მართლმადიდებელი სამყარო 4 აპრილს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა.
მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა დაიწყო, რომლის დროსაც სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით ჯვრის საგალობელს გალობდნენ. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება დილამდე გაგრძელდა.
ამასთან, ეკლესიებში განაწილდა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელიც მომლოცველთა ჯგუფმა ჩამოიტანა; სამების საკათედრო ტაძარში, წაკითხულ იქნა კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 15 თებერვალს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიური ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეუძლიათ.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.
ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია გილოცავთ ქრისტეს აღსდგომის უდიდეს დღესასწაულს.