შოუს შესახებ
Got Talent ფრენჩაიზი ბრიტანული ტელეფორმატია, რომელიც სიმონ კოუელის კომპანია SIYO-მ შეიმუშავა. დღესდღეობით შოუ 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. 2010 წლის პირველი თებერვლიდან კი ამ ქვეყნების სიას საქართველოც შეემატება – შოუს ჩვენთან “ნიჭიერი” ჰქვია.
“ნიჭიერის” შესარჩევი კასტინგი საქართველოს 24 ქალაქში ჩატარდა და მონაწილეობა დაახლოებით 7 ათასმა ადამიანმა მიიღო.
შოუში არ არის ასაკობრივი შეზღუდვა – “ნიჭიერის” ყველაზე პატარა მონაწილე – 3 წლის, ხოლო ყველაზე ასაკოვანი – 86 წლისაა.
“ნიჭიერი” ერთადერთი შოუა, სადაც კასტინგებს ესწრება ცოცხალი აუდიტორია.
პირველი ეტაპი
მონაწილე წარსდგება დარბაზისა და ჟიურის წინაშე. ნომრის მიმდინარეობისას ჟიურის წევრებს შეუძლიათ გამოხატონ უკმაყოფილება და დააჭირონ წითელ იქსს. თუ სამივე იქსი წითლად აინთო, ამ შემთხვევაში ნომერი წყდება.
ჟიური მონაწილეს აფასებს ერთი სიტყვით: “კი” ან “არა”. შემდეგ ტურში გადასასვლელად მონაწილემ უნდა მიიღოს ორი ან სამი “კი”.
მეორე ეტაპი
პირველი ტურის დასრულების შემდეგ ჟიურის სამივე წევრი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად იკრიბება. ისინი კიდევ ერთხელ გადახედავენ იმ კონკურსანტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველი ტური და გადაწყვეტენ, იმსახურებს თუ არა ესა თუ ის მონაწილე ნახევარფინალში მოხვედრას.
ნახევარ-ფინალი
“ნიჭიერის” 5 ნახევარ-ფინალი კონცერტის სახით გადაიცემა პირდაპირ ეთერში. თითო ნახევარ-ფინალიდან ფინალში გადადის ორი მონაწილე: ერთი ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს კონკურსის მსვლელობისას, ხოლო მეორე ფინალისტს ჟიური შეარჩევს.
ფინალი
ნახევარ-ფინალებში გამარჯვებული 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალურ კონცერტზე შეხვდება. ამჯერად მათი ბედი მთლიანად მაყურებლის ხელთაა – “ნიჭიერის” გამარჯვებული და ბინის მფლობელი ის მონაწილე გახდება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
6 თებერვალი
”კოპირებამ” რა ჰქმნა
ამ ბლოგზე ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება. გასული კვირის მანძილზე თქვენ უამრავი კომენტარი დაწერეთ და ჩვენი ბლოგერების ზოგი კრიტიკული, ზოგი არც ისე პოსტებიც წაიკითხეთ.
ეს პირველი სატელევიზიო პროექტია, რომელსაც ამხელა ინტერნეტ-მხარდაჭერა აქვს, პროექტის შემქმნელებიც აქტიურად ადევნებენ თვალს აქ დაწერილ კომენტარებს და ფეისბუქის გვერდზე გამოხმაურებებს. შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან და საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი გაუჩნდათ. ამიტომ დღეს “ნიჭიერის” გუნდის ერთ-ერთი წევრის, პირობითად “იქაურის” პოსტს გთავაზობთ:
ამ პოსტის დაწერას “მაიძულებს” სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, ფორუმებზე და ჩვენს ბლოგზე ატეხილი ისტერიკა, თითქოს გულნაზი გოლეთიანი “აიღეს” “ნიჭიერის” შემქმნელებმა და მისგან სუზან ბოილი “გამოაცხვეს”… ზოგიერთის ფანტაზია ყოველგვარ საზღვარსაც ცდება და ამტკიცებს, თითქოს ქალბატონ გულნაზის ხიშტის ძალით აჭამეს ხაჭაპური. ინტერნეტში უკვე დაწყევლეს და შეაჩვენეს ოპერატორი, რომელმაც კადრი გადაიღო და მემონტაჟე, ვინც ეს ისტორია გააკეთა.
კარგი ის არის, რომ ოპერატორმაც და მემონტაჟემაც ხეზე დააკაკუნეს და წყევლა აცდათ, ცუდი კი ის არის, რომ კონსტრუქციული კრიტიკა გასული ერთი კვირის მანძილზე ძალიან, ძალიან ცოტა იყო.
ზოგი “იღწვის”;
ზოგი წვალობს:
ზოგს ვერ გაუგია საერთოდ რა უნდა:
“ან ეს მაყურებელი ყველაფერზე ტაშს რატომ უკრავს?”
და სანამ ხალხმა იცის ტაში რას დაუკრას, ორი მოკრძალებული კითხვა:
1. ნეტავ რა რეაქცია ექნებოდა რიგით ბრიტანელს ან რიგით ამერიკელს, როდესაც ორივე ქვეყნის პირველ (!) სერიაში ამ ორ ადამიანს იხილავდა?
ბრიტანულში პოლ პოტს:
ამერიკულში ნილ ი ბოიდს
ან ისევ ამავე ეპიზოდებში:
ბრიტანულში
ამერიკულში
2. რას იფიქრებდა რიგითი ამერიკელი, როდესაც აღმოაჩენდა, რომ არა მარტო პოლ პოტსი და კრეიგ ვორმისლეი “დაუკოპირებიათ”, არამედ ჟიურიც ?
