ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, გივი კარტოზიას ბიუსტს სპორტის სასახლესთან მთელი ღამის განმავლობაში მოჭიდავეები, ძეგლის შემსრულებელთან ერთად დარაჯობდნენ.
გაზიარება
[ნინო მიქიაშვილი. 22:47 06-08-2010]
...შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლე გივი კარტოზიას სახელს ატარებს. საქმე იმაშია, რომ წუხელ ძეგლის ავტორს, გიორგი შხვაცაბაიას პარლამენტიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ბიუსტი სპორტის სასახლის ინტერიერს აუშნოებს და რომ მისი სხვაგან გადატანა უნდათ. ამის შესახებ პრესა.გე–ს უთხრეს: ძეგლის შემსრულებელმა, იოსებ ზურაბიშვილმა და მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა ჭიდაობაში, ლუკა კურტანიძემ, რომელიც ახლახანს ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოში“ გაწევრიანდა.
“წუხელ, ღამის პირველ საათზე ძეგლის ავტორმა, გიორგი შხვაცაბაიამ დამირეკა და მითხრა, რომ ძეგლის გადატანას აპირებენ. ამის შესახებ ძეგლის ავტორს პარლამენტის კულტურისა და სპორტის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ასანიძის მოადგილემ დაურეკა (გვარი სამწუხაროდ არ ვიცი) და გააფრთხილა. იმ წუთას წამოვედი და მას შემდეგ აქ ვდგავარ. ამათმა ხომ ღამ–ღამობით იციან ძეგლის გადატან–გადმოტანა?! გათენდა და ჯერჯერობით არავინ მოსულა. გივი კარტოზია იყო ლეგენდარული ადამიანი. მე წილად მერგო პატივი, მისი ქანდაკება ბრიონჯაოში ჩამომესხა.
ახლა აქ, სპორტის სასახლესთან ჩემთან ერთად არიან ღვაწლმოსილი ადამიანები: ბიჭიკო შელია, გივი კარტოზიას ბავშვობის მეგობარი; ჯიმი ხეცურიანი, ამ ქანდაკების ერთ–ერთი სულის ჩამდგმელი და სხვები. ეს ადამიანები 2 წელი იბრძოდნენ იმისთვის, რომ ეს ქანდაკება აქ აღმართულიყო და ბოლოს ქალაქს აჩუქეს ბუმბერაზი, ლეგენდარული კაცის ქანდაკება, რომელიც აქ მიმდინარე წლის ივნისში, ყოველგვარი წესის დაცვით დაიდგა.
შეგახსენებთ, რომ ქანდაკება დგას სპორტის სასახლის სალაროების მხარეს, აქ დაგეგმილი ღონისძიების რეკლამა, რომ იკვრება, აი, მაგის წინ, ბოლნისის ულამაზეს ქვაზე და აბსოლუტურად არავის არაფერში არ უშლის ხელს. ამ ძეგლის აქედან გადატანა არის ამათი დაჟინება და მეტი არაფერი; ხალხი ბუმბერაზი ადამიანებს და მათ ძეგლებს, რომ ხედავს, აი, ეს არ მოსწონთ! მე ამის თქმის არ მეშინია. სიღნაღში ამირანის 12–მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკებასთან ღამით, ქურდულად მივიდნენ და გადააგდეს, ხევში ჩაჩეხეს.
თბილისში მაგალითად, არც პრომეთეს დადგმა უკითხავთ ვინმესთვის და არც აღება – ამ ძეგლთანაც ქურდულად მიიპარნენ, აიღეს და ბორჯომის პარკში გადაიტანეს. ახლა გივი კარტოზიას ქანდაკებას რას უპირებენ, არ გვეუბნებიან. ასე ხომ არ არის – არ მინდა და უნდა ავიღოო?! აუცილებლად “რევოლუციის“ მერე უნდა ჰქონდეს გმირობა ჩადენილი, ადამიანმა პატივისცემა რომ დაიმსახუროს?!“ – ამბობს პრესა.გე–სთან საუბრისას ძეგლის შემსრულებელი, იოსებ ზურაბიშვილი. მისივე განმარტებით, ძეგლის ოფიციალური გახსნა სექტემბრშია დაგეგმილი, ოლიპმპიურ კომიტეტთან და ჭიდაობის ფედერაციასთან ერთად.
