01:06 28.10.2011
მალხაზ გულაშვილის ადვოკატის ქეთი ფერაძის განცხადებით, მალხაზ გულაშვილს გააზრებული ჰქონდა, რომ დააკავებდნენ და მან სწორედ ამისთვის გადმოკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვარი.ამის შესახებ, ფერაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
„მალხაზ გულაშვილმა იმისათვის გადმოკვეთა საზღვარი, რომ სამართალდამცავებს ჩაბარებოდა. მას იმედი აქვს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდება. ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება და წინასწარ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ,“- განაცხადა ადვოკატმა.
შეგასენებთ, რომ დღეს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანი-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ქართველმა სამართალდამცველებმა ძებნილი მალხაზ გულაშვილი დააკავეს.
მათი ინფორმაციით, მალხაზ გულაშვილი ტელეკომპანია “კავკასიის” სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იძებნებოდა. გულაშვილთან ერთად დაკავებულ იქნა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ძებნილი დავით გულაშვილი.
„მალხაზ გულაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის საფუძველზეც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით,“- აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ცნობით, დავით გულაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო და ის გათავისუფლდა პატიმრობიდან.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია “კავკასიის” ერთ-ერთ გადაცემაში, რომელშიც მალხაზ გულაშვილიც მონაწილეობდა, ერეკლე დეისაძის წიგნის “საიდუმლო სირობის” განხილვა ჩხუბში გადაიზარდა, რის გამოც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. თავად მალხაზ გულაშვილი კი, გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის გავლით რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა.
"ექსპრესნიუსი"–ს ტექსტი.
