გაზიარება
[რუსიკო მუმლაძე. 18:52 18-06-2010]
ცნობილი რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი საქართველოში იმყოფება და აქ სექტემბრამდე დარჩება, თანაც საქართველოზე წიგნს წერს. მანამდე ის 7 თვე ამერიკაში ცხოვრობდა და, როგორც თავად ამბობს, მთავარი, რაც შტატებში მოეწონა, ეს – თავისუფლებაა. ჟურნალისტი სექტემბერში რადიოსადგურ “ეხო მოსკვის” ეთერში გადაცემებს გააგრძელებს, მაგრამ სამშობლოში მხოლოდ ორი კვირით დარჩება ხოლმე.
“რუსეთში ორ კვირაზე მეტი ვერ გავჩერდები. იქ წავალ, სადაც საინტერესო რამე ხდება და წიგნის დაწერა შემეძლება. საქართველოში 6 თვე ვიქნები. რედაქტორმა მთხოვა, რომ რაღაც გადაცემა გავაკეთო, რათა გამოვაფხიზლოთ ჩვენები. დანარჩენი ორი კვირა იქ ვიქნები, სადაც გული გამიწევს. “ეხო-მოსკვიდან” არსად მივდივარ. უამრავი წელია იქ ვმუშაობ. მე ვარ თავად “ეხო-მასკვი”, - ბოლოს უკვე იხუმრა განაპოლსკიმ.
“რია ნოვოსტის” თბილისის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტი ყველანაირად ცდილობდა გვერდი აევლო პოლიტიკური შეფასებებისთვის, განსაკუთრებით კი, ოკუპაციის თემისთვის. მისი თქმით, საქართველო ოკუპირებული მაშინ იქნებოდა, თუ აქ, ამ წუთში რუსეთის 58-ე არმიის პირადი შემადგენლობა იჯდებოდა და ამ ქვეყანას მართავდა. თუმცა, განაპოლსკის “ავიწყდება”, ალბათ, რომ რუსეთის ხელისუფლება და არმიის პირადი შემადგენლობა საქართველოს ტერიტორიების 25%-ს უკვე მართავს.
მას აფხაზეთისა და ოსეთის დაკარგვასთან დაკავშირებითაც ქართველებისთვის უჩვეულო და სხვა თვალით დანახული ხედვა აქვს.
განაპოლსკი: “აფხაზებს ბევრ პრობლემა აქვთ. მთავარი უმუშევრობაა. თქვენ მათ ყოველთვის ტუქსავდით. ამ დროს იყო რუსეთი და იფიქრეს, რომ რუსეთი მისცემდათ ფულს და ეკონომიკურ მდგომარეობას გამოასწორებდნენ. ეკონომიკა პოლიტიკად იქცა. წლიდან წლამდე ახალი ელიტა იზრდებოდა. იზრდებოდა ფიქრიც დამოუკიდებლობაზე.
რატომ უნდა ყველას ამერიკა? იმიტომ, რომ ის მიმზიდველი ქვეყანაა ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკატიის თვალსაზრისით. მოვა დრო და ოსები, თუ აფხაზები დაიწყებენ ფიქრს არჩევანის გაკეთებასთან დაკავშირებით. რაც უფრო გაიზრდება მათთვის საქართველოს მომხიბვლელობა რუსეთთან შედარებით, მით უფრო შეგეძლებათ, მათი დაბრუნება. ოსებს საერთოდ რა უნდათ, ვერ გავიგე. ალბათ – ფული. თუ ახლა თქვენ იყიდით, თქვენსკენ წამოვლენ.
იცით, საქართველო რითი მომწონს ახლა? ის უფრო მომხიბვლელი და მიმზიდველი ხდება. მართალია არის ოპოზიცია თავისი პრობლემებით, არის განსხვავებული აზრი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ქვეყანა ცხოვრობს და არა – არსებობს. რუსეთისგან იმით განსხვავდებით, რომ თქვენ სუბიექტები ხართ, რუსეთი – არა. ხოლო სადაც ხალხი ობიექტია, იქ ქვეყანა არ ვითარდება”.
რუსი ჟურნალისტი თვლის, რომ საქართველოს აქვს შანსი “ნატოში” გაწევრიანდეს, დაიბრუნოს აფხაზები და ოსები, თუნდაც 40 წლის შემდეგ. ამავდროულად, მან კატეგორიულად უარყო ის ინფორმაცია, რომ რუსები მასიურად ყიდულობენ სახლებს აფხაზეთში, ან დასასვენებლად ჩადიან იქ.
“ვინ გითხრათ, რომ იქ რუსები საცხოვრებლად გადადიან? თქვენ რუსული პროპაგანდის მსხვერპლი ხართ. გირჩევთ, არ უყუროთ რუსეთის ტელევიზიის პირველ არხს. აფხაზეთში სახლი რომ იყიდო, მალევე დაკარგავ. ეს ყველამ იცის. დასვენებას რაც შეეხება, თურქეთი უფრო იაფი ღირს, ვიდრე - აფხაზეთი. მე პირადად, თუ კარგი ტუალეტები იქნება იქ, შეიძლება, წავიდე დასასვენებლად.