Britain’s Got talent
America’s got talent
თუ ქართული პუბლიკის რეაქციებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ვინმე ჯონ სმიტი გამწარდებოდა და რაღაცა მსგავსს ან, საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, ცოტა უკეთეს ვიდეოს მაინც გააკეთებდა:
მაგრამ არა, არა და ნწ!
აი, რა მოხდა:
შეიძლება გულნაზიმ და სიუზანმა ვერასოდეს იმღერონ ერთად სცენაზე, მაგრამ თუ ამერიკას ჰყავს თავისი პოლ პოტსი… რატომაა ცუდი, რომ ჩვენც გვყავდეს ჩვენი სიუზანი? ან ბრიტანელებს ჰყავდეთ გულნაზი? : )
ორიოდე სიტყვით ლიცენზირებასაც მინდა შევეხო. ლიცენზირება ლათინური სიტყვაა და ქართულად კოპირებას ნიშნავს… ოღონდ ლეგალურად. რუსთავი2-მა ბრიტანულ ფრენჩაიზს, “Got Talent”-ს გადაუხადა მწვანე პრეზიდენტების გარკვეული რაოდენობა და მიიღო ე.წ. “პროექტის ბიბლია” – ანუ, რა და როგორ უნდა გაკეთდეს შოუში, რომ უნდა იყოს სამი ჟიურის წევრი და არა ხუთი, უნდა ენთებოდეს X-ები და არა ბოლნური ჯვრები, გადაცემაში სრულად უნდა ჩანდეს მონაწილეების გარკვეული რაოდენობა და ა.შ. ამ წესების შეცვლის შემთხვევაში ეს უკვე Got Talent ფორმატი კი არა, უნიჭო კოპირება გამოდის, რითიც სხვა არხები ისედაც საკმარისად გვამარაგებენ.
მოკლედ სანამ ლიცენზირებულისა და კოპირებულის ერთმანეთისგან განსხვავებას ვისწავლით, სანამ “მათი ფიცი ფიცია და ჩვენი ფიცი – ფიცი არა”, და მაინც ყველა უყურებს- ყოველ ორშაბათს 22:00-ზე “ნიჭიერი” რუსთავი 2-ზე : )
ტეგები: got talent, ლიცენზია, ნიჭიერი, პოლ პოტსი, სუზან ბოილი, ხაჭაპური
54 კომენტარი →
5 თებერვალი
ვერ დაიჭირავს ნიჭსაო, გზა ვიწრო – ვერცა კლდოვანი
საბა, ბლოგერი fazanda.wordpress.com-იდან
როგორც უკვე იცით, ჩემამდე არაერთხელ დაწერეს და თქვენც ალბათ ნახეთ, ორშაბათს გავიდა ჩვენი პირველი გადაცემა. უნდა აღვნიშნო, რომ მოლოდინს არ გადაუჭარბებია – მე ყოველთვის მჯეროდა თქვენი… ქართველები ნიჭიერები რომ ვართ, ამას დიდი მოლოდინი არ უნდა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ გულწრფელად მჯერა გამონათქვამის: ”რაც კარგები ვართ – ქართველები ვართ,” არა! უბრალოდ ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორებიც დანარჩენ მსოფლიოში არიან – შესაბამისად არც ვინმეზე მეტად ნიჭიერები ვართ და არც – ნაკლებად.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჩემს შთაბეჭდილებებს:
New Style – უნდა აღინიშნოს, რომ მართლა ძალიან ნიჭიერები არიან. თუმცა მათი გამოსვლა რეალში უფრო სანახაობრივი და ეფექტური იყო. ტელევიზორში რომ ვუყურე, ასე მეგონა რაღაც სხვა ჯგუფი გამოდიოდა – ეს ალბათ მონტაჟის ბრალია, ვერ იყო კარგად… ჩემი აზრით. ძალიან გასახარია, რომ ამის მიუხედავად ბავშვებმა ძალიან მაღალი შეფასება მიიღეს ტელემაყურებლებისგან – ახლა წარმოიდგინეთ რა სანახაობა იქნებოდა მათი ლაივში ცქერა. ჩემგან დიდი კი ”ნიუ სთაილს”
გულნაზი გოლეთიანი – სიმართლე რომ გითხრათ თავიდან დიდად არ მომეწონა მისი ხმა. ძალიან სუსტი მეჩვენა – მაგრამ მისამღერზე რომ მიდგა საქმე… არ გადავაჭარბებ და ვიტყვი, რომ ყელში ბურთიც გამეჩხირა! დასაწყისში მისი სისუსტე ალბათ ნერვიულობის ბრალი იყო, მითუმეტეს ქალბატონ გულნაზის მანამდე არ უცდია სასიმღერო კარიერაში ბედი – განსხვავებით სუზან ბოილისგან, რომელსაც ახალგაზრდობაში დისკიც აქვს გამოშვებული და კლუბშიც მღეროდა. მითუმეტეს უელსში (თუ არ ვცდები, უელსიდან იყო ბოილი) და საქართველოში (განსაკუთრებით კი მაღალმთიან რაიონში) სოფელში ცხოვრება ძალიან გასნხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად (გულწრფელი ვარ როცა ამას ვამბობ), ჩემი პატივისცემის უფრო დიდი დოზა ქალბატონ გულნაზს ეკუთვნის. მართალია ის, რომ იყო რამდენიმე მსგავსება სუზენ ბოილის და გულნაზ გოლეთიანის სიუჟეტებში, სუზანიც რაღაცას მიირთმევდა ლოდინის დროს, ისიც უკან მოაბრუნა ჟიურიმ და ა.შ. ეს შეიძლება დამთხვევაა, შეიძლება სპეციალურად დადგმული, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ჯერ ერთი ეს არის შოუ და მის შემქმნელებს ხანდახან უმართლებთ და ასეთი დამთხვევები ხდება, ხანდახან კი დადგმაც უწევთ. მთავარი აქ ქალბატონი გულნაზის მიერ გამოვლენილი ნიჭია.
