საქართველოსა და რუსეთს შორის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, მოსკოვის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები იწყება. ოფიციალური ინიციატივა მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, კრემლიდან მოდის. ქართული მხარე შეთავაზებას დაეთანხმა და საქართველოს დელეგაცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების დასაწყებად, 9 მარტს ბერნში გაემგზავრება.
გაზიარება
[თეონა მანაგაძე. 16:26 08-03-2011]
მოლაპარაკებებს ქართული მხრიდან, პრემიერ-მინისტრის აპარატი აწარმოებს, დელეგაციას ნიკა გილაურის მრჩეველი თამარ კოვზირიძე უხელმძღვანელებს. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას საქართველო აფერხებს. თუ რა პირობით დათანხმდება საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, ამასთან დაკავშირებით, “პრესა.ჯი” პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილს ესაუბრა.
- ქართული მხარე, რა შემთხვევაში დათანხმდება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას?
- ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების დაწყება მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და არა საქართველოსთვის. თავად ფაქტი იმისა, რომ რუსეთი თხოვნით წარდგა, რომ მოლაპარაკებები დავიწყოთ, იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვს აქვს ინტერესი ეკონომიკური კონტაქტებისა დასავლურ სამყაროსთან, მათ შორის მეზობლებთან. რუსეთი ხვდება, რომ იზოლირებულ საქმიანობას ვერ განაგრძობს და პრობლემები შეექმნება. ქართული მხარე კონსტრუქციულია და იმ წესებით ვთამაშობთ, რომელიც მიღებულია. საქართველოს აქვს ეკონომიკური მოთხოვნები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ორგანიზაციის მთავარი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობა გამჭირვალე უნდა იყოს. ვითხოვთ, რომ გვქონდეს საშუალება აფხაზეთისა და ცხინვალის მონაკვეთზე დავაკვირდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ტვირთი შედის.
- საქართველო მხოლოდ ამ მოთხონას დააყენებს?
- დიახ. ვითხოვთ იმას, რომ საზღვარი ვაკონტროლოთ. ეს მოთხოვნა კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებში შედის.
- რუსეთი ამ მოთხოვნას თუ არ დათანხმდა?
- მაშინ, მოსკოვი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვერ გახდება.
- ანუ მოლაპარაკებები ჩიხში შევა?
- ბუნებრივია. მთავარი პრინციპი იმისა, რასაც ჩვენ ვითხოვთ გამომდინარეობს იქედან, რომ გამჭირვალე იყოს ტვირთვის მომოსვლა. ქართული მხარის თანხმობის გარეშე კი, რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი ვერ გახდება.
- საზღვარს როგორ დააკვირდებით?
- შეიძლება საზღვარს მებაჟეები აკონტროლებდნენ. ის ადამიანები, ვინც ამ სტრუქტურას იცნობს და არა სამხედრო პირები. რაც შეეხება ფორმატს, ეს მოლაპარაკებების პროცესში გაირკვევა.
- რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს. მოსკოვსა და თბილისს შორის ამ მოლაპარაკებების დაწყება, რა გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე?
- მოსკოვი დიალოგს მთავარ თემებზე, ერიდება. ქართული მხარე, ჟენევის მოლაპარაკებების დროსაც ვითხოვთ, რომ რუსეთმა იმ ვალდებულებების შესრულება დაიწყოს, რომელსაც თვითონ 12 აგვისტოს მოაწერა ხელი. ის ფაქტი, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე იწყებს, იმაზე მიუთითებს, რომ მათ ეს ეკონომიკური წინსვლისთვის სჭირდებათ, რადგან მოსკოვს ეკონომიკა დივერსიფიცირებული არ აქვს და ბევრი კონკურენტი ჰყავს ირგვლივ. Aმიტომ, გლობალურ სამყაროში გაწევრიანება მისთვის საჭიროა. კარგია, რომ რუსეთმა შეიგნო, რომ საქართველოსთან ურთიერთობა სჭირდება.
- როგორც ვიცით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, როდესაც ქვეყანა წევრიანდება მეზობელ სახელმწიფოებზე ემბარგო ავტომატურად იხსნება. როგორ ფიქრობთ, რუსეთი საქართველოს ემბარგოს მოუხნის?
- ორგანიზაციის წესდებაში სხვადასხვა რეგულირებები არსებობს. როცა ქვეყანა სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდება, შემდეგ შეუძლია ეს საკითხები მოაგვაროს. რაც შეეხება ემბარგოს, რომ ვთქვათ, საქართველოს რუსეთის ემბარგო პირიქით გამოადგა.
presa.ge