ეს ის უცნაური შემთხვევა იყო, როცა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მომღერლებს აპლოდისმენტების ნაცვლად მოღალატეებს ეძახდნენ და უსტვენდნენ. ზოგმა ეს ღონისძიება იუმორინასაც კი შეადარა, ჯემალ ბაღაშვილის ნაცვლად კი ღონისძიების რეჟისურა თვით ნინო ბურჯანაძემ იკისრა. „სახალხო კრების“ გენერალურ რეპეტიციაზე აჩვენეს გადამონტაჟებული კლიპი „გამარჯობა აფხაზეთო შენი“.
გაზიარება
[18:36 30-11-2010]
როგორც იცით, ესაა კლიპი, რომელმაც ქართველი მომღერლები გააერთიანა, თუმცა კრების ორგანიზატორებმა მცირე ეშმაკობას მიმართეს, შიგადაშიგ დევნილების გამოსახლების კადრები ჩაამატეს და ფილარმონიაში შეკრებილი ხალხის რეაქციამაც არ დააყოვნა. ეკრანზე ქართველი შემსრულებლების გამოჩენისთანავე გაისმა შეურაცხმყოფელი შეძახილები:
– კიკაბიძე, მოღალატე! მეძავებოოო! გაათრიეთ წურწუმია! სეფაშვილო, იუდაა! ყველაზე დიდი ხმაური და სტვენა ნინა წკრიალაშვილის კადრს მოჰყვა...
„პრაიმტაიმმა“ მერაბ სეფაშვილსა და ლელა წურწუმიას ამ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების კომენტირება სთხოვა.
ლელა წურწუმია:
კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია ამ საქციელზე. თავიანთ თავს დაუკვირდნენ და თავიანთი საქციელი გააანალიზონ. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და პატრიოტიზმზე მერე ისაუბროს. რას ვგულისხმობ? ძალიან კარგად მიხვდებიან, რას ვგულისხმობ. პატრიოტიზმზე საუბარი ზოგის მხრიდან მართლა უხერხულია, მათი ქმედებებიდან გამომდინარე.
მერაბ სეფაშვილი:
არ არის ლამაზი ასეთი საქციელი. მეც რომ დავუსტვინო პოლიტიკოსებს, არც ეს იქნება ლამაზი, თუმცა, რაღა დაგიმალოთ და, ამის სურვილი ხშირად გამჩენია. რას ამტკიცებენ ამით, ვერ ვხვდები. ელემენტარული კულტურის ამბავია... იმდენ რამეზე მინდა ხმა ამოვიღო, თუნდაც ამ ადამიანების ქმედებებზე, მაგრამ ჩუმად ვარ იმიტომ, რომ პოლიტიკა არ არის ჩემი საქმე. პოლიტიკოსებიც არ უნდა ჩაერიონ ჩვენს საქმეში.
როგორ ფიქრობთ, რის თქმა უნდოდათ ამ მონტაჟის ავტორებს?
– რა ვიცი, იმდენი რამე დაამონტაჟეს და იმდენ სისულელეს ვუყურებ, რომ ძნელია, გაარკვიო, რა მიზანი აქვთ. ფილარმონიაში ბევრი ხალხი არ ეტევა, ზოგადად, ალბათ, ისინი შეიკრიბნენ, ვისაც ყველა და ყველაფერი აღიზიანებთ.
მეც ხშირად მქონია სურვილი, სხვებისთვის დამესტვინაო... რას გულისხმობთ?
– ბევრ რამეს, გნებავთ, მათ ქმედებებს, ტყუილებს. სწორედ ამ პოლიტიკოსებმა ძალიან ბევრჯერ შეიყვანეს ხალხი შეცდომაში. არ მინდა, ბევრ რამეს ხაზი გავუსვა, უხერხულია, უბრალოდ.
მომღერლების შეურაცხყოფა ერთაერთი არ ყოფილა, რამაც „სახალხო კრების“ გენერალურ რეპეტიციას უხერხული ფონი შესძინა... იმავე ეკრანზე ცოტა ხანში რუსეთ-საქართველოს ომის კადრები აჩვენეს, თუმცა ეს იყო კადრები, რომლის ჩვენებაზეც, ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მედიასაშუალებებმაც კი შეიკავეს თავი. ფილარმონიაში 3000 ადამიანი დიდ ეკრანზე უყურებდა ქართველი ჯარისკაცების დანაწევრებულ სხეულებს, დამწვარ ცხედრებსა და რუსეთის აგრესიის შედეგად გადაბუგულ სოფლებს. ჩვენება მაშინაც კი არ შეწყდა, როდესაც დარბაზში რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. ნინო ბურჯანაძემ და კრების ორგანიზატორებმა შემზარავი კადრები ლამის იძულების წესით აყურებინეს ხალხს, რათა მათში სააკაშვილისადმი ზიზღი გაეღვივებინათ.
ptpress.ge