მედია-კავშირი „ობიექტივი“ გმობს ხელისუფლების მიერ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას, რომლის მიზანიც იყო ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და თავისუფლადმოაზროვნე ადამიანების დაშინება.
გაზიარება
[22:15 06-11-2010]
სპეცოპერაციას შედეგად მოჰყვა მომიტინგეების ფიზიკური დაშავება, მედია-საშუალებების საქმიანობის შეჩერება, ტელეკომპანია „იმედის“ მაგალითზე კონკრეტული ტელევიზიისა და მისი ჟურნალისტების დარბევა, ქვეყნის იმიჯის შელახვა საერთაშორისო თანამეგობრობისა და მსოფლიოს წამყვანი ლიდერების თვალში. 2007 წლის 7 ნოემბერს, ასევე, მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის მიერ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, რაც გამიზნული იყო არა ქართული დემოკრატიის, არამედ სააკაშვილის სკამისა და ძალაუფლების გადასარჩენად. მედია-კავშირი „ობიექტივი“ უერთდება 7 ნოემბრის საპროტესტო აქციას. ამ დღეს „ობიექტივის“ პირდაპირი ეთერი დილის 12 საათიდან საღამოს 10 საათის ჩათვლით, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს და სტუმრად მოიწვევს არა მარტო 7 ნოემბრის აქციაში მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და ექსპერტებს, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებსაც ჩვენს სტუდიაში სტუმრობის სურვილი გაჩნდებათ.
მედია-კავშირ „ობიექტივის“ სახელით, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი.
2010 წლის 4 ნოემბერი. თბილისი.