ინტერნეტგამოცემა media.ge-ის მონაცემებით, ზუგდიდში სულ 11 მედიასაშუალება არსებობს. აქედან - 4 გაზეთი, 3 ჟურნალი, 1 ტელეკომპანია და 2 რადიოა.
გაზიარება
[გერონტი ყალიჩავა. 17:56 18-01-2011]
„სამეგრელოს ქრონიკა“, „ზუგდიდი“, „კოლხური ვერსია“, „ეგრისის მაცნე“, „ზუგდიდელები“, „ეგრისი“ და „ღია ბოქლომი“ რომ ადგილობრივი პრესაა, რადიო თავისუფლების ზუგდიდელი რესპონდენტების უმრავლესობამ არ იცის. ამას ადასტურებენ პრესის ჯიხურებში გამყიდველებიც. მათ ვთხოვეთ დაესახელებინათ ის ჟურნალ-გაზეთები, რომლებზეც მოთხოვნა მაღალია. „თითქმის აღარ რჩება ჯიხურში „კვირის პალიტრა“ „ასავალ-დასავალი“, „ახალი ვერსია“, „არსენალი“. მკითხველების უმრავლესობა 30 წელს გადაცილებული მოქალაქეა.
”ახალგაზრდები უფრო ჟურნალებს „თბილისელებს“ „სარკესა“ და „გზას“ ყიდულობენ“, - ამბობს საქპრესის ჯიხურის გამყიდველი ქალი.
ჩამოთვლილ ჟურნალ-გაზეთებს თანაქალაქელები იმ მოტივით კითხულობენ, რომ იციან, პრესის ნაწილს მთავრობა ვერ ზღუდავს და წერენ იმაზე, რასაც სხვა მედიასაშუალებები არ აშუქებენ.
ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთებისგან განსხვავებით, ტელერადიოკომპანია „ოდიშს“, რომელიც 22 წელია ეთერში მაუწყებლობს, სამეგრელოს ერთ ნაწილში ბევრი იცნობს. ამის მიზეზი კი მისი ერთ-ერთი გადაცემაა.
„ამ არხზე ნეკროლოგებს ვუყურებ. კარგი საშუალებაა ამისთვის“, - ამბობენ ზუგდიდელები.
რატომ არ უყურებენ „ოდიშის“ საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც ყოველდღე გადის ეთერში? გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ ტელეკომპანიას ადგილობრივი მთავრობა ზღუდავს და თავის სამსახურში ამყოფებს. ასეთ დროს კი, მათივე თქმით, მედია იმას ამბობს, რაც მთავრობას აძლევს ხელს. თანაქალაქელების ამ მოსაზრების გადასამოწმებლად „ოდიშის“ რედაქტორს ნანა ქობალიას არაერთხელ დავუკავშირდით. მან კომენტარზე უარი განაცხადა და მიზეზად მოუცლელობა დაასახელა.
რადიო თავისუფლებამ „ოდიშის“ ვებგვერდზე საინფორმაციო გამოშვებების არქივი მოიძია. მაგალითად, 3 იანვრის გამოშვებაში ტელეკომპანიამ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ზუგდიდის მთავარ მოედანზე გამართულ საახალწლო კონცერტს, მაგრამ 10-წუთიან გამოშვებაში არაფერი უთქვამთ იმავე დღეს თბილისში, გმირთა მოედანზე, დაპატიმრებულ ომის ვეტერანებზე. თუმცა გამოშვების ბოლოს „ახალი ამბების“ წამყვანმა მაყურებელს აცნობა, რომ ავსტრალიაში წყალდიდობაა.
ადგილობრივ და მსოფლიო ახალ ამბებს რადიო „ათინათი“ დღეში 5-ჯერ აწვდის და არა 16-ჯერ თავის მილიონზე მეტ პოტენციურ მსმენელს, როგორც ეს ვებგვერდზეა აღნიშნული. ქუჩებში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა „ათინათს“ მეტ-ნაკლებად იცნობს, რასაც იმით ხსნიან, რომ რადიო გემოვნებიან მუსიკას გადმოსცემს.
„გამოშვების მთავარი თემა ადგილობრივი ამბავია, თუნდაც ეს მოძრავი ცირკის გასტროლი ან სპორტული სიახლე იყოს“, - გვითხრა „ათინათის“ რედაქტორმა მაია ღუბელაძემ.
ზუგდიდის მედიაბაზარზე სულ რაღაც ერთი თვეა ახალი ჟურნალი გამოჩნდა, სახელწოდებით „ზუგდიდი პ.ს“. მისი შინაარსიდან ირკვევა, რომ ჟურნალი აპოლიტიკურია და, ძირითადად, ცნობილი თანაქალაქელების ცხოვრებით ინტერესდება.
რადიო "თავისუფლება"