ვის მოუწევს აგენტობის გამო თანამდებობის დატოვება?
ალბათ, ყველას გახსოვთ სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ში მომხიბვლელი რუსი აგენტის დაკავების ისტორია. ანა ჩაპმანი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საბჭოთა აგენტისგან. ეროტიკული მიხრა-მოხრა და ჩინოვნიკების „შებმა“ – ასეთი იყო მისი მუშაობის სპეციფიკა, განსხვავებით საბჭოთა აგენტებისგან, რომლებიც ისტორიას გრძელი შავი ლაბადით, მუქი სათვალითა და დიპლომატით შემორჩნენ. დღეს ჩაპმანი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რუსი ქალბატონია, რომელიც ბულვარული პრესისთვის გაშიშვლებაზეც აღარ ამბობს უარს. ყოფილმა აგენტმა მოდელობას მიჰყო ხელი.
გაზიარება
[ხათუნა მგალობლიშვილი. 13:11 01-12-2010]
ექსაგენტებისთვის მოდელობას არც ქართული კანონმდებლობა კრძალავს. სავარაუდოდ, მალე საზოგადოებისთვის საკმაოდ ვრცელი სია გახდება ცნობილი, სადაც იმ პირების სახელი და გვარები იქნება აღნუსხული, რომლებიც საბჭოთა „კაგებესთან“ თანამშრომლობდნენ. კანონპროექტის ავტორი გია თორთლაძე გახლავთ. აი, რა შეზღუდვებს უწესებს ყოფილი მთამსვლელი ყოფილ აგენტებს: მათ ეკრძალებათ მუშაობა აღმასრულებელი ორგანოების წევრად, უშიშროების საბჭოს წევრად, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრად, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თავმჯდომარედ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის აპარატისა და მთავრობის კანცელარიის საჯარო მოხელედ. ასევე, არ დაინიშნებიან მაგერულირებელი ეროვნული კომისიების წევრებად, სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებად. შეზღუდვა გავრცელდება ნებისმიერ თანამდებობაზე, რომელიც იქნება თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. აგენტი ვეღარ გახდება საკონსტიტუციო, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ვერც უმაღლესი სასწავლებლის რექტორი, პრორექტორი, დეკანი ან კათედრის გამგე.
შეზღუდვები საკმაოდ სერიოზულია. თუმცა ჩინოვნიკები, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე იქნებიან დანიშნულები აკრძალულ თანამდებობებზე, ვალდებულები გახდებიან, დატოვონ საკუთარი სავარძლები კანონის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. ასეთები კი, როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ შემორჩნენ სავარძლებს.
კანონის ავტორი, გია თორთლაძე მიიჩნევს, რომ ერთადერთი, ვინც შეიძლება კანონი გააპროტესტოს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი აგენტი იქნება. თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია უკვე „ერჩის“ თორთლაძის კანონპროექტს და ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას ახალი კანონის „აღსრულება“ მილიონები დაუჯდება. რეალურად კი „თავისუფლების ქარტიის“ მსგავსი კანონი ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და გაცილებით მკაცრადაც. მაგალითად, პოლონეთში ასეთი ადამიანების სიები, ანუ აგენტების სახელები და გვარები, პირდაპირ გამოქვეყნდა. უნგრეთში კი აგენტების შესახებ კანონპროექტის ამოქმედებისთანავე მათი დაჭერა დაიწყეს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, კანონის მთავარი მიზანი ის არის, რომ ქვეყანაში აღარ მოხდეს ტერორისტული აქტები:
მსგავსი კანონი ისეთმა ქვეყნებმაც კი მიიღეს, სადაც არც ერთი ტერორისტული აქტი არ მომხდარა ბოლო ათწლეულების მანძილზე. ამით კი ყველაფერი ნათქვამია.
საქართველოს პარლამენტი უკვე განიხილავს „თავისუფლების ქარტიას“ (იგივე ლუსტრაციის კანონს), რომლის ძირითადი ნაწილიც სწორედ საბჭოთადროინდელ აგენტურას დაეთმობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სახელმწიფო კომისია. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება ექნება ყველა საპარლამენტო ფრაქციას. სწორედ ამ კომისიაში მოგროვდება ყველანაირი ინფორმაცია აგენტების შესახებ. კომისიაში მოხვედრილი აგენტების სახელები და გვარები „გაპიარდება“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკრძალულ თანამდებობაზე დანიშნული ყოფილი აგენტი უარს განაცხადებს თანამდებობის დატოვებაზე. საჭიროების შემთხვევაში კი იგივე ინფორმაცია მიეწოდება საარჩევნო ადმინისტრაციას.
გია თორთლაძე:
ამომრჩეველს უფლება აქვს, იცოდეს, ვინ არის კონკრეტული ადამიანი, ვისაც შეიძლება მან მხარი დაუჭიროს. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მოქალაქე თავად გადაწყვეტს, მისცეს თუ არა ხმა ასეთი წარსულის მქონე პიროვნებას.
აგენტების სტატუსი მიენიჭებათ ადამიანებს, რომლებიც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე მუშაობდნენ: სსრკ-ს სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომლად, ამავე პერიოდის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრად, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად, რაიონული ან საქალაქო კომიტეტის მდივნად. იგივე გავრცელდება ადამიანებზე, რომლებიც ამ პერიოდში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, საბჭოთა არმიის გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში და ასევე, იმ პირზე, რომელიც საიდუმლოდ თანამშრომლობდა სსრკ-ს სპეციალურ სამსახურებთან...
ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელიც ამ პერიოდში მუშაობდა რომელიმე ზემოჩამოთვლილ სამსახურებში, კანონის ამოქმედებიდან ზუსტად 6 თვის ვადაში წერილობით უნდა მიმართონ სახელმწიფო კომისიას და გადასცენ საკუთარი „მოღვაწეობის“ სრული ისტორია თავისი დოკუმენტაციით. ისტორიაში ასევე უნდა იყოს აღწერილი იმ სპეცსამსახურების საქმიანობაც, რომლებსაც ისინი ემსახურებოდნენ.
ცნობილია, რომ „კგბ“-ს ყველაზე მეტი აგენტი სწორედ საქართველოში ჰყავდა. რიცხვიც კი სახელდება – 100 ათასი. ექსპერტების განცხადებით, ამ აგენტურის ნაწილი ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობს და მათ შორის ოპოზიციაშიც.