აფხაზებმა თავადვე უნდა გაიგონ, რომ თურქები არ არიან. ახლა ყველა პრობლემა იქ ფულამდე მიდის. ინვესტიციებსაც არავინ დებს, რადგან ძალიან უცნაური ტერიტორიაა. როცა დამოუკიდებლობას ითხოვ, უნდა დაფიქრდე. ოსებიც 100-ჯერ უნდა დაფიქრებულიყვნენ”, - გაცხადა განაპოლსკიმ.
ის ქართველ ჟურნალისტებს არ ეთანხმებოდა, რომ საქართველოში რუსეთს გავლენა აქვს და ამ პროცესს საკმაოდ უხერხულ რაკურსში განიხილავდა:
“რუსეთს საქართველოში გავლენა არ აქვს. საქართველო არის მისი ინტერესების ზონა. გავლენის სფეროებს რაც შეეხება, ისეთივე სიტუაციაა, როცა იმპოტენტი პორნო ჟურნალს ათვალიერებს.
აბსტრაქტული სურვილი, რომ სააკაშვილი ჰაერში გაიფრქვეს, ეს რუსეთში ყველას არ აქვს. დაპირისპირება კონკრეტულ პრეზიდენტ პუტინსა და კონკრეტულ პრეზიდენტ სააკაშვილს შორისაა. კატეგორიულად შეიცვლება სიტუაცია, როცა რომელიმე მათგანი წავა.
რუსეთს საქართველოზე გავლენა რომ ჰქონდეს, პუტინი და სააკაშვილი აქაურ რესტორნებში ყოველდღე ღვინოს დალევდნენ. გავლენა ისაა, მაგალითად, რაც ბრიტანეთს აქვს თავსი ყოფილი კოლონიების მიმართ, იქ, ფაქტობრივად, მეორე სახელმწიფო ენა ინგლისურია. საქართველო არის რუსეთის სტრატეგიული ინტერესების ზონა”, - მიაჩნია რუს ჟურნალისტს.
მართალია, განაპოლსკი უარყოფს, რომ რუსეთს სურვილიც არ აქვს გავლენა ჰქონდეს საქართველოზე, მაგრამ სწორედაც, რომ ეს სტრატეგიული ინტერესები და გავლენის სფეროების ქონის სურვილია იმის რეალური მიზეზი, რომ პრეზიდენტების დაპრისპირება პიროვნულ დონეზე დავიდა, რასაც ნელ-ნელა საქართველოს ტერიტორიები ეწირება.
ამავდროულად, განაპოლსკი ფიქრობს, რომ ჩარტერული რეისები ორ ქვეყანას შორის განახლდება და აღარც საქართველოა რუსეთის ტელევიზიების მთავარი თემა. ამ ცვლილებებს ჟურნალისტი მომავალ ოლიმპიადას უკავშირებს, რომლის ჩატარებას რუსეთი სოჭში ფიქრობს. მისი თქმით, სააკაშვილს ერთი ხელის მოსმით შეუძლია ოლიმპიადა ჩაშალოს და ამიტომ რუსეთიც რაღაცას დათმობს, რადგან ეს ოლიმპიადა მეზობელი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ღონისძიებაა. ვიდრე ეს საკითხი ღიად რჩება, მანამდე ურთიერთობები მეტად აღარ გართულდება.
უახლოესი ორი წლის განმავლობაში კი, ვიდრე ორივე ქვეყნის პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა არ ამოიწურება, ორ რამეს უნდა ველოდოთ: ან დაპირისპირებული მხარეები გადადგამენ თანმხვედრ ნაბიჯებს, ანაც ისევ დაძაბული ურთიერთობები გაგრძელდება. ასე თვლის განაპოლსკი და თან აცხადებს: “მე ნაკლებად წარმომიდგენია, რომ რომელიმე მხარემ თავისი პრინციპები დათმოს”.
შესაძლებელია თუ არა, რომ მედვედევი დამოუკიდებელი ფიგურა გახდეს? - ქართველი ჟურნალისტის ეს კითხვა განაპოლსკისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ბევრიც ისაუბრა.
“რამდენადაც რუსული პოლიტიკა ადამიანების ჩაკეტილ წრეში წყდება, სამოქალაქო ორგანიზაციების აზრის გაუთვალისწინებლად, და რადგანაც ყველა არჩევნები ყალბია, შეიძლება ყველფერი მოხდეს. არავინ იცის, გაიზრდება თუ არა მედვედევი და გახდება თუ არა დამოუკიდებელი ფიგურა, ჩააჯენს პუტინს ციხეში, თუ პუტინი ჩამოაგდებს მას და აქეთ ჩააჯენს ციხეში. შეიძლება, ადგილებს გაცვალონ და ერთი პრეზიდენტი იქნება ისევ, მეორე პრემიერ-მინისტრი. ყელაფერი შეიძლება, მოხდეს. კასპაროვები, ლიმონოვები და ნოვადვორსკაიები იქ პოლიტიკაში ვერ ჩაერევიან.
