როდესაც ტელევიზორი ჩავრთე, თავიდან მეგონა, რომ მორიგ შემეცნებით ფილმს ვუყურებდი, ამჯერად პირველყოფილი ადამიანების ცხოვრებიდან, ზღვის ფონზე ენერგიულად მოძრაობდა და ხელებს იქნევდა წელს ზემოთ შიშველი ჰუმანოიდი, რომელსაც თანამედროვე ადამიანებისგან ფრიად არასპორტული, არაპროპორციული აღნაგობა და ხშირი ბალნით დაფარული სხეული განასხვავებდა. ის ჩვეულებრივ ნეანდერტალელზე მაღალი ჩანდა და ვიფიქრე, რომ ფილმი “Homo erectus”-ებზეა, ისეთებზე, როგორებიც ზეზვა და მზია იყვნენ, რომლებსაც არქეოლოგებმა დმანისში მიაგნეს.
გაზიარება
[დიმიტრი მონიავა. 00:16 11-12-2010]
თუმცა, როდესაც ის, ვინც თავიდან ერთი რიგითი პიტეკანტროპი მეგონა, უფრო ახლო ხედით აჩვენეს, მივხვდი, რომ ეს სულ სხვა კინოა და წელს ზემოთ შიშველი ადამიანი არც ზეზვა და, მითუმეტეს, არც მზია იყო; თქვენ, ალბათ, უკვე მიხვდით, თუ ვინ გამოჩნდა მრავალტანჯულ ტელეეკრანზე.
როგორც შემდეგ სახელისუფლო პროპაგანდამ ახსნა, მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა, ბათუმისკენ ინვესტორებისა და ტურისტების ყურადღება მიეპყრო, თუმცა, ცხადია, ნებისმიერი საღი გონებისა და კეთილი ნების ადამიანი ამ შოკისმომგვრელი სურათის დანახვისას შეეცდებოდა, აღნიშნული ადგილისგან მაქსიმალურად შორს აღმოჩენილიყო. უახლეს ისტორიას ორი მოცურავე მმართველი ახსოვს, სადამ ჰუსეინი და მაო ძედუნი, რომელმაც 73 წლის ასაკში 14 კილომეტრი გაცურა. სააკაშვილის სამნახევარი კილომეტრი ამ მაჩვენებელთან შედარებით სასაცილოდ გამოიყურება, თანაც, ის, ვინც ცურვაში ერკვევა, ყურადღებას მიაქცევდა იმას, რომ იმ მოუქნელი სტილით, რომლითაც სააკაშვილი მიცურავდა, 3,5 კმ. დისტანციის დაფარვა ძლიერ გაუჭირდებოდა, როგორც პროპაგანდის მიერ გამოცხადებულ დროში, ისე - საერთოდ.
საქმე, ალბათ, გაცილებით მარტივადაა და ტურისტებსა და ინვესტორებს ნაკლებად ეხება.
სააკაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს, თუნდაც ამისთვის უაღრესად ექსტრავაგანტული ნაბიჯების გადადგმა მოუწიოს, რადგან, სავარაუდოდ, გრძნობს, რომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ინტერესი მისდამი პრაქტიკულად ნულს გაუტოლდა. საგულისხმოა, რომ ამ მოვლენების კომენტირებისას თითქმის არავის გამოუყენებია ფრაზა “მეფე შიშველია”, რადგან, როგორც ჩანს, “მეფედ” (ფართო გაგებით მმართველად, რომელიც ყურადღებას, თუნდაც თავისი სტატუსის გამო იმსახურებს) სააკაშვილს აღარავინ აღიქვამს. ყურადღების მიპყრობის სურვილმა კი იგი ისეთ ნაბიჯამდე მიიყვანა, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ლამის ექსგიბიციონიზმის აქტად შეაფასა; “До чего же Вы дошли, эрцгерцог...”
არადა, რა კარგად იწყებოდა ყველაფერი: “დემოკრატიის შუქურა”, “პროგრესული კაცობრიობის იმედი”, ავანსები, კრედიტები, მხარდაჭერა... ასეთ სასტარტო პირობებში იგივე პიტეკანტროპი ზეზვა შვიდწლიანი ევოლუციის შემდეგ, როგორც მინიმუმი, პუანკარეს თეორემას დაამტკიცებდა და ნობელის პრემიას აიღებდა. თუმცა მიხეილ სააკაშვილი სხვა გზით წავიდა და სტარტიდან შვიდ წელიწადში ბათუმის პლაჟზე ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელიც, ალბათ, ზეზვასთვისაც სათაკილო იქნებოდა.
ვერაფერს ვიზამთ, ევოლუცია შეიძლება როგორც პროგრესის, ისე რეგრესის გზით წავიდეს, თუ რა მიმართულებით წავიდა “ვარდების რევოლუციის” ევოლუცია, მგონი, ყველანი ვხედავთ.
თუმცა ჯერ სად ვართ, როგორც ვატყობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. სააგენტო “GHN”-ის ცნობით, “აჭარაში ნუდისტური პლაჟის გახსნა იგეგმება”, რომლის მოწყობას, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი ამერიკული ტურისტული კომპანია გეგმავს. ალბათ, მიხეილ სააკაშვილი ამ პლაჟის გახსნაზეც მივა, რადგან, როგორც წესი, ნებისმიერი ობიექტის გახსნას ესწრება. საქმეში ჩახედული ექპერტები არ გამორიცხავენ, რომ ნამდვილი თავდავიწყება სწორედ ნუდისტური პლაჟის გახსნის ცერემონიაზე დაიწყება.
ისე, იმისთვის, რომ უცხოელი ნუდისტები მოიზიდო, მათ უნდა აჩვენო, რომ აჭარის ნუდისტურ პლაჟზე სიცოცხლე დუღს. ალბათ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ პლაჟის შესავსებად, პირველ ეტაპზე, იმ აქტივისტებს გამოიყენებენ, რომლებიც ხელისუფლებას სხვადასხვა ღონისძიებებზე “მადლიერი ხალხის” როლის შესასრულებლად დაჰყავს. ასე რომ, ძვირფასო აქტივისტებო, შეიძლება საჯარო გაშიშვლება მოგიწიოთ. ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით, რადგან ეს გზა ცხოვრებაში თქვენ თავად აირჩიეთ.