ავტორი ილია ჩაჩიბაია
04:45 01.10.2011
24 ივნისს ზუგდიდის რაიონულ პოლიციაში მომხდარი ინციდენტი სამეგრელოში კვლავ ადგილობრივების ყურადღების ცენტრში რჩება. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლებმა, დაკავეებული არასრულწოლოვანი, სოფელ ურთის მკვიდრი ნიკა დაგარგულია სასტიკად აწამეს და მისი გაუპატიურება სცადეს რა დროსაც 17 წლის ბიჭმა ხელბორკილების მოხსნა მოახერხა და განყოფილების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს კოხტა კოდუას ცხვირ-პირში მუშტი ძლიერად დრუზა. კომაში ჩავარდნილი კოდუა მკურნალობის კურსს რაიონულ საავადმყოფოში დღესაც გადის.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძარცვისთვის და პოლიციელის სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ძარცვის ჩადენა ბრალდებულმა დაკავებისთანავე აღიარა, მიუხედავად ამისა იგი მაინც აწამეს. ბიჭმა ქალაქის ცენტრში მოქალაქისთვის ოქროს სამკაულის კისერიდან ჩამოგლეჯვა ოჯახში არსებული გაუსაძლისი პირობებით ახსნა: "ჩემთვის მძიმე იყო მეყურებინა როგორ შიმშილობდნენ ოჯახის მცირეწლოვანი წევრები და მშობლები. ეშმაკმა შემაცდინა. ოთხი დღის უჭმელი ვიყავი და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, საკვების საყიდლად გადავწყვიტე ჩამედინა გამოუსწორებელი ქმედება. უფალს და ჩემს ახლობლებს ვთხოვ შენდობას" – აღნიშნა სასამართლო პროცესზე ეჭვმიტანილმა.
22 სექტემბერს ჩვენი რედაქციის ოფისთან ნიკა დაგარგულიას კლასელები, მეგობრები და თანასოფლელები შეიკრიბნენ, ისინი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისთვის ხმის მიწვდენში დახმარებას გვთხოვდნენ.
აქსანა ნინუა, დაკავებულის კლასელი: "მივმართავთ საქაპატრიარქოს და ილია მეორეს, თუ შეუძლიათ ჩაერიონ ამ საქმეში. ნიკას რეკომენდაცია გაუწიონ სასამართლოში ან პოლიციაში, რათა საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდეს. გვინდა, რომ ჩვენთან ერთად იყოს და შეძლოს სწავლის გაგრძელება.
შეცდომა დაუშვა, რაც შემდგომში გულწრფელად მოინანია. ყველას ვთხოვთ, ნუ დავუნგრევთ ახალგაზრდა ბიჭს ცხოვრებას. კლასში ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი სწავლით, წრმენით, ორგანიზატორული ნიჭით, ის სპორცმენია და არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. სოფელში ყველა დადებითად ახასიათებს, მთელი ურთა ითხოვს მის გათავისუფლებას”.
ნინო მალანია, ნიკა დაგარგულიას მეგობარი: "ნიკა არის ძალიან წესიერი ადამიანი, უნიკალური ბავშვი. სკოლაში ხშირად საინტერესო ღონისძიებები იმართებოდა მისი ორგანიზებით. რომელი ერთი დავასახელო, თუნდაც პოეზიის საღამოები, რომელზეც დღესაც საუბრობენ თანასკოლელები და პედაგოგები. ის მონდომებული იყო. სკოლის დამთავრებას და გამოცდების ჩაბარებას გეგმავდა. ღვთის სიყვარულით და რწმენით გამოირჩეოდა . ვიცით, არასწორი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ მართლა ძალიან ნანობს. ლექსების წერა დაიწყო, ერთ-ერთი ლექსი თქვენც გამოგიგზავნათ:
სულ რაღაც 17 წლის გავხდი,
რომ ფეხი ცხოვრებას ავუდგი,
მომავლის ნათელს ვეძებდი.
სახლში შრომასაც არ ვთაკილობდი,
ხანდახან წიგნსაც გადავფურცლავდი,
კარგი მომავლის შექმნას ვლამობდი.