ირაკლი ძამუკაშვილი – ”ნიჭიერის” ეტალონად, პირადად მე, ამ გადაცემის ბრიტანული ანალოგი მაქვს აღებული – განსაკუთრებით კი ჟიურის საკითხში. ამ მონაწილეს საიმონი (რომელიც ფუნქციაც წესით გეგამ უნდა იტვირთოს) არ გაუშვებდა და პირველივე აკორდზე გააწითლებდა.
აი ასე მოექცეოდნენ მას. საიმონი ქოუელი მე ძალიან მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხშირად ზედმეტად სერიოზულად უდგება საქმეს. ძამუკაშვილის გამოსვლის შესახებ ადრეც ვიცოდი და მეგონა, გეგა იქნებოდა პირველი, ვინც მას გააწითლებდა, შესაბამისად საიმონის პროტოტიპის როლს კარგად შეასრულებდა. თუმცა მან ეს არ ქნა და ძალიან გამიხარდა. აქ დავინახე და დავრწმუნდი, რომ ყველაფრის ხელოვნურად გადმოკოპირება არ შეიძლება და ინდივიდუალიზმი ძალიან კარგი რამეა – განსაკუთრებით კი ამ შოუში. აქვე აღვნიშნავ, რომ ჟიურითი (ჩემდა გასაკვირად, მაია ასათიანითაც კი) კმაყოფილი ვარ. ისე, ჟიურიზე ჩასაფრებული ვარ და როგორც კი რამე არ მომეწონება – ეგრევე ”გადავუვლი” :))))) საქმე ისაა, რომ ჟიური ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია შოუსი და ცუდი ჟიური ნიშნავს ცუდ შოუს :)
ახლა რაც შეეხება წამყვანებს – მოკლედ და კონკრეტულად: კარგები არიან!
ტეგები: new style, გულნაზი გოლეთიანი, ირაკლი ძამუკაშვილი, მაია ასათიანი, ნიჭიერი, ნიჭიერი. რუსთავი2
14 კომენტარი →
5 თებერვალი
ლევან გელაშვილი & სოფო პეტრიაშვილი
ბოლო დღეების მანძილზე ”ნიჭიერმა” უამრავი კომენტარი და წერილი მიიღო თხოვნით, დაგვედო სოფო პეტრიაშვილისა და ლევან გელაშვილის ცეკვის ვიდეო. გადაცემაში მხოლოდ მათი ნომრის ფრაგმენტები გავიდა. თხოვნების საპასუხოდ, გადავწყვიტეთ ბლოგზე მათი ნომერი სრულად შემოგთავაზოთ.
სოფომ და ლევანმა ჟიურისგან დადებითი შეფასებები მიიღეს და შემდეგ ტურში წარმატებით გადავიდნენ:
ტეგები: ლევან გელაშვილი, ნიჭიერი, სოფო პეტრიაშვილი, ცეკვა
226 კომენტარი →
4 თებერვალი
Nichieri + Myvideo
”ნიჭიერი” და Myvideo დაძმობილდნენ. დღეიდან Myvideo-ს პირველ გვერდზე თქვენ შეძლებთ ”ნიჭიერის” სვეტის ხილვას არხზე განთავსებული ვიდეოებითურთ.
ჩვენთვის სასიხარულოდ, არხზე განთავსებული ვიდეოების ხილვებმა რამდენიმე დღეში უკვე 115 000-ს გადააჭარბა!
ტეგები: myvideo, ვიდეო, ნიჭიერი
10 კომენტარი →
4 თებერვალი
პირველად იყო შოუ და შოუ იყო “ნიჭიერი”…
ბექა ადამაშვილი, a.k.a. მჩხაპნელი ბლოგიდან Doin.ge
“Show must GO on” - ფრედი მერკური
“ისე არ უწვიმია, როგორც ქუხდა” – ჩემი მეგობარი
ერთის მხრივ, ფრედიც მართალია და მეორეს მხრივ, ჩემი მეგობარიც.
“ნიჭიერს” ელოდებოდნენ ისევე, როგორც ელოდებიან პირველ ბავშვს ოჯახში, ბოლო მატარებელს მეტროში, “skype”-ში გაცნობილ მაგარ გოგოს – პაემანზე, გაზაფხულს – ზამთარში, “ავატარის” ბილეთებს – სალაროსთან, ღილაკზე თითის დაჭერას – სურათის გადაღების წინ, “მე შენ მიყვარხარ”-ზე საპასუხო რეაქციას – სიყვარულში გამოტყდომისას და ა.შ.
ერთი სიტყვით, ვაჟას “მთების” არ იყოს – ყველანი “იდგენ და ელოდნენ“…
"თუ დროის შეჩერება გსურს, მაშინ რაიმეს ლოდინი დაიწყე" - მე
ამ მასშტაბის მქონე მოლოდინმა კი გამოიწვია ის, რომ მავანთ და მავანთ გადაცემა არ “ეყოთ” და ტრადიციული “უფრო მეტს ველოდი“-თი (რა თქმა უნდა, ამ “უფრო მეტი“-ს დაკონკრეტების გარეშე) უკმაყოფილება გამოხატეს კიდეც. თუმცა, შოუ მაინც შედგა და ცალკეული “პერსონაჟებისა” თუ მთლიანი გადაცემის წყალობით ბევრის მოწონებაც დაიმსახურა.
