ავტორი ზურა ბაუჟაძე
16:26 22.07.2011
მთელმა საქართველომ ნახა თუ როგორ ტკბებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვარიათში სასტუმრო “ნეპტუნი”-ს სიახლოვეს ზღვის სიღრმეების თვალიერებით, მაგრამ არ გახმაურებულა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა სერიოზულ პრობლემებს ბეწვზე გადაურჩა.ამის შესახებ tspress-ს კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
ბათუმში ჩასვლამდე პრეზიდენტი მესტიის რაიონში, მწვერვალ უშბას ძირში იმყოფებოდა, ზღვის დონიდან დაახლოებით 4000 მეტრის სიმაღლეზე. იქედან კი ვერტმფრენით პირდაპირ ბათუმის აეროპორტში დაეშვა. მას სარფში არ შეუსვენია და პირდაპირ ზღვაში ჩასაყვინთად გაეშურა.
მასთან ერთად იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსკაციანი სპეცდანიშნულების დაივერთა (მყვინთავთა) რაზმი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, დავით ფირცხაილიშვილი, რომელიც საორგანიზაციო საკითხებს ხელმძღვანელობდა. ჩაყვინთვის ადგილას პრეზიდენტი და თანმხლები პირები კატარღა “ტორნადო”-თი მივიდნენ, რომელიც მთავრობის კუთვნილებაა და მუდმივად ბათუმის იახტ-კლუბის ტერიტორიაზე დგას.
„ჟურნალისტები ან ოპერატორები მათ არ ახლდათ. ვიდეოკადრებს პრეზიდენტის გარემოცვის წარმომადგენელი იღებდა. რაც შემდეგ ტელევიზიებმა გააშუქეს, ეს ცენზურაგავლილი ვიდეო მასალა იყო,“-აცხადებს თვითმხილველი.
თავიდან ყველაფერი კარგად დაწყებულა. პრეზიდენტს ფირცხალაიშვილთან და სპეცრაზმის წევრებთან ერთად, 16 მეტრის სიღრმეზე ჩაუყვინთავს და ზღვის სიღრმეების დათვალიერება დაუწყია. „მას შემდეგ, რაც ზედაპირზე ამოსვლის დრო დადგა, პრეზიდენტს ძალა გამოეცალა. მხლებლები იძულებული გახდნენ, რომ მას ზედაპირზე ამოსვლაში დახმარებოდნენ, რაც მალევე მოხერხდა. თუმცა, სახეზე ნიღბის მოხსნის შემდეგ, სააკაშვილი კვლავ ცუდად გახდა, სახეზე ფერი დაკარგა და იახტაზე ასვლა ვერ შეძლო. ძალა იმდენად გამოეცალა, რომ სასწრაფოდ იახტის უკანა მხარეს, წყლის ზედაპირზე გამოშვერილ ძელზე ჩამოაჯინეს“,- აცხადებს თვითმხილველი.
ამ ფაქტმა იახტაზე მყოფთა შორის პანიკა გამოიწვია და თანხმლებს პირებს სასწრაფოდ ბაროკამერის (ჰერმეტული კამერა, რომელშიც ქმნიან სასურველ წნევას) სუფსის ტერმინალიდან ჩამოტანის გადაწყვეტილება მიუღიათ. მაგრამ პრეზიდენტი ცოტა ხანში უკეთ გამხდარა, რის შემდეგაც, ის სასწრაფოდ ნაპირზე გადაუყვანიათ.
ატმოსფერული წნევის მკვეთრმა ცვლილებამ, მესტიიდან შეუსვენებლად ზღვაში ჩაყვინთვამ, ორგანიზმზე უარყოფითი გავლენა იქონია. ზღვაში ჩასვლას დაივერები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ, რადგან სიღრმეებზე ჩასვლისას წნევა მუდამ იცვლება. გამოცდილი მყვინთავის თქმით, ჩაყვინთვა ადამიანის ორგანიზმზე უდიდეს დატვირთვას ახდენს.
სააკაშვილი ისეთ სიღმეზე ჩავიდა, სადაც ატმოსფერული წნევა მაღალია და ის სერიოზულ გავლენას ახდენს გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ასეთ მოკლე პერიოდში სიმაღლისა და წნევის ასეთი მკვეთრი ცვლილება, ბევრ შემთხვევაში, დაივეერთა შორის ლეტალურადაც მთავრდება. როგორც გამოცდილი დაივერები ამბობენ, სააკაშვილი ჯანმრთელმა გულმა გადაარჩინა.
ამ ფაქტის მერე სააკაშვილი რედისონის გახსნასაც დაესწრო. ცუდად ყოფნის კვალი არც ეტყობოდა.
tspress
