“ქართული პარტია” ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის მასწავლებლების სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავს.
გაზიარება
[17:57 05-12-2010]
როგორც “ქართული პარტიის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა კახა მიქაიამ “მედიანიუსს” განუცხადა, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციები გაიმართება თბილისში, განათლების სამინისტროსთან და ზუგდიდის #4 საჯარო სკოლასა და ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან.
კახა მიქაია გამოეხმაურა ზუგდიდის #4 სჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის, მადონა დავიანტის განცხადებას, რომელმაც “მედიანიუსთან” საუბარში აღნიშნა, რომ სკოლის მასწავლებლების სამსახურიდან გათავისუფლება სკოლაში განათლების მინისტრის სტუმრობას მოჰყვა, რომელიც სკანდალში გახვეულ ინგლისური ენის მასწავლებელ თომას ფლეთჩერს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
მიქაიას თქმით, დავიანტიმ დაადასტურა “ქართული პარტიის” მიერ განათლების სამინისტროსთვის წაყენებული ბრალდება, რომლის თანახმადაც, მასწავლებლებს შაშკინის და ფლეთჩერის შეხვედრის ამსახველი ფოტოების გავრცელება დააბრალეს და სამსახურიდან ამის გამო გაათავისუფლეს. “ქართული პარტია” მასწავლებლების სკოლაში დაუყოვნებლივ აღდგენას მოითხოვს, თუმცა კახა მიქაიას ამის იმედი არ აქვს.
“ჩვენ ვითვალისწინებთ მასწავლებლების თხოვნას - დავიცდით ერთი კვირა და თუ არ მოხდება ამ ადამიანების სკოლაში აღდგენა, დავიწყებთ საპროტესტო აქციებს,”, - განაცხადა მიქაიამ.
როგორც ცნობილია, “ქართული პარტია” ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის მასწავლებლების სამსახურიდან დათხოვნას დიმიტრი შაშკინის და ინგლისური ენის მასწავლებლის თომას ფლეთჩერის შეხვედრის ამსახველი ფოტოების გავრცელებას უკავშირებს. შაშკინი ფლეთჩერს მას შემდეგ შეხვდა, რაც ნოემბერში პედაგოგმა სოციალური ქსელის “ფეისბუკის” მეშვეობით ამორალური შინაარსის ფოტოები გაავრცელა, რამაც მოსწავლეთა მშობლების აღშფოთება გამოიწვია.
კახა მიქაიამ შაშკინის და ფლეთჩერის შეხვედრის ამსახველი ფოტოები “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში აჩვენა, რის შემდეგაც ზუგდიდის #4 სკოლის რამდენიმე მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მიქაია უარყოფს იმ ვერსიას, რომ მას აღნიშნული ფოტოები სკოლიდან დათხოვნილმა მასწავლებლებმა გადასცეს და ამტკიცებს, რომ ფოტოების ავტორი “დღემდე სკოლაში მუშაობს”.