ანუ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ნიჭიერმა” ქართულ ტელე-სივრცეში შესამჩნევი კვალი დატოვა.
ჰოდა, ჩვენც მის ნაკვალევს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ:
პირველი ნაბიჯი: “დუ-უტ, დუტა, დუ-უტ!”
გასაგებია, რომ არ არსებობს წამყვანი, ვინც დუტაზე უკეთესად გაუძღვება გადაცემას. გასაგებია, რომ არ არსებობს შოუმენი, ვინც დუტაზე უკეთესად წაიყვანს კონცერტს. გასაგებია, რომ არ არსებობს მსახიობი, ვისაც შეეძლება დუტაზე კარგად ითამაშოს რეკლამებში. ისიც გასაგებია, რომ დუტაზე უკეთ გათამაშება ჩატარებაც შეუძლებელია… მაგრამ, გაუგებარია, რატომ არ არსებობს ენა, რომელსაც შეეძლება დუტაზე უკეთ წაიკითხოს გადაცემის ტექსტი და მისი დაწყებისთანავე მაყურებელს: “აუ, აქაც დუტაო?” არ ათქმევინოს.
"მე იგივე ვარ მარად და მარად, არ ვსდევ ჟამთა ცვლას..."
დუტა კარგია… კარგზე ბევრად მეტიც. თუმცა, დუტა “ყოველ დროს“, დუტა “ყოველთვის” და დუტა “ყოველგან“, ისევე მოსაბეზრებელია, როგორც ამ ფრაზაში სიტყვა “დუტას” ხშირი გამოყენება…
მეორე ნაბიჯი: “კონგენიალურ..რ..რია”
როდესაც პირველად წამყვანების შესახებ გავიგე, ასოციაციაში მაშინვე მოვიდა თიკა ფაცაციასთან დაკავშირებული დისბალანსური პარამეტრი: “სიმაღლე”!
ამის გამო მეგონა, რომ სიმაღლეში არსებულ სხვაობას, შოუსა და მის ვიზუალურ მხარეზე ცუდი “გავლენის” მოხდენა შეეძლო. თუმცა, გადაცემის მსვლელობისას წამყვანთა წარმატებულმა ტანდემმა ჩემი ძველი წარმოდგენები ისევე დაამსხვრია, როგორც…
"კრამიტთმმუსვრელი"
მე კი, წარმოდგენაგაჩანაგებულს, მაშინვე ილიკო ჩიგოგიძის ფრაზა გამახსენდა: “ცალთვალა იყო კუტუზოვი, მაგრამ დედამიწის გულში რა იდო, იმას ხედავდაო”. წამყვანთა დუეტმა, სასკოლო ენაზე თუ ვიტყვით, “თავისი საქმე ხუთიანზე შეასრულა” და სრულიად შეუმჩნეველი გახადა ის “ნაკლი”, რომელიც ჩემი აზრით თვალისათვის შესაძლოა ცუდი აღსაქმელი ყოფილიყო.
თიკას დასახასიათებლად ალბათ, იდეალური იქნებოდა მისი მშობლიური ქართული ესტრადის ჟამმოჭმული, თუმცა “იუმორინას” მაცოცხლებელი ჰიტის – “მარტის” შემდეგი სიტყვები: “წამის წინ წამწამებს ცრემლი გისველებდა, ახლა მზის სხივების კრთება ათინათი”…
"თვით მაიასაც კი არ უტირია..."
თიკას მთავარი პლიუსიც ის იყო, რომ ემოციების გამოხატვისას ბუნებრიობა არ დაუკარგავს: იცინოდა მაშინ, როცა მართლა ეცინებოდა; ხტუნავდა მაშინ, როცა მართლა ეხტუნებოდა; იცეკვა მაშინ, როდესაც ამის დრო იყო და იტირა მაშინ, როდესაც მაყურებელსაც აეტირა.
არ მინდა რაღაც “ხოტბაჲ და დიდებაჲ”-ს ტიპის ნაწერი გამომივიდეს, მაგრამ საქებარი სიტყვების მეტი ვანიკოზეც არაფერი მეთქმის: კარგი, მხიარული წამყვანს დამატებული კიდევ უფრო უკეთესი მსახიობი მარტივი არითმეტიკული გამოთვლით, ჯამში “ფრიად სასურველ” შედეგს იძლევა.
მოკლედ თუ ვიტყვით, თიკა და ვანიკო შოუს “შოუსანიშნავად” მოერგნენ.
მესამე ნაბიჯი: “ნიჭიერები და დანარჩები”
“2G“(გულნაზი გოლეთიანი)-სა და “3G“(“მესამე თაობის მოცეკვავები” – “New Style”)-ს თემა უკვე იმ მანქანის საბურავებივით გაცვდა, რომლის შეჩერებაც პატივცემულმა ჟიურიმ ერთ-ერთ მონაწილეს სათანადოდ არ დაუფასა.
