ჩვენს ქვეყანაში ყველაფერს ძალოვნები რომ წყვეტენ, ვხედავთ და შევეჩვიეთ; აღარ გვიკვირს, რომ სასამართლო პოლიტიკისა და პროკურატურის შემადგენელი ნაწილია და სიმართლეზე თვალს ხუჭავს; ვხედავთ, შევეჩვიეთ და აღარ გვიკვირს, თუკი ვინმე უდანაშაულო პიროვნებას, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელთა ინტერესებიდან გამომდინარე, საპყრობილეში მოათავსებენ.
გაზიარება
[ლადო ქირია. 19:35 21-10-2010]
დღეს საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენაა: ბიზნესის დატერორება, ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვა, პირდაპირ ქუჩებში ახალგაზრდების ხოცვა-ჟლეტა, მოსმენ-დასმენის ინსტიტუტის ფაქტობრივი დაკანონება, ქვეყანაში საყოველთაო შიშისა და სასოწრკვეთილების დანერგვა. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით “საქართველო და მსოფლიოს” თავის მოსაზრებას უზიარებს პიროვნება (ვინაობის გამხელა არ ისურვა), რომელმაც რამდენიმე ათეული წელი იმუშავა სამართალდამცავ ორგანოებში მაღალ თანამდებობებზე:
ზამთარში დამშეულ მგელთა ხროვა რომ გამოვა საშოვარზე, ისეა დღეს პოლიცია, უფრო მეტად - საპატრულო პოლიცია. აგედევნებიან, გითვალთვალებენ, იქნებ, რაიმე შეცდომა დაუშვა ავტომანქანით მოძრაობის დროს და დაჯარიმებისთვის საბაბი იშოვონ. თუნდაც უმნიშვნელო დარღვევის დროს მგლებივით დაგესევიან; სიტყვას ვერ შეუბრუნებ, რადგან ვითარებას დაძაბავენ, გაართულებენ და შეიძლება საპატიმროშიც აღმოჩნდე.
ახლა ბევრს ლაპარაკობენ, პოლიციამ ხალხის ნდობა მოიპოვაო. სიცრუეა, მათ მიმართ მხოლოდ შიში და ზიზღი იგრძნობა. ისინი პატივისცემით მხოლოდ მათივე ოჯახის წევრებსა და ახლობლებში სარგებლობენ. პოლიცია ვერ იტანს ქუჩაში თავმოყრილ ახალგაზრდებს, მით უმეტეს, თუკი რომელიმე მათგანი ნასამართლევია ან პირობითი სასჯელი აქვს. ზუგდიდში მათ ქუჩებში გამოსვლა ეკრძალებათ. პერიოდულად, “პროფილაქტიკისთვის”, ასეთ პირებს ოჯახებში უვარდებიან, მიჰყავთ იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. თუ ვინმემ პრეტენზია გამოთქვა ან გამოესარჩლა, პოლიციის მუშაკისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდება გარანტირებული გაქვს. თავს ვერ გაიმართლებს, მოწმეები ხომ ისევ პოლიციელები არიან?! იქით უნდა ეხვეწო და მადლობა უნდა გადაუხადო, აღკვეთის ღონისძიებად “გირაო” თუ გაგიფორმეს და საბოლოოდ საპროცესო გარიგებას დაგაჯერეს.
ჩვენთან პოლიციელებს ნარკოტიკულ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთა გამოვლენა “ცოტა სხვანაირად” ესმით და ამისთვის თავისებურ ხერხს იყენებენ; მაგალითად, მოიყვანენ პიროვნებას, რამდენიმე საათს ამყოფებენ სამმართველოში ან პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი მოწყურებულს წყალს მიაწოდებენ, ამ წყალში კი ნარკოტიკია გარეული. დაკავებული დალევს ამ წყალს, 1-2 საათის შემდეგ წაიყვანენ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტიც სახეზეა. მე შენ გეტყვი და დაამტკიცებ შენს სიმართლეს. სწორედ ამის გამო არ მიჰყავთ პიროვნება დაკავებისთანავე შემოწმებაზე, აჩერებენ რამდენიმე საათს, წყურვილმა რომ შეაწუხოს. პოლიციის ეს მეთოდი ცნობილი გახდა და ყველა ცდილობს, არ დალიოს პოლიციის მუშაკის მიერ მოწოდებული წყალი. ამიტომ საჭირო გახდა სხვა ხერხის გამოძებნა და გამონახეს კიდეც. პოლიციაში მოჰყავთ დაკავებული, ძალის გამოყენებით გაუკეთებენ ნარკოტიკს ნემსით (ეს მეტწილად ხდება საღამოობით). დაკავებულს არ აძლევენ თავის ადვოკატთან და ახლობლებთან შეხვედრის უფლებას. დაკავებული რამდენიმე საათის განმავლობაში იზოლირებულია, შემდეგ კი მიჰყავთ შემოწმებაზე. ამასობაში გადის 5-6 საათი და, რომც მოინდომო, ნემსის ნაჩხვლეტს მაინც ვერ უპოვნი.
პოლიციის სამმართველოებსა და განყოფილებებში მოულოდნელი შემოწმება რომ ჩაატარონ, დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას აღმოაჩენენ. პოლიციის ყველა სამმართველოსა და განყოფილებაში ჰყავთ სპეციალურად ასეთი სამუშაოების შემსრულებელი გამომძიებლები და ოპერატიული მუშაკები.
მართლაც, რაც ბოლო პერიოდში ხდება, უკვე მეტისმეტია. ზუგდიდელები: მალანია, ჭანტურია, აკობია, კუკავა და სხვები ასეთი თავხედი და აღვირახსნილი პოლიციელების გამო უკანონოდ არიან დაკავებულნი და შესაძლებელია მხოლოდ კოლოსალური თანხის გადახდის შემდეგ დაუბრუნდნენ მშობლიურ კერას, წინააღმდეგ შემთხვევაში 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პოლიციელები განსაკუთრებით ნადირობენ იმ ახალგაზრდებზე, რომელთა მშობლები საზღვარგარეთ იმყოფებიან. პროკურატურა კი წაყრუებას არჩევს, რადგან გირაოსა და საპროცესო შეთანხმების დროს მიღებული თანხები საკმაოდ სოლიდურია.
"საქართველო და მსოფლიო"