვოკატმა მანანა კობახიძემ 9 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
გაზიარება
[18:31 14-09-2010]
2010 წლის 7 მაისს, ახალგაზრდა ავტორის ერეკლე დეისაძის წიგნთან „საიდუმლო სირობასთან" დაკავშირებით ტელეკომპანია "კავკასიის" ტოქშოუ ბარიერის პირდაპირ ეთერში გამართული დისკუსიის დროს, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" (მმკ), ასევე "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" (სსმ) წარმომადგენლებსა და მათ ოპონენტებს შორის გაჩენილ უთანხმოებას ტელეკომპანიაში უცხო პირთა შეჭრა და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. „კავკასიის" პირდაპირ ეთერში გასული კადრების მიხედვით, ინციდენტის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის პრეზიდენტს, დავით აქუბარდიას და რამდენიმე თანამშრომელს.
„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისა" და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრები თბილისის საქალაქო სასამართლომ როგორც ხულიგნობის, ისე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით გაასამართლა და მათ 4 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლე მილერი ხარებავას მიერ გამოტანილ განაჩენს დაუსაბუთებელს უწოდებს მსჯავრდებულების ადვოკატი. მანანა კობახიძის თქმით, როგორც ჟურნალისტების, ისე პოლიციელების ჩვენებიდან, ასევე საქმეზე დართული სხვა მტიკიცებულებებიდან არ დასტურდება, რომ მსჯავრდებულება გადაცემის წამყვანს ჟურნალისტურ საქმოანობაში ხელი შეუშალეს.
„თავად ჟურნალისტები ნინო ჯანგირაშვილი, დავით აქუბარდია, ალექსანდრე ელისაშვილი და სხვები ამბობდნენ, რომ დაკავებულებს გადაცემა არ ჩაუშლიათ, თუმცა სასამართლომ მიუთითა, რომ ეს არის მოწმეების მოსაზრება და არ გაიზიარა მათი ჩვენება, რაც აბსურდია. გარდა ამისა, თუ ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეეშალათ, რატომ არ არის დაზარალებულად ცნობილი გადაცემის წამყვანი ნინო ჯანგირაშვილი? ეს არის ძალიან სერიოზული პროცესუალური დარღვევა", - განმარტა მანანა კობახიძემ.
ადვოკატის თქმით, აღნიშნულ საქმეში ხულიგნობის ნაწილში სასამართლომ დაზარალებულად ტელეკომპანიის ხელმძღვანელი დავით აქუბარდია და რეჟისორი გეგეჩკორი ცნო, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ნაწილში კი დაზარალებული არ არსებობს.
მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
სააპელაციო სასამართლომ საქმე შეტანიდან ორი კვირის ვადაში უნდა განიხილოს. „გამამართლებელი განაჩენის გამოტანის იმედი არ მაქვს, რადგან ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს, მაგრამ, ვიმედოვნებ, ჩემი დაცვისქვეშ მყოფ პირებს სასჯელი შეუმცირდებათ," - თქვა კობახიძემ, რომელმაც დასძინა, რომ თუ სააპელაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს მის სარჩელს , მაშინ ის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართავს.
media.ge