გასულ კვირას "რუსთავი-2"-ში მიშას საქებარი მორიგი პროპაგანდისტული სიუჟეტი გავიდა. ამჯერად იგი ეძღვნებოდა ქსენია სოკოლოვას რუსულ "GQ""-ში დაბეჭდილ სტატიას. შეგახსენებთ, რომ ეს გოგონა ამ ჟურნალის რედაქტორის მოადგილეა. იგი გლამურულ დივასთან, ქსენია სობჩაკთან ერთად ამ ზაფხულს სააკაშვილს სტუმრობდა.
გაზიარება
[შალვა რამიშვილი. 23:51 06-12-2010]
მიშამ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავბრუ დაახვია რუს გოგონებს. თბილისის თავზე აფრინა და ბათუმშიც გადააფრინა. ბოროტი ენები (თიკა კანდელაკისა, მაგალითად) ამბობდნენ, მიშამ ძვირფასი საჩუქრებიც უძღვნა ქსენიებსო. სააკაშვილის ხელგაშლილობის ამბავი არაერთხელ მსმენია, მაგრამ მაინც არა მგონია, ეს ხმები სინამდვილეს შეეფერებოდეს. მიშამ შოუ მოუწყო სტუმრებს, მოხიბლა ისინი და "გადმოიბირა". მას შემდეგ გახდა ქსენია სოკოლოვა მიშას ფანი.
იგი მხურვალედ აქებდა ჩვენს პრეზიდენტს რუსულ ინტერნეტბლოგებსა თუ ტელეგადაცემებში. სულ ცოტა ხნის წინ კი სოკოლოვა კვლავ ჩამოვიდა თბილისში, ქართველი ჩინოვნიკებისაგან აიღო ინტერვიუები და ახალი რეპორტაჟიც გამოაცხო. "რუსთავი 2"-მაც ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ამ ამბავს. ნაციონალური ტელევიზიები ხომ სხვა, პარალელურ საქართველოში ცხოვრობენ, - აშუქებენ მხოლოდ კარგ ამბებს და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ამ სიუჟეტში მლიქვნელობის დონე მაინც ამოვარდნილი გახლდათ საერთო სურათიდან.
დავიწყოთ იმით, რომ თავად კორესპონდენტი სოკოლოვა ინტერვიუს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს მზის სათვალით აძლევდა. ამასთან, არა თაკარა მზეზე, არამედ ოთახში იყო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სოკოლოვას რცხვენოდა თავისი საქციელისა (მიშას დითირამბებს რომ უმღეროდა) და არ იცოდა, თვალები სად წაეღო. ჰოდა, ადგა და მზის სათვალისმიღმა დამალა. თვალებდამალული სოკოლოვა ბევრ ზღაპარს აღწერს ინტერვიუში: იმას, რომ თურმე საქართველოში ნიჭიერთა მმართველობაა, რომ მიშას მოსახლეობის 70%-იანი მხარდაჭერა აქვს. ამ ყოველივეს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი არანაკლები აღფრთოვანებით ჰყვებოდა.
ერთ-ერთ კადრში გაიელვა ვერა ქობალიამაც, რომელმაც ის ადგილი გვაჩვენა, სადაც სოკოლოვას ინტერვიუ მისცა. თითქოს ხსენებული მოვლენის შემდეგ ამ ოთახს რაღაც საკრალური მნიშვნელობა შეეძინა. შემდეგ ეკრანზე მერაბიშვილის ინტერვიუდან ამონარიდი გამოჩნდა. მას ვანოს ფოტოც ახლდა, უკანა ფონზე კი "GQ"-ს" გარეკანი იყო, საიდანაც ნახევრად მკერდმოშიშვლებული ლამაზმანი მაცდურად გვიღიმოდა. ვანო, მისი სიტყვები ქართველი ხალხის პოლიციისადმი უსაზღვრო სიყვარულის შესახებ და უხვად დეკოლტირებული ლამაზი ქალი სიურრეალისტურ კოლაჟს ქმნიდა.