როგორ გითხრათ… არის სერიოზული საკითხი, რომელზეც პრაქტიკულად არ ლაპარაკობენ ქართველი პოლიტოლოგები: როგორი უნდა იყოს თანამედროვე სახელმწიფო, რომ მან არსებობა შეძლოს. დაუსვით თქვენ თავს ეს კითხვა. ეს ძალიან სერიოზული კითხვაა და მარტო პრესკონფერენციის თემა ვერ იქნება. ეს თქვენი განხილვის თემაა.
ჩვენ ვიცით, როგორია თანამედროვე, მოდერნიზებული და სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო, რომელიც ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოში. ასეთი ქვეყანა, არ ვგულისხმობ აშშ-ს, სადაც ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი ტექნოლოგიების განვითარებაზე იხარჯება, ორია მსოფლიოშო - კორეა და მალაიზია. რა გააკეთეს მათ? მათ აქვთ ისეთივე პატარა და ლამაზი ტერიტორიები, როგორც საქართველოს, მაგრამ მარტო სილამაზით ვერაფერს გააკეთებ და მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ, ტურისტულ სამოთხედ გადაექციათ თავიანთი ქვეყანა, არ გამოუვიდათ.
მათ გააკეთეს ის, რაც საქართველოში არ წაუკითხავს ბევრს, მაგრამ ძალიან კარგად იცნობენ ისინი, რომლებიც ქართული რეფორმების იდეოლოგები არიან. ამ ქვეყნებმა ძალიან დიდი თანხების ინვესტირება მოახდინეს განათლებაში. ათასობით ახალგაზრდა წავიდა ამერიკასა და ევროპაში სასწავლებლად. პრაქტიკულად, ინგლისური მეორე ენა გახდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ რუსული ცუდია.
ეს მოხდა იმიტომ, რომ ძირითადი სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურა ამ ენაზეა გამოცემული. ახლა დაფიქრდით, რა ენაზე წაიკითხავთ თქვენ ამ ლიტერატურას? შეიძლება, რუსულ თარგმანში წაიკითხოთ, მაგრამ ის გადათარგმნილია, ანუ არ არის დედანი. მე მგონია, რომ ბევრს საქართველოში არ ესმის ნამდვილი არსი საქართველოს მოდერნიზაციისა. კი, ბატონო, ტრადიციები საშინლად ინგრევა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამის გარეშე საქართველო იქნება ქვეყანა, რომელიც მხოლოდ ხინკალით, ლობიანითა და “ბორჯომის” ექსპორტით იამაყებს. გამიგეთ, რას ვამბობ?
ან საქართველო შევა მსოფლიო ქვეყნების ათეულში, ან დაიღუპება. სწორედ ამ დაღუპვას გიქადით თქვენ რუსეთი, სადაც დაუსრულებელი საუბარი მიდის მოდერნიზაციაზე და არაფერია მოდერნიზებული. რატომ გაუცრუვდა ხალხს იმედები პირველი ტალღის ლიბერალებზე? იმიტომ, რომ ყველა იძახდა: გაუმარჯოს ახალ ცხოვრებას, მაგრამ ეს ახალი ცხოვრება ვერ დაიწყო და კორუფციაში ჩაეფლო.
ჩემმა ახლობელმა გადაწყვიტა რაღაც ბიზნესი დაეწყო აქ. მას საქართველოში უთხრეს, დაიწყეო. მერე მიხვდა, რომ ის ბიზნესი არ დაიწყო, რაც უნდა დაეწყო. მას მეორე ბიზნესის გახსნის საშუალება მისცეს და პირველი დახურა. გინდათ, მოგიყვეთ, რუსეთში როგორ იხსნება ასეთი ბიზნესები? შევიბრალოთ საკუთარი თავები და არ მოგიყვებით. მთავარია წინ მოძრაობა და ეს საქართველოში არის”, - ეს განაპოლსკიმ იმ ქართველების გასაგონად თქვა, რომლებისთვსაც მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და იმათთვისაც, რომლებსაც სააკაშვილის, უბრალოდ, არ სჯერათ.
ჟურნალისტმა უხვად შეამკო “ვარდების რევოლუციის” მამათავარ-იდეოლოგები, თუმცა, ის, ალბათ, კარგად არ იცნობს იმ კატეგორიას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გაკეთებულ კარგ საქმესაც ხედავს, მაგრამ ისიც იცის, რომ “კარგ საქმეს” ეს ხელისუფლება ცუდი მოქმედებებით ახორციელებს. ანუ, საქართველო კი ვითარდება, მაგრამ არადემოკრატიულად და ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე.
თუმცა, ფაქტია და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ ჩვენ რუსეთს ძალიან გავასწარით თავისუფლების ხარისხის თვალსაზრისით, რის გამოც ჩვენი ყოფა აქ უფრო ადვილია, ვიდრე რუსებისა რუსეთში. შესაბამისად, ალბათ, რუსი ჟურნალისტისთვისაც საქართველო სამოთხეა თავის ქვეყანასთან შედარებით. ის ხომ ამერიკაში ყველაზე მეტად თავისუფლებით მოიხიბლა.
presa.ge