დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის (აღმოსავლეთ საქართველო) საკრებულოს აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ გელა თეთრაულმა, ადგილობრივი ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" მთავარ რედაქტორს ილია მარტყოფლიშვილს სასამართლოში უჩივლა და მისგან, პატივისა და ღირსების შელახვისთვის, 10 ათასი ლარის გადახდა მოითხოვა. ამის შესახებ Media.Ge-ს თავად ილია მარტყოფლიშვილმა აცნობა.
გაზიარება
[01:18 22-10-2010]
სარჩელში დეპუტატი აღნიშნავს, რომ ილია მარტყოფლიშვილის მიერ წლების მანძილზე სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიებით მას და მის საქმიან რეპუტაციას მორალური ზიანი მიადგა.
„დეპუტატს რატომღაც თმენის ვალდებულება არ გამოუყენებია და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა", ამბობს მარტყოფლიშვილი.
როგორც გელა თეთრაულმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ჟურნალისტმა ის თავის ბლოგზე, არაერთხელ დაადანაშაულა საბიუჯეტო თანხების მითვისებაში.
„ამ თანხებთან შეხება საერთოდ არ მქონდა, მაგრამ გამიზნულად ავრცელებს დაუდასტურებელ ბრალდებებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში არაერთ ფინანსურ დარღვევაში და დოკუმენტების გაყალბებაში დამადანაშაულა. ამ ბრალდებებზე იწყება ხოლმე გამოძიება და დაკითხვიდან დაკითხვაზე დავდივარ. მე მესმის, რომ საჯარო მოხელეებს თმენის ვალდებულება გვაკისრია, მაგრამ ასე ხელაღებით ადამიანებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება არ უნდა ხდებოდეს. ამიტომაც სარჩელით დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს მივმართე და გავრცელებული ინფორმაციების საჯაროდ უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს დეპუტატმა.
ილია მარტყოფლიშვილი აცხადებს, რომ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ინფორმაცია არასოდეს გამოუქვეყნებია და მზად არის სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ის საჯარო მოხელის ნაბიჯს ზეწოლად და პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის მცდელობად აფასებს.
media.ge