ო, ეს ფიქრები ბოლოს მომიღებს,
მწარე ტკივილი ძვლებს გადამიმტვრევს,
სულის სიმშვიდეს ფიქრები არღვევს,
ქარი ობოლ ცაცხვს საშინლად არხევს.
უწყლოდ მცენარე არასდროს ხარობს,
შვილ დაკარგული მტრედი ხომ ნაღვლობს?!
ოცნების კოშკი დანგრევას ლამობს,
ტყვედ აყვანილი ჩიტი არ გალობს....
პატრიარქს ვთხოვთ, თუ შეუძლია დაგვეხმაროს, გულთან ახლოს მიიტანოს ჩვენი ტკივილი და ნიკა ამყოფოს თავის მეგობრებთან და კლასელებთან ერთად”.
ბრალდებულის დედა, ძალოვანებს რიგ კანონდარღვევებში ადანაშაულებს და შვილის მონათხრობის საფუძველზე იხსენებს როგორ უპირებდნენ ნიაკას მაგიდაზე მიბმას და ფიზიკური შეურაცყოფის მიყენებას.
ლალი ბენდელიანი: „ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ჰყავდათ გამოკეტილი და სასტიკად აწამებდნენ. იქ მისულებს ნიკა სამხარეო პოლიციაში გადაყვანილი დაგვხვდა. ბავშვის ნახვის უფლება პოლიციამ არ მომცა. მხოლოდ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შევხვდი, როცა მას პატიმრობა შეუფარდეს.
ვნახე გატანჯული შვილი და კიდევ უფრო დიდი საშინელება მოვისმინე. სასამართლო დარბაზში ნიკა ყვებოდა, თუ როგორ სცემდა მას ზუგდიდის სამმართველოში 6 პოლიციელი. განსაკუთრებული სისასტიკით კი ერთ–ერთი პოლიციელი, კოხტა კოდუა გამოირჩეოდა. რა არ აკადრეს თურმე, აფურთხებდნენ, პანღურს ჰკრავდნენ და რაც ყველაზე ამაზრზენია, ერთს უთქვამს, მიაკარით მაგიდაზე და ვიხმაროთო. ამ სიტყვების გაგონებაზე საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და ხელი მეც ავღმართეო. ვიფიქრე, ალბათ მკლავენ და სულერთია ყველაფერიო.
მანამდე ძლიერი დარტყმები მუცლისა და თავის არეში უგრძვნია. გონება დაუკარგავს. პოლიციაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მისულა. სამედიცინო დახმარების გაწევამდე ექიმებს ხელბორკილების ახსნა მოუთხოვიათ. ხელების გათავისუფლების შემდეგ ნიკას უკანასკნელი ძალ–ღონე მოუკრებია და კოხტა კოდუასათვის მუშტი ყბაში ჩაურტყამს. იგი წაქცეულა და თავი მაგიდის კიდეზე დაურტყამს. იმ სასწრაფოთი, რომელიც ჩემი შვილის დასახმარებლად გამოიძახეს, საავადმყოფოში კომაში მყოფი კოდუა გადაუყვანიათ.
დამოუკიდებელი ადვოკატი უსახსრობის გამო ვერ დავიქირავე, სახაზინო დაუნიშნეს. ხელმოკლე ოჯახი მაქვს, ხუთი შვილი რის ვაი–ვაგლახით გამოვზარდე.
გაჭირვების მიუხედავად ყველანი წარმატებული ბავშვები არიან. ნიკამ მძლეოსნობაში გამოიჩინა თავი და ოქროს მედლებიც მოიპოვა. ბავშვებს შიმშილი ბევრჯერ გადაუტანიათ, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ნიკა ვინმეს სამკაულს ყელიდან ააგლიჯავდა. მან ეს დანაშაული დაკავების პირველი წუთებიდან აღიარა და არ მესმის, რატომ აწამეს, რატომ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, სხვა რის აღიარებას მოითხოვდნენ მისგან?
წამებასთან ერთად ისე დაკითხეს პოლიციაში ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომ პროცესს არც მშობელი, არც მასწავლებელი, არც დირექტორი და არც ფსიქოლოგი დაასწრეს.”