"ჰერკულესის ხანდაზმულობა"
რაღა თქმა უნდა, იმავე საღამოს გაივსო სხვადასხვა სოციალური ქსელები თუ “მესენჯერები” სტატუს-ფრაზებით: “ქართველი სუზან ბოილი“, “გულნაზ ბოილი” და “სუზან გოლეთიანი“. თუმცა,ცოტა ხანში ამოქმედდა დეკარტეს “მეთოდოლოგიური ეჭვი”-ს კანონიც: “დაეჭვდი ყველაფერში, რაც საეჭვოდ გეჩვენება” და დაიძრა არმია კომენტარებისა, რომელსაც სათავეში ედგა “მთავარსარდალი” სახელად “ეს სცენა დადგმული ხომ არ იყო?!”. არმიის დამრტყმელ ძალას კი წარმოადგენდნენ კომენტარები: “აი, სუზანიც ზუსტად ეგრე მიაბრუნეს უკან” და “ხაჭაპურის სცენა სპეციალურად ჩასვეს, რომ ხალხს თავიდან სხვანაირი წარმოდგენა შექმნოდა“.
მოკლედ, ისეთი ამბავი ატეხეს, სუზან ბოილი რომ შესულიყო “YOUTUBE“-ზე და გულნაზი გოლეთიანი შოტლანდიაში დაეპატიჟა, აღარც ეგ გამიკვირდებოდა. არ ვიცი, დამთხვევა იყო თუ დადგმა, მაგრამ თუნდაც დადგმული ყოფილიყო, მერე რა?
ვერ ვისიამოვნეთ, ვერ შევაქეთ და ტაში ვერ დავუკარით?
შოუს ზუსტად ასეთი ელემენტები ქმნის და ისინიც თუ ”დაჯდა”, მაშინ უკვე “მექანიზმის” მუშაობასაც საფრთხე შეექმნება. ჰოდა, თუ საბოლოო პროდუქტი (თუნდაც დადგმული) ასეთი კარგი სანახავია, უკეთესი არ იქნება თუ მას ინგრედიენტებში ქექვის გარეშე მივიღებთ? :)
"ახალი სტილით - ახალი მწვერვალებისკენ"
“New Style”-ს რაც შეეხება. აქ უფრო სხვა ტიპის კომენტარები სჭარბობდა:
“შუაში რომ იდგა ჩემი მეგობარია“
“სალტოს რომ აკეთებს, იმისი ძმა ჩემი ნათესავის კლასელია“,
“ამ გოგოს “სკაიპით” ველაპარაკებოდი“,
“აუ, იმას მგონი ვიცნობ“
და რა თქმა უნდა, დამსახურებული კომპლიმენტების მთელი ზღვა…
თუმცა, ისეთი მონაწილეებიც იყვნენ, ვისაც პრობლემა ჰქონდა სმენაზე (“ყოველთვის როცა..ა…ა… და…ა…ბერავს ქარი“), წონაზე და ორიენტაციაზე (რა სულ ცუდს ფიქრობთ… საერთოდ შეცდომით რომ ავიდა სცენაზე, ეგ ვიგულისხმე)…
ზოგი უდრეკად იწვა (მინებზე და მანქანას უძლებდა), ზოგიც იმდენად დრეკადი იყო, რომ აბსტრაქტული სიტყვა “თავ-ფეხი” რეალობად აქცია.
"რეზინ-man"
ზოგმა რკინის ლარიანი გადაყლაპა, ზოგმა – წყენა, ზოგმა კი კინაღამ თევზით ჩაი-კოკოლ-ზინა ყელი…
ზოგმა თავი წარმოჩინა (პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით), ზოგმა – პირი (მუშტის დახმარებით), ზოგმა გული და ზოგმაც…
"შეყვარებულის ადამიანის ცეკვა"
საცირკო ნომრები, სამწუხაროდ, ისეთივე გრძელი არ აღმოჩნდა, როგორც ეს ჯოხი…
"ნახვად ღირდა..."
…ამიტომ ისეთივე უკმარისობის გრძნობა დატოვა, როგორც იმ ველოსიპედიანმა ბიჭმა “ტრიუკების” გაკეთებას ტყუილად რომ დაგვპირდა. იგივე შეიძლება ითქვას სხვა რამდენიმე ნომრის შემთხვევაშიც: ზოგმა სამეჯლისო იცეკვა კარგად, ზოგს ოჯახის გაძღოლა ბავშვობიდანვე დააწვა მხრებზე, ზოგმაც პიანინო გამოიყენა სათანადოდ და ამ ზოგ-ზოგების “თითქმის უჩვენებლობა” იმედია, მხოლოდ მათი შემდეგი გადაცემებისათვის გამო-ზოგ-ვით აიხსნება.
"ოჯახის ტვირთი არც ისე მძიმე სატარებელი ყოფილა"
საბოლოო ჯამში, ნომრები ისეთივე მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, როგორც ის სატელევიზიო კადრი – ბევრი ზოლებისგან რომ შედგება და მაუწყებლობის დასრულების შემდეგ ეკრანზე რომ ჩნდება ხოლმე.
ამის გამო კი დიდი ჯაფა დაადგა ჟიურის, რომელმაც ზოგი მიწასთან გაასწორა და ზოგი დაზოგა…
მეოთხე ნაბიჯი: “აბა, ჟ(ი)ური!”
აბაჟური -(Fr)-abat-jour - საფარველი, რომელიც ლამპას უკეთდება მხედველობის დასაცავად
ჟიურიც ერთგვარი საფარველია, რომელიც სცენაზეა “მიმაგრებული” და მაყურებლებს – ცუდი ნომრებისგან, ცუდი ნომრის ავტორებს კი – მაყურებელთა დაცინვისგან იცავს.
