გახდნენ თუ არა დღევანდელი პოლიტიკოსები მოსაწყენები; რა აკავშირებს შალვა რამიშვილს ეროსი კიწმარიშვილთან და რატომ არ მოსწონს ნინო ბურჯანაძე; არიან თუ არა სტეფანე და კახუჩელა თანამედროვე წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლები და რა არ უნდა გაუვიდეს დუტას. ამის შესახებ “პრესა-ჯის” შალვა რამიშვილი ესაუბრა:
გაზიარება
[გიორგი ჩხაიძე. 23:40 10-04-2011]
ზოგი პროვოკატორს გეძახის, ზოგი ძველ ამბებს გახსენებს, რა არის ამის მიზეზი?
- როდესაც პროვოკატორს მეძახიან და ამას დაუსაბუთებლად ამბობენ, ეს უკვე ლანძღვაა და ცილისწამებაა, არც “პრაიმ-ტაიმში” და არც ბურჭულაძესთან, არანაირი პროვოკაცია არ მომიწყვია, მივედი და დავუსვი შეკითხვა. როდესაც რამეს გაბრალებენ, ამას დასაბუთება სჭირდება.
რა ურთიერთობა გაკავშირებს ეროსი კიწმარიშვილთან?
- ეროსი კიწმარიშვილი არის იმ კომპანიის დამფუძნებელი, რომელთანაც ახალი გადაცემის კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. მას ვიცნობ ოთხმოცდათექვსმეტი წლიდან, როცა “რუსთავი-2”-ს შეექმნა პრობლემები და მაშინდელი თავისუფალი მედია გვერდში დაუდგა. ასევე, ვაკეთებდი მის არხზე პროექტ “დარდუბალას”.
შალვა, პირველი გადაცემა “შეფიცულთა რაზმზე” გააკეთე. ეს შეფასდა როგორც ეროსი კიწმარიშვილის დაკვეთა.
- ბურჯანაძის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა რომ მდომებოდა, ამას სხვაგვარად დავგეგმავდი. მივედი კამერებით და ვთხოვე “შეფიცულთა რაზმში” ჩაწერა, რომ გაეღოთ კარები, შევსულიყავი და მომხდარიყო “შეფიცულთა რაზმში” ჩემი გაწევრიანება, როგორ მოვახდენდი მათ დისკრედიტაციას. ნამდვილად არ მეგონა, რომ ასე მოიქცეოდნენ და ასეთ საჩუქარს გამიკეთებდნენ.
თავად თუ მოგწონს ნინო ბურჯანაძე, როგორც პოლიტიკოსი?
- როგორც პოლიტიკოსი არ მომწონს, აკლია პოლიტიკური გემოვნება და საერთოდ არ ესმის პიარი.
და როგორი პოლიტიკოსია ლევან გაჩეჩილაძე?
ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ლევან გაჩეჩილაძემ, რომელიც უნდა გამოასწოროს, შეცდომა იყო მისი არათანმიმდევრული პოზიცია სააკაშვილთან მოლაპარაკებებისას, როცა კარგად არ იყო ხალხისთვის ახსნილი, რატომ მიდიოდა, რაზე ელაპარაკებოდა და რა შედეგებს ელოდებოდა მოლაპარაკებებისგან.
დღევანდელი გადმოსახედიდან, შენ უფრო კარგ მდგომარეობაში ხარ თუ კობა ბექაური?
- არც კი მახსოვს ვინ არის ეს ადამიანი და არ მინდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
რა აინტერესებს დღეს საზოგადოებას?
- ამაზე სპეციალური კვლევა ჩატარდა, ხალხს აინტერესებს გასართობი გადაცემები, ხალხს აინტერესებს ის, რაც ყოველთვის აინტერესებდა. მათ უნდათ რა თქმა უნდა გართობა, მაგრამ არა ისეთი უგემოვნო გადაცემებით, როგორითაც სავსეა დღევანდელი ტელე-ეთერი. საჭიროა, რომ ინფორმაციის მიწოდება არ იყოს მოსაწყენი სტილით და შაბლონური. საერთოდ, 21-ე საუკუნე არის პოსტმოდერნის ხანა, როდესაც ფორმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსი. თუ გადმოცემის მანერა არ იქნება მიმზიდველი და საინტერესო, მაყურებელი არც დაინტერესდება.
ხალხს რომელი ძალა უფრო მოსწონს, ე.წ. კონსტრუქციული ოპოზიცია თუ „რევოლუციონერები“?
- არჩევნების გზით ხელისუფლების შემცვლელები არ არიან იმდენად პოპულარულები, რამდენაც რადიკალურები, კონსტრუქციულმა ოპოზიციამ რომ შეინარჩუნოს რენომე, მაშინ ხელისუფლებამ რაღაც უნდა დაუთმოს, რომ ეს ადამიანები დასაცინები არ გახდნენ.
შალვა, მეგობრობ თუ არა რადიო 105-ის ბიჭებთან?
