15:55 21.07.2011
რა ხდება ამ ქვეყანაში, ძნელი გასაგებია. რიგითი მოკვდავისთვის სინამდვილეს ისეთი გაუმჭვირვალე ბურუსი აქვს გადაკრული, რომ მის მიღმა არაფერი ჩანს. იჭერენ ადამიანებს, დაუდგენელი რჩება, რისთვის! გვეუბნებიან, რომ დანაშაულია ჩადენილი, მაგრამ ამ დანაშაულის მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებენ, რადგან არსებობს ასეთი გამოსავალი - გრიფი "საიდუმლო"......ადვოკატები დაცვის ნაცვლად ბრალდებულთა დანაშაულს საჯაროდ ამტკიცებენ. ერთი სიტყვით, ყველაფერი აირია ირგვლივ და ჩვენს თავებშიც. დღეს ცნობილი ხდება ხელისუფლების კიდევ ერთი ბლეფის შესახებ. შსს-მ განაცხადა, რომ 26 მაისის ღამით რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევის დროს პროფესიული უფლებამოსილების გადამეტების საფუძველზე დაისაჯნენ პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის, მაღალჩინოსნები. თუმცა პოლიციელის დასჯა რაღაც სხვა რამ ყოფილა.
ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი აბაშიძე, რომელიც 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით "დასჯილ" მაღალჩინოსან პოლიციელთა შორის მოხვდა, მოგვიანებით (თუმცა რაღა მოგვიანებით, 2 თვის თავზე!) მცხეთა-მთიანეთის პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.
რასთან გვაქვს საქმე? მარტო საზოგადოების მოტყუებასთან? მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების მოტყუებასთან? იქნებ თავად ხელისუფლების პირველი პირის მოტყუებასთან? ჩვენ გვახსოვს 15 ივლისი, როდესაც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა რიხითა და პასუხისმგებლობის განცდით გვაუწყა, რომ მისმა სტრუქტურამ გაითვალისწინა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნა, ენდო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებს, სახალხო დამცველის განცხადებას და თავისი რამდენიმე თანამშრომელი დასაჯა - კერძოდ, სამინისტროს ოთხი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს, ერთი თანამშრომელი თანამდებობიდან ჩამოაქვეითეს, სამს სასტიკი საყვედური გამოუცხადეს, ხოლო რვას - საყვედური. მაშ როგორ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი, ადრესატი ამ საყვედურისა, ზემოთ ხსენებული პოლიციის მაღალჩინოსანი, ისევ მაღალჩინოსნურ თანამდებობაზე აღმოჩნდა?
ეს შემთხვევა არ გახლავთ ერთი კერძო შემთხვევა და აღმაშფოთებელიც სხვა მხრივ არის. ორმაგი სტანდარტი - ერთი საზოგადოების წინაშე თავის მოსაკატუნებლად, მეორე - საკუთარ კაბინეტებში საზოგადოებაზე ხითხითი. რას გააკეთებს ხვალ იგივე ან სხვა მაღალჩინოსანი პოლიციისა? როცა იცის, რომ მას არავინ დასჯის, დარწმუნებულია თავის ხელშეუხებლობაში? შესაძლოა, ამის მერე ერთ მომიტინგეს მისმა ათმა კი არა, 50-მა პოლიციელმა სცემოს, მარტო წიხლებით და ხელჯოხებით აღარ. გაატყავოს - ისე, როგორ გირგვლიანი გაატყავა. ესროლოს პირდაპირ და დამიზნებით - როგორც გამცემლიძეს ესროლა. პოლიციელები არ ისჯებიან. ამას კანონისა და სამართლის შერჩევითობა ჰქვია და ყველაზე ჩამოწერილ ქვეყნებში ბედავენ მის გამოყენებას. რა დემოკრატია! რის სასამართლო რეფორმა! ვანოს და შოთას კაბინეტებში წყდება ჩვენი სიცოცხლისა და სიკვდილის, თავისუფლებისა და პატიმრობის საკითხები! ეს ყველამ ვიცით, მაგრამ საქმე ისეა, რომ გინდ გცოდნია, გინდ არა.
გინდ გცოდნია და გინდ არა, რომ 26 მაისის მიტინგის დარბევა კანონის დარღვევით მოხდა!
გინდ გცოდნია და გინდ არა, რომ პოლიციის არც ერთი თანამშრომელი ამ დარღვევისთვის არ დასჯილა!
გინდ გცოდნია და გინდ არა, რომ ფოტორეპორტიორებიც რომ პოლიციელები ყოფილიყვნენ, მათაც ექნებოდათ ხელშეუხებლობის გარანტია!
გინდ გცოდნია და გინდ არა, რომ სამარშრუტო ტაქსში 80 თეთრი არ უნდა გადაიხადო ( მაინც გადაიხდი).
გინდ გცოდნია და გინდ არა, რომ რამდენიც უნდა წერო, მაინც ჩამოწერილი ხარ.
"ახალი 7 დღე"