დასაცავი კი ამ გადაცემაში ორივე ფლანგზე დიდი რაოდენობით აღმოჩნდა და ჟიურის მუშაობა იდეალური იქნებოდა, რომ არა მისი ორი წევრის მიერ ერთ-ერთი მონაწილისათვის ნახევარფინალის საგზურის “ჩუქება“. ალბათ, მიხვდით, ვგულისხმობ იმ ადამიანს, რომელსაც როგორც გვჩვევია ჯერ მთელი საქართველოს მასშტაბით დავცინებთ და შემდეგ ტრადიციულად, ისე შევიყვარებთ, რომ მასთან ქუჩაში სურათების გადაღებაც კი გაგვიხარდება.
არ შეიძლება კიდევ ერთხელ გამოსასვლელად გაიმეტო ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ “სათვალე ნაცნობებისაგან დაიცავს”…
სხვა მხრივ კი ჟიური კრიტიკას არ ექვემდებარება და სწორედ ამიტომ, სცენის თავზე საკმაოდ ობიექტურად ინთებოდა ხოლმე სახელები…
…გეგა (ტრიადის ხელმძღვანელი, რომელიც ხშირად ერთ-პიროვნულ გადაწყვეტილებას იღებს და მას ორივე ხელით ახორციელებს, თუნდაც სხვებს ნომრის შეწყვეტის სურვილი სულაც არ ჰქონდეთ. თუმცა, ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ტელემაყურებელი უკვე “გულითადი დაცინვის” ფაზაშია გადასული და ნომერი უთუოდ უნდა შეწყდეს)
…მაია (როგორც ბევრი სხვა, თავიდან მეც ვფიქრობდი, რომ უკეთესი იქნებოდა აქ სხვა სახელი დაწერილიყო, მაგრამ შევცდი. “პროფილის” “მარგი ქმედების კოეფიციენტმა” ჩემი სიმპათია პირველი კომენტარიდანვე (“მიდი, ოღონდ არ ჩაგეყლაპოსო“) დაიმსახურა. მომდევნო კომენტარით (“ვინმეს დაბადების დღეზე, რომ იყოთ და ასე იცეკვოთ, ალბათ მოახდენთ შთაბეჭდილებას, მაგრამ… სცენაზე ჯერ მე მგონი ადრეა“) დაამსხვრია ჩემი წარმოდგენა იმაზე, რომ ის მონაწილეების მიმართ მკაცრი ვერ იქნებოდა. ხოლო, გადაცემის მანძილზე გამოხატული ემოციებით საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ “სწორ დროს”, “სწორ არხზე” და “სწორ ადგილზე” იჯდა)
…ნიკა (შენიშვნა არ მაქვს. აფასებდა ზუსტად, ობიექტურად და თან… იდეალურად გაიბუტა)
"ბუტე...ბუტე..." - ვიბუტბუტე
მეხუთე ნაბიჯი: “მგონი, ყელს მივუახლოვდი…”
…და სანამ ამოვალ, დროა ამ წინადადების ბოლოს წერტილი დავსვა და გავჩერდე.
პ.ს: ვისაც კლავიატურა ჰქონდა, “ნიჭიერზე” საკუთარი აზრი უკვე ყველამ გამოთქვა და რამე განსხვავებული თუ ვერ ვთქვი, მეპატიება… :)
ტეგები: ბექა ადამაშვილი, გადაცემა, გეგა ფალავანდიშვილი, ვანიკო თარხნიშვილი, თიკა ფაცაცია, მაია ასათიანი, ნიკა მემანიშვილი, ნიჭიერი, შოუ
34 კომენტარი →
3 თებერვალი
გულნაზი გოლეთიანის ონლაინ-წარმატება
ალბათ უკვე ყველამ იცით, ვინ არის გულნაზი გოლეთიანი. 1 თებერვალს გასულ გადაცემაში ცაგერელი ქალის შეუდარებელმა სიმღერამ მთელი საქართველო მოხიბლა.
გულნაზიმ ნამდვილი რეკორდები დაამყარა ინტერნეტ-სამყაროშიც. მის ვიდეოს ყველაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა ამ ბლოგზე, Myvideo-ზე, facebook-ზე, თითქმის ყველა ქართულ ფორუმზე. სულ რაღაც ორ დღეში ვიდეომ 37 ათასზე მეტი ხილვა დააგროვა და Myvideo-ს მუსიკის განყოფილებაში ყველა დროის პოპულარულ ვიდეოებს შორის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა:
72 კომენტარი →
3 თებერვალი
“ნიჭიერის” გვერდები სოციალურ საიტებზე
გადაცემაში გასული ვიდეოების ხილვა შეგიძლიათ არამხოლოდ myvideo-ზე, “ნიჭიერის” არხზე, არამედ უკვე youtube-ზეც. გამოიწერეთ ჩვენი არხები, არ გამოტოვოთ არც ერთი ვიდეო:
myvideo: http://www.myvideo.ge/nichieri
youtube: http://www.youtube.com/nichieri
“ნიჭიერი” ასევე აქტიურადაა Facebook-ზე – ჩვენ უკვე 3 868 მხარდამჭერი გვყავს, რომლებსაც ყოველდღიურად ვეკონტაქტებით. შემოგვიერთდით თქვენც!
