ავტორი მირიან ბოქოლიშვილი
11:51 08-10-2010
„გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა,
ვიყავი ისეთი სასურველი,
გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან,
შენზე ოცნებაში გავსულელდი,
მერე – ხათრი ვეღარ გაგიტეხე
ბუჩქებში ძველებურად მიგემე,
ვიყავი კაბა აწეული“.
ესაა ლექსი ციკლიდან „მოდერნიზაციის შემდეგ“. მისი ავტორი, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე მანანა ღურჭუმელიძეა. ღურჭუმელიძის სკანდალური ლექსები „პრაიმტაიმს“ სრულიად შემთხვევით ჩაუვარდა ხელში. ეროტიკული, ზოგისთვის კი პორნოგრაფიული შტრიხების შემცველი პოეზია ჯერ მხოლოდ ნაბეჭდი სახით გავრცელდა ვიწრო წრეში, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, მალე კრებულის გამოცემაც იგეგმება სახელწოდებით – სკანდალური კარნავალი.
48 წლის პედაგოგის, მანანა ღურჭუმელიძის ლექსებს ძნელია, შემოქმედება უწოდო, თუმცა, თავად ამ ლექსებით ძალიან ამაყობს...
„ბოზანდარა დაქალებო,
ჭორიკნებო ართვალებო,
საქმე ნახეთ, მოუარეთ თქვენ თქვენს ტრ...-ს“.
ან ეს:
„ღრმა კორსეტებში ჩაყოფა
ცხვირის,
ყვირილი, კვნესა, კისკისი,
წყევლა,
მოუთათუნე საჯდომზე ხელი“.
ერთი სიტყვით, პედაგოგთა პროფკავშირების თავქალი ნამდვილად არ ხუმრობს, თუმცა პოეზიაზე მეტად სკანდალური მისი გეგმებია. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ღურჭუმელიძე არ მალავს, რომ მალე საკუთარი ლექსების კრებულის გამოცემას აპირებს, რომლის პრეზენტაცია შესაძლოა, ერთ-ერთ საჯარო სკოლაშიც კი შედგეს.
მანანა ღურჭუმელიძე:
– ეს ლექსები ახალგაზრდობაში დავწერე, 90-იან წლებში. შემდეგ ლიტერატურის ინსტიტუტმა დაბეჭდა თავის ანთოლოგიაში. ძალიან კარგი ანოტაცია გამოაქვეყნა მირიან ლობჟანიძემ და კრიტიკოსმა გია ბენიძემ. ეს არის ჩემი პროტესტი.
ამჟამად თუ წერთ კიდევ?
– ბევრს ვეღარ ვიცლი, მაგრამ ბოლო პერიოდში დავწერე კიდევ რამდენიმე. მაგალითად, სულ ახლახან, როცა ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტად ამირჩიეს, ვიჯექი მაგიდასთან ევროპის შუაგულში და მახსენდებოდა მამაჩემი... ვფიქრობდი, ნეტავ ახლა თუ ხედავდეს, როგორ აღიარეს მისი შვილი ევროპის მასწავლებელთა ლიდერად. აღელვებულმა დავწერე მაშინ ერთი ლექსი. სხვათა შორის, ჩემი ლექსები თავის დროზე იბეჭდებოდა „ცისკარში“, „მნათობსა“ და „განთიადში“. ანშლაგით იყიდებოდა შემდეგ ეს გაზეთები. ეს იყო ახლის თქმა.
ცოტა არ იყოს და, თამამი ლექსებია, არა?
– რა თქმა უნდა, განსაკუთრებით თამამი იყო იმ პერიოდისთვის, მაგრამ მე სითამამე არასდროს მაკლდა. ეს იყო პროტესტი არსებულ რეალობასთან.
პროტესტი ეროტიკული ფორმით გამოხატეთ?
– ნუ, ხო, ეროტიკული ლექსებიც არის, მაგრამ მაინც ზღვარზე გადის. ამ ლექსებს დადებითი შეფასება მოჰყვა კრიტიკოსებისგან.
კონკრეტულად?
– როგორც მოგახსენეთ, ერთ-ერთი იყო გია ბენიძე, ასევე ლობჟანიძემ გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო სტატია, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩემ მიერ საინტერესო ლექსები შეიქმნებოდა.
კრებულის გამოცემას აპირებთ...
– დიახ, ვაპირებ ახალი კრებულის გამოცემას. შევა თქვენ მიერ ნახსენები ლექსებიც და კიდევ რამდენიმე ახალი. მე ვიტყოდი, რომ ჩემი ლექსები იყო პირველი თამამი სიტყვა ტაბუდადებულ ქართულ პოეზიაში. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამას არაფერი სკანდალური არ მოჰყოლია. მე სკოლის მოსწავლეობიდან ვწერდი მშვიდ ლექსებს, ვეცნობოდი საზღვარგარეთულ ლიტერატურასაც. მაშინ ინტენსიურად ხდებოდა უცხოური ლიტერატურის თარგმნა. იგივე ფრანსუა ვიონის ვეცნობოდი და ამის შემდეგ დავწერე ეს ლექსები. მახსოვს, ერთხელ ჩემი მეგობრები იყვნენ სტუმრად, გია ბენიძეს წავუკითხე ეს ლექსები, მან გამომართვა და მითხრა: არ გაქვს უფლება, ეს ლექსები თაროზე შემოდოო. სამი რამით ვამაყობ ჩემს ცხოვრებაში, ესაა: ოჯახი, ლექსები და პროფკავშირი.
ანუ თქვენ ამაყობთ ამ ლექსებით?
– რა თქმა უნდა, ვამაყობ.
ქალბატონო მანანა, ცოტა ხნის წინ ერეკლე დეისაძის წიგნს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. თქვენ რა დამოკიდებულება გქონდათ ამ საკითხზე?
