გასულ შაბათს „სპეციალური რეპორტაჟი“ და ნათია კობერიძე გადაცემისთვის განკუთვნილ დროს და განკუთვნილ ტელეარხზე ისევ წარდგნენ მაყურებლის წინაშე. წამყვანი ყოველგვარი რევერანსის გარეშე პირდაპირ საქმეზე გადავიდა და ახალ თემაზე მუშაობას ისე შეუდგა, თითქოს არც 13 მარტის მოდელირებული „ქრონიკა“ ყოფილიყოს და არც პირადად ამ წამყვანის თანამონაწილეობით ლამის ჭკუიდან შეშლილი ნახევარი საქართველო. პირადად ჩემთვის ეს დღე და ეს გადაცემა უფრო მეტად იყო ჟურნალისტურად არაეთიკური, ვიდრე 13 მარტის „ქრონიკა“, როცა შესაძლოა, გევარაუდა, რომ წამყვანმა თუ გადაცემის ავტორებმა წინასწარ ვერ გათვალეს შედეგი, რომ ეს უცოდინრობით, გამოუცდელობით დაემართათ.
მაგრამ როცა შედეგის მოწმეები გახდნენ, შედეგი კი ვერ გაიაზრეს, ეს უკვე ძალიან ცუდია, საზოგადოების გამოწვევაა – ქვეტექსტით: თქვენ წინაშე პასუხს არ ვაგებთ და არც ბოდიშის მოხდას ვაპირებთ! არა მგონია, ნათია კობერიძე ოდესმე სხვა რამით დაამახსოვრდეს ქართველ მაყურებელს: მან თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ 13 მარტს უჩვენა საზოგადოებას არაპროფესიული გადაცემით, რომელშიც მას ყველა შემფასებელმა დიდი ორიანი დაუწერა, შემდეგ კი 26 მარტს – ამჯერად ყოფაქცევაში – არადამაკმაყოფილებელი შეფასებით.
გადაცემის წინა დღეს, 25 მარტს, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭომ, მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე, ნათია კობერიძის საკითხზე იმსჯელა და ჟურნალისტიც მიიწვია, მაგრამ ამ უკანასკნელმა, რომელიც მეორე დღეს ეთერში გასასვლელად ემზადებოდა, სხდომაზე მისასვლელად ვერ მოიცალა. საბჭომ მის გარეშე იმსჯელა და 29 მარტს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა 13 მარტს, მოდელირებული „ქრონიკის“ ეთერში გაშვების დროს, ეთიკის ქარტიის პირველი მუხლი დაარღვია, რომლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. გადაწყვეტილების ოფიციალური დოკუმენტი, თუ რატომ დაარღვია ჟურნალისტმა ქარტიის პირველი მუხლი, ხვალ გახდება ცნობილი – გამოქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე და იმ მედიასაშუალებებში, რომელთა წარმომადგენლები არიან საბჭოს წევრები.
ნათია კობერიძე არა მხოლოდ არ მივიდა საბჭოს სხდომაზე, არამედ მან თავის კოლეგებს, რომლებთან ერთადაც შექმნა ქარტიის საბჭო, პროტესტი განუცხადა და დატოვა ქარტია – მისი აზრით, საბჭოს გადაწყვეტილება მის მიმართ არაობიქეტური იყო.
„ახლა 7 დღე“ დაუკავშირდა ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს ერთ –ერთ დამუძნებელს ია ანთაძეს:
– ქალაბატონო ია, ნათია კობერიძემ არაობიექტურობაში დასდო ბრალი ქარტიის საბჭოს. იზიარებთ ჟურნალისტის პროტესტს?
– საბჭოს უნდა დაეცვა როგორც საზოგადოების, ასევე ჟურნალისტის ინტერესები, რასაც თავი ძალიან კარგად გაართვა, რადგან ის არის სამართლიანობის იარაღი საზოგადოების ხელში და ჟურნალისტის ინტერესების დამცველი. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ჟურნალისტების მიერ შემუშავებული ქარტიის მუხლების მიხედვით, მაგრამ მთავარი ფაქტორი, რის შედეგადაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, იყო ნათია კობერიძის პასუხები საბჭოს მიერ გაგაზავნილ კითხვებზე.
– საბჭოზე ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას, რომ კობერიძემ ქარტიის 1–ლი მუხლი დაარღვია?
– ეჭვი მეპარება, რომ კენჭისყრაზე ვინმე წინააღმდეგი ყოფილიყო და არ ეღიარებინა ქარტიის პირველი მუხლის დარღვევა. დიახ, ნათია კობერიძემ დაარღვია ქარტიის პირველი მუხლი – ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
– რამდენად ქმედითუნარიანი იქნება ჟურნალისტთა საბჭოს ეს გადაწყვეტილება?
– ქმედითუნარიანობა უნდა განვსაზღვროთ ქარტიის წესდების პუნქტებით. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით ჟურნალისტთა ეთიკის საბჭომ ღირსეული სახელი შეინარჩუნა. რაც გააღრმავავებს საზოგადოების ნდობას საბჭოს მიმართ. პირველი შემთხვევა ყოველთვის ძალზე საყურადღებოა და, რაც უფრო სამართლიანი იქნება გადწყვეტილება, მით უფრო მეტი ხელმომწერი ეყოლება ჟურნალისტთა ქარტიას.
[ნათია პავლიაშვილი, "ახალი7დღე"]