საზოგადოდ, მთელი რეპორტაჟი "რუსთავი 2"-ისეული აგიტპროფის კლასიკური ნიმუში გახლდათ. ასეთი რამ ხშირად გვინახავს და უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ ის, თუ როგორ დამთავრდა ეს ამბავი, მართლაც გასაოცარი იყო: რეპორტაჟის დასასრულს "სთენდ აფზე" მდგარი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი მოჰყვა სოკოლოვას რეპორტაჟში აღწერილ ამბავს.
თურმე მიშას წაუტრაბახებია ქსენიასთან, აი, ახლა ქალაქის ყველა მაწანწალა ძაღლი დავიჭირეთო. სოკოლოვას უკითხავს, რას უპირებთო. მიშამ, ალბათ, დაძინებასო. სოკოლოვა აღშფოთებულა და განუცხადებია, დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლება ასე არ იქცევაო. და აი, ბედნიერი ფინალი... უკვე მოსკოვში დაბრუნებულ სოკოლოვას თბილისიდან დაურეკეს და უთხრეს, მიშამ ყველა მაწანწალა ძაღლი შეიწყალაო(!!!).
მეგობრებო, ქსენია სოკოლოვას შეუძლია ასეთი სისულელე დაწეროს, "GQ" არ ითვლება საზოგადოებრივი აზრის ჩამომყალიბებელ ჟურნალად. იქ ძალზე ცოტაა პოლიტიკური ხასიათის მასალები. ეს გასართობი ჟურნალია, სადაც ეროტიკული ფოტოებიც იბეჭდება. "რუსთავი 2" კი სერიოზული სამაუწყებლო კომპანიის იმიჯს აწვება და არ უნდა გაუკეთოს ტირაჟირება ბოდვას. ზღაპრებს კი ბატონო, მაგრამ ბოდვას - არა. თუ ქსენიას მონათხრობი და "რუსთავი 2"-ის მიერ ტირაჟირებული ამბავი ბოდვა არის, მაშინ მართლაც აპოკალიფსური სურათი უნდა წარმოვიდგინოთ:
ერთ "მშვენიერ" დღეს ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია პოლიციური ქვედანაყოფების, საჯარისო ნაწილებისა და სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ყველა პირის მონაწილეობით და თბილისში არსებული ყველა (ხაზს ვუსვამ) ყველა მაწანწალა ძაღლი დაატყვევეს. ალბათ, ამდენი ძაღლი რომელიმე სტადიონზე შეყარეს.
პერიმეტრზე განლაგებული მეტყვიამფრქვევეები ელოდნენ მთავარსარდლის ბრძანებას, რომ ძაღლები გაენადგურებინათ. მაგრამ აი, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში ხდება ხოლმე, გამოჩნდა კეთილი ფერია - ქსენია სოკოლოვა, რომელმაც შესთხოვა მეფეს და მანაც შეიწყალა ცუგები.
საინტერესოა, მერე რა მოხდა? გააღეს სტადიონის კარები და გაავებული ძაღლების ხროვა თბილისს შეესია თუ სასწრაფოდ აგებულ თავშესაფარში გადააბრძანეს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები? ძნელია ამის წარმოდგენა და, ალბათ, არც არის საჭირო. ერთი რუსული ანდაზა უნდა გახსოვდეს, "ზასტავ დურაკა ბოგუ მოლიტსა, ლობ რასშიბიოტ".
მიშა რომ ხარ, არ უნდა დაავალო არც ქსენიასნაირ აჟიტირებულ ქალებს და არც "რუსთავი 2"-ის "მონდომებულ" ჟურნალისტებს შენი საქებარი სტატიებისა თუ რეპორტაჟების მომზადება. ზომას ვერ დაიცავენ!
გაზეთი "კვირის პალიტრა" (kvirispalitra.ge)