ზუგდიდში შესაძლოა “მძღოლთა ნაციონალური მოძრაობა” ჩამოყალიბდეს. ყოველ შემთხვევაში, ამის წინაპირობა უკვე არსებობს. არავის უნდა გაუკვირდეს, თუ ახლო მომავალში მიკროავტობუსის ან ტაქსის მძღოლი ავტომანქანაში ჩაჯდომამდე “კლიენტს” დეტექტორზე გაატარებს. იღბლიან მგზავრებში კი მხოლოდ “ნაცმოძრაობაზე” აცრილები აღმოჩნდებიან.
გაზიარება
[ნანა ფაჟავა. 15:24 06-02-2011]
ხუმრობა იქეთ იყოს და, თუ გაიხსენებთ, საქართველოს უახლესი წარსულის პოლიტიკურ ცხოვრებაში მძღოლი ყველაზე აქტუალური ფიგურაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სამთავრობო ღონისძიებებზე თუ ოპოზიციის მიტინგებზე აქტივისტების გადაყვანა დიდ საჭიროებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ამ დროს ხელისუფლების დაკვეთით მომუშავე მძღოლები პრობლემების გარეშე გადაადგილდებიან, მაგრამ თუ საქმე ოპოზიციის მხარდამჭერი მგზავრების გადაყვანას უკავშირდება, იქ უკვე შიშის ფაქტორი ჩნდება.
სხვათა შორის, ასეთივე პრობლემის წინაშე იდგა მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მაშინდელმა ავტოინსპექციამ წალენჯიხიდან “ვარდების რევოლუციისკენ” მიმავალ “ეკლიან” გზაზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გამოყენება აუკრძალა. ცნობილი ფაქტია, რომ ამ “ცუღლუტობას” ცოტა ხანში “გაის” უფროსი ფელიქს მამფორია შეეწირა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ასეთი ქმედებისთვის პოლიციის, საპატრულო სამსახურის ან კუდის ხელმძღვანელი დაისაჯოს, მითუმეტეს, როცა შანტაჟის ფაქტის აღიარებას არცერთი მძღოლი არ შეუდგება.
29 იანვარს, ასეთი შანტაჟის მსხვერპლი ზუგდიდელი მძღოლი გია ახალაია გახდა, რომელმაც ყრილობაზე დასასწრებად დედაქალაქში მიმავალი “ქართული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის 20–მდე წევრი თბილისის მისადგომებთან, ავტომანქანიდან ჩამოსვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მძღოლის მობილურ ტელეფონზე რამდენიმე ზარი განხორციელდა.
“ქართული პარტიის” ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საშა მოლაშხია ამბობს, რომ მიკროავტუბუსის მძღოლს სავარაუდოდ საკუთარი ვაჟი დაემუქრა, რომელიც შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრია.
საშა მოლაშხია: “ზუგდიდიდან დილის 5 საათზე გავედით. თითქმის თბილისამდე გზა უპრობლემოდ გავიარეთ. დიღომში, “გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიასთან მძღოლმა მოულოდნელად გამოგვიცხადა, გზას ვეღარ გავაგრძელებ, ჩემს შვილს სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიანო. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, ტაქსებში გადავჯექით. მითუმეტეს, ყრილობის დაწყებამდე ცოტა დრო რჩებოდა. ეს არის მორიგი ტერორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. თუ ფიქრობენ, რომ ამ ქმედებით დაგვაშინებენ, შემცდარან. ამით, უფრო მეტად გავძლიერდით და პოლიტიკური ბრძოლის მეტი ჟინიც გაგვიჩნდა, ჩვენი რიგები დღითიდღე ივსება”.
ინციდენტიდან რამდენიმე წუთში “პრესაგე.ტვ” მიკროავტობუსის მძღოლს დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარი დაადასტურა, თუმცა სატელეფონო მუქარის ავტორი არ დაასახელა.
გია ახალაია, მძღოლი: “დამიქირავეს, მაგრამ არ ვიცოდი, რა საქმეზე მიდიოდნენ. მთავრობის წინააღმდეგ არ შემიძლია... არ ვერევი მე პოლიტიკაში, არაა ჩემი საქმე. არ მაწყობდა ეს ხალხი. არ ვიცოდი სად მიდიოდნენ, თორემ თავიდანვე არ ჩავისვამდი მანქანაში... გზაში მაცნობეს, რომ თურმე ოპოზიციონერები მიმყავდა...არ ვიცი, ვინ მირეკავდა...”
“პრესაგე.ტვ”–ის ახალგაზრდა მგზავრებმა მოგვიანებით იმ ტელეფონის ნომერი მიაწოდეს, (877 201 996) რომლის მფლობელმაც მიკროავტობუსის მძღოლს “პოლიტიკური” გადაწყვეტილება მიაღებინა - იგი მართლაც, გია ახალაიას ვაჟი აღმოჩნდა...
presage.tv