– არ მაქვს წაკითხული ეს წიგნი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებაში არის აგრესია. არ ვართ ტოლერანტულები. უნდა შევეგუოთ, რომ ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც დაწერენ ისეთ ნაწარმოებს, როგორიც დაწერა დეისაძემ და ისეთებიც იქნებიან, როგორსაც წერდა მუხრან მაჭავარიანი, ილია ჭავჭავაძე, ანა კალანდაძე... ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ემოცია. უნდა გამართულიყო თუ არა ამ წიგნის განხილვა ილიას უნივერსიტეტში? იცით რა, ამაზე ჩემი აზრი მაქვს და შეიძლება, საზოგადოებისგან წყრომაც დავიმსახურო: განიხილებოდა თუ არა ეს წიგნი უნივერსიტეტში, მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის გადასაწყვეტია. ვიღაცას ასეთი გემოვნება აქვს, ვიღაცას სხვანაირი, ხომ? საქართველოში, როგორც წესი, ბაყაყს არ ჭამენ, მაგრამ მე ვჭამ. ამის გამო ხომ არ შეიძლება, ჩამქოლო?
თქვენ თუ გაქვთ სურვილი, რომ თქვენი თამამი ლექსების განხილვა მოაწყოთ თუნდაც სკოლებში?
– დიდი სიამოვნებით გავაცნობ ბავშვებს. მე მათ ავუხსნი ამ ყველაფერს. ეს არ არის ისეთი ლექსები, რომ ვერ გაიგონ. მე იმდენი რამ არ ვიცი, რაც პატარა ბავშვებმა იციან და ჩვენი პრობლემაც სწორედ ის არის, რომ ამას ვერ ვხედავთ. ჯერ წიგნი უნდა გამოვცე და მერე სიამოვნებით, რატომაც არა?! როდესაც ამ ლექსებს ვწერდი და მეორე დღეს ვეცნობოდი, ჩემს თავს ვეკითხებოდი: ღმერთო ჩემო, ეს ლექსები მე დავწერე?!
ერთი სიტყვით, საკუთარი „შემოქმედებით“ მოხიბლული ღურჭუმელიძე შესაძლოა, მალე დეისაძეზე დიდ სკანდალში გაეხვიოს. თუ დეისაძემ თავისი თამამი განაცხადი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს გააცნო, ღურჭუმელიძე უფრო შორს მიდის და ეროტიკული ლექსების განხილვას სკოლებში გეგმავს. მასწავლებლებს, რომელსაც ჩვენ ამ ლექსების შესახებ ვუამბეთ, ერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ: პედაგოგი და მით უმეტეს, პედაგოგთა გაერთიანების თავმჯდომარე ბავშვებს მორალს უნდა ასწავლიდეს და არა ისეთ ლექსებს, როგორიცაა, მაგალითად, ეს:
„კიბის ქვეშ, ნორჩ კლიენტს, რომ ვემსახურებოდი,
შიშით და კანკალით,
სწორედ იმ მომენტში წამადგა თავს წუწკი ზედამხედველი,
ამას ხომ არ-თქო – კინაღამ გავივლე გულს აზრი მკრეხელი.
აქ რას ჩალიჩობო – დამიღრიალა იმ კახპის ნაშობმა.
კი შევთავაზე, მაგრამ რად გინდა, არ იხარშება.
ისეთი მთვრალია –
კიდეც რომ ვიკისრო,
დამბურჯგნის, დამლოშნის, დამკაწრავს და მაინც
ხეირს ვერ დამაყრის...“
ჩვენ ღურჭუმელიძის ეს თამამი პოეზია პირველი კლასიკური გიმნაზიის ფსიქოლოგს, ქალბატონ ლუიზა ქურულსაც გავაცანით. მისი შეფასებით, ამ ლექსების მოსწავლეებამდე მიტანა დაუშვებელია.
ლუიზა ქურული, ფსიქოლოგი:
– ეს მანანა ღურჭუმელიძის ლექსებია? არ გადამრიოთ. უბრალოდ, შემაშფოთებელია. დღევანდელმა აქსელირებულმა ბავშვმა რომ წაიკითხოს ეს, არაფრით არ შეიძლება. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს იქნება მასზე ზემოქმედება. ეს თაობა თავისთავად ისედაც გათვითცნობიერებულია ბევრ საკითხში და დამატებითი სტიმულატორები საჭიროდ არ მიმაჩნია. მოგეხსენებათ, დღეს უკვე ტელევიზიით არ გადის ფილმი, მსგავსი სცენები რომ არ იყოს ნაჩვენები. ნამდვილად უარყოფითი პოზიცია მაქვს. აქ ასაკობრივი ზღვარიც გასათვალისწინებელია. წარმოუდგენელია ამ ლექსების მოსწავლეებამდე მიტანა. მსგავსი ლიტერატურის მიწოდება, თუნდაც მისი განხილვა მოსწავლეების თანდასწრებით, ვფიქრობ, სამშობლოს ღალატის ტოლფასია.
რამდენად სწორია, როდესაც პედაგოგი წერს ამას?
– არ ვიცი. ეს არის ის ლიტერატურა, რომლის გასაკრიტიკებლადაც სიტყვები არ მყოფნის.
რამდენად არის ეს ლექსები პროტესტის გამომხატველი?
– აქ მე პროტესტის გამოხატვას ვერ ვხედავ. პროტესტი ვის მიმართ? ეს არ ჩანს ამ ლექსებში. აქ უფრო სხვა პრობლემაა. ვინაა პროტესტის ადრესატი? პროტესტი სოციუმის მიმართ გამოიხატება აბსოლუტურად სხვა ტექსტით და სხვა ფორმებით.
ptpress.ge