რადგანაც ფაქტი სასკოლო არდადეგების პერიოდში მოხდა, აღნიშნულ სკოლებში ამ თემასთან დაკავშირებით სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა მომხდარს არცერთი სკოლის დირექტორი არ უარყოფს.
გაზიარება
[20:25 17-01-2011]
ოზურგეთის #3 საჯარო სკოლის დირექტორის ნანა გაგუას თქმით, დაზარალებული მათი სკოლის მეთორმეტე კლასელი თეონა მ. . . – ია, რომელთან დაკავშირებაც სკოლის ხელმძღვანელობამ ამ დრომდე ვერ შეძლო. მან არც ამ გაუგებრობის მიზეზი იცის და არც ის, თუ სად მოხდა კონკრეტულად ჩხუბი.
ნანა გაგუა: ,,ჭორის დონეზე ვიცით ყველაფერი, ვერ ვხვდები, რა უნდა ყოფილიყო ჩხუბის მიზეზი. არც ის ვიცი, ტერიტორიულად სად მოხდა ეს ფაქტი. როგორც ამბობენ, დაზარალებული ჩვენი სკოლის მოსწავლე, მეთორმეტე კლასელი თეონა მ. . . –ია, რომელიც სოფელ …... ცხოვრობს. რადგანაც ახლა სკოლებში არდადეგებია, ჩვენ მასთან დაკონტაქტება, მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვერ მოვახერხეთ. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია ამ თემასთან დაკავშირებით.”
ოდნავ განსხვავებულად განმარტავს მომხდარს #2 საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ინარიძე. მისი თქმით, უმნიშვნელო შელაპარაკება მოსწავლეებს შორის მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
,, არა მგონია ეს ფაქტი ასე მნიშვნელოვანი იყოს. ახალი წლის მომდევნო დღეებში, როგორც ვიცი,სკოლის წინ მოხდა ჩხუბი. იყო უმნიშვნელო ფიზიკური დაპირისპირება. სხვა არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ.”
ყველაზე ინფორმირებული მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით #1 საჯარო სკოლის დირექტორი - მაია თავართქილაძე აღმოჩნდა.
მაია თავართქილაძე: ,, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჩხუბი თეატრის მახლობლად მდებარე პარკში 5 იანვარს მოხდა. მიზეზს ვერ გეტყვით ნამდვილად. რადგანაც სასკოლო არდადეგებია, ბევრი რამ ვერც ჩვენ გავიგეთ. ჩვენი სკოლის მოსწავლეები მეათე კლასელი დებია.” მისივე თქმით, დაპირისპირებული მხარეები უკვე შერიგდნენ, მოსწავლეები პოლიციაშიც იყვნენ დაკითხვაზე, მაგრამ საქმე ძიებაში აღარ არის. მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს.