ავტორი ლევან ნასრაშვილი
16:26 22.07.2011
“სამწუხაროდ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვერ აცნობიერებენ, რომ ისინი არ არიან პოლიტიკოსები, უნდა ექცეოდნენ საეკლესიო ჩარჩოებში და არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში“, - აცხადებს ტრიბუნა.ge-თან საუბრისას „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი თეა თუთბერიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ რელიგიური გაერთიანებების შესახებ მიღებულ კანონზე საპატრიარქოს განცხადებები ყოლველგვარ საფუძველს მოკლებული იყო.თეა თუთბერიძე: კანონი უნდა მიეღოთ გაცილებით ადრე, ვიდრე მიიღეს. ჩვენ თუ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და გვინდა ნატოსა და ევროკავშირის წევრობა მაშინ, ბუნებრივია, რომ ამ ქვეყნებში რა პრინციპებიც არის, სწორედ იმას უნდა ვიზიარებდეთ და არ უნდა ვაშენებდეთ სახელმწიფოს, რომელიც შესაძლოა, ირანს ჰგავდეს.
მას შემდეგ, რაც რელიგიური გაერთიანებების შესახებ მიღებული კანონის განმარტებით ბარათში ცვლილებები შევიდა და სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენლების მონაწილეობით კომისია შეიქმნა, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ეკლესიის წინაშე უკან დაიხია. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
ზუსტად რომ გითხრათ, კანონის მიღების შემდეგ პროცესებისთვის თვალი აღარ მიმიდევნებია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ასე არ არის და არაფერ შუაში არ არის მართლმადიდებლური ეკლესია. რელიგიური უმცირესობების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებაში მართლმადიდებლური ეკლესია საერთოდ არ უნდა იყოს კავშირში. არცერთი კონფესიის საქმე არ არის, რა დამოკიდებულებაში შევა სახელმწიფო სხვა კონფესიებთან, რა მნიშვნელობა აქვს, ვის ჰყავს მეტი მრევლი და ვის ნაკლები.
კანონის მიღებას თითქმის ყველა, მათ შორის, საპატრიარქოც მხარს უჭერდა, ისინი პრობლემას ხედავდნენ კანონის დაჩქარებით მიღებაში და კანონის მიღებამდე საზოგადოებაში დისკუსიის გამართვის აუცილებლობაზე საუბრობდნენ...
არ ვიცი, რა იგულისხმება დაჩქარებული წესით მიღებაში, ალბათ ის, რომ კანონი არ განიხილეს საპატრიარქოსთან, მაგრამ რა შუაშია აქ მართლმადიდებლური ეკლესია და საპატრიარქო. ეკლესიის განცხადებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იყო. ცალკე აღებულ რომელიმე კონფესიასთან ამ კანონის შესახებ სახელმწიფოს მოლაპარაკებები არ უნდა გაემართა. კანონით ვლინდება სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ ქვეყანაში არსებული კონფესიებისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ და რა შუაშია აქ მესამე პირი.
ამ შემთხვევაში უპირველეს არგუმენტად ასახელებენ მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიულ როლსა და გავლენას, რომელსაც სახელმწიფოც აღიარებს კონკორდატით და თუნდაც ამ კანონით...
ისტორიული როლი მარტო მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს? არ აქვთ ისტორიული როლი კათოლიკეებს? ყველა კონფესია ჩვენი კულტურისა და ისტორიის შემადგენელი ნაწილია. იგივე სომხური ტაძრები, რომლებიც ჩემთვის არის მხოლოდ კულტური ძეგლი და არ მაინტერესებს სხვა დანარჩენი. ჩემს ინტერესშია, რომ ამ ქვეყანაში ყველა კონფესიას ჰქონდეს თანაბარი უფლებები და არავინ გრძნობდეს თავს დაჩაგრულად. უფლებებს სახელმწიფო ანიჭებს და სწორედ იგი უნდა აყენებდეს საკუთარ მოქალაქეებს თანაბარ პირობებში და რომელიმე მათგანს უპირატესობას არ უნდა აძლევდეს. რეალური უპირატესობა, რაც მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს, არის მოცემულება, რომ მას ჰყავს მეტი მრევლი, სახელმწიფო არაფერ შუაშია. სახელმწიფო ვერავის მოუმატებს ან მოუკლებს მრევლს, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ერთნაირი მიდგომები. დანარჩენს, ვის რამდენი მრევლი ეყოლება, ვინ არის ბუნებრივად გაბატონებულ პირობებში, არ აქვს მნიშვნელობა.
თუ ამ კუთხით მივუდგებით საკითხს, მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონკორდატი უსამართლოა?
უსამართლო კი არა, არაკონსტიტუციურია. კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო თანაბარ პირობებში აყენებს ყველა რელიგიურ გაერთიანებას. როცა ეს გიწერია კონსტიტუციაში და ამ დროს ერთ კონფესიასთან დებ კონსტიტუციურ შეთანხმებას, ანუ კონკორდატს და დანარჩენებთან არა, ეს უკვე არაკონსტიტუციური გამოდის, რადგან იგი ეწინააღმდეგება იმ პრინციპს, რაც კონსტიტუციაში დევს, შესაბამისად, კონკორდატი არაკონსტიტუციურია. მართლმადიდებლორ ეკლესიას არანაირი პრივილეგია არ უნდა ჰქონდეს, რადგან ქვეყანაში კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს. არ შეიძლება განსხვავებული პრივილეგიებით სარგებლობდეს მხოლოდ ერთი რელიგიური მიმდინარეობა.
რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, რომლებიც სასულიერო პირების მოწოდებების შემდეგ დაიწყო. ეს ფაქტი ეკლესიის მიერ სახელმწიფოს საქმეებში ჩარევად იქნა აღქმული. თქვენ როგორ ფიქრობთ?
საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება არსებობს. ვისაც რაზე უნდა იმაზე შეუძლია გამოვიდეს და გამოთქვას პროტესტი, მთავარია, მან არ დაარღვიოს კანონი. სასულიერო პირებმა მრევლს რამდენჯერაც უნდათ იმდენჯერ მოუწოდონ, გამოვიდნენ და გამოთქვან პროტესტი, ეს პრობლემას არ ქმნის. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად ლოგიკურ პროტესტს გამოთქვამენ და ეს მათი პრობლემაა.
რაც შეეხება სახელმწიფოს საქმეებში ჩარევას, სამწუხაროდ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვერ აცნობიერებენ, რომ ისინი არ არიან პოლიტიკოსები, უნდა ექცეოდნენ საეკლესიო ჩარჩოებში და არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში. როცა სეკულარულ სახელმწიფოს აშენებ, არც სახელმწიფო უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში და პირიქით.
თუმცა, ეკლესიის საქმებში სახელმწიფოს ჩარევას რაც შეეხება, საპროტესტო აქციის შემდეგ გამართულ სინოდის სხდომას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რის გამოც, გამოითქვა მოსაზრება, რომ სინოდმა შემრიგებლური გადაწყვეტილება სწორედ სახელმწიფოს ზეწოლის შედეგად მიიღო...
პირველ რიგში, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი, არამედ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დამოკიდებულება და პოლიტიკა ამ საკითხებთან მიმართებაში, ანუ რა გზას აირჩევს სახელმწიფო. მართლა ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რასაც ხელისუფლება გვეუბნება, თუ უარს ვამბობთ დემოკრატიულ პრინციპებზე. სინოდმა რა თქვა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა სინოდზე ზეწოლა და ეს ფაქტი ვინ როგორ აღიქვა, ნამდვილად არ ვიცი და არც მაინტერესებს, რადგან სინოდის სხდომას დაესწრება ქალაქის მერი, პრეზიდენტი თუ შინაგან საქმეთა მინისტრი, არ არის ჩემი საქმე, არამედ ეს სინოდმა უნდა გადაწყვიტოს. თუ ისინის სინოდის სხდომაზე, მაგალითად, ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელს მიიწვევენ მათი საქმეა. გიგი უგულავა სინოდის სხდომას დაესწრება თუ ვაკის პარკში ფესტივალს ჩემი საქმე არ არის, რადგან ის თვითონ წყვეტს სად მივიდეს და მერე სინოდი იქნება თუ სხვა რამ, თვითონ წყვეტს უნდა მოიწვიონ თუ არა იგი.
რელიგიური გაერთიანებების შესახებ მიღებული კანონი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში პროსომხურ, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სასარგებლო კანონად იქნა აღქმული, რამაც ანტისომხური განწყობები გააძლიერა. როგორ ფიქრობთ ამის შემდეგ საქართველოში არმენოფობიის გაძლიერების საფრთხე ხომ არ გაიზარდა?
დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იყო მხოლოდ განცხადებები და ამით ვერაფერი შეიცვლება. სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, პირველ რიგში საკუთარ გაუნათლებლობასა და უკულტურობას ავლენენ, ამას სხვა სახელი არ შეიძლება ეწოდოს.
საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია ცხოვრობენ და არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ვიღაცეების მხრიდან ჰომოფობიურ განცხადებებსა და გამოხტომებს, რაც, რა თქმა უნდა, რეალურ პრობლემებს ვერ შექმნის. გარდა ამისა, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ქართული სასულიერო პირების რაღაც ნაწილი არიან უვიცები და გაუნათლებლები.
სწორედ ამის გამო შეიქმნა სინოდის ბოლო გადაწყვეტილების მიხედვით სასულიერო პირების ზენობრიობის შემსწავლელი კომისია...
რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მისასალმებელია, რადგან კარგია, როცა მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდი ხვდება, რომ მის რიგებში არის ბევრი უღირსი ადამიანი, რომლებიც არ უნდა იყვნენ სასულიერო პირები. თუ ისინი ამას ხვდებიან, ეს მათი მხრიდან წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ აქ იბადება კითხვა, ვინ შეფასებს, ვინ არის ღირსეული და ვინ არის უღირსი მათ რიგებში. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში მნიშვნელოვანი ვინ იქნება შემფასებელი, თუმცა ის, რომ ბევრი უღირსი ჰყავთ, ეს ისეც ვიცით.
ტრიბუნა.ge
