ხობის რაიონის სოფელ ქვალონში 10 დღის წინ დაფიქსირებული ბრუცელოზის შემთხვევის ფაქტზე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურს ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენია.
როგორც ხობის რაიონის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, ბრუცელოზის შემთხვევა ათი დღის წინ სოფელ ქვალონში დაფიქსირდა, მასზე რეაგირება კი იმ მიზეზით არ ხდება, რომ რაიონში ვეტერინარული სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, ხოლო ახალი კადრი ამ დრომდე არ დანიშნულა.
"აღნიშნული პრობლემა რაიონის ხელმძღვანელობის ყოველდღიური კონსულტაციების საგანია. როგორც ყოფილი ადგილობრივი ვეტერინარული სამსახურის უფროსი მარწმუნებს, რაიონი უზრუნველყოფილია შესაბამისი პრეპარტებით, მაგრამ იმის გამო რომ იგი თანამდებობიდან არის გათავისუფლებული, მას რაიმე სახის პროფილაქტიკური ღონისძიების გატარების უფლება არ გააჩნია. თბილისიდან ყოველდღე მარწმუნებენ, რომ ახალი ვეტერინარის დანიშნავენ, თუმცა ჩემთვის ამ დრომდე უცნობია ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" იგორ ტყებუჩავამ.
რაიონის გამგებელმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნა, რომ პრობლემას ქმნის ის ვითარება, რომ რაიონში მოხლოდ ერთი ვეტერინარია, რომელსაც ცალკეულ შემთხვევებზე რეაგირების უფლებამოსილება გააჩნია. ამჟამად კი მისი არარსებობის გამო ათი დღეა რისკის ფაქტორი არსებობს.
"ადრე რაიონში 30-მდე ვეტერინარი იყო. ამჟამად მხოლოდ ერთია. ჩვენ შემთხვევაში კი ისიც არ არის, რაც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი პრობლემაა", - განაცხადა ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში ტყებუჩავამ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს ბრუცელოზისა და ცოფის გავრცელების ცალკეული ფაქტები კახეთის რეგიონშიც დაფიქსირდა. მართალია შესაბამისი სამსახურები აღნიშნულს ერთეულ ფაქტებს უწოდებენ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ აღიარებული სტანდარტების მიხედვით ასი ათას მოსახლით დასახლებულ რეგიონსა თუ რაიონში ცოფის სამი შემთხვევის გამოვლენა ე.წ. "კარანტინის" გამოცხადების საფუძველი ხდება. ასიათასიანი რაიონები კი საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს.
როგორც ადგილობრივი ვეტერეინარები განმარტავენ, ზემდგომი სამსახურიდან სათანადო მითითების გარეშე მათ ცალკეულ ფაქტებზე კომენატარების გაკეთების უფლება არაქვთ.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრუცელოზის შემთხვევაში ინკუბაციური პერიოდი 6-დან 30 დღემდე გრძელდება. ადამიანის დასნებოვნება ბრუცელოზით დაავადებული საქონლიდან და თხებიდან ხდება ახალი რძის ან რძის პროდუქტების გამოყენებისას.
გარდა ამისა, დასნებოვნება შესაძლებელია საკვებად დაავადებული ცხოველების არასათანადოდ მომზადებული და დამუშავებული ხორცის გამოყენებით, საქონლის მოვლის შედეგად (მესაქონლეები, მწველავები) და ა.შ.