პრესა.გე პირველად მერიის პრესსამსახურს ტელეფონით დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ მერიამ გივი კარტოზიას ბიუსტის გადატანის შესახებ არაფერი იცის – “რადგან სატელეფონო ზარი პარლამენტიდან იყო, უმჯობესია იქ გაარკვიეთ რა ხდებაო“. პარლამენტის პრესსამსახურში გიორგი ასანიძის მობილური ტელეფონის ნომერი მოგვცეს, მაგრამ სამწუხაროდ, მასთან დაკავშირება ვერ შევძელით – ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
დავინტერესდით, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ჭიდაობაში, ლუკა კურტანიძეს ხომ არ უცდია პირადი კონტაქტებით გაერკვია რას უპირებენ გივი კარტოზიას ბიუსტს. აღმოჩნდა, რომ მანაც ძეგლის ავტორისგან შეიტყო მისი გადატანის ამბავი და სხვა არაფერი იცის:
“ამ ძეგლის გადატანის საკითხს როგორ შეფუთავენ და მიაწვდიან საზოგადოებას, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. როცა ეს ამბავი შევიტყვე, ჩემი პირველი რეაქცია იყო აღშფოთება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის და იმ ადამიანის, რომელიც აღვიზარდე გივი კარტოზიას, ლევან თედიაშვილის, რომან რურუას და ასეთ სახელოვანი და ლეგენდარული სპორტსმენების მაგალითებზე, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას არაერთხელ მოუტანეს დიდი სიხარული. მადლიერი ვარ, რომ წილად მერგო პატივი, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენზე, გივი კარტოზიაზე, რომელიც იყო: ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი და ადამიანი, რომელიც ქართული ადათ–წესებით, ღირსეულად იყო აღზრდილი და ამ წესის მატარებელი გახლდათ.
მან უამრავ ადამიანს მოუტანა უდიდესი სიხარული, როგორც ლეგენდარულმა სპორტსმენმა და რომ არა გივი კარტოზია, რომ არა რომან რურუა, რომ არა ლევან თედიაშვილი, რომ არა ამო ციმაკურიძე..., რომლებმაც მსოფლიო არენაზე ქართული სპორტის ისტორია შექმნეს, არ იქნებოდა ის გამარჯვებები, რომელსაც დღესაც აღვნიშნავთ.
სირცხვილია, როდესაც კითხვის ნიშანი ისმება, შეეფერება თუ არა გივი კარტოზიას ბიუსტი, მისივე სახელობის სპორტის სასახლის ფასადს. საერთოდ, ქვეყნები გმირებს იგონებენ; ჩვენ გმირები გვყავს, რომელთაც ჩქმალავენ, ანადგურებენ, მათი ძეგლები სადღაც მოფარებულში გადააქვთ და წინ ისითი ღირებულებების წარმოჩინებას ცდილობენ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამაქცეველია.
ყველაფერი იქით მიდის, რომ ღირსეული ადამიანების ისტორია უნდათ წაშალონ, რომ უფრო მორჩილი და მართვადი ერი მიიღონ, მაგრამ ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ – საქართველომ და ქართველმა ერმა, საუკუნეები გამოიარა და ასე ადვილად დასაბეჩავებელი რომ იყოს, ჩვენი ერი საერთოდ გაქრებოდა. ძალიან ბევრ სფეროში ახლა ამ ყველაფერს შინაგანად გამოხატავენ და მოვა დრო და ამას მოჰყვება დიდი აფეთქება, რომელიც პირისაგან მიწისა აღგვის ამ უღირსობის და უმეცრების დამკვიდრების მცდელობას“.
presa.ge