ტვიტერის მომხმარებლებო, შეგიძლიათ აგვედევნოთ “ნიჭიერის” ექაუნთზე: http://twitter.com/nichieri
/თუ რაიმეს დატვიტავთ პროექტთან დაკავშირებით, დიდი თხოვნა იქნება, მიუთითოთ ჰეშთეგი #nichieri. ამ გზით ჩვენ ადვილად ვიპოვით თქვენს ტვიტებს და შევძლებთ მათზე პასუხს./
ინტერნეტ-ნიჭიერისთვის ვიდეოები გამოგზავნეთ მეილზე konkursi@nichieri.ge
და ბოლოს, ყველა თქვენი კეთილი სურვილებისა თუ შენიშვნებისათვის შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე admin@nichieri.ge
ჩვენ ყველა თქვენს კომენტარსა და წერილს ვკითხულობთ და ვითვალისწინებთ.
შემდეგ “ნიჭიერამდე” კი 5 დღე რჩება.
კასტინგზე, მოსაცდელში
9 კომენტარი →
3 თებერვალი
“მაჩუქე” – გადმოსაწერი ვერსია
ირაკლი ძამუკაშვილის “ღიმილი მაჩუქე, კარგო” – ახლა უკვე MP3 ფორმატში!
მოსასმენად დაწკაპეთ ამ ბმულზე: “ღიმილი მაჩუქე, კარგო”
გადმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულიდან: გადმოსაწერი ვერსია
ტეგები: ირაკლი ძამუკაშვილი, მაჩუქე, ნიჭიერი, ღიმილი მაჩუქე
21 კომენტარი →
3 თებერვალი
პირველი შოუ, პირველი შთაბეჭდილებები
პიკოლინა, ბლოგერი piccolina.ge-დან
სანამ პირველი გადაცემა გავიდოდა, ყველას ჰქონდა რაღაც მოლოდინები და წარმოდგენები პროექტთან დაკავშირებით. სულ თავიდან “ა ტალანტი” გაახსენდა ბევრს (მათ შორის მეც). ეგ გადაცემა გახსოვთ? “ა ტალანტი” რომ ერქვა და არც ერთი ტალანტი იქ არ მიდიოდა, ნუ თუ უნიჭობის წარმოჩენის გამბედაობას ტალანტს არ დავარქმევთ.
ვისაც უცხოური პროექტი, Got Talent ჰქონდა ნანახი, განიხილავდნენ ნანახს და რაღაც მოლოდინები უჩნდებოდათ. ოპტიმისტურ ვარიანტში ამბობდნენ, კარგია, რომ აქაც აკეთებენო, პესიმისტურში – ქართველები მაინც ყველაფერს ვაფუჭებთ, არაფერი მაგისგან არ გამოვაო, მაგრამ მაინც ყველა ელოდებოდა ;))) პრინციპში, რა განწყობაც დაწყებამდე იყო, უმრავლესობას იგივე დარჩა პირველი შოუს შემდეგაც.
რა მოხდა პირველი გადაცემის გასვლის შემდეგ? ფორუმებზე, ბლოგებზე და სოციალურ ქსელებში დაიდო რევიუები. ძირითადად არა მართლა განხილვა, არამედ შედარება: “აი, ბრიტანულში ეს ასე იყო და აქ კიდევ ასეა” ან “ამერიკულში რომ ასე იყო, აქაც ზუსტად გადმოიღეს, ფანტაზია აკლიათ”. მოკლედ, როგორც ბებიაჩემი იტყოდა ენას ძვალი არ აქვსო, ანუ ჭორებს რა გამოლევს :)
პირველ რიგში დაიწყეს, გულნაზი გოლეთიანი რომ გამოიყვანეს, სიუზან ბოილის კოპირება უნდოდათო. არადა ეს ქალი კარგად მღერის, ანუ შესაბამისად ამ ფაქტს ვერ დააიგნორებდნენ. ძროხებს უვლის, ანუ ვერ იტყოდნენ რაღაც კომპანიის მენეჯერიაო. ხოდა რაღა გინდათ? სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან რომ დავინახე გულნაზი თავისი ხაჭაპურებით, ეგრევე ვიფიქრე, დასაცინად არის ეს ქალი განწირული და მასთან ერთად მისი შვილებიც-მეთქი, მაგრამ გამაოცა :))
რაც შეეხება ჟიურის. მაია ასათიანმა სასიამოვნოდ გამაკვირვა ბევრად უარესს ველოდი მისი “პროფილის” შემდეგ. ნიკას რაც შეეხება, ჯეოსტარში მყავდა ნანახი, იქ რომ ვუყურებდი უფრო მკაცრი იყო, აქ კიდევ, მეგონა სხვა ტიპია-მეთქი. გეგას და მაიას რომ გაებუსხა პატარა ბავშვივით ძალიან საყვარელი იყო. ასე მგონია, რომ ჯეოსტარის ჟიურიში სხვა ნიკა იჯდა. გეგაზე ვერაფერს ვიტყვი, ნამეტანი სიმპატიურია :) მაგრამ საშინლად გამაღიზიანა ერთმანეთის ღილაკებზე ხელის დაჭერამ – რა იცი, იქნებ ყველა შენს აზრს არ იზიარებს.
წამყვანებზე არაფერს ვამბობ – შეხვედრისას ვანიკომ ყავის შემოთავაზებთ მოგვთაფლა და უზრდელი ხომ არ ვარ, ამის მერე რომ ცუდი დავწერო მათზე. თიკას ყავა არ შემოუთავაზებია, მარა სანდომიანი ღიმილი აქვს და არც მაგაზე ვწერ არაფერს.