არა, არ ვმეგობრობ, მათ სხვა გზა აირჩიეს, ჩვენს შორის დაშორებაც არ იყო უმტკივნეულო. გარდა ამისა, ბევრი რაღაც გააკეთეს, რაც მე არ მომწონს. მეგობრობა ჩვენს შორის აღარ არის.
ციხეში თუ გაკითხავდნენ?
–არა, არ მაკითხავდნენ, არც ველოდი მათგან მსგავს საქციელს, თუმცა არ ვკიცხავ.
გოგა ხაჩიძესთან რაზე საუბრობ ხოლმე?
- გოგა ხაჩიძე, ჩემი ოჯახის წევრი იყო, ჩემი ცოლისდის ქმარი, ჩვენი შვილები დეიდაშვილები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ის მინისტრია და მე არ მაქვს კარგი ურთიერთობა ამ ხელისუფლებასთან, ნორმალური დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. იშვიათად ვხვდებით და სხვა თემებზე ვსაუბრობთ. ახალგაზრდობას ვიხსენებთ და ოჯახის თემებზე ვსაუბრობთ.
ხშირად აკრიტიკებ თეატრალურ სამყაროს, რა არის ამის მიზეზი?
- თეატრალურ სამყაროს არ ვაკრიტიკებ, ზოგადად თეატრი არ მომწონს, ხომ მაქვს ამის უფლბა. არ დავდივარ თეატრში, როდესაც წავსულვარ, არ მომწონებია და რა ვქნა ახლა, ასეთი ვარ. შეეგუონ თეატრალური სამყაროს წევრები და მოტრფიალეები, რომ არის ადამიანი რომელსაც არ მოსწონს მათი ხელოვნება. ეს შეიძლება უფრო ჩემი ნაკლია, ვიდრე ღირსება. არ მომწონს მსახიობ დუტა სხირტლაძის ბოლოდროინდელი ქმედება.
დუტა სხირტლაძეს თავს გაუვიდა, საშინელებები ჩაიდინა თელავში, ვაჟა-ფშაველას ბარელიეფი მოხსნა. მთელი დასი მის წინააღმდეგაა. თეატრალურმა სამყარომ ხმა უნდა ამოიღოს, ესენი ხომ სხვა მსახიობების კოლეგებიც არიან, კოლეგიალობის განცდა, ხომ უნდა ჰქონდეთ, თუ დუტას გაუვა, მისნაირი ათასი გამოჩნდება.
არა მგონია გამოვიდნენ დუტას წინააღმდეგ, რადგან უმეტესობა ემეგობრება...
- თუ ხმას არ ამოიღებენ, ავადმყოფის და ლოგინის ამბავი ხომ იცი, ეგ დაემართებათ. ბუნების კანონია, სუსტი კვდება, ძლიერი გადარჩება. მიხეილ სააკაშვილს არ აქვს იმდენი ადგილი, რომ ყველა დაიტიოს და თბილად მოთავსდეს, ამიტომ არ აქვს ამ “პადხალიმაჟს” აზრი. ბევრმა რაც არ უნდა იჩალიჩოს, იქ ვერ მოხვდება, ფიზიკური პრობლემების გამო.
შალვა, არსებობს თუ არა დღეს ე.წ წითელი ინტელიგენცია?
- კი, მასეთები ძალინ ბევრია, მაგალითად სტიოპა და კახუჩელა არიან წითელი ინტელიგენციის წევრები, რომლებიც სასათბურე პირობებში იმყოფებიან, იღებენ უამრავ სახელისუფლებო პროექტში მონაწილეობას. იგივე გიორგი უშიკიშვილი, არიან ასევე რეჟისორები. გიგი უგულავა მერად რომ აირჩიეს, ხომ გახსოვთ, მომლოცველები რომ იდგნენ რიგში. ხოდა მაგათ ჩაანაცვლეს წითელი ინტელიგენცია. ვინმეს ჰგონია, მათ ასე ძლიერ უყვართ გიგი უგულავა, რომ მივარდნენ და მილოცვები დაიწყეს? უბრალოდ, მატერიალური დაინტერესება ჰქონდათ. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ ხვალ, კახა კუკავა რომ აირჩიონ მერად, მასთანაც დადგებიან რიგში. საერთოდ, როდესაც მამაკაცი ქალს შეაცდენს, დამნაშავე იმდენად ქალი არ არის, რამდენადაც მამაკაცი, რადგან ქალი სუსტია და არ უნდა მოატყუო. ასევე არიან შოუ-ბიზნესის ტიპები, ჭკუა არ უჭრით, ნებისყოფა არ აქვთ. სეფაშვილი რომ ავიღოთ, ჯერ ხალხთან იყო, მერე მიშას უმღერა და მერე რაღაც გაუგებრობაში გაეხვია. ხშირ შემთხვევაში, მათი ასე “გაფარჩაკება” ხელისუფლების ბრალია.
პრესა.გე