ავტორი ტრიბუნა.ge
15:26 10.09.2011
Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დოკუმენტში საქართველოს განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინისა და საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩის ჯონ ტეფტის საუბარია აღწერილი. ტელეგრამა 2009 წლის 6 იანვრით თარიღდება. შაშკინი მაშინ აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს პროგრამების დირექტორი იყო.„შაშკინი ფიქრობს, რომ შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე შესაძლოა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყოს. მაშინ, როცა ბევრი კომენტატორი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გარეშე მმართველი პარტია დაიშლება, შაშკინის აზრით, ბაქრაძეს აქვს შესაძლებლობა, გახდეს მისი შემცვლელი. შაშკინი ამბობს, რომ ბაქრაძე ჭკვიანია და კარგად მუშაობს, როგორც პარტიის შიგნით, ასევე მის გარეთ. ბაქრაძე შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია. როგორც ჩანს, სააკაშვილიც ცდილობს ხოლმე მისგან რჩევის მიღებას სხვადასხვა საკითხებზე. თუ მან მოიპოვა სააკაშვილის მხარდაჭერა და შეძლო ნაციონალური მოძრაობის გარკვეული ნაწილის გაერთიანება, ბაქრაძე შესაძლოა, პრეზიდენტობის უალტერნატივო კანდიდატი გახდეს“, - ვკითხულობთ ტელეგრამაში.
