ავტორი ილია ჩაჩიბაია
21:17 26.06.2011
პარტია „მთლიანი საქართველოს“ ლიდერის, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საპყრობილეში მკვეთრად გაუარესდა, ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ „ღია ბოქლომს“ პატიმრის დამ ნანული ვახანიამ მიაწოდა, მისი თქმით საქართველოს სიყვარულისთვის დევნილი აკადემიკოსი ციხეში ტკივილებით იტანჯება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კი მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, ოჯახის წევრთა კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, არ აპირებს.
ნანული ვახანია: “ვფიქრობ, თუ როგორ გადავარჩინო ჩემი ძმა, მას აქვს გულის პრობლემები და სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება. ციხის ექიმის მტკიცებით ვლადიმერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – რაც სიცრუეა. ძმასთან მაქვს მიმოწერა და ზუსტად ვიცი – ცუდადაა.
უდანაშაულოდ დაკავებულ პიროვნებას ახლა ციხეში აწამებენ და ამას ითმენს ჩვენი საზოგადოება... არ შეიძლება მსგავსი რამ ხდებოდეს ოცდამეერთე საუკუნეში?! გაჩერებას არ ვაპირებ, იმ საბუთებს, რომელიც ამტკიცებს, რომ ვლადიმერი მართლაც სიკვდილის ზღვარზეა, უცხოეთში უფლებადამცველებს მივაწვდი.
გეუბნებით, თუ დროზე არ მოვახდინეთ რეაგირება ამ კაცს ციხიდან ცოცხალს არ გამოუშვებენ. დღეს ცხოვრება იმდენად სახიფათოა, რომ ადამიანი ოჯახშიც კი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. ხომ წარმოგიდგენიათ ციხეში რას უზამენ ვლადიმერ ვახანის?! მაქვს ინფორმაცია, რომ პატიმარი მთელი წლის განმავლობაში არ გაჰყავთ ეზოში სუფთა ჰაერზე.
თუ მართალი პიროვნება ჩასვეს ციხეში ახლა მაინც შეწყვიტონ მისი დევნა. მიპასუხონ რატომ მიკლავენ ძმას?! ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გაანადგურეს კაცი...
ეს უნდა შეიტყოს მთელმა მსოფლიომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩემი ძმის მოკვლა უნდათ!“
დღეს, სამეგრელო არის ყველაზე დაშინებული რეგიონი. ჩემი ძმა კი ოპოზიციურად აზროვნებდა. იმიტომ კლავენ ვლადიმერს, რომ ის ზუგდიდელია, ზუგდიდი და სამეგრელოა ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა..." – ამბობს ნანული ვახანია.
შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2008 წლის ოქტომბერში, ზუგდიდში, თითქოს, იარაღის უკანონოდ შენნახვის და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლის აბსურდული ბრალდებით დააკავეს. განსასჯელის ადვოკატების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით ირკვევა, რომ გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკას“ ჟურნალისტმა ლელა ხუბულავამ აუდიოფირი, რომელიც დაკავებულის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი გახდა, საკუთარი ნებით გადასცა ვლადიმერ ვახანიას. აკადენიკოსის დამცველების, ოჯახის წევრების და მოწმეების მტკიცებით კი ოჯახში ცეცხლსასროლი იარაღი სამართალდამცავებმა თავად შეიტანეს...