მონაწილეებს და მათ შერჩევას რაც შეეხება, არ მომეწონა, რომ “მაჩუქე ღიმილი” გავიდა და ის ტიპი, ფეხებს რომ კისერზე იდებდა დააიგნორეს, ან ის, მანქანას რომ აჩერებდა ხელით. ან კოკოლის რას ერჩოდნენ, 4 თვეა ის კაცი ყლაპავს და უკან უშვებს იმ საწყალ კოკოლის და ამათ ახლა დაიცვეს? :))) მაგრამ მეორე რაღაცა უნდა ვაღიარო, “მაჩუქე ღიმილი” უფრო მეტ რეიტინგს მოუტანს გადაცემას, ვიდრე რეზინის კაცი. იმიტომ რომ ხალხს მარტო გაკვირვება კი არა, გაცინებაც უნდა. რეზინის კაცით ვერავის გააკვირვებ, მანქანის გაჩერება არც საინტერესოა და არც სახალისო, აი დაკარგული სიყვარულისთვის უნიჭოდ მომღერალი ტიპი კი რაღაც სხვაა. ისევე გაართობს ხალხს, როგორც თავის დროზე “კოხორა” და “დშნ დნნ” ართობდნენ, ეს სჭირდება მაყურებელს.
პოსტის დამთავრებამდე არ შემიძლია არ აღვნიშნო ფავორიტი. კაცი, რომელმაც ყველას გადაუჯოკრა მარტო ერთი ფრაზით “დაკა ბიჭოოოო, დაკააა”, ანუ ვასილ ხაჩიძე. აუცილებლად შეამჩნევდით, რაღაცნაირი გამოხედვა და მიმიკები ჰქონდა და ლაპარაკი კიდევ :)) უბრალოდ რომ აგურები გადაემტვრია, ალბათ არ ვუგულშემატკივრებდი, მაგრამ მისმა ტიპაჟმა მომხიბლა. ერთადერთი არ არის, ვინც მსგავს რაღაცას გააკეთებს, მაგრამ ერთადერთია, ვინც ეგრე გააკეთებს:
დაკა, ბიჭოოოო, დაკაააა!
გკოცნით, გეხვევით, ბლოგერი პიკოლინა
ტეგები: გულნაზი გოლეთიანი, კოკოლი, მაია ასათიანი, მაჩუქე ღიმილი, ჟიური, სიუზან ბოილი, ღილაკები
30 კომენტარი →
2 თებერვალი
ინტერნეტ-ნიჭიერი!
ყველას, ვინც თვლის, რომ ნიჭიერია და უნდა საკუთარი ნიჭი მთელ საქართველოს ანახოს!
თქვენ, ამ ბლოგის მკითხველებს – გეძლევათ შანსი, მიიღოთ მონაწილეობა ”ინტერნეტ-ნიჭიერში”.
ამისთვის სულ სამი ნაბიჯია გადასადგმელი:
ნაბიჯი #1:
უნდა გქონდეთ ნიჭი (ცეკვის, სიმღერის, საღეჭი რეზინით დიდი ბუშტების ბერვის და ა.შ.)
ნაბიჯი #2
გადაიღეთ თქვენი ნიჭის ამსახველი ვიდეო (ვიდეოთვალით, მობილურით, კამერით – ხარისხს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შინაარსი!)
ნაბიჯი #3
გამოგვიგზავნეთ ვიდეო მეილზე konkursi@nichieri.ge
კონკურსისთვის ვიდეოების მიღება იწყება დღეს, 2 თებერვალს და გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში, 2 მარტამდე.
2-დან 10 მარტის ჩათვლით ამ ვებგვერდზე შესაძლებელი იქნება ინტერნეტ-ნიჭიერების ვიდეოების ხილვა, შეფასება და ხმის მიცემა.
პრიზები
პირველი ადგილი:
iPod Nano
2 VIP ბილეთი ”ნიჭიერის” ნახევარფინალურ კონცერტზე
მეორე ადგილი:
ვებკამერა
2 VIP ბილეთი ნიჭიერის ნახევარფინალურ კონცერტზე
მესამე ადგილი:
”ფლეშკა”
2 VIP ბილეთი ნიჭიერის ნახევარფინალურ კონცერტზე
ველოდებით თქვენს ვიდეოებს და გისურვებთ წარმატებებს!
ტეგები: ipod, ipod nano, ვებკამერა, ინტერნეტ-ნიჭიერი, ნიჭიერი, პრიზი, ფლეშკა
23 კომენტარი →
« წინა პოსტები
მთავარი გვერდი
შოუს შესახებ
მონაწილეები
ინტერნეტ-ნიჭიერი
პროექტის გუნდი
დაგვიკავშირდით
კატეგორიები
Mchxapneli
Piccolina
Tiny
ექსკლუზივი
ვიდეო
ზოგადი
ინტერნეტ-ნიჭიერი
პირველი თებერვალი
ფოტო
კალენდარი
თებერვალი 2010ო ს ო ხ პ შ კ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
ძიება ბლოგზე
ბოლო კომენტარები
ნანა → ”კოპირებამ” რა ჰქმნა
ნატალიეე → გულნაზი გოლეთიანი
ნატალიეე → ლევან გელაშვილი & სოფო პეტრიაშვილი
მარიკა → ”კოპირებამ” რა ჰქმნა
მარიკა → ”კოპირებამ” რა ჰქმნა
კუკუშა → პირველი შოუ, პირველი შთაბეჭდილებები
ზენტროპა → ”კოპირებამ” რა ჰქმნა
deus ex machina → ”კოპირებამ” რა ჰქმნა
სტატისტიკა
ჰოსტინგ-პარტნიორი
nichieri
